x
image
თორ ნიკე
Mediator image
ადამიანის ნერვული სისტემა გამარტივებულად
ადამიანის ნერვული სისტემა გამარტივებულად


თავის ტვინი


თავის ტვინი იყოფა 6 მთავარ ნაწილად:


1. დიდი ტვინი (Cerebrum);

2. ნათხემი (Cerebelum);

3. დიენცეფალონი (Diencephalon);


4. შუა ტვინი (Midbrain);

5. ვაროლის ხიდი (Pons)

6. მოგრძო ტვინი (Medulla oblongata);


აქედან: შუა ტვინი, ხიდი და მოგრძო ტვინი შეიძლება წარმოვიდგინოთ ერთ სტრუქტურად, რომელსაც ეწოდება ტვინის ღერო. სამივე ეს ნაწილი ერთიანდება ტვინის ღეროში.


1. დიდი ტვინი (Cerebrum) იყოფა 2 ჰემისფეროდ, ორ ნახევარსფეროდ: მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროდ. თითოეული ჰემისფერო კიდევ იყოფა 4 წილად: შუბლის, თხემის, საფეთქლის და კეფის წილებად.


შუბლის წილი: პასუხისმგებელია უმეტესწილად ლოგიკურ აზროვნებაზე, ფიქრის უნარზე.

თხემის წილი: თავს უყრის სენსორულ ინფორმაციას. მთეი სხეულიდან მიღებულ მგრძნობლობით ინფორმაციას უყრის თავს და აანალიზებს.

საფეთქლის წილი: გადაამუშავებს და აანალიზებს ყურების საშუალებით მიღებულ სმენით ინფორმაციას.

კეფის წილი: გადაამუშავებს და აანალიზებს თვალების საშუალებით მიღებულ მხედველობით ინფორმაციას, ვიზუალურ ინფორმაციას.


2. ნათხემი (Cerebelum) - აკონტროლებს კუნთების კოორდინაციას, სხეულს უნარჩუნებს ბალანსს, ეხმარება პოზის შენარჩუნებაში და აკონტროლებს კუნთების ტონუსს.


3. დიენცეფალონი (Diencephalon) - შეიცავს ორ სტრუქტურას: თალამუსს და ჰიპოთალამუსს.

თალამუსი - იქცევა, როგორც სარეტრანსლაციო სადგური, გადამცემი სადგური და შემდეგ მიმართავს, წარგზავნის სენსორულ იმპულსებს, მგრძნობელობით იმპულსებს დიდ ტვინში.

ჰიპოთალამუსი - აკონტროლებს და არეგულირებს ავტონომიურ ნერვულ სისტემას და ფუნქციონირებს, როგორც რამდენიმე მონაცემის მარეგულირებელი, ესენია: სხეულის ტემპერატურა, მადა, ორგანიზმში წყლის ბალანსი, ძილ-ღვიძილი, სისხლძარღვთა კონსტრიქცია და დილატაცია (სისხლძარღვების შევიწროება და გაფართოება). ჰიპოთალამუსი ასევე არეგულირებს / იწვევს: სიბრაზეს, შიშს, სიამოვნებას, ტკივილს, სიყვარულს.


როგორც უკვე ზევით აღნიშნეთ, თავის ტვინის შემდგომი 3 ნაწილი ერთიანდება ერთ სტრუქტურაში, რომელსაც ეწოდება ტვინის ღერო (Brain stem). ესენია:


4. შუა ტვინი (Midbrain) - ის პასუხისმგებელია თვალისა და სმენით რეფლექსებზე.


5. ვაროლის ხიდი / ხიდი (Pons) - პასუხისმგებელია რამდენიმე რეფლექსურ მოქმედებაზე, ეს რეფლექსებია: ღეჭვა, დაგემოვნება (დეგუსტაცია), ნერწყვის წარმოქმნა.


6. მოგრძო ტვინი (Medulla oblongata) - პასუხისმგებელია გულსისხლძარღვთა ფუნქციონირებაზე, მონელებაზე, სუნთქვაზე, ყლაპვაზე, ხველაზე, ცემინებაზე და სისხლის წნევის რეგულაციაზე. ის ასევე ცნობილია, როგორც "სუნთქვის ცენტრი" (Center for respiration).


ტვინის ღერო და მისგან გამომავალი თავის ტვინის 12 წყვილი ნერვი



ზურგის ტვინი


ზურგის ტვინი (medulla spinalis / Spinal cord) არის თავის ტვინის და მთელი სხეულის სხვა ნერვების მაკავშირებელი.


ზურგის ტვინი დაყოფილია 4 რეგიონად:


1. კისრის ნაწილი / კისრის რეგიონი (Cervical region);

2. გულმკერდის ნაწილი / გულმკერდის რეგიონი (Thoracic region);

3. წელის ნაწილი / წელის რეგიონი (Lumbar region);

4. გავის ნაწილი / გავის რეგიონი (Sacral region);


ზურგის ტვინის ყველა რეგიონიდან გამოდის ზურგის ტვინის ნერვები, სულ 31 წყვილი ნერვი (აფერენტული და ეფერენტული სპინალური ნერვები ანუ ზურგის ტვინის აფერენტული და ეფერენტული ნერვები), რომელიც გამოდის ზურგის ტვინიდან მალთაშუა ხვრელებით და შემდეგ განშტოვდება პერიფერიულ ნერვებად.


აფერენტული ნერვები: ატარებს ინფორმაციას სხეულიდან თავის ტვინისკენ.

ეფერენტული ნერვები: ატარებს ინფორმაციას თავის ტვინიდან სხეულისკენ.


ზურგის ტვინი და მისი რეგიონები

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემა



პერიფერიული ნერვული სისტემა


პერიფერიული ნერვული სისტემა (Peripheral nervous system) იყოფა 2 უფრო მცირე სისტემად:


1. სომატური სისტემა (Somatic system)

2. ავტონომიური სისტემა (Autonomic system)


1. სომატური ნერვული სისტემა - პასუხისმგებელია მოტორულ (მამოძრავებელ) და სენსორულ (მგრძნობელობით) ინფორმაციაზე. ის შედგება ნერვებისგან, რომელიც უკავშირდება კანს, სენსორულ (გრძნობით) ორგანოებს და ჩონჩხის კუნთებს. სომატური ნერვული სისტემა პასუხისმგებელია ყველა ნებელობითი კუნთის მოძრაობაზე. ასევე ამუშავებს ინფორმაციას, რომელიც მიღებულია (წამოსულია) გარეგანი სტიმულებიდან (External stimuli), როგორიცაა სმენა, შეხება და ხედვა. სტრუქტურები, რომელიც ამ კომუნიკაციის განხორციელების საშუალებას იძლევა სხეულის ნერვებსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემას შორის, არის წოდებული, როგორც აფერენტული (სენსორული) ნეირონები და ეფერენტული (მოტორული) ნეირონები.


სპინალური ნერვების მსგავსად, აფერენტული ნეირონები იღებს ინფორმაციას ნერვებიდან და მიაქვს ეს სიგნალები ცენტრალურ ნერვულ სისტემაში.

ხოლო ეფერენტული ნეირონები იღებს ინფორმაციას ცენტრალური ნერვული სისტემიდან და მიაქვს ეს სიგნალები მთელ სხეულში არსებულ კუნთებამდე.


2. ავტონომიური ნერვული სისტემა - თავის მხრივ კიდევ იყოდა 2 ქვე-სისტემად:

1. სიმპათიკური ნერვული სისტემა (Sympathetic nervous system);

2. პარასიმპათიკური ნერვული სისტემა (Parasympathetic nervous system);


სიმპათიკური ნერვული სისტემა - მნიშვნელოვანია თვითგადარჩენისთვის, ააქტივებს "გაიქეცი ან იბრძოლე"-ს პასუხს რაიმე სახიფათო სიტუაციის მიმართ. სიმპათიკური ნერვული სისტემა მომართავს ხოლმე ორგანიზმს რაიმე გამოწვევის დასაძლევად ან თავდაცვისთვის, ან იმისთვის, რომ წარმატებით გაექცეს საფრთხეს.


პარასიმპათიკური ნერვული სისტემა - მოქმედებს, როგორც სიმპათიკური ნერვული სისტემის საწინააღმდეგო და დამბალანსებელი. როცა საშიშროება მოიხსნება, პარასიმპათიკური ნერვული სისტემა აბრუნებს ნორმაში ორგანიზმის ყველა სისტემას.



ადამიანის ნერვული სისტემა


ვეგეტატიური ნერვული სისტემა



კრებულები:


1. მეცნიერება - ნაწილი I

2. მეცნიერება - ნაწილი II

3. მეცნიერება - ნაწილი III

4. მეცნიერება - ნაწილი IV

5. სხვადასხვა - ნაწილი I

6. სხვადასხვა - ნაწილი II

7. ქართული მითოლოგია

8. რელიგია

9. საქართველო - ნაწილი I

10. საქართველო - ნაწილი II

11. ქართული სახელმწიფოები

12 პროტოქართველები

13. კავკასიური კულტურები

14. პარანორმალი

15. ჰომოს გვარი - ადამიანების სახეობები და ქვესახეობები

16. ჰომო საპიენსის არქეოგენეტიკური მოდგმები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
74
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0