x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
თოდუას კლინიკის ონკოლოგიური დეპარტამენტის აქტიური საერთაშორისო-სამეცნიერო მოღვაწეობა
image


კლინიკური კვლევების გარეშე მედიცინის განვითარება შეუძლებელია. ის მეცნიერ-მედიკოსებს ეხმარება ახალი მიგნებების, ხელსაწყოების, მიდგომებისა თუ მკურნალობის ფორმების შემუშავებაში. მისი მეშვეობით ექიმებს შესაძლებლობა ეძლევათ, ეფექტური მეთოდები შესთავაზონ თავიანთ პაციენტებს და ასევე, უპასუხონ თანამედროვე გამოწვევებს მეცნიერებაში.


სამედიცინო დარგში ხშირად იმართება საერთაშორისო კონფერენციები, კონგრესები და სიმპოზიუმები და მასში მონაწილეობა ძალზე მნიშვნელოვანია მედპერსონალისთვის. ეს საკითხი განსაკუთრებით საყურადღებოა ონკოლოგიური მიმართულებისთვის, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე რთულ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება და მისი პრევენციისა თუ დამარცხების ყველა ახალი კვლევა მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს იწვევს.


თოდუას კლინიკა, თავისი არსებობის 30 წელზე მეტი ხნის მანძილზე, იაზრებს მსგავს პროექტებში მონაწილეობის მნიშვნელობას და დაარსების დღიდან აქტიურადაა ჩართული. მისი ექიმები მრავალ წარმატებას აღწევენ სამედიცინო დარგში. განსაკუთრებით აქტიურობს ონკოლოგიური განყოფილება, სადაც მიიჩნევენ, რომ ახალი ტექნოლოგიებისა და თანამედროვე აღჭურვილობის გარდა, აუცილებელია ექიმებიც „აღიჭურვონ” ახალ-ახალი ცოდნით, გამოცდილებით და მიგნებებით.



თოდუას კლინიკის ამ აქტიურ სამეცნიერო მუშაობაზე მისი ექიმი-ონკოლოგი, თამარ ესაკია გვესაუბრება, რომელიც თვითონაც გამუდმებით მუშაობს კვლევებზე და მონაწილეობს საერთაშორისო კონგრესებში.

M: თამარ, გვითხარით, რა მნიშვნელობისაა საერთაშორისო ასპარეზზე მოღვაწეობა თოდუას კლინიკისთვის და რატომ უთმობთ ამას დროს?


პაციენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მათ მივაწოდოთ ხარისხიანი მკურნალობა. მეორე მხრივ, ჩვენთვის, ექიმებისთვისაა საინტერესო, რადგან ეს პროფესიულ ზრდაში გვეხმარება. თოდუას კლინიკა ტრადიციულად ყოველთვის იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, ეს ჯერ კიდევ ფრიდონ თოდუას დროს ერთგვარი დაუწერელი კანონი იყო. ახლა, მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობთ სიახლეებზე ვიყოთ ორიენტირებულნი, ამ მნიშვნელოვან ტრადიციას მაინც არ ვუხვევთ და აქტიურად ვაგრძელებთ. მეტიც, საკმაოდ წახალისებულია ექიმებისთვის სამეცნიერო აქტივობები, რადგან წლის ბოლოს ანგარიშსაც კი გვთხოვენ, სადაც იქნება იმ აქტივობებისა და პუბლიკაციების ჩამონათვალი, რომლებიც განვახორციელეთ წლის განმავლობაში.


M: რას გულისხმობს საერთაშორისო ასპარეზზე აქტივობების დაგეგმვა და რომელ პროექტებს გამოარჩევდით, სადაც მონაწილეობთ ხოლმე?


თოდუას კლინიკაში გვაქვს ორი ძირითადი მიმართულება: პირველი, საერთაშორისო კლინიკურ კვლევებში მონაწილეობა სხვა ქვეყნებთან ერთად. მეორე კი, ჩვენთვის ძალიან საამაყო – ის, რომ თავადაც ვატარებთ კვლევებს საქართველოში, ვწერთ სტატიებს და შემდეგ ვაზიარებთ მათ სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულ კონფერენციაზე. მაგალითისთვის შემიძლია მოგიყვანოთ ფილტვის კიბოსა და მელანომას საერთაშორისო კვლევა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა თოდუას კლინიკა და რომლის შედეგებიც რამდენიმე საერთაშორისო კონგრესზე იყო წარდგენილი ჩვენი კლინიკური კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ანა ბარამიძის მიერ, მათ შორის ESMO-ს, ანუ ევროპის სამედიცინო ონკოლოგთა საზოგადოების იმუნო-ონკოლოგიის კონგრესზე, სადაც ჩვენ წარდგენილები ვიყავით როგორც პოსტერის, ისე მოხსენების სახით. აგრეთვე, შემიძლია დავასახელო ფილტვის კიბოს ევროპის კონგრესი და ევროპის დერმატოონკოლოგიის ასოციაციის კონგრესი. და ყველაზე მეტად რაც გვეამაყება –ბოლო წლებია ვმონაწილეობთ ამერიკის კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოების კონგრესზეც, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულების ყველაზე დიდი კონგრესია მსოფლიოში. გასულ წელს აქ თოდუას კლინიკის ორი კვლევით ვიყავით წარდგენილნი, წელს კი წარმოვადგინეთ თოდუას კლინიკის ორი კვლევა და ერთი საერთაშორისო კლინიკური კვლევის პოსტერი, რომლის წარდგინებაც თოდუას კლინიკის სახელით ხდებოდა. ასევე გამოვყოფდი თოდუას კლინიკის პილოტურ კვლევას ფილტვის კიბოს სკრინინგის შესახებ, რომელიც ჩვენი კლინიკის რადიოლოგებთან კოლაბორაციის სახით ჩატარდა და ასევე იყო წარდგენილი ფილტვის კიბოს მსოფლიო კონფერენციაზე.


M: რა რესურსებს მოითხოვს მსგავსი ტიპის აქტივობები ექიმისგან?


მსგავსი ტიპის აქტივობები ექიმისგან საკმაოდ დიდ შრომასა და დროს მოითხოვს. სამუშაოებს ძირითადად ვატარებთ საღამოს საათებში, როდესაც პაციენტები არ არიან ვიზიტზე ჩაწერილები. პირველ რიგში, ვიწყებთ ჩვენთვის საინტერესო თემაზე იმ მასალის მოგროვებას, რომელიც უკვე არსებობს, ინფორმაციის სტატისტიკურ დამუშავებას და შემდეგ ვწერთ ნაშრომს, რომლის აბსტრაქტსაც ვაგზავნით საჭირო კონგრესებსა თუ კონფერენციებზე და დადასტურების მერე ვიწყებთ მოხსენებისა თუ პოსტერის მომზადებას, რომელიც უნდა წარვადგინოთ ადგილზე. ყველაფერი ეს ჯამში საკმაოდ შრომატევადია, თუმცა ამის გარეშე ექიმი ვერ განვითარდება. ჩვენ ვაცნობიერებთ იმას, რომ არა მარტო თოდუას კლინიკას წარვადგენთ მსგავს კონფერენციებზე, არამედ საქართველოს სახელით ვმონაწილეობთ და ღირსეულად უნდა წარმოვაჩინოთ ის საერთაშორისო ასპარეზზე.


მინდა აღვნიშნო რეზიდენტების ჩართულობაც.ჩვენი უმცროსი ექიმები, რომლებიც ჯერ კიდევ სწავლის პროცესში არიან, ძალიან აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო პროექტებში. ერთ-ერთი მათგანი უკვე არის ევროპის ახალგაზრდა ონკოლოგთა ასოციაციის კომიტეტის წევრი. რეზიდენტები ასევე აქტიურად წერენ პუბლიკაციებსა და სტატიებს.


M: ბოლოს რომელ კონგრესზე/კონფერენციაზე ბრძანდებოდით და რით იყო ის საინტერესო?


სულ ახლახან ვიყავით ევროპის სამედიცინო ონკოლოგთა საზოგადოების კუჭ-ნაწლავის სიმსივნეების კონგრესზე, სადაც წარდგენილები ვიყავით ჩვენი კვლევით კუჭის კიბოს შესახებ. ეს არის მიმართულება, რომელზეც მე ძალიან ბევრს ვმუშაობ ჩემს ევროპელ ხელმძღვანელთან ერთად, რომელიც კემბრიჯის უნივერსიტეტში მუშაობს და არის წამყვანი ევროპელი ონკოლოგი კუჭ-ნაწლავის სიმსივნეების მიმართულებით და ამერიკაშიც მქონდა წარდგენილი ამ დაავადების შესახებ კვლევა. რა თქმა უნდა, ასეთი ფორმის თანამშრომლობები დიდ გამოცდილებას გვაძლევს, რომელთაც შემდეგ პრაქტიკაშიც ვიყენებთ.


ზოგადად, მედიცინა დგას მსგავსი ტიპის კვლევებზე. კვლევა შეიძლება იყოს როგორც დიდი, ისე პატარა. ზოგიერთი მათგანი იმდენად მასშტაბურია, რომ მთლიანად ცვლის სამედიცინო პრაქტიკასა და სტანდარტებს. ნებისმიერმა სამედიცინო მეთოდმა თუ მკურნალობამ კვლევის ეტაპი უნდა გაიაროს, იმისთვის რომ ექიმებმა შევძლოთ ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება პაციენტებში ან უკეთესი მკურნალობის დანერგვა. ამიტომ თავისთავად ეს კონფერენციები და საერთაშორისო გამოცდილებები დიდი პრაქტიკაა ჩვენთვის.


M: რა როლს ასრულებს ასეთი კვლევები და აქტივობები არა მხოლოდ კონკრეტული კლინიკის, არამედ ქვეყნის განვითარებაში?


გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვართ განვითარებადი ქვეყანა, უაღრესად მნიშვნელოვანია გვქონდეს ისეთი აქტივობები, როგორებზეც ზემოთ ვისაუბრეთ. ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი ვალდებული არის, თავისი წვლილი შეიტანოს ამ განვითარებაში, რათა განვითარებულ სამყაროს ვაჩვენოთ, რომ ჩვენც შეგვიძლია ჩვენი სიტყვა ვთქვათ სხვადასხვა სფეროში. ჩემთვის პირადად ძალიან სასიამოვნოა ხოლმე, როდესაც საერთაშორისო კონფერენციებზე საქართველოს სახელი ჟღერს.


[R]


0
95
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0