x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
10 ყველაზე გავრცელებული მითი ონკოლოგიურ დაავადებებზე
image

მიუხედავად იმისა, რომ დღეს საზოგადოებამ გაცილებით მეტი იცის ონკოლოგიურ დაავადებებზე, მათზე მაინც ბევრი მცდარი წარმოდგენაა გავრცელებული. ზოგიერთ მათგანს გარკვეული საფუძველი მართლაც აქვს, უმეტესობა კი ყველანაირ მტკიცებულებასაა მოკლებული. იმისათვის, რომ მითები კიბოს შესახებ, კიდევ ერთხელ გავაქარწყლოთ, თოდუას კლინიკის კლინიკურ ონკოლოგ ელენე მარიამიძესთან ერთად რამდენიმე მათგანს მიმოვიხილავთ. სტატიაში შევეცდებით მათ საპირისპიროშიც დაგარწმუნოთ.


მითი N1: კიბოს განვითარებას მხოლოდ გენეტიკა განაპირობებს


საზოგადოების ნაწილს ჯერ კიდევ სჯერა, რომ კიბო მხოლოდ გენეტიკურია. არადა ის მულტიფაქტორული დაავადებაა, ანუ მას მრავალი გამომწვევი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ძირითადად კი, მის პროვოცირებას იწვევს ცხოვრების არაჯანსაღი წესი – უმოძრაობა, მოწევა, ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება, არაჯანსაღი საკვები. ასევე, რადიაცია, სტრესი, დაბინძურებული ჰაერი და სხვა.



ონკოლოგიური დაავადებების უმეტესობა სპორადულია, ანუ წარმოიშობა რაიმე გენეტიკური წინასწარგანწყობის გარეშე. ცხადია, არსებობს გარკვეული სიმსივნური პათოლოგიებიც, რომელთა განვითარებაში გენეტიკა მართლაც დიდ როლს ასრულებს, თუმცა მათი წილი მთელ ონკოპათოლოგიებში მხოლოდ 5-10%-ია. ასეთ ონკოლოგიურ დაავადებებს მიეკუთვნება საშვილოსნოს ტანის, ძუძუსა და საკვერცხის კიბო. გაითვალისწინეთ, ამგვარი ოჯახური ანამნეზის დროს არსებობს სკრინინგის სპეციალური გაიდლაინები, რომელთა მიზანიც დაავადების ადრეული ეტაპზე გამოვლენა ან მათი პრევენციაა.


მითი N2: მხოლოდ ასაკოვანი ადამიანები ავადდებიან კიბოთი


ისტორიულად კიბო და, ზოგადად, ავთვისებიანი დაავადებების უმეტესი შემთხვევები, მართლაც, 60-80 წლის ასაკის მოსახლეობაზე მოდიოდა. თუმცა დღეს კიბოთი ავადობის გლობალური სტატისტიკა საკმაოდ შემაშფოთებელია – გაზრდილია კიბოთი ავადობა და შემცირებულია დიაგნოსტირების ასაკი.


თუკი 1990 წელს კიბოთი დაახლოებით 1.8 მილიონი ადამიანი იყო დაავადებული, 2019 წელს ამ რიცხვმა 3.2 მილიონს მიაღწია. ასევე, უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, 80%-ითაა გაზრდილი იმ პაციენტთა რიცხვიც, რომელთაც ონკოლოგიური დაავადების დიაგნოზი 50 წელზე ნაკლებ ასაკში დაესვათ.


სიმსივნეების გაახალგაზრდავების ზუსტი მიზეზების დასახელება ძნელია, თუმცა გამოყოფენ რამდენიმე მაპროვოცირებელ ფაქტორს, რომელთა შორისაცაა გარემოს დაბინძურება, რადიაცია, ცხოვრების არაჯანსაღი წესი, სტრესი, ძილის ნაკლებობა, ორალური კონტრაცეპტივების ხშირი გამოყენება და სხვა.


მითი N3: ყველა სიმსივნური დაავადება იწვევს ტკივილს


ავთვისებიანი დაავადებების უმეტესობა უმტკივნეულოდ მიმდინარეობს ან ტკივილი მხოლოდ ტერმინალურ სტადიაზე იჩენს ხოლმე თავს. მაგალითად, ფილტვის კიბოს ეს სიმპტომი მხოლოდ გვიან სტადიაზე ახასიათებს, რადგან ფილტვში ნერვული დაბოლოებები მცირე რაოდენობითა. საკვერცხის სიმსივნის დროს კი ტკივილი იმდენად ყრუ და არასპეციფიკურია, რომ ის შეიძლება შებერილობაშიც აერიოს პაციენტს. ამიტომ ონკოლოგიური დაავადებების დროული დიაგნოსტიკისთვის უმნიშვნელოვანესია სკრინინგი, გახანგრძლივებული სიმპტომების არსებობის დროს კი ექიმთან დროული კონსულტაცია.


არსებობს ორი კვირის წესი: თუ რაიმე გაწუხებთ ორ კვირაზე მეტხანს და ზოგადი პროფილის სიმპტომური მკურნალობა არ იძლევა არანაირ შედეგს, აუცილებელია, მიმართოთ ექიმს და გამორიცხოთ ონკოლოგიური პათოლოგია.


მითი N4: ნებისმიერი სახის წარმონაქმნი კიბოა


ახალწარმონაქმნები იყოფა კეთილთვისებიან და ავთვისებიანებად. კეთილთვისებიანი წარმონაქმნი, მაგალითად, ფიბროადენომა ძუძუში ან მიომა საშვილოსნოს ტანში, არ მეტასტაზირდება. ავთვისებიანი უჯრედები კი სწრაფად და უკონტროლოდ მრავლდება და ვრცელდება სხვა ორგანოებზეც. ის, თუ რა თვისებებისაა წარმონაქმნი განისაზღვრება კლინიკური დათვალიერების, რადიოლოგიური კვლევებისა და ბიოფსიის მეშვეობით.


მიუხედავად იმისა, რომ ახალწარმონაქმნების უმეტესობა კეთილთვისებიანია, ნებისმიერ ცვლილებას მაინც სათანადო ყურადღება სჭირდება.


მითი N5: ყველა სიმსივნური დაავადების მკურნალობისთვის ერთი მიდგომა გამოიყენება


არსებობს 200-მდე ონკოლოგიური დაავადება, რომლებსაც განსხვავებული მახასიათებლები აქვს. შესაბამისად, ყველა მათგანს თავისებური მიდგომა სჭირდება – მკურნალობის დანიშვნამდე სპეციალისტმა უნდა გაითვალისწინოს დაავადების სტადია, მორფოლოგიური სურათი, მუტაციური პანელი, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, თანმხლები პათოლოგიები და სხვა.


ონკოლოგიაში არსებობს ადგილობრივი და სისტემური მკურნალობის მეთოდები. ადგილობრივი მეთოდები გულისხმობს ოპერაციას, სხივურ თერაპიას, რადიოაბლაციას, რადიოემბოლიზაციასა და ქემოემბოლიზაციას. სისტემურ თერაპიაში კი შედის ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, იმუნოთერაპია, ტარგეტული თერაპია, რომლებიც ორგანიზმში არსებულ ყველა სიმსივნურ უჯრედს უტევს და მთელ სხეულზე მოქმედებს. მკურნალობის სტრატეგია ეფუძნება საერთაშორისო გაიდლაინებს, თუმცა საბოლოოდ მეთოდების შერჩევა მაინც ინდივიდუალურად, პაციენტის საჭიროებების მიხედვით ხდება.


მითი N6: ალტერნატიულ მედიცინას პაციენტის სიმსივნისგან განკურნება შეუძლია


21-ე საუკუნე მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის ერაა. დღეს ამა თუ იმ წამლის ეფექტურობა წლების განმავლობაში ათობით ათას ადამიანზე იცდება, მაშინ, როდესაც ალტერნატიულო მედიცინის პროდუქტები მეცნიერულად არავის შეუსწავლია. მეტიც, კვლევებით დადასტურდა, რომ არალიცენზირებული მედიკამენტების უკონტროლო მიღება, თუნდაც ეს ერთი შეხედვით უვნებელი მცენარეული პრეპარატები იყოს, იწვევს ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის მკვეთრ დაქვეითებას. ყველაფერს თავისი დრო და დანიშნულება აქვს და ნატურალური ყოველთვის კარგსა და უსაფრთხოს არ ნიშნავს.


აუცილებელია პაციენტი ენდოს და დაუჯეროს თავის მკურნალ ონკოლოგს, მიჰყვეს მის ინსტრუქციას და არ მიიღოს არც ერთი უცნობი წამალი ან თუნდაც ნატურალური დანამატი დანიშნულების გარეშე.


მითი N7: კიბოს მკურნალობა ყოველთვის იწვევს თმის ცვენას


ქიმიოთერაპიაში გამოიყენება 100-მდე მედიკამენტი, რომლებიც ინდივიდუალურად, პაციენტის დიაგნოზის საფუძველზე ირჩევა. ეს მედიკამენტები თმის ცვენის სხვადასხვა პოტენციალით ხასიათდება. თუმცა ეს გვერდითი მოვლენა ძირითადად გარდამავალია და მკურნალობის დასრულების შემდეგ თმა ამოსვლას ისევ იწყებს.


ამასთან ერთად, თმის ცვენას არანაირი კავშირი არ აქვს მკურნალობის ეფექტურობასთან, ანუ მცდარია წარმოდგენა იმის შესახებ, რომ თუ თმა არ დასცვივდა პაციენტს, ქიმიოთერაპია წარუმატებელი იყო.


მითი N8: ყველა სამკურნალო მეთოდს მძიმე გვერდითი მოვლენა აქვს


სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ კიბოს მკურნალობის პროცესი აუცილებლად ღებინებასთან ან სუსტად ყოფნასთანაა დაკავშირებული, მცდარია. ცხადია, ყველა ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია და ის, თუ რა სიმძაფრის რეაქცია ექნება მას ამა თუ იმ მედიკამენტზე, წინასწარ რთული განსასაზღვრია. ზოგადად, მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, ძველთან შედარებით, გაცილებით მსუბუქ გვერდით მოვლენებს იწვევს. ამასთან ერთად, როგორც წესი, პაციენტებს ენიშნებათ ისეთი პრეპარატებიც, რომლებიც გვერდითი მოვლენების პრევენციას ან მათ შემცირებას უზრუნველყოფს.


მითი N9: ბიოფსიამ შეიძლება სიმსივნური უჯრედების გავრცელება გამოიწვიოს


ბიოფსია მორფოლოგიური მასალის მოპოვების ერთ-ერთი მეთოდია. ასხვავებენ წვრილი ან მსხვილი ნემსით ბიოფსიას და ექსციზიურ ბიოფსიას, როდესაც ჩხვლეტის მაგივრად მთელ ლიმფურ კვანძს ან საეჭვო წარმონაქმნს კვეთენ. უამრავი კვლევის შედეგად დანამდვილებით ვიცით, რომ სწორად წარმოებული ბიოფსია არ იწვევს არც დაავადების გავრცელებას და არც მის გააქტიურებას.


მითი N10: კიბოს დიაგნოზი ყოველთვის ნიშნავს სასიკვდილო განაჩენს


ეს სტერეოტიპი თანამედროვე მედიცინამ დიდი ხანია დაამარცხა. სკრინინგის, პრევენციული ღონისძიებებისა და მკურნალობის ეფექტური მეთოდების დახმარებით, დღეს ამ ვერაგი დაავადებისგან განკურნების შემთხვევები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ამასთან, ონკოლოგია სწრაფად განვითარებადი დარგია და ის შედეგები, რაც დღეს გვაქვს, 30 წლის წინ სრულიად წარმოუდგენელი იყო. ამიტომ, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ მეცნიერული პროგრესის დახმარებით, განკურნებული ონკოლოგიური პაციენტების რიცხვი მომავალში კიდევ უფრო სწრაფად გაიზრდება.


R



0
104
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0