x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
ძველი ტფილისის დამნაშავენი (ნაწ-IV )-კრიმინალური არქივიდან

image

ტარიელ დუგვაძეშვილი – ქურდი, 1903 წელს გაქურდა ვაჭარი შარაბაბჩევი და მოიპარა ზანდუკი შიგ ათასი მანეთის ოქროსა და ვერცხლის ნივთებით და ხუთი ათასის თამასუქებით. ეს ყველაფერი მან ალექსანდრეს ბაღში დაფლო, თითქოსდა გამოქვაბულში, თითქოსდა არსენა ყაჩაღი ყოფილიყო. ტფილისში მართლაც დაიარებოდა არსენა ოძელაშვილი, ჯიბის ქურდი. იმავე ხანებში ის ტრამვაიში ჯიბგირობდა. ზემელის აფთიაქთან, ტრამვაიში შემხტარმა, მან ქალბატონ ბეკს გაუხსნა რიდიკული და იქიდან პორტმონე მოჰპარა შიგ ოცდაათი მანეთით.


ნიკოლაი ჟურავლიოვი – ტფილისის მკვიდრი, არაერთი ქურდობის გამო გასახლებული ტფილისიდან, შემდეგ აქ დაბრუნებული. ის იყო იპოდრომზე, როცა 1910 წელს ავიატორები ვასილიევი და ქებურია ხალხს მონოპლანის ფრენით აოცებდნენ. ხალხს თავი ცაში რომ ჰქონდათ, ის მათ ჯიბეებში უძვრებოდა. იპოდრომი დიდუბეში, ელისაბედის ქუჩის ბოლოში გაემართათ და ცხენების დოღის გარდა, აქლემების დოღიც იმართებოდა, მერე აქ ფეხბურთსაც თამაშობდა „კომეტა“, გუნდის კაპიტან ელზინგერის გაწვრთნილი და ავიატორებიც იყენებდნენ ასაფრენ ბილიკად. აეროპლანი იქიდან მოუპარიათ კიდევაც. ავიატორ არტემ კაცაიანცის კუთვნილი, სამ ყუთში ჩალაგებული „გრადეს“ სისტემის აეროპლანი, უცნობებს გაექროთ.



ალექსი ზუბიშვილი – 80-იანი წლების მძარცველი. მისი სიარულის ადგილი იყო ვერა და იმის მიდამოები, ახალი ჰოლანდია, მოსკოვის ბალკა, კალიუჩი ბალკა, არტილერიის ბალკა. იქ ბლომად ლუდხანა, დუქანი და მივარდნილობა, დასამალი ადგილი იყო. ღამეც ჩაუსაფრდებოდა. თანაც ვერის ქუჩებზე ლამპების ოდენობა იყო მცირე, მოიჯარადრე დოჩარის სიძუნწისა გამო და ის მალევე ქრებოდა და ღამის ორი საათის შემდეგ ოდენ მთვარე ანათებდა იქაურობას. მთვარე კი მთელი თვე არ იყო. ღამის შემთვრალსაც იოლი გასეირნება არ ელოდა. მძარცველები ცოტა არ იყვნენ. დამქაშად ჰყავდა ვინმე ხეჩო, გვარად უცნობი. დაიჭირეს 1891 წელს, როცა ახალი ჰოლანდიის მკვიდრ დარჩო მუკაშვილს დახვდნენ ასეთ გემოზე და ვერცხლის საათი ააწყვიტეს.




ებრაელი შაითან ბაზარში



აბრამ მოშიკაშვილი პატარა სირაჯხანის შესახვევში, ხეროდინოვის ქარვასლის წინ იდგა, საცა ებრაელები მანუფაქტურით ბითუმად ვაჭრობენ. თუმცა მას გილდის ნებართვა არ ჰქონდა და არც კომერციას მისდევდა. ის სპარსელი ურია იყო.

მისი ნაბიჯი იყო ფრთხილი, წონასწორი. მას ბინა გამოეცვალა და ქირით სხვა ალაგას გასულიყო. თოთხმეტი მანეთი უჯდებოდა ეს ახალი სადგომი, სამი მანეთით მეტი, ვიდრე წინა.

თვლა აბრამ მოშიკაშვილს ემარჯვებოდა და არა მარტო ამ იმპერიის ფულისა, სხვებისაც და მათი ერთმანეთთან მიმართებაც და ნიხრიც სცოდნოდა კარგად. ერთ თურქულ ლირაში ასი პიასტრია, ყოველი პიასტრი იყოფა ორმოც ფარად. სპარსული ოქროს თუმანი ათი ყრანია, თითო ყრანში ოცი შაჰია, ერთი ყრანი ერთი აბაზია, ერთი ტალერი – ოთხმოცდათორმეტი კაპიკი, ფრანგული ფრანკი – ოცდაჩვიდმეტი კაპიკი, ხოლო ეგვიპტური ლირა და ინგლისური გირვანქა, ორთავე – ცხრა მანეთი. ბაზარში სხვადასხვა ფულის ოდენობა აბრამ მოშიკაშვილის ანგარიშს არ ართულებდა, არც აუარება სხვადასხვა გამვლელი და მოარული. თუ ოსმალეთში ამ ბაზრის ხმაურს, მუშტარს, ყარიბსა და ხალიჩობას შეგიძლია, ყავახანიდან უცქირო, სპარსეთი ასეთ ყავახანებს არ ცნობს და იქ თაღებს ქვეშ დაიარები და სიარულში იცვლი არეს და გარემოს. ტფილისში კი, გარდა იმისა, რომ ევროპასა და აზიას მოენახა ერთმანეთი, ეს ორთავე აზიაც შეყრილიყო და მათი მეჩეთებიც ხელის გაწვდენაზე იყო ერთი მეორისაგან. თუ რაიმე დუქნის აყალმაყალი არ იყო, სუნიტი და შიიტი არას ერჩოდა ერთიმეორეს. ჩაისაც ერთი ვინ უსხავდა. მირზოევის აბანოს ჩაის დამტარებელნი გამვლელთ წყურვილს უკლავდნენ, მაჰმადიანებისათვის მათი რჯულის კაცი დადიოდა, ქრისტანებისათივს – ქრისტიანი. დახლებს შუა კი ბრმა აშუღების საზანდარი იდგა, დაირა, თარი, ჭიანური და დიპლიპიტო ეკავა და ქორ-ოღლიზე მღეროდა. ამათ რომ ჩაუარა, აბრამს ვიღაც დაეჯახა და გასცდა, მან კი უმალ უბეზე იკრა ხელი და რაკი იქ საფულე ვეღარ მონახა, მობრუნდა და ამ მხრის გამკვრელს გაედევნა, ყვირილიც დააპირა, თუმცა თვალი გარადავოის მოჰკრა და ერთიანად შეკრთა. ბაზარში პოლიცია დაიარებოდა. ჯავრი კი ჰკლავდა დაკარგული ფულის გამო, მაგრამ ხმაური არ აუტეხავს.



ალი ალახპერ მამედოვი – იაპარავდა ძვირიან ხალიჩებსა და ამას შემდეგ ჰყიდდა პირველი გილდის ვაჭარ სეროპ გიულბენკიანს, თავისი მაღაზია რომ გაეხსნა მანთაშევის რიგებში. მასთან აღმოაჩინეს მასკუბ რასულოვთან მოპარული ხალიჩები, თუმცა გიულბენკიანი დაუძვრა სასამართლოს. მამედოვი კი ჩასვეს ციხეში. მოკლეს 1905 წელს ენფიანჯიანცის თამბაქოს ფაბრიკასთან, ვაგზლის ქუჩაზე, ჯარისკაცებსა და გაფიცულთა შორის ატეხილი სროლისას. მას ამ არეულობაში მოეპარა ხალიჩა და თან მიჰქონდა. ბერდანის თოფიდან გამოვარდნილმა.



ძველი ტფილისის დამნაშავენის წინა ნაწილები იხილეთ<< ამ ბმულზე>>



0
109
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
109
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0