x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მარად სტალინთან ერთად" - როგორ გაანადგურა ბელადის როლმა მიხეილ გელოვანი
image


1893 წლის 6 იანვარს დაიბადა სსრკ სახალხო არტისტი მიხეილ გელოვანი.


1980-იანი წლების შუა ხანებამდე საბჭოთა რევოლუციურ ფილმებში კურიოზული სიტუაცია იყო შექმნილი. მათ ერთი პერსონაჟი სრულიად აკლდა, რომლის არსებობაც კარგად ახსოვდა გამოცდილ მაყურებელს. უფრო მეტიც, არაერთი ფილმი იყო, სადაც ამ პერსონაჟის არარსებობა უბრალოდ აკარგვინებდა სიუჟეტს აზრს.


არასასურველი გმირის სახელი იყო იოსებ ბესრიონის ძე სტალინი. ხალხთა ბელადის კინოსახის „შავ სიაში“ შეტანამ ყველაზე საშინელი გავლენა მოახდინა ამ როლის ყველაზე ხშირ შემსრულებელზე - მსახიობ მიხეილ გელოვანზე.




მიხეილ გელოვანი დაიბადა ლეჩხუმში, არისტოკრატულ ოჯახში. ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა კარგი ხმით და გალობდა საეკლესიო გუნდში. განათლება პეტერბურგის გიმნაზიაში მიიღო და იქვე აპირებდა კონსერვატორიაში სწავლას, მაგრამ, მამის გარდაცვალების გამო, იძულებული გახდა, რომ ბიძასთან გადასულიყო ბაქოში, სადაც შედგა მისი თეატრალური დებიუტი, 1912 წელს იყო ბაქოს ქართული თეატრის სცენაზე; 1913–1914 და 1916 წლებში იყო ბათუმის თეატრის მსახიობი; 1914–1915 წლებში ქუთაისის თეატრის მსახიობი; 1918–1920 წლებში სწავლობდა გიორგი ჯაბადარის სტუდიაში; 1921–1922 წლებში და 1936–1939 წლებში იყო შოთა რუსთაველის თეატრის მსახიობი; 1942–1948 წლებში მოსკოვის სამხატვრო თეატრის მსახიობი, 1954 წლიდან გარდაცვალებამდე – მოსკოვის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი.


მიხეილ გელოვანის დებიუტი კინოში მაშინ შედგა, როცა უკვე 30 წელს გადაცილებული იყო. მიზეზი ის იყო, რომ რესპუბლიკაში კინოწარმოება მაშინ იდგამდა ფეხს. მსახიობის პირველი კინოროლი -ბახვა იყო 1924 წელს ფილმში „სამი სიცოცხლე“, რომლის რეჟისორია ივან პერესტიანი.(კადრი ფილმიდან)

image

გელოვანი სწრაფად დაეუფლა კინოს და არამარტო თამაშობდა ფილმებში, არამედ თავადაც მოირგო რეჟისორის ამპლუა, გადაიღო შემდეგი ფილმები: "ავი სული" (1927), "ახალგაზრდობა იმარჯვებს" (1928), "დამკვრელი”(1931)'ნამდვილი კავკასიელი” (1931).


image

მსახიობის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა 1937 წელს, როდესაც რეჟისორმა შალვა დადიანმა თბილისის შოთა რუსთაველის თეატრის სცენაზე დადგა სპექტაკლი „ნაპერწკლიდან ალი აინთო ...“, რომელშიც გელოვანი სტალინის როლს ასრულებდა.


მაყურებელი სუნთქვა შეეკრა - მსახიობსა და ბელადს შორის მსგავსება საოცარი იყო.


პარალელურად რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი თბილისის კინოსტუდიაში ემზადებოდა ფილმის „დიადი განთიადის “ გადასაღებად. მას სტალინის როლის შემსრულებელი მსახიობი სჭირდებოდა და გელოვანის თეატრალური გამოცდილება გამოადგა.


ფილმი გამოვიდა 1938 წლის 6 ნოემბერს, რომელსაც უდიდესი დიდი წარმატება ხვდა წილად, ასევე აღიარება ხელისუფლების მხრიდან. შემოქმედებით ჯგუფს, მათ შორის გელოვანს, გადაეცათ I ხარისხის სტალინის პრემია.(ფოტოზე კადრი ფილმიდან)

image

ნაკლებად სავარაუდოა, რომ თავად მიხეილ გელოვანს სცოდნოდა, რა მოჰყვებოდა მის აღიარებას. სოსოს ძალზე მოეწონა "კინო ორეული" და ამიერიდან გელოვანს მუდმივად აძლევდნენ სტალინის როლებს ყველა მთავარ კინოწარმოებებში.ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება იყო ნამდვილ სტალინსა და გელოვანს შორის, მსახიობი საგრძნობლად მაღალი იყო ბელადზე, ამიტომ რეჟისორებს სხვადასხვა ხრიკების გამოყენება უხდებოდათ, რომ გელოვანი დაბალი გამოჩენილიყო.


image


"ლენინი 1918 წელს", "ციმბირელები". "ვალერი ჩკალოვი", "ბერლინის დაცემა", "ფიცი"-აი არასრული ჩამონათვალი ფილმებისა, სადაც მიხეილ გელოვანმა სტალინის როლი შეასრულა, ჯამში 15 ფილმი. უკანასკნელი იყო მიხეილ კალატოზოვის 1953 წელს გადაღებული ფილმი "Вихри враждебные", რომელიც ეკრანებზე 1956 წელს გამოვიდა და სადაც სტალინის სცენები უკვე ამოჭრილი იყო.


დადის ლეგენდები, თითქოს გელოვანი რეალურ ცხოვრებაშიც ასახიერებდაო სტალინს; დღეს ვეღარ გაიგებთ, რა არის სიმართლე და რა არის სიცრუე.



მაგალითად გავრცელებულია ასეთი ისტორია, რომ 1947 წელს, მოსკოვის დიდ თეატრში ვანო მურადელის ოპერის "დიდი მეგობრობის" სცენებში გამოსვლის შემდეგ, გრიმში და გენერალისიმუსის სამხედრო ფორმაში გამოწყობილი გელოვან-სტალინი თეატრის ბუფეტში შედიოდა და "სტალინური ჩიბუხით" უთითებდა მებუფეტეებს, თუ რომელი პროდუქტები სურდა. შეშინებული ქალები აკანკალებული ხელებით აძლევდნენ ყველაფერს, რასაც მიხეილ გელოვანი მოისურვებდა. ყველაფერი უსიტყვოდ ხდებოდა და გადახდაზე საუბარი არც იყო - მებუფეტეებს არ ეყოთ გამბედაობა, "სტალინისთვის" ფული მოეთხოვათ.


მაგრამ თურმე ერთ დღეს გელოვანის ბინაში ზარი გაისმა და ტელეფონში ნამდვილი სტალინის ხმა გაისმა:



"არა გრცხვენია, რომ ჩემს ხარჯზე ეკონომიას აკეთებ? კიდევ დიდხანს აპირებ ასე ცხოვრებას?"


მსახიობს თურმე შიშისგან მუხლები მოეკვეთა.

image


მიხეილ გელოვანი კინემატოგრაფს უკვე 1953 წლის გაზაფხულზე ჩამოაშორეს. უფრო მეტიც - მსახიობი იოსებ სტალინის ცხედართან საპატიო ყარაულშიც კი არ დაუშვეს: როცა იგი კუბოსთან დადგა, მასთან სამოქალაქო პირები მივიდნენ და უთხრეს, რომ მისი სახელი საპატიო ყარაულის სიიდან ამოშლილია. მსახიობს მიანიშნეს, რომ მისი კარიერა დასრულებულია.


1953 წლის მარტის შემდეგ მიხეილ გელოვანმა სმა დაიწყო. როცა დათვრებოდა, ხშირად რეკავდა ტელეფონით მოსკოვის ცნობილ "ელისეევის გასტრონომში" და ყველა საბჭოთა მოქალაქისათვის ცნობილი ხმით აცხადებდა: "სტალინი გელაპარაკებათ. იცოდეთ, მე ცოცხალი ვარ და მუდამ ვიცოცხლებ". შემდეგ კი პროდუქტებს ითხოვდა. რასაკვირველია, მის სიტყვებს ყურადღებას არ აქცევდნენ, მაგრამ პარტიის ცეკას თანამშრომლებმა, რომლებიც კინოსა და თეატრს კურირებდნენ, ცირკულიარები დააგზავნეს, მიხეილ გელოვანი ფსიქიურ ავადმყოფად შერაცხეს და მასთან თანამშრომლობა აკრძალეს.


1956 წლის თებერვლიდან ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ დაწყებული ანტისტალინური კამპანიის ფარგლებში, დაიწყო ფილმების გადამუშავება და იმ ეპიზოდების ამოჭრა, სადაც სტალინი (გელოვანი) ჩანდა. მსახიობზე ყოველივე ამან გამანადგურებლად იმოქმედა.


1956 წლის 21 დეკემბერს, სტალინის დაბადების დღეზე, მოსკოვში (ზოგი ცნობით — სოხუმში), მიხეილ გელოვანი გულის შეტევით გარდაიცვალა, თუმცა არსებობს სხვა ვერსიაც, რომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა (თავი ჩამოიხრჩო).. დაკრძალულია მოსკოვში, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე.მსახიობი 63 წლის იყო.

0
383
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
383
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0