x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"პოლიტიკაში მოსვლის მსურველების ჯანმრთელობა აუცილებლად უნდა შემოწმდეს, ამას სერიოზულად ვამბობ"-ჯუმბერ პატიაშვილი
image

5 აგვისტოს ლაგოდეხში დაიბადა ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს სსრ-ის ცკ-ს კომპარტიის მეპირველი მდივანი 1985-1989 წლებში, შემდგომ მეურნე, სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „თავთავის“ გენერალური დირექტორი ჯუმბერ პატიაშვილი.


გთავაზობთ საინტერესო ფრაგმენტებს მისი ინტერვიუებიდან და წიგნიდან "ოცდასამი წლის შემდეგ"





***


პოლიტიკაში მოსვლის მსურველების ჯანმრთელობა აუცილებლად უნდა შემოწმდეს. ყველამ უნდა იცოდეს, როგორი ბავშვობა ჰქონდათ. ამას სერიოზულად ვამბობ.



***

დღეს სექსუალური გადახრების მქონე ადამიანებზე ბევრს საუბრობენ. ეს მოვლენა ახალი არ არის, ასეთი ადამიანები ყოველთვის არსებობდნენ, მაგრამ ადრე ამის ტირაჟირება, პროპაგანდა არ ხდებოდა, არ ვამჟღავნებდით, არც შეურაცხვყოფდით. ნიჭიერს ვაფასებდით, უნიჭომ კი თავისი ადგილი იცოდა.




***

მეცნიერება აღარ არსებობს. თუნდაც, ჩვენი დარგის სპეციალისტები ავიღოთ, მიწათმოქმედების ქვეყანაში შეიძლება, მიწათმოქმედების ინსტიტუტი არ არსებობდეს? კვლევითი ცენტრები იყო და სელექციური მუშაობა მიდიოდა, გვქონდა ჩვენი წარმოებული პროდუქცია. დღეს ყველაფერი შეწყვეტილია. მეცნიერებათა აკადემია ფორმალურად არსებობს. გულახდილად ვამბობ, გამოსწორების გზებს ვერ ვხედავ. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მომავალი დამახინჯებული იქნება ყველა მხრიდან. როგორც ანბანში ასოებს თავისი ფუნქცია და ადგილი აქვთ, ასევე ჰქონდა საქართველოს, მაგრამ ახლა ფუნქცია დაკარგული გვაქვს..


***


მაშინ კვების მრეწველობის სფერო ჩემთან არ შემოდიოდა, ამიტომ დეტალებს ვერ გავიხსენებ, მაგრამ ფაქტია, წარმოება "მარცხენა" საქონელს უშვებდა. ვთქვათ, 10 მილიონი შამპანურის ბოთლი შეუძლია ჩამოასხას და 15 მილიონს უშვებდა. რაიონს შეუძლია, დავუშვათ 20 000 ტონა ყურძენი გადაამუშაოს და 30 ათას ტონას ამზადებს. ამას ფალსიფიკაცია მოჰყვება, ეს უკავშირდება შაქრის რაოდენობის გაზრდას. ისეთი დატვირთვით მუშაობდნენ, რომ ერთ-ერთ ღვინის ქარხანაში რკინიგზა შეიყვანეს, რათა ცისტერნა პირდაპირ შესულიყო და იქ დაემუშავებინათ, ე.ი. ნაკლები ხარჯი ჰქონოდათ... მოკლედ, დადგა 90-იანი წლები, შევარდნაძე დაბრუნდა და ვინც ასეთი რაღაცების გამო დასჯილი იყო, ყველა გამოუშვეს. მათ ასპარეზი მისცეს და ზოგმა თანამდებობა დაიბრუნა კიდეც. ერთმა ბაზრის დირექტორმა ქალბატონმა ისეთი მოგონებები დაწერა, რომ წაიკითხავ, გაგიჟდები, თავი ანგელოზად მოაქვს. უკვე პატიმრობა მისჯილი ჰქონდა, როცა ციხიდან გამოიპარა (ორგანოების ხელშეწყობით) და ჩავიდა მოსკოვში სხვისი პასპორტით. იქ თავისი ჭკუით საქმე ჩააწყო, ჟურნალის რედაქტორს მისცა ინტერვიუ. ამ ფაქტის შესახებ დოკუმენტური მასალა არსებობს.



***

საქართველოს გაყიდვა მაშინ დავიწყეთ, აფხაზეთში ტანკებით რომ შევედით. ტანკით ასაღები იქ არაფერი იყო. ამ ომიდან, ყველამ კარგად ვიცოდით, რომ დამარცხებული საქართველო იქნებოდა. ჩემს წიგნზე “ოცდასამი წლის შემდეგ” ერთმა კაცმა მითხრა: კარგი წიგნია, 95%-ში გეთანხმებით, მაგრამ 5%-ში არაო. აფხაზეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ბორის ადლეიბა არ უნდა გაგეთავისუფლებინათ თანამდებობიდანო. არადა, ბორის ადლეიბამ მაშინ ხელი მოაწერა საქართველოდან აფხაზეთის გასვლაზე. არ შეიძლებოდა მისი თანამდებობაზე დატოვება… ეს ვრცელი თემაა. მოდი, შეკითხვას დავუბრუნდები _ მიწები გაიყიდა, არადა, შესაძლებელი იყო, სოფელს, თემს დარჩენოდა და მას დაემუშავებინა. ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი ინვესტიციის მოზიდვის მიზნით მიწების გაყიდვას, რადგან ეს არის ბლეფი.

მიწის გაყიდვას აუცილებლად მოჰყვება საწარმოების გაყიდვაც. ასეც მოხდა _ პირველი რუსთავის მეტალურგიული ქარხანა გაიყიდა, შემდეგ _ ზესტაფონის ფეროშენადნობის ქარხანა და მიჰყვა და მიჰყვა.




***


როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, საქართველოს მოსახლეობას ჰქონდა ქონება, დანაზოგი (საუბარია მილიარდებზე), რომელიც ისე დაიყვანეს ნულზე, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგო. ასეთი რამ არ მომხდარა არც ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში. ქართული მრეწველობა, საწარმოები, უნიკალური ჩარხებითურთ, ჯართის ფასად გაიყიდა. დიახ, იყიდებოდა ლითონი. იყო ასეთი პიროვნება შადმან ვალავი _ მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი, რომელიც ვითომ გვეხმარებოდა… გვეუბნებოდა, თუ ფერად ლითონს არ გაყიდით, დახმარებას ვერ მიიღებთო. ჰოდა, ჩვენებმაც ყველაფერი გაყიდეს, ჩვენგან წაღებული ლითონით თურქეთი ამოძრავდა, მაგრამ ჩვენთან რა მოხდა? _ ბიუჯეტში არც ერთი კაპიკი არ შევიდა. საქართველო გაიყიდა და ხალხი გაღატაკდა.

მას შემდეგ დაიწყო ამ ქვეყანაში ყველაფრის გაყიდვა ერთ ლარად, ამას აკეთებდა ჯგუფი, რომელიც 1990-იან წლებში ხელისუფლებაში იყო. მათ სურდათ, დიდძალი ქონება ჩალის ფასად შეესყიდათ და შეისყიდეს კიდეც. არავინ კითხულობდა, რატომ იყიდეს ერთ ლარად, რით დაიმსახურეს, რა გაუკეთეს ამ ქვეყანას… ტენდენცია გაგრძელდა და დღემდე არ წყდება.

იყიდებოდა უძვირფასესი შენობა–ნეგებობები, ქარხნები, ფაბრიკები, სახნავ–სათესი მიწები, რომლებიც მილიონებად იყო შეფასებული… გაიყიდა კაპიკებში, თანაც ისე, რომ მყიდველის ვინაობა ხეირიანად არ ვიცით, რადგან, როგორც კახა ბენდუქიძე ამბობდა, ყველაფერი ოფშორულ ზონებშია დარეგისტრირებული…

ან ის რად ღირს, რაც თვითონ ბენდუქიძემ ჩაიდინა: კაპიკებში იყიდა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები თავის მიწიანად. დღეს ის ცოცხალი აღარ არის, მისი ქონება კი დარჩა მის შვილს, რომელიც საქართველოში არ ცხოვრობს და არც არასოდეს იცხოვრებს, სამაგიეროდ, უდიდესი ქონების (ლამის ნახევარი საქართველოს) მფლობელია.

დღემდე ვერ გავრკვეულვარ, როგორ მოახერხეს მილიარდობით ანაბრის გატანა ანგარიშებიდან, რა მექანიზმი შეიმუშავეს. ფაქტია, რომ მოსახლეობა მოატყუეს, უთხრეს, ფული გაორმაგდებაო, მაგრამ გააღატაკეს, ის ადამიანები ცოცხლები აღარ არიან, მაგრამ, ყველაფერს ფარდა თუ აეხდება, იქნებ აღარ განმეორდეს მსგავსი რამ.

უმდიდრესი ქვეყანა იყო საქართველო და უღატაკესად იქცა. სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები კი აშენდნენ, მათ შორის ისეთებიც, რომლებშიც სისხლისღვრა იყო.






***


"საზოგადოებამ დღემდე არ იცის 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებული ერთი მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებაც, რომელიც რატომღაც ერთგვარ საიდუმლოდ დარჩა: 9 აპრილის ღამეს ჯარისკაცებიც დაზარალდნენ. მათ შორის, ერთ-ერთს ლურსმანჩარჭობილი ფიცარი მოხვდა არტერიაში და კლინიკური სიკვდილი ჰქონდა. ძლივს გადაარჩინეს, მაგრამ სწორედ მისი გადარჩენის გამო, იგორ როდიონოვმა დიმიტრი იაზოვისგან სასტიკი საყვედური მიიღო: - რატომ გადაარჩინეთ? დაე, მომკვდარიყო ის ერთი ჯარისკაცი, სამაგიეროდ, მოგვეცემოდა საბაბი, სამაგალითოდ დაგვესაჯა მომიტინგეებიო! - ასეთი იყო იაზოვის პოზიცია...


***


"... უშიშროების სხდომაზე გადაწყდა, რომ მომიტინგეების დაშლას და მათგან მოედნის გათავისუფლების ოპერაციას ამიერკავკასიის ჯარების სარდალი, გენერალი როდიონოვი უხელმძღვანელებდა, ხოლო მის მოადგილედ საქართველოს რესპუბლიკის მხრიდან დაინიშნა შს მინისტრი - შოთა გორგოძე.

ოპერაციის სქემაში ლაპარაკი არ ყოფილა არანაირ იარაღზე, მით უფრო, მის გამოყენებაზე.

უფრო მეტიც, სქემის მიხედვით, ჯარსა და მომიტინგეებს უშუალო შეხება არ უნდა ჰქონოდათ. მათ შორის უნდა ჩამდგარიყო ქართული მილიცია, რომელიც მომიტინგეებისგან მთავრობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიას გაათავისუფლებდა. შემდეგ კი ამიერკავკასიის ჯარი აღნიშნულ ტერიტორიას დაიკავებდა.

უშიშროების სხდომის მსვლელობის დროს მაწვდიან ინფორმაციას, რომ არაფორმალების დავალებით, ლენინის მოედანზე (დღევანდელი თავისუფლების მოედანი) სატვირთო მანქანებს რკინა-ბეტონის კონსტრუქციები შემოაქვთ, რითაც მომიტინგეები და მათი ლიდერები მიმდებარე ქუჩებსა და სავალ გზებს ხერგავენ.



გორგოძეს ვავალებ, გაარკვიოს სიტუაცია, რის შემდეგაც იგი უშიშროების სხდომას ტოვებს. გასვლის წინ, მას კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ და კატეგორიულ დავალებას ვაძლევ:

- იმოქმედეთ ფრთხილად. იცოდეთ, რომ მომიტინგეებსა და ჯარს შორის დაპირისპირება არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს!

მიუხედავად იმისა, რომ როდიონოვი მარწმუნებს, "ერთი სინიაკის გარეშე" გავათავისუფლებთო მოედანს, ინტუიცია და შექმნილი ვითარება მაინც ავ წინათგრძნობას მიჩენს და ბოლომდე თავს ვიკავებ...


ამჯერად უკვე ვსევოლოდ კოჩეტოვი, რომელიც ხვდება ჩემი ყოყმანის მიზეზს, მომიბრუნდა და მეუბნება:

- თუკი ჩვენ დღესვე არ გავათავისუფლებთ მოედანს მომიტინგეებისგან, ხვალ შესაძლოა საქართველოში სუმგათი განმეორდეს!

ამით ყველაფერი იყო ნათქვამი... უშიშროების სხდომა გადაწყვეტილების მიღებით დასრულდა.

სხდომის დამთავრების შემდეგ კოჩეტოვი და როდიონოვი მიდიან. მე ჩემს კაბინეტში ვბრუნდები, სადაც არ წყდება ინტელიგენციისა და საზოგადო მოღვაწეების ვიზიტები.

ყველა შეშფოთებულია, ყველას რაღაც გაურკვევლის გაუცნობიერებელი შიში აქვს...

თბილისში სიტუაცია კიდევ უფრო იძაბება და უმართავი ხდება.

მაწვდიან ინფორმაციას, რომ მომიტინგეები არა მარტო დედაქალაქის, არამედ - რუსთავის დესტაბილიზაციასაც ახდენენ. ისინი რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში შეჭრას ცდილობენ. იყო სროლაც, რომლის დროსაც დაცვის ერთი თანამშრომელი დაიჭრა. პირადად მიკავშირდება ტელეფონით რუსთავის ქალაქკომის მდივანი და ძალოვნებით დახმარებას მთხოვს.

ერთადერთ იმედად არაფორმალების ლიდერებთან მოლაპარაკებაზე წასული რეზო ჩხეიძე რჩება...

ჩემს კაბინეტში არიან ირაკლი აბაშიძე და რეზო თაბუკაშვილი. რასაკვირველია, ისინიც შეშფოთებულები და მოლოდინის რეჟიმში მყოფნი. ყველანი ველოდებით რეზო ჩხეიძის პასუხს, რომელიც ბოლო შანსი იყო იმისა, რომ მომიტინგეები ყოველგვარი ოპერაციის გარეშე, მშვიდობიანად, საკუთარი ნებით დაშლილიყვნენ და ამით, როგორც მათთვის, ასევე ქვეყნისთვის მოსალოდნელი საფრთხე თავიდან აეცილებინათ.

პირადად მაწვდიან არაფორმალების მხრიდან გაუგონარ, აბსურდულ ულტიმატუმს, რომელიც მალევე საჯარო ხდება და უკვე ტელევიზიითაც გადის.

რეზო ჩხეიძის მოლაპარაკება მომიტინგეებთან და მათ ლიდერებთან უშედეგოდ დასრულდა.

უფრო მეტიც, მათ რეზო ჩხეიძეს განუცხადეს, რომ კატეგორიული წინააღმდეგები არიან ჯუმბერ პატიაშვილთან მოლაპარაკების და ითხოვენ, რომ მათთან მოლაპარაკებაზე კრემლის წარმომადგენელი ჩამოვიდეს.

ჩემთვის დღემდე აუხსნელია - როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა ამ ყველაფრის შესახებ ტელევიზიით მოისმინეს, რატომ არ გაუჩნდათ ლოგიკური კითხვები:

რატომ ამბობდნენ არაფორმალები ჩემთან, რესპუბლიკის უმაღლეს ხელისუფალთან შეხვედრაზე უარს და რატომ ითხოვდნენ კრემლის წარმომადგენელთან შეხვედრას მაშინ, როცა მათივე ლოზუნგებით, ისინი კრემლს ებრძოდნენ?

როგორ შეიძლებოდა კრემლს დაეკმაყოფილებინა არაფორმალთა ლიდერების მოთხოვნა - საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გასვლა?

ვინ ეგულებოდათ კრემლში ისეთი, ვინც მათ მოთხოვნას მხარს დაუჭერდა?

... და თუ ასეთი მართლაც არსებობდა, მაშინ გამოდის, რომ ამ ყველაფერს, რასაც ქართველი ერის დიდ პროტესტად ასაღებდნენ, უჩინარი "რეჟისორი" სწორედ კრემლში ჰყავდა და პროცესები კრემლიდან იმართებოდა."(ნაწყვეტი ჯუმბერ პატიაშვილის წიგნიდან "ოცდასამი წლის შემდეგ")



***

“სამშობლო, ალბათ, ყველაზე ღირებულია, რასაც ადამიანი უფლისგან ჯილდოდ იღებს, წინაპრებისგან _ მემკვიდრეობად, შთამომავლობისთვის კი _ უდიდეს პასუხისმგებლობად.

სამშობლო არასდროს არის “აქ და ამჟამად”!

ის ყოველთვის იყო წარსულში და უნდა იარსებოს მომავალშიც.

ყველა ისე ემსახურება, როგორც ესმის და როგორც შეუძლია.

სამწუხაროც სწორედ ის არის, რომ, დამოუკიდებლობის მიუხედავად, ჩვენ დავკარგეთ “მსახურის” ფუნქცია და ხელისუფლებები “გამომძალველებად” მოგვევლინენ.

რასაკვირველია, ნებისმიერ ეპოქასა და სახელმწიფო მოწყობის პირობებში არსებობს სხვადასხვა სოციალური კლასი და ფენა, მაგრამ ილიასეული “ხიდჩატეხილობის” პრობლემა ნამდვილად აღარ უნდა იდგეს დღევანდელ საქართველოში. როდესაც მაგალითად თანამედროვე ევროპა მოგვყავს, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ იმავე ევროპაში, ომის დროს, ინგლისის დედოფლის სასახლიდან კვამლი არ ამოდიოდა, როცა მოსახლეობას შეშა არ ჰქონდა.((ნაწყვეტი ჯუმბერ პატიაშვილის წიგნიდან "ოცდასამი წლის შემდეგ")

1
228
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
228
  
2023, 5 აგვისტო, 17:15
... გამოდის, რომ ამ ყველაფერს, უჩინარი "რეჟისორი" სწორედ კრემლში ჰყავდა და პროცესები კრემლიდან იმართებოდა; ეს ხომ მართლაც ასე იყო
0 1 1