x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
როგორ დაიგეგმა საქართველოს გასაბჭოება - ორჯონიკიძის მიმოწერა ლენინთან და სტალინთან
image

1921 წლის 25 თებერვალს მე-11 არმია სერგო ორჯონიკიძის ხელმღვანელობით შემოიჭრა თბილისში, დაამხო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და დაამყარა საბჭოთა ხელისუფლება, შეიქმნა საქართველო საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა.



საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება გაეცნოს, თუ როგორ მზადდებოდა საქართველოში ბილშევიკების შემოსვლა. ქვემოთ იხილავთ ორჯონიკიძის მიმოწერას ლენინთან და სტალინთამ, რომელსაც დავალებული ჰქონდა მთლიანად ამიერკავკასიის გაწითლება.


image



ამიერკავკასიაში სამხედრო ინტერვენცია ბოლშევიკურმა რუსეთმა 1920 წლის გაზაფხულზე დაიწყო. ზამთარში კომუნისტებმა სამოქალაქო ომში ადმირალ კოლჩაკის დამარცხება შეძლეს, რამაც მათ დასავლეთის ფრონტზე დამატებითი ძალების გადასროლის საშუალება მისცა. მარტში ბოლშევიკთა მე-11 არმიამ სამხრეთ რუსეთში წარმატებული ოპერაცია განახორციელა, რის შედეგადაც ჩრდილოეთ კავკასია მთლიანად კომუნისტების კონტროლქვეშ მოექცა.


დადგა აზერბაიჯანის ჯერი.


1920 წლის 17 აპრილს ორჯონიკიძემ ლენინისგან შემდეგი შინაარსის დეპეშა მიიღო:



"ლენინი - ორჯონიკიძეს. ბაქოს აღება ჩვენთვის უაღრესად საჭიროა. მთელი ღონისძიებანი აქეთ წარმართეთ.ამასთან აუცილებელია განცხადებებში უაღრესი დიპლომატიურობა გამოიჩინოთ... იგივე ეხება საქართველოს, თუმცა გირჩევთ მას კიდევ უფრო ფრთხილად მოეპყროთ."


1920 წლის 28 აპრილს ბაქო ფაქტობრივად, ბრძოლის გარეშე დაიკავეს. აზერბაიჯანში მიღწეული წარმატების შემდეგ ბოლშევიკებმა საქართველოს მყისიერი გასაბჭოებაც სცადეს. კავბიუროს თავმჯდომარემ სერგო ორჯონიკიძემ, 4 მაისს მოსკოვში ოპტიმისტური დეპეშა გააგზავნა:



"მოსკოვი, კრემლი, ლენინს, სტალინს. ბაქო 1920 წ. 4 მაისი. ამბები ისე დატრიალდა, რომ იმედი მაქვს თორმეტს მაინც თბილისს ვიქნებით. საამისოდ ყველაფერი გაკეთებულია. ბრწყინვალედ გამოვა. საკითხის სხვაგვარად გადაწყვეტა აჯანყებულთა საშინელ ხოცვა-ჟლეტვას გამოიწვევს. ორჯონიკიძე."


თუმცა რუსეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურომ განიხილა ორჯონიკიძის დეპეშა და გადაწყდა საქართველოს გასაბჭოება დროებით გადაედოთ, ამის მიზეზი გახლდათ დასავლეთის ფრონტზე გართულებული მდგომარეობა.1920 წლის მაისის დასაწყისში, პოლონეთის ჯარებმა უკრაინაში წარმატებული ოპერაცია განახორციელეს და 5 მაისს კიევი დაიკავეს. პოლონელთა გააქტიურებით ისარგებლა თეთრმა გენერალმა ვრანგელმაც და მთელი ყირიმი დაიკავა.



ამიტომ სტალინი ასეთი შინაარსის დეპეშას უგზავნის ორჯონიკიძეს:


"შენ ალბათ უკვე მიიღე დეპეშა ლენინისა და ჩემი ხელმოწერით, რომ ცეკა გავალებს შენ მიიღო ყველა ზომა, გაიყვანოთ სამხედრო ნაწილები რუსეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებისაკენ და ხელი აიღოთ საქართველოს წინააღმდეგ რაიმე შეტევითს მოქმედებაზე. მე მოვედი აპარატთან იმისთვის, რომ გავიმეორო ცეკას ეს მოთხოვნა. მხედველობაში მქონდა, რომ ცეკას მოთხოვნა ნაკარნახევია საერთაშორისო მდგომარეობის თანამედროვე ვითარებით. გარდა ამისა, პოლიტბიუროს სურს, იცოდეს აჯანყებულთა მდგომარეობა, რომლის შესახებ შენ გვაცნობებდი და მივიღოთ მათს შესახებ რაც შეიძლება დაწვრილებითი ცნობები."




ორჯონიკიძე იძულებული გახდა, უკან დაეხია და საქართველოს გასაბჭოებაზე დროებით უარი ეთქვა. მაგრამ, საჭიროდ ჩათვალა კიდევ აეხსნა მოსკოვისთვის თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ოკუპაციას რუსეთისთვის:



"ორჯონიკიძე, კიროვი - ლენინს, სტალინს, ჩიჩერინს. სრულიად საიდუმლოდ (დაშიფრული). "თქვენს ბრძანებას ზუსტად შევასრულებთ. წინა მოსაზრების გარდა მოგვყავს შემდეგიც:


1.თუ საქართველოს არ დავეუფლეთ, თითქმის შეუძლებელი იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ აზერბაიჯანი საბჭოთა რუსეთის იყოს. საქართველო უკვე ახლა აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ აზერბაიჯანში კონტრრევოლუცია ასაზრდოოს, აგრეთვე ინტრიგებს ეწევა მთიელთა შორის, მილიონებს ყრის იქ, აქეზებს მთიელებს დამოუკიდებლობისთვის. იმავდროულად საქართველო ზოგიერთ აგრესიულ ზომებს იღებს საბჭოთა აზერბაიჯანის წინააღმდეგ;


2.საქართველო სამხრეთში კონტრრევოლუციურ კერად იქცა, უთუოდ განუწყვეტლივ ასაზრდოებს კონტრრევოლუციას ჩრდილო კავკასიაში. ამ მხრივ საქართველოს არავითარი ხელშეკრულების, არავითარი განცხადების ნდობა არ შეიძლება;


3.საქართველოში არის ფართლეულობა, რომლითაც შეგვიძლია მოვამარაგოთ ყუბანი, სტავროპოლი და გამოვიტანოთ პური, რომელიც თერგს, დაღესტანს, აზერბაიჯანს სჭირდება;



4.თუ საქართველოს დავეუფლებით, ინგლისელებს გავაპანღურებთ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან და გზას გავხსნით თურქეთისაკენ;


5.საქართველოს მებრძოლ ძალთა მდგომარეობა ერთობ ხელსაყრელია ჩვენი ჩარევისთვის. აქ შესაძლებელია მცირედი ცვლილებებით იგივე განმეორდეს, რაც აზერბაიჯანში მოხდა. მეამბოხეთა რაიონებია: სამხრეთ ოსეთი, დუშეთის მაზრა, ლაგოდეხისა, აფხაზეთი და თითქმის მთელი ქუთაისის გუბერნია. თუ ჩვენ საზღვრისკენ დავიძარით, აღნიშნულ რაიონებში აჯანყება გარდაუვალია. რას გვიბრძანებთ მხარი დავუჭიროთ მას თუ არა?! ჩვენი აზრით, საქართველოსთან დასადები ზავის პირობებში აუცილებლად უნდა იყოს მოთხოვნა: საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადება საქართველოში. ჩვენი ცნობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მენშევიკები მზად არიან ამისთვის, ოღონდ ძალიან ივაჭრებენ. 7 მაისი 1920 წ."



სტალინის პასუხი:


"ის რასაც შენ ლაპარაკობ საქართველოს მთავრობის შესახებ, აბსოლუტურად სწორია, მაგრამ ვითარება ახლა ისეთია, რომ ახლა სიჩქარე საქართველოსთან მისი საბჭოთად გადაქცევის თვალსაზრისით, ჩვენ არ მიგვაჩნია აუცილებლად - სულერთია, რამდენიმე თვის შემდეგ თუ კომუნისტები იქნებიან ლეგალიზებულნი, იგი ისედაც გახდება საბჭოთა, სხვა გზა მისთვის არ არსებობს.

გირჩევ დაარწმუნო საქართველოს როგორც სასაზღვრო ნაწილები, ისე სხვა აჯანყებულები საქართველოს შიგნით, რომ არ იჩქარონ გამოსვლებში და შეინარჩუნონ თავიანთი ძალები უახლოესი მომავლისთვის. აქედან გამომდინარე მე ვთვლი, რომ ჩვენი ჯარების, ასევე აზერბაიჯანის ჯარების მხრივ შეტევითი მოქმედება საქართველოს წინააღმდეგ არ იქნება და ჩვენ ხვალვე, უკიდურეს შემთხვევაში ზეგ, დავდებთ ხელშეკრულებას საქართველოსთან, რის შესახებაც შენ დაწვრილებით გაცნობებთ.

თქვენს უკანასკნელ დეპეშას 12 მაისისთვის თბილისის დაკავებასთან დაკავშირებით, ჩვენს პოლიტიკასთან აბსოლუტურად შეუთავსებლად ვთვლით. სომხეთთან, ისევე როგორც საქართველოსთან დამოკიდებულებაში აზერბაიჯანმა უნდა დაიკავოს თავისი ტერიტორიის ყოველმხრივ დაცვის პოზიცია, დაიცვას თავისი საზღვრები მთელი ძალებით, მაგრამ არ გადავიდეს მოსაზღვრე სახელმწიფოთა ტერიტორიაზე."




1920 წლის 7 მაისს რუსეთსა და საქართველოს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდა. ამ ხელშეკრულებით, რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობას აღიარებდა და მის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის ვალდებულებას იღებდა. ოთხი ძირითადი პუნქტის გარდა, დოკუმენტი საიდუმლო მუხლებსაც შეიცავდა, რომლებიც საქართველოში კომპარტიის ლეგალიზაციას და ქვეყნიდან რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფოთა ჯარების გაყვანას ითვალისწინებდა.

საქართველოს ხელისუფლება კრემლის პირობებს უსიტყვოდ დათანხმდა. მთავრობის თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ მოლაპარაკებაზე ქართული მხარის წარმომადგენელს გრიგოლ უროტაძეს მოსკოვში მისალოცი დეპეშა გაუგზავნა:

"საქართველოს წარმომადგენელს მოსკოვში გრიგოლ უროტაძეს. მოგილოცავთ საზავო ხელშეკრულების დადებას. გადაეცით "სოვნარკომს", რომ ზავის ამბავს ხალხი ღრმა კმაყოფილებით და აღტაცების გრძნობით შეხვდა. იმედი მაქვს, რომ ამიერიდან რუსეთსა და საქართველოს შორის მოისპობა ყველა გაუგებრობა და ორივე მოძმე ხალხი მშვიდობიანად და თანხმობით იმუშავებს ცხოვრების სოციალისტურ საფუძველზე გარდასაქმნელად. ნ. ჟორდანია1920 წლის 7 მაისი."



1920 წლის შემოდგომაზე ბოლშევიკებმა სამოქალაქო ომში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. ლენინის პარტიამ ხელისუფლების შენარჩუნება შეძლო. კომუნისტებმა მოიგერიეს უცხოური ინტერვენცია, ქვეყნის შიგნით ჩაახშეს აჯანყებები, დაამარცხეს ვრანგელის არმია და რუსეთის თითქმის მთელი ტერიტორია საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქციეს. შიდა ფრონტზე წარმატების შემდეგ, ბოლშევიკებმა ყურადღება კვლავ კავკასიაზე გადაიტანეს.



1920 წლის 28 ნოემბერს სომხეთის რამდენიმე ქალაქში ბოლშევიკებმა შეიარაღებული გამოსვლა მოაწყეს. იმავე დღეს სომეხ კომუნისტებს დახმარება აზერბაიჯანში დისლოცირებულმა XI არმიამ გაუწია. რუსებმა ერევანი სამ დღეში დაიკავეს. 1921 წლის დამდეგისთვის კავკასიაში დამოუკიდებლობას მხოლოდ საქართველო ინარჩუნებდა. თუმცა, კომუნისტები ამას დროებით მოვლენად თვლიდნენ.


დეკემბრის დასაწყისში ორჯონიკიძემ ზედიზედ ორი დეპეშა გააგზავნა მოსკოვში:


"12 დეკემბერი 1920. ორჯონიკიძე - ლენინს, სტალინს: საქართველოში ისეთი მდგომარეობაა, რომ ჩვენ მას დიდიძალისხმევის გარეშე მოვუღებთ ბოლოს: ჩვენ შეგვიძლია მოვაწყოთ აჯანყებები ბორჩალოს მაზრაში, აფხაზეთში, აჭარაში, დუშეთის მაზრაში. კიდევ ერთხელ გაცნობებთ ამას და ველით განკარგულებას. 15 დეკემბერი 1920 წელი"



"კავბიურო - ლენინს. კავბიუროს გაფართოებულმა თათბირმა, განიხილა სერგო ორჯონიკიძის მოხსენება საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვებისთვის ბრძოლის შესახებ. კავბიურომ, კავკასიის ფრონტის წარმომადგენლებისა და პარტიული და საბჭოთა მუშაკების მონაწილეობით, ერთხმად და საიდუმლოდ გადაწვიტა გარიჟრაჟზე საქართველოს საზღვრების გადალახვა. ყველაფერი მომზადებულია."



საქართველოს გასაბჭოებაზე ორჯონიკიძემ კვლავ უარი მიიღო. 1920 წლის მიწურულს სამოქალაქო ომების შედეგად გაპარტახებული რუსეთის მთავარ ამოცანას ევროპასთან და პირველ რიგში, ანტანტის ქვეყნებთან ურთიერთობის მოგვარება წარმოადგენდა.



გარდა ამისა, ბოლომდე არ იყო ცნობილი თურქეთის პოზიცია. მართალია, თურქეთის ახალ ლიდერთან ქემალ ათათურქთან რუსებს პარტნიორული ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ საქართველოსთან მიმართებაში ბევრი საკითხი დაუზუსტებელი რჩებოდა.


ლენინი, ტროცკი - ორჯონიკიძეს.

"17 დეკემბერი 1920 წელი. ეს-ეს არის წავიკითხეთ ნომერი პირველი დაშიფრული წერილი. აი პასუხი; ეს ძირეულად ეწინააღმდეგება ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილებას. შეიძლება დამღუპველი შედეგები მოჰყვეს. ცენტრალური კომიტეტი არავითარ შემთხვევაში არ გრთავთ ნებას. კატეგორიულად მოვითხოვთ გადაწყვეტილების შესრულების შეჩერებას და გაუქმებას."



ორჯონიკიძე ცეკას მითითებას კიდევ ერთხელ დაემორჩილა:

"17 დეკემბერი 1920 წ ბაქო. ორჯონიკიძე - ლენინს, ტროცკის. მივიღეთ ლენინისა და ტროცკის პასუხი, ნათელი და გასაგებია. გთხოვთ გადასცეთ ლენინსა და ტროცკის, რომ ყველაფერს შევასრულებთ."


1921 წლის 2 იანვარს სერგომ ცეკას წევრების სახელზე სპეციალური მოხსენება გააგზავნა, სადაც საქართველოს დაუყოვნებლივი გასაბჭოების საჭიროებას კიდევ ერთხელ ასაბუთებდა:


"2 იანვარი 1921 წ.

რკპ (ბ) ცეკას კავბიუროს სახელით ორჯონიკიძე, კიროვი - ცეკას წევრებს (ასლი ტროცკის). "სრულიად საიდუმლოდ. მოკლედ გაცნობებთ ჩვენს მოსაზრებას იმაზე, თუ რატომ მიგვაჩნია საჭიროდ მენშევიკური საქართველოს ახლავე გასაბჭოება.

  • აზერბაიჯანის გასაბჭოების შემდეგ აღვნიშნავდით, რომ მაშინვე უნდა გაგვესაბჭოებინა საქართველოც, როგორც კონტრრევოლუციის ბაზა საქართველოში. ამის შემდეგ კავკასიაში დატრიალებულმა ამბებმა უცილობლად დაამტკიცეს ეს:
საქართველოს მთავრობამ საქართველოსკენ დახეული ყველა დენიკინელი ყირიმში გადაისროლა; ჩრდილოკავკასიასა და აზერბაიჯანში მომხდარ ყველა აჯანყებაში საქართველო უშუალოდ მონაწილოებდა. ჩრდილოკავკასია მტკიცედ რომ დავიმკვიდროთ, საჭიროა საქართველო გავასაბჭოოთ;

  • საბჭოთა სომხეთი საბჭოთა საქართველოს გარეშე ფაქტობრივად უფრო თურქეთის გავლენის ქვეშ რჩება, ვიდრე ჩვენი გავლენის ქვეშ, რადგან სომხეთისკენ მიმავალი რკინიგზა საქართველოზე გადის. ამჟამად საქართველო სომხეთისკენ პურსაც კი არ ატარებს;
  • ამიერკავკასიაში შექმნილი ვითარება გვაიძულებს მნიშვნელოვანი სამხედრო ძალები ვიყოლიოთ აზერბაიჯანში, რაც ერთობ არასასურველია მოსახლეობისათვის და მავნეა ჯარის ნაწილებისათვის. ასეთმა ვითარებამ შეიძლება სახიფათო ფორმები მიიღოს და გართულებები შექმნას თვით აზერბაიჯანში;
  • ჩვენგან საქართველოს გასაბჭოება, ბათუმის დაკავება ანტანტას წაართმევს წინააღმდეგობის უკანასკნელ ბაზას სამხრეთში;
  • საქართველოს გასაბჭოება ახლა ამიტომაც არის საჭირო, რომ ანტანტამ ჯერ ვერ მოასწრო ვრანგელის არმიის ნაშთების ორგანიზება და არ ჰყავს საკმაო ძალები ჩვენს წინააღმდეგ;
  • იმის იმედი, რომ თვით საქართველოში შიგნიდან მოხდება გადამწყვეტი აფეთქება არ უნდა გვქონდეს. ამას ამტკიცებს ის ამბები, რაც საქართველოში ხდება. საქართველოს ჩვენს დაუხმარებლად გასაბჭოება არ ძალუძს;
  • საბაბი საქართველოს საქმეებში ჩვენი ჩარევის გვაქვს. საამისოდ საჭირო არ არის აშკარად თავს დავესხათ საქართველოს, გვაქვს შესაძლებლობა, რომ დავიწყოთ მოძრაობა აფხაზეთში, აჭარაში, ბორჩალოს მაზრაში, სადაც საამისო ნიადაგია. ამ მხრივ ჩვენი დახმარება შეუძლია აგრეთვე თურქეთსა და სომხეთს და შესაძლებელია შეიქმნას ისეთი ვითარება, რომ მხსნელებად მოვევლინოთ საქართველოს, რომელიც იხრწნება და ანარქიას ეძლევა."

კრემლში ორჯონიკიძის მოსაზრებები განიხილეს და საქართველოს გასაბჭოებაზე უკვე მესამედ უარი უთხრეს. კავბიუროს ხელმძღვანელს მოსკოვმა პასუხი 10 დღეში გამოუგზავნა. დეპეშის ტონის მიხედვით, კრემლი გაღიზიანებული იყო:


"12 იანვარი 1921 წ. "კავბიუროს საქართველოს გასაბჭოებაზე უარი ეთქვას. დირექტივა მიეცეს კავბიუროს ზუსტად დაიცვან ამ საკითხზე უკვე არსებული ცეკას გადაწვეტილება.


1921 წლის დასაწყისში მოსკოვი ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ანტანტის მთავარ მოთამაშესთან - ინგლისთან და ათათურქის ხელისუფლებასთან. ამ პროცესის დასრულებამდე რუსეთი კავკასიაში აქტიურობას ერიდებოდა.

იანვარის ბოლოს ბოლშევიკებმა ფაქტობრივად, დაასრულეს დიდ ბრიტანეთთან და თურქეთთან მოპლარაკება.

რუსეთმა ფარულ შეთანხმებას თურქეთთანაც მიაღწია. ათათურქის მთავრობა საქართველოს ისტორიულ კუთხეს - ტაო-კლარჯეთს ითხოვდა. 1921 წლის იანვარის ბოლოს საბოლოოდ გაირკვა, რომ თუ თურქეთი არდაგანის, ართვინის და ოლთისის ოლქებს მიიღებდა, იგი საქართველოს ძალისმიერი გასაბჭოების წინააღმდეგი არ იქნებოდა.


image

ამის შემდეგ რუსეთი აქტიურ მოქმედებაზე გადავიდა.


აგრესიისთვის საჭირო საბაბი ჩიჩერინის მიერ ლენინის მისამართით 20 იანვარს გაგზავნილ წერილში ასახა:


"საქართველო ისე გავიდა თავს, რომ შეიძლება იძულებული გავხდეთ და გავასაბჭოოთ იგი. თქვენ იცით მოვლენათა თანამიმდევრობა: საქართველომ უარი თქვა მთლიანად შეესრულებინა ხელშეკრულებაზე დაფუძნებული შეთანხმება, რომელიც მის ნავსადგურში შესული ჩვენი გემების დაბრუნებას გულისხმობს. გარდა ამისა, დააპატიმრა ჩვენი თანამშრომლები, მასობრივ რეპრესიებს მიმართა კომუნისტთა წინააღმდეგ და უარი თქვა შეესრულებინა ამ საკითხზე ჩვენთან დადებული შეთანხმება."


სტალინმა ჩიჩერინის ამ წინადადებას მყისვე მხარი აუბა:



"24 იანვარი 1921 წ. სტალინი - ცეკას წევრებს. წინადადებას ვაყენებ მოვიწონოთ ამხ. ჩიჩერინის ხაზი საქართველოს საკითხში და რესპუბლიკის რევოლუციურ სამხედრო საბჭოს მივცეთ დირექტივა, რომ საჭიროა დაუყოვნებლივ შეუდგეს მოსამზადებელ მუშაობას იმისთვის, რათა გადაწყვიტოს საკითხი კავკასიაში სამხედრო ჩარევის წესის თაობაზე. ამავე დროს დირექტივა მივცეთ ორჯონიკიძეს, მოამზადოს აჯანყებულთა გამოსვლა საქართველოს ცნობილ რაიონებში."


საქართველოს გასაბჭოებისთვის მოსკოვმა კავბიუროს მწვანე შუქი 1921 წლის 26 იანვარს აუნთო.


სტალინი ორჯონიკიძეს დაშიფრულ დეპეშას უგზავნის:


"ცეკამ მიიღო გადაწყვეტილება გასწიოს მოსამზადებელი მუშაობა იმ ვარაუდით, რომ შესაძლოა საჭირო შეიქმნეს სამხედრო ჩარევა და საქართველოს ოკუპაცია. გადაწყდა აგრეთვე შეკითხვა გაუგზავნონ კავკასიის ფრონტს ჩვენი სამხედრო ძალების მდგომარეობაზე, იმაზე თუ რა ძალები დაგვჭირდება კიდევ, რომ უეჭველად დავამარცხოთ საქართველო, თორემ ტროცკი ირწმუნება, რომ თქვენს ფრონტზე ჩვენ ერთობ სუსტი ვართო. აუცილებლად ჩემს სახელზე გამოაგზავნე ცნობა, შეგვიძლია თუ არა ვიქონიოთ სრული გამარჯვების იმედი ძალთა არსებული რაოდენობით. მე და ილიჩი ველით შენგან ზუსტ, გაუზვიადებელ ცნობებს."

image

თუმცა ორჯონიკიძე სდუმს და დეპეშას უპასუხოდ ტოვებს.


5 თებერვალს იგზავნება მეორე წერილი.


ლენინი - ორჯონიკიძეს.



"26 იანვარს სტალინმა გამოგიგზავნათ დაშიფრული დეპეშა N1225, რომლის პასუხი დღემდე არ მიგვიღია. ძალიან შეშფოთებული ვართ და გთხოვთ დაუყოვნებლივ გვიპასუხოთ."


ორჯონიკიძის პასუხი:



" ლენინს და სტალინს. საქართველო საბოლოოდ გადაიქცა მსოფლიო კონტრრევოლუციის შტაბად ახლო აღმოსავლეთში. აქ მოქმედებენ ფრანგები, აქ მოქმედებენ ქიაზიმ-ბეი და მთიელთა მთავრობის წარმომადგენლები.

ჩრდილო-კავკასიის მთიელ აჯანყებულთა დასახმარებლად იგზავნება მილიონები. სასაზღვრო ზოლში ქმნიან ბანდ-ფორმირებებს, რომლებიც თავს ესხმიან ჩვენს სასაზღვრო ნაწილებს. აუცილებელად მიმაჩნია, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმ სასიკვდილო საფრთხეს, რომელსაც უქმნის საქართველო ბაქოს რაიონს. ამ საფრთხის თავიდან აცილება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოში აჯანყების დაწყებითა და მისი სწრაფი გასაბჭოებით."


11 თებერვალს ლორეს რაიონში კომუნისტური აჯანყების პროვოცირება მოხდა. დივერსიულმა ჯგუფებმა ბორჩალოში დისლოცირებულ ქართულ ნაწილებზე მიიტანეს იერიში, რასაც მალე საქართველოში XI არმიის რეგულარული ნაწილების შემოსვლა მოჰყვა.


13 თებერვალს აჯანყების ორგანიზატორმა სომეხმა კომუნისტმა იოსებ ლაზიანმა ბაქოში, ერევანში და მოსკოვში ოპტიმისტური დეპეშა გააგზავნა:



"ბაქო. მე-11 არმიის რევოლუციურ სამხედრო საბჭოს. ერევანი - სომხეთის რევკომს. მოსკოვი - ჩიჩერინს. ძლევამოსილად დამთავრებული აჯანყების ამბავი, მეხივით გავარდა საქართველოში, აჯანყებულთა მოძრაობის ტალღა ლორედან შეუკავებელი ძალით მოედო მთელ საქართველოს.

ნეიტრალური ზონის წითელი მეამბოხენი მრისხანე ნაკადით მიექანებიან თბილისისკენ. მსოფლიოში არ არსებობს ძალა, რომელიც შეაჩერებდა მშრომელთა ლაშქრის აჯანყების ამ ძლევამოსილ სვლას. დიადი მუშურ-გლეხური რუსეთის წითელი არმია მოვალეა რევოლუციონერ აჯანყებულთა მწკრივებში მყოფი თავისი ფოლადისებური რაზმები შეუერთოს იმ რწმენასა და სასოებას, რომ წითელი არმია მალე მხარს დაუჭერს მათ. წითელ აჯანყებულთა პასუხისმგებელი ხელმძღვანელი ლაზიანი."


საქართველოში XI არმიის შეჭრის ბრძანებას ხელს თავად ლენინმა მოაწერა, რომელის გადმოსროლაც ორჯონიკიძემაც მოითხოვა:


"ლენინს, სტალინს: ქართველებმა დაიწყეს ძალების გადმოსროლა ლორეში აჯანყებულთა წინააღმდეგ. მათი შეტევა მოსალოდნელია ნებისმიერ წუთს. ასეთ შემთხვევაში გარემოება იძულებულს გვხდის საპასუხო დარტყმა განვახორციელოთ. ჩვენი აზრით, წარმატების მისაღწევად ამაზე ხელსაყრელი მომენტი აღარ გვექნება. ქართული არმიის მორალური მდგომარეობა დაბალ დონეზეა. ამას მოწმობს სადახლოს რაიონში თითქმის მთელი ქართული ბრიგადის ბრძოლის გარეშე დანებება და სადახლოს აღება, სადაც ქართველები ოთხჯერ აღემატებოდნენ აჯანყებულებს. დაყოვნება მხოლოდ გააუარესებს ჩვენს შანსებს."


სტალინი ორჯონიკიძეს:

"ეხლა გადმოგცემ ცეკას დაშიფრულ პასუხს. მანამდე კი გთავაზობ: ახლავე შეუტიე, დასტურია, აიღე ქალაქი."




"15 თებერვალი 1921 წელი. ლენინი მე-11 არმიის რევოლუციურ საბჭოს: "ცეკას მიაჩნია, რომ XI არმიის ოპერაციაწარმოადგენს ნეიტრალურ ზონაში მყოფი აჯანყებულების დაცვას, რომელთაც ემუქრებათ განადგურება თეთრგვარდიელების მხრიდან. ანგარიში გაუწიეთ თქვენი ოპერაციის ამ პოლიტიკურ ხასიათს ყველა თქვენს საჯარო გამოსვლაში. რა თქმა უნდა, ჩვენ XI არმიის რევოლუციური სამხედრო საბჭოსაგან მოველით ენერგიულ დასწრაფ მოქმედებას. თუ ნეიტრალურ ზონაში მყოფ აჯანყებულთა დასაცავად, სამხედრო თვალსაზრისით, საჭიროა თბილისის აღება, XI არმია არც ამას უნდა მოერიდოს.


სტალინის მინაწერი ბოლოში:



"სამი დღის შემდეგ ველი ცნობას თბილისის აღების შესახებ."



1921 წლის 16 თებერვალს წითელი არმიის მიერ დაკავებულ შულავერში, საქართველოს რევოლუციური კომიტეტი ჩამოყალიბდა. რევკომში ძირითადად ის ქართველი კომუნისტები შედიოდნენ, რომლებიც 1918-1920 წლებში საქართველოს მთავრობამ ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობისთვის ქვეყნიდან გააძევა.ესენი იყვნენ:ფილიპე მახარაძე, მამია ორახელაშვილი, ბუდუ მდივანი, შალვა ელიავა, მიხეილ ოკუჯავა, ლადო დუმბაძე, ალექსანდრე გეგეჭკორი, ბესარიონ კვირკველია.


სტალინი ორჯონიკიძეს რევკომის შესახებ შემდეგ რჩევებს აძლევს:



"რევკომის შემადგენლობაში დატოვეთ რამდენიმე ადგილი ფედერალისტებისა და მემარცხენე მენშევიკებისათვის. გარდა ამისა, რევკომში გირჩევ შეიყვანო თათარი, სომეხი და აღმოსავლეთ საქართველოს წარმომადგენელი. თორემ სხვანაირად რევკომი კოჭლობას დაიწყებს. ჟორდანიას შეცდომა ის იყო, რომ მისი მთავრობა თითქმის სულ გურულებისაგან შედგებოდა და ამიტომ აღმოსავლეთ საქართველოში არ სარგებლობდა მხარდაჭერით. მენშევიკების ეს შეცდომა ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ."




16 თებერვლიდან რუსეთმა საქართველოზე შეტევა რამდენიმე მიმართულებით დაიწყო. ბორჩალოს მაზრის გარდა, XI არმიამ საქართველოს საზღვარი წითელი ხიდიდან და ფოილოს სარკინიგზო ხიდიდანაც გადალახა.


სტალინი ორჯონიკიძეს:


"ცეკა მოითხოვს თქვენგან რეგულარულ ინფორმაციას ორჯერ დღეში. შენ კი უკვე ორი დღეა ცნობას არ იძლევი. ცეკა მოითხოვს დირექტივის შესრულებას. ამ წუთშივე მოგვეცი ცნობა აჯანყებულთა მიღწევების შესახებ. საჭიროა დააჩქაროთ ქალაქის აღება."



ორჯონიკიძე სტალინს ზედიზედ ორ დეპეშას უგზავნის:



"17 თებერვალი 1921 წ. . ფოილოდან წითელი არმიის დიდებული მწყობრი რიგები მოსახლეობისა და აჯანყებულებთა აღტაცებულ მისალმებებში გადავიდნენ მტკვარზე. ყველაგან იმართება ხალხმრავალი მიტინგები და მანიფესტაციები წითელი არმიის პატივსაცემად. აჯანყებულები თვითონვე გადადიან წითელი არმიის სამხედრო ნაწილში, რომელიც აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარზე დგას."



"18 თებერვალი 1921 წ. "ჩვენ მივიღეთ ფრიად დიდმნიშვნელოვანი ცნობები, შიმშილითა და საქართველოს მთავრობის ძალადობით გაწამებული საქართველოს მშრომელები აჯანყდნენ ბურჟუაზიის აღვირახსნილი ღრეობის წინააღმდეგ... და მძლავრი ნიაღვარივით დაიძრნენ თბილისისაკენ... და ახლა წითელი ნიაღვარი უახლოვდება თბილისს, ბურჟუაზიის ღრეობის ამ საძულველ კერას. თბილისის საათები დათვლილია, შესაძლოა ამ წუთს თბილისის თავზე უკვე ფრიალებს პროლეტარიატის დიქტატურის წითელი დროშა."


ამ ფონზე ჟორდანიას უკანასკნელი მცდელობა, ჩიჩერინის მისამართით გაგზავნილი საკმაოდ მიამიტური დეპეშა, რომელიც რა თქმა უნდა უპასუხოდ დარჩა:


"21 თებერვალი 1921 წელი. რას ითხოვთ ჩვენგან? გვაცნობეთ ის მიზნები, რომლის გამოც დაიწყეთ ომი ჩვენს წინააღმდეგ. შესაძლოა ჩვენ შევძლოთ სისხლისღვრის გარეშე მოლაპარაკება."



ორჯონიკიძე ლენინს და სტალინს:



„ლენინს, სტალინს, ბაქო. 25.II.21 წ. თბილისის თავზე საბჭოთა ხელისუფლების წითელი დროშა ფრიალებს. გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს."


image






imageასევე დაგაინტერესებთ:

1937 წლის 18 თებერვალს 51 წლის ასაკში გარდაიცვალა სერგო ორჯონიკიძე, კაცი რომლის გვარიც საზოგადოდ მოღალატის სინონიმად იქცა, დღემდე მისი სიკვდილი საიდუმლებით არის მოსილი, თუმცა არის ვერსიები. ორჯონიკიძის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი, სტალინის მიერ წარმოდგენილი იყო, რომ გულმა ვერ გაუძლო. ეს ვერსია ოდითგანვე მთავარ მიზეზად ითვლებოდა, ...



მცირეა იმ ჩინოვნიკების ცოლების რაოდენობა, რომლებიც სტალინის ეპოქის დროს წყნარად მიაღწიეს სიბერეს ახლობლების და ნათესავების გარემოცვაში...ეკატერინა კალინინა, სოფია ფრუნზე, პოლინა ჟემჩუჟინა, ბუდიონის და ტუხაჩევსკის ცოლები..მათი ქმრები საბჭოთა ოლიმპის ზედა საფეხურზე იმყოფებოდნენ, სტალინმა კი ისინი ჯოჯოხეთში გაუშვა. სტალინის პირველი მსხვერპლი ნადეჟდ...


იოსებ ბესარიონის ძე სტალინი ის პოლიტიკოსი იყო, ვინც ყველაფრის თადარიგს ყოველთვის წინასწარ იჭერდა და მოწინააღმდეგის და მტრების სვლებს მომზადებული ხვდებოდა. მოწინააღმდეგეები და მტრები კი საბჭოთა ბელადს არასდროს აკლდა. გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი (სტალინის ბიოგრაფი): უდავო ფაქტია, რომ ლენინის ადგილის დაკავებაზე სტალინ...


ზუსტად 70 წლის წინ 1953 წლის 7 სექტემბერს, ნიკიტა ხრუშჩოვი საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის მეთაური ხდება, თუ როგორ იყო ქართველი ხალხის მიმართ განწყობილი ხრუშჩოვი ყველას კარგად მოეხსენება, ყოველ დათრობაზე ქართველებს ციმბირში გასახლებას გვიპირებდა, თუ რა იყო ამის მიზეზი, ვფიქრობ ყვ...





















2
321
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
321
  
25 თებერვალი, 18:49
აგერ მარტში,კანონის მიღება უნდოდა დემოკრატიულად არჩეულ პარლამენტს(შედეგები აღიარა მსოფლიომ) და 30000 კაცის პროტესტის გამო ვერ მიიღეს,ეს დამოუკიდბლობა არის? მილიონი კაცის არჩეულ პარლამენტს 30000 კაცი აშინებს და ვერ იღებს კანონს,როგორია? 36000 ხმა მიიღო გირჩმა პარლამენტში,რაც 4 ხმაში გამოიხატა და გირჩის ამომრჩევლების ოდენა ხალხის მასაც არ დასჭირდა დამოუკიდებელ ქვეყანას ხუხულასავით ჩამონგრეულიყო. არც ისე მჯეროდა ამ ყველაფრის,თუმცა ესეთი თვალსაჩინო ფეიკ დამოუკიდებლობა არ გაგონილა არსად
25 თებერვალი, 18:44
ალბათ,გასაბჭოება მაინც მოხდებოდა(ძალა აღმართს ხნავს მაინც),თუმცა ნორმალურად მართული სახელმწიფო და კარგი ლიდერები შანსს მოგვცემდა. ერთი კი არის,იმ პერიოდში,საქართველოს მართავდა დანაშაულებრივი ძალა ჟორდანიას ხელმძღვანელობით,რომელთა სინდისზეც არის ილიას მკვლელობა,მაზნიაშვილის ჩამოშორება საჯარისო ნაწილებს და ა.შ. ხომ არაფერს გახსენებთ ეს ამბავი? 70 წლის შემდეგ დამოუკიდებლობის აღდგენა მოხდა და ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს დანაშაულებრივმა ჯგუფებმა,რის შედეგადაც საქართველოს ნაწილობრივი ოკუპაცია მოხდა და ეს ერის გამოთაყვანებაზე რანაირად არ მიუთითებს? ასი წლის წინათაც და ახლაც ერს გამოთაყვანება სჭირს,გმირებად გვასაღებენ ისეთ ხალხს,რომლებიც დამნაშავენი იყვნენ საკუთარი ქვეყნის წინაშე. რა თქმა უნდა იუნკერებსა და მაზნიაშვილზე არ ვსაუბრობ,არც ჩოლოყაშვილზე ან კოტე აფხაზზე,თუმცა ბევრი მეშევიკების ტყავში გადაცმული ბოლშევიკი იყო სოციალ-დემოკრატებში. ას წელზე მეტი ცარისტული რუსეთის შემადგენლობაში ვიყავით და ბევრი დასაყრდენი ყავდათ აქ,მერე 70 წელი საბჭოთა რუსეთის ოკუპაციის ქვეშ და კიდევ მეტი დასაყრდენი ყავთ,რამაც ჩვენი უბედურება გააორმაგა. საერო თუ სასულიერო მიმართულებით არაერთი აგენტი მუშაობს რუსეთის და არამარტო სასარგებლოდ. სარკოზის ინტერვიუ მახსენდება სულ,რაც სააკაშვილთან ვისაუბრე და განვიხილეთ,ის მედვედევმა უკვე იცოდაო. საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება არ მოუპოვებია,ჩვენ ისევ ოკუპაციის ქვეშ ვართ.უბრალოდ,20% რუსეთი აკონტროლებს,80% კოლექტიური დასაველეთი.
0 1 2