ბიოგრაფია ერეკლე II-ის ბიოგრაფია 16 თებერვალი, 18:23 ერეკლე II (7. XI. 1720, თელავი, – 11. I. 1798), იქვე, დაკრძალულია მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში), კახეთის მეფე 1744-1762 წლებში, ქართლ-კახეთისა – 1762-1798. მისი მშობლები იყვნენ ვახტანგ VI-ის ასული თამარი და კახთა მეფის ერეკლე I - ის ვაჟი თეიმურაზ II. ერეკლე II ქართლისა და კახეთის ბაგრატიონთა შტოების გამაერთიანებელი გახდა, რაც მომავლისთვის ტახტის მოცილეთა წინააღმდეგობას საკმაოდ ასუსტებდა.
სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში ჭაბუკობის ასაკიდანვე ჩაება, 15 წლისამ სახელდახელოდ შეკრებილი ლაშქრით ქიზიყიდან მომავალი ლეკთა მარბიელი გუნდები ნეიშინის მინდორზე (ქიზიყის ჩრდ. დას-ით, ანაგის, ვაქირისა და საქობოს ბოლოს) სასტიკად დაამარცხა.
პირველი წარმატებული საბრძოლო ნათლობისას მცირეწლოვნების გამო ხალხმა მას სიყვარულით „პატარა კახი“ შეარქვა. ორი წლის შემდეგ (1737) ერეკლე II ნადირ-შაჰმა სპარსეთში გაიწვია ინდოეთის სამხედრო ექსპედიციაში მონაწილეობის მისაღებად, რამაც მას მდიდარი გამოცდილება შესძინა. ამ დროს დაემთხვა ერეკლე II–ის პირველი ქორწინება ვახტანგ ყაფლანიშვილის ასულ ქეთევანზე (დედოფალი მალევე გარდაიცვალა). 1744 წლის ივნისში, ნადირ-შაჰის თანხმობით, თეიმურაზ II ქართლში, ხოლო ერეკლე II კახეთში გამეფდა. 1745 წლის 1 ოქტომბერს თეიმურაზ II მცხეთაში ქრისტიანული წესით ეკურთხა მეფედ, რაც საქართველოში „მუსლიმან მეფეთა ეპოქის“ დასასრულს მოასწავებდა. ამ დროისათვის ერეკლე II-მ მეორედ იქორწინა იმერელი თავადის, ზაალ აბაშიძის ასულ ანაზე. მისგან შეეძინა ორი შვილი – გიორგი და თამარი. მამაშვილის შეთანხმებული მართვა-გამგეობა ქართლსა და კახეთში (1744-1762) არსებითად აღმოსავლეთ საქართველოს გაერთიანების ტოლფასი იყო და ხელსაყრელ პირობებს უქმნიდა თავადური ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლას. მათ 1743-44 წლებში შესძლეს ქსნისა და არაგვის საერისთაოების გაუქმება და თანამიმდევრობით შეუდგნენ დანარჩენი ურჩი თავადების შეზღუდვას. წარმატება ხვდათ ირანთან ურთიერთობაშიც. ნადირ-შაჰის სიკვდილთან ერთად (1747) ირანის ბატონობა ამიერკავკასიაში ფაქტობრივად შეწყდა, ერეკლე II-ეს თავისუფალი მოქმედების საშუალება მიეცა. მან არაერთგზის დაამარცხა ქართლის ტახტის მოცილე აბდულა-ბეგი. ყიზილბაშთა ორსაუკუნოვანი ტყვეობის შემდეგ გაათავისუფლა (1748) თბილისის ციხე. ახალი შაჰის თანხმობით, 1749 წელს ყაზახ-ბორჩალო ქართლკახეთს დაუბრუნდა, რითაც ქართლის სამეფოს სამხრეთ-აღმოსავლეთის საზღვარმა მდინარე აღსტაფის ხეობამდე გადაიწია. მამა-შვილმა მეზობელი სახანოების მიერ აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში გაბატონებისათვის გაჩაღებულ ბრძოლაში ზედიზედ დაამარცხეს და თავის ხელისუფლებას დაუმორჩილეს განჯის, ერევნისა და ნახიჩევანის სახანოები. ერეკლე II-ის მხედართმთავრული ნიჭი სრულად გამობრწყინდა აზატხანის წინააღმდეგ ყირხბულახის ბრძოლაში 1751 წელს. ამ ბრძოლის შემდეგ ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური გავლენის სფერო მდინარე არეზამდე გაფართოვდა. დასავლეთ საქართველოში ერეკლე II-ის გავლენის გავრცელებისათვის ხელი უნდა შეეწყო აგრეთვე მის დამოყვრებას დადიანის სახლთან. ანა დედოფლის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ, ერეკლე II-მ დადიანის ასული დარეჯანი შეირთო ცოლად. მას 7 ვაჟი და ამდენივე (ან უფრო მეტი) ქალი შეეძინა. ზოგიერთი მკვლევარის ვარაუდით, ერეკლე II-ს სულ 24 შვილი უნდა ჰყოლოდა. XVIII საუკუნის 40-50-იანი წლების წარმატებების ფონზე თანდათან გამოიკვეთა ქვეყნის გადარჩენისა და განახლების დიდი გეგმის კონტურები, რომელიც საქართველოს „გამოხსნისა და აღდგომის“ თეიმურაზ-ერეკლესეული პოლიტიკის ფორმულით გამოიხატა. ქვეყნის გამთლიანებასა და დამოუკიდებლობასთან ერთად ის საქართველოს ერთიანი ფეოდალური მონარქიის დროინდელ გაერთიანებასაც გულისხმობდა. ერეკლე II-ის ორგანულად მთლიანი საშინაო და საგარეო პოლიტიკა ევროპული განვითარებისაკენ იყო მიმართული. საერთაშორისო ურთიერთობაში შეცვლილ ძალთა თანაფარდობა კარდინალურად ცვლიდა ირანისა და თურქეთის დამოკიდებულებას ამიერკავკასიის მიმართ. თუ ადრე საქართველო და ამიერკავკასიის სხვა ქვეყნები ირანისა და თურქეთის თავდასხმის ობიექტს წარმოადგენდნენ, მოახლოებული რუსეთის საშიშროების წინაშე ამ რეგიონმა მათთვის უკვე თავდაცვის მთავარი პოზიციის მნიშვნელობა შეიძინა, რუსეთისთვის კი, როგორც საქართველო, ისე ამიერკავკასია, ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნების გასაღები იყო. ამდენად, დიდ მოქიშპეთათვის ერეკლე II-ის მიმხრობამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. დაპირისპირებულთაგან ერთ-ერთის აგრესიის შემთხვევაში ერეკლე II-ს შეეძლო დახმარების იმედი ჰქონოდა როგორც ერთის, ისე მეორის მხრიდან. ისახებოდა ამ ქვეყნებს შორის საქართველოს დამოუკიდებელ ძალად გამოსვლის პერსპექტივა, თუ იგი ფეხზე წამოდგომასა და ანგარიშგასაწევი ძალის მოკრებას შეძლებდა. ერეკლე II-ის მთელი ძალისხმევა სწორედ ამ დიდი ამოცანის ხორცშესხმისკენ იყო მიმართული. წარმატებულმა ომებმა ხელი შეუწყო შინაგანი განვითარებისათვის საჭირო პირობების შექმნას. ომი არსებითად საქართველოს ფარგლებს გარეთ ხდებოდა, რაც ქვეყნის შიგნით მშვიდობას უზრუნველყოფდა. შედარებით სტაბილური ვითარება ერეკლე II-მ რამდენიმე ათეული წელი შეინარჩუნა, რამაც საშუალება მისცა მეფესა და მის ერთგულ თანამოაზრე მამიდაშვილს, კათალიკოს ანტონ I-ს, ქვეყნის გარდაქმნების გზებზე უმნიშვნელოვანესი რეფორმები წამოეწყოთ ეკონომიურ და კულტურულ დარგებში, სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სფეროში. სიახლით გამოირჩეოდა საქარხნო-საფაბრიკო წარმოების (შაქრის, მინის, შალის, იარაღის) დანერგვის ცდები, სამთამადნო წარმოების წამოწყება (სპილენძის, ოქრო-ვერცხლის, თუჯის, რკინის), ზარაფხანის განახლება, სტამბის აღდგენა, მდივან-ბეგების სასამართლოს შემოღება, მმართველობის დარგობრივი დანაწილება (სამხ. საგარეო საქმეთა და სხვ.) სამხედრო რეფორმის თავისებურ მცდელობას წარმოადგენდა მორიგე ჯარის შექმნა ლევან ბატონიშვილის მეთაურობით. სემინარიების დაარსება, განათლებულ მოღვაწეთა ძლიერი დასის ჩამოყალიბება, სამეცნიერო, პოლიტიკური და მხატვრული ლიტერატურის თარგმნა რუსულიდან, ცვლილებები სოციალურ სფეროში, ახალთავადების („პომეშჩიკების“) გაჩენა და სხვ. – ქვეყნის ასეთ გარდაქმნებში ხედავდა ერეკლე II ფეოდალური ჩამორჩენილობის დაძლევის გზას, მაგრამ წარმატებისათვის აუცილებელი იყო აგრეთვე ჩამორჩენილი გარემოცვის გარღვევა და უფრო რადიკალური რეფორმების გატარება, რაც მსხვილ კაპიტალდაბანდებებს ითხოვდა. ფინანსური რესურსების შევსებას ერეკლე II ვაჭრობის განვითარებითა და უცხოეთთან სავაჭრო კაპიტალის მიზიდვით ცდილობდა. ქვეყნის გამთლიანებასა და მის სამშვიდობოზე გაყვანას უდიდესი სიძნელეები ეღობებოდა თურქეთის მხრიდან, რომელთა დაძლევაც ქართულ სამეფოებს მხოლოდ საკუთარი ძალებით არ შეეძლოთ, მიუხედავად იმისა, რომ 40-50-იანი წლების წარმატებების ზეგავლენით სომხები, ასირიელები, იეზიდები, კავკასიელი და მახლობელი აღმოსავლეთის სხვა ხალხები გამოთქვამდნენ მზადყოფნას, ერეკლე II-ის მეთაურობით ჩაბმულიყვნენ განმათავისუფლებელ ბრძოლაში. ანტიოსმალური კოალიციების ხანა უკვე დამთავრებული იყო. ევროპულმა სახელმწიფოებმა ირანსა და თურქეთთან თავიანთი ურთიერთობანი ძირითადად მოაგვარეს, რის გამოც, გარკვეული დაინტერესების მიუხედავად, საქართველოს მათთვის ადრინდელი სტრატეგიული მნიშვნელობა აღარ გააჩნდა. თურქეთის ერთადერთ შეურიგებელ მოწინააღმდეგედ რუსეთი დარჩა, რაშიც შავი და კასპიის ზღვების სანაპიროების დასაუფლებლად მოკავშირეებს ეძებდა ამიერკავკასიაში. ერეკლე II-ს თავისი მიზნების განხორციელების ერთადერთ საშუალებად ერთმორწმუნე რუსეთზე ორიენტაცია მიაჩნდა. საკუთარი სახელმწიფოებრივი ამოცანების გადასაჭრელად რუსეთის იმპერიის ძალების გამოყენება რუსეთ-თურქეთის ომის შემთხვევაში თუ იქნებოდა შესაძლებელი, რის გამოც რუსეთში ქართლ-კახეთის სამეფოს ელჩობათა (1752, 1760) მთავარი ამოცანა ფაქტობრივად ამ ომის დაჩქარება გახდა. ქართველთა დიპლომატიურ ძალისხმევას სომხეთის საზღვარგარეთული წრეები სომხეთის სახელმწიფოს აღდგენისა და ქართველ-სომეხთა კავშირის იდეასთან ერთად განიხილავდნენ და ქართულ-სომხური ფეოდალური სახელმწიფოს შექმნის სხვადასხვა პროექტებს ამუშავებდნენ, მაგრამ ქართველთა ამ დიპლომატიურ ნაბიჯებს პრაქტიკულად შედეგები არ მოჰყოლია. XVIII საუკუნის 60-იან წლებში ქართლ-კახეთის სამეფოს მდგომარეობა კიდევ უფრო განმტკიცდა, შესაბამისად გაიზარდა ერეკლე II-ის ავტორიტეტი მახლობელ აღმოსავლეთში. მისმა სახელმა ევროპაშიც გააღწია. 1765 წელს ერეკლე II-მ ერევნის სახანოზე გაილაშქრა, საქართველოსთვის უშუალოდ მისი შემოერთების შესაძლებლობის მოსასინჯად. 1768 წელს კი ფართო პოლიტიკური მიზნებით ჩაება რუსეთ-თურქეთის ომში. რუსეთის მთავრობა კავკასიაში თავის ჯარებს ნაკლებმნიშვნელოვან ამოცანებს აკისრებდა და ცდილობდა კავკასიაში თურქთა შესაბოჭად საქართველოს სამხედრო ძალები გამოეყენებინა. საექსპედიციო კორპუსის მეთაურს გენერალ გ.კ.ჰ. ტოტლებენს ნაბრძანები ჰქონდა, რუსთა მფლობელობის გაფართოების მიზნით, ძირითადად ემოქმედა დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპირო ზოლში. მიუხედავად ამისა, ერეკლე II-მ მაინც შესძლო, განეწყო ტოტლებენი ახალციხეზე სალაშქროდ. ასპინძის ბრძოლაში კიდევ ერთხელ გამობრწყინდა ერეკლე II-ის მხედართმთავრული ნიჭი, მაგრამ რუსეთის მთავრობის მხარდაჭერის გარეშე მოპოვებული გამარჯვებით სარგებლობა შეუძლებელი გახდა. რუსეთთან ომში თურქეთის დამარცხებამ ერეკლე II-ს ხელები გაუხსნა ამიერკავკასიაში აქტიური მოქმედებისათვის. 1779 წელს ერეკლე II ლაშქრით ერევნისაკენ დაიძრა საქართველოსათვის ერევნის სახანოს შემოერთების მიზნით. გადამწყვეტ მომენტში ერეკლე II-ის ზურგსუკან ამოქმედებულმა ძალებმა რუსეთიდან „აშვებული“ ქართლის ტახტის პრეტენდენტი ალექსანდრე ბაქარის ძე საქართველოში შემოიყვანეს, რის გამოც ერეკლე II იძულებული გახდა წამოწყებული დიდი საქმე მომავლისთვის გადაედო. აშკარა იყო, რომ რუსეთი თვითონ აპირებდა კავკასიაში გაბატონებას და ერეკლე II-ის შემდგომი გაძლიერება მას ხელს არ აძლევდა. 1783 წელს დაიდო გეორგიევსკის ტრაქტატი – ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის მფარველობაში შევიდა, მაგრამ საქართველოში მშვიდობიანად შემოსული რუსეთი ამიერკავკასიაში სრული გაბატონებისათვის ემზადებოდა. ერთიანი, ძლიერი საქართველოსა და ერეკლე II-ის ჰეგემონისტური მისწრაფებები ხელს უშლიდა მის მიზნებს, ამიტომ იგი ქართლ-კახეთის სამეფოს თანამიმდევრულ დასუსტების პოლიტიკას დაადგა. მართალია ერეკლე II-მ ქართულ სამეფო-სამთავროთა დროებითი შეკავშირება თითქოს შეძლო კიდეც 1790 წელს, მაგრამ იგი უკვე თითქმის დაუძლურებული იყო. ცენტრალურ ხელისუფლებას აგრეთვე მნიშვნელოვნად ასუსტებდა ერეკლე II-ის მრავალრიცხოვანი შვილებისა და შვილიშვილების პრეტენზიათა დასაკმაყოფილებლად დედოფლის გავლენით მიღებული ტახტის მემკვიდრეობის ახალი წესი (1791), რომლის მიხედვით მეფობა უნდა გადასულიყო ძმიდან ძმაზე და საუფლისწულოების ჩამოყალიბების დაკანონება (1792), კრწანისის ტრაგედიაც შექმნილ სიტუაციაში ერთობ სიმბოლური ჩანდა, თუმცა მეფის ავტორიტეტი ვერც ამ მძიმე მარცხმა შეარყია. ხალხის მეხსიერებაში ის ქვეყნის დამოუკიდებლობისა და აღორძინებისთვის მებრძოლ რაინდად დარჩა. რუსეთის მიერ ტრაქტატით ნაკისრი ვალდებულებების რეალიზაცია კი ერეკლე II-მ მომავალ თაობებს უანდერძა. ერეკლე II იმავე ოთახსა და იმავე საწოლში გარდაიცვალა, სადაც დაიბადა. მეფის სიკვდილის ამბავი რომ გახმაურდა, ხალხი ყოველი მხრიდან თელავს მიაწყდა. სამგლოვიარო პროცესში მონაწილეობას იღებდა ქართული ჯარი თავისი დროშებითა და ქვემეხებით. მისი შვილიშვილის, თეიმურაზ ბატონიშვილის გადმოცემით, მეორმოცე დღეს ერეკლე II-ის ცხედარი მცხეთაში წაასვენეს და სვეტიცხოვლის ტაძარში დაკრძალეს. * * წყარო: გურამ მაისურაძე, საქართველო, ენციკლოპედია, ტ. III, 2014 წ. ირაკლი აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია. გვ. 38.232 2-ს მოსწონს 1-ს არა |
ასევე,სტატიაში ნახსენები არ არის(გაკვრით არის საუბარი) და რატომღაც ამას არ ახენებენ,კრწანისში 5 ათასი მეომარიც არ ყავდა და 1798 წელს,როცა თელავიდან მცხეთაში მიასვენებდნენ,12000 მხედარი მიაცილებდა და ეს როგორ არის შესაძლბელი? როგორც დღეს,ისევე მაშინაც აგენტურა მუშაობდა და ბევრი თავადი სხვადასხვა იმპერიების ინტერესებს ატარებდა და ასე ცდილობდა ქონების დაგროვებას,რა უნდა გაეკეთებინა ეკრეკლეს ასეთ დროს? შეეძლო სათითაოდ მოეკლა ისინი,თუმცა ქვეყანას გამოადგებოდა ეს? ასევე,დასავლეთ საქართველოს მეფე სოლომონს დიდი პრობლემა ქონდა,ბავშვებს იტაცებდნენ და ყიდდნენ სტამბულის ბაზარზე,რა ესეც ერეკლეს და სოლომონი ბრალი იყო? თუ გგონიათ,სხვა ხალხი შემოდიოდა ამ საქმისთვის? ამიტომაც სანამ ერეკლეზე რაიმეს იტყვით,ჯერ კარგად უნდა დაფიქრდეთ და გაითვალისწინოთ მაშინდელი ამბები.