x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134559
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508620
სამი სახალისო და საინტერესო ისტორია სესილია თაყაიშვილის ცხოვრებიდან
image

17 თებერვალი გამოჩენილი ქართველი მსახიობის სესილია თაყაიშვილის დაბადების დღეა, რომელმაც უამრავი სახასიათო როლები შექმნა ქართულ თეატრსა თუ კინოში, მათ შორის ქრისტინე (დადიანი „ნინოშვილის გურია“), გვირისტინე (კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“), ოლღა (დუმბაძისა და ლორთქიფანიძის „მე ბებია, ილიკო და ილარიონი“), სიუზონი (ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება“), კატარინა (შექსპირის „ჭირვეული ცოლის მორჯულება“), ელისაბედ დედოფალი (შილერის „მარია სტიუარტი“) და სხვა.


1948 წლიდან მოღვაწეობს კინოში. შეასრულა მანანას („ჭირვეული მეზობლები“, 1949), ვასასის („ჩვენი ეზო“, 1956), ელპიტეს („საბუდარელი ჭაბუკი“, 1957), ოლღას („მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, 1962), გუცას("თოჯინები იცინიან"-1963), ბორდოხანის („დიდოსტატის მარჯვენა“, 1969), ბებია ვაროს("როცა აყვავდა ნუში"1972) მარადიას („ნატვრის ხე“, 1977), ასინეთას („დათა თუთაშხია“, 1978) და სხვა როლები.


დღეს შემოგთავაზებთ სამ სახალისო ისტორიას მსახიობის ცხოვრებიდან .




1.

მსახიობები ვერიკო ანჯაფარიძე და სესილია თაყაიშვილი სიცოცხლის ბოლომდე მეგობრობდნენ.

ამბობენ, ვერიკო ანჯაფარიძემ სესილია თაყაიშვილი დიდ საფრთხეს გადაარჩინა: 1937 წელს რეპრესიების დროს ადამიანებს ერთი უბრალო სიტყვის გამო იჭერდნენ, აწამებდნენ და ხვრეტდნენ კიდეც, სესილიამ თეატრის ფოიეში ანტისამთავრობო ანეკდოტი მოჰყვა.


მეორე დღეს თეატრში კრება მოიწვიეს და ანეკდოტის მომყოლის ვინაობის გარკვევაც დაიწყო. ვერიკო ანჯაფარიძემ იცოდა, რომ ანეკდოტი სესილია თაყაიშვილმა მოჰყვა. მიხეილ ჭიაურელი სტალინის უახლოესი მეგობარი და ფავორიტი რეჟისორი იყო, ამიტომ მის მეუღლეს ანეკდოტის გამო ნამდვილად არ დაიჭერდნენ. სესილია თაყაიშვილი კი შეიძლება დაეჭირათ და დაესაჯათ კიდეც.


ვერიკო ანჯაფარიძემ მეგობრის გადარჩენა გადაწყვიტა და მისი “დანაშაული” დაიბრალა: ანეკდოტი მე მოვყევიო.


კრება დასრულდა. ვერიკო ანჯაფარიძე არავის არსად დაუბარებია და არც საყვედური გამოუცხადებია. მისი გაბედულების წყალობით უახლოესი მეგობარი – სესილია თაყაიშვილი კი დასჯას გადაურჩა.

image



2

ბარნოვის ქუჩაზე დავდიოდი სამეცადინოდ რეპეტიტორთან. სკოლის დამთავრების შემდეგ, 9 საათზე უნდა ვყოფილიყავი გეგეშიძის ბაღის უკან რომ კორპუსია იქ, ბარნოვის 142 ნომერია, მახსოვს დღესაც.

ლექტორი მერე უნივერსიტეტში მიდიოდა ლექციებზე და ამიტომ დილით მიბარებდა ხოლმე, ერთხელაც მესამე თუ მეოთხე მეცადინეობაზე მივდივარ, ადრე მომივიდა მისვლა. მცხეთიდან დავდიოდი, ძალიან ადრე, დილაბნელზე გამოვდიოდი სახლიდან, ხან ადრე მიწევდა მისვლა და ხომ არ დავადგებოდი იმ პატიოსან ხალხს საწოლში თავზე?!…

ხუმრობა ხომ არაა, ოჯახში ერთი აკადემიკოსი, ერთი პროფესორი და ერთი მეცნიერებათა კანდიდატი ცხოვრობდა. კორპუსის ეზოში ბესედკა იყო, იქ ვიცდიდი ხოლმე 9 საათამდე და იმ დილითაც იქ ჩამოვჯექი.

ვეწევი ჩემთვის, ვფიქრობ ივანე მრისხანეზე და ოპრიჩნინაზე…

ამ დროს გავიხედოთ და ეზოში შემოვიდნენ ზურა ქაფიანიძე და თენგიზ არჩვაძე, მთელი ღამის ქეიფი ეხატა სახეზე ორივეს, შემოდგომაა, ე.წ. “პლაშების” სეზონია, კარგად მახსოვს თენგიზს თეთრი ეცვა, ზურას – შავი. 1980 წელია, დავინახე ეს ლეგენდა ხალხი ასე ახლოს და რაღაცნაირმა გრძნობამ ამიტანა, პირი გამიშრა და ხელები დამიბუჟდასავით, ჩემგან სამ მეტრში იდგნენ.

აი, იმ კორპუსს პირველი სართული კი ეზოს მხრიდან დაბალი აქვს, ასე ერთ მეტრზე იქნება ფანჯრები მიწიდან.

მიადგნენ ერთ ფანჯარას და ერთმანეთს ეუბნებიან, არა, შენ დააკაკუნე, არა შენო, ბოლოს ორივემ ერთად დააკაკუნა, დაჭიმული ვარ მშვილდივით, მაინტერესებს, რა მოხდება, ვინ გააღებს ფანჯარას. ამასობაში, როგორც იქნა, გაიღო ფანჯარა და: მოცილდით აქედან, თქვე ლოთებო, თქვენ, თორემ მილიციას დავუძახებ ახლავეო – ფანჯარაში დიდი სესილია თაყაიშვილი იდგა (აცხონოს ღმერთმა), – მოცილდით ფანჯარას და არ დაგინახოთ აქ მოსულები მეორედო, ეჩხუბება ორივეს სერიოზული სახით, ესენი კიდევ ხარხარებენ და დაგვალევინე თითო ჭიქა შენი არაყი სესილიაო, ეხვეწებიან. არ ვიცი, რა ჯადო და სასწაული არაყი ჰქონდა სესილიას ისეთი, იმდენ ლანძღვად რომ ღირდა, ლანძღა სესილიამ და ახვეწნინა ორივეს კარგა ხანს.

ის დრო იყო, სესილია რომ უკვე ავადმყოფობდა, აღარ იღებდნენ კინოში და მის წყევლას და ჩხუბსაც ის შიშხათი აღარ ჰქონდა უკვე. გისოსები ჰქონდა ფანჯარას, მახსოვს კარგად, მოკლედ, არის ერთი წყევლა-კრულვა იქიდან და აქედან ხარხარი და ხვეწნა… ბოლოს ფანჯრის შიგნითა რაფაზე გამოჩნდა გრაფინით არაყი, მერე მისაყოლებელიც გამოუტანა და, მოკლედ რომ ვთქვათ, ფანჯრის რაფაზე გაიშალა სესილიასთან პატარა დილის სუფრაც. ესენი აქედან შეყოფდნენ გისოსებში ხელს, დაისხამდნენ, გამოწევდნენ ხელს, დაილოცებოდნენ და დალევდნენ, თან მისაყოლებელსაც ატანდნენ, იქიდან კი სესილია იყო ფანჯარასთან მომდგარი და არ აკლებდა “ქათინაურებს”, აქედან ეს ორი ბუმბერაზი ეფერებოდა სასწაული სიყვარულის ენით სესილიას და იყო მოკლედ ჩახუტების დილა.

ვუყურებდი და უცნაურ სიამაყეს და სითბოს ვგრძნობდი, რომ რაღაცა ძალიან დიდის და ძალიან ინტიმურის მონაწილე ვიყავი.

იმ დღეს დავაგვიანე რეპეტიტორთანაც ასვლა, მაგრამ ღირდა…”(ქართლოს მარჯანიძეს მოგონებიდან)


imageკადრი ფილმიდან " საბუდარელი ჭაბუკი"(1957)

3


სესილია თაყაიშვილის მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელთა შორის დირიჟორი დიდიმ მირცხულავაც გახლდათ. ისინი ერთმანეთთან ახლოს ცხოვრობდნენ.

ყოველთვის, როცა სესილია თაყაიშვილის სახლს ჩაუვლიდა, მაესტრო მსახიობის ღია ფანჯარაში იებს ყრიდა.

სესილია თაყაიშვილი გაბრაზდა, დირიჟორის ცოლს დაურეკა და უთხრა:

– ნატა, გადაეცით თქვენს მეუღლეს, თავი დაანებოს ჩემს ფანჯარაში იების შემოყრას. ამდენი ნაგვის ხვეტით დავიღალე.

დიდიმ მირცხულავამ მსახიობის თხოვნა შეასრულა…


ერთი კვირის შემდეგ, დირიჟორის სახლში კვლავ გაისმა ტელეფონის ხმა. სესილია თაყაიშვილი რეკავდა:

– ნატა, დიდიმს გადაეცით, იები ფანჯრიდან ისევ შემომიყაროს, თორემ თავს მოხუცად ვგრძნობ.

image

0
443
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
443
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0