x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ყველაზე მეტად რაც მაღელვებდა, ეს ჩემი სინდისის ქენჯნა იყო " - დომენიკ მანგო პატრიარქთან შეხვედრის დეტალებს ასაჯაროებს
image

"ამ ჩანაწერით მინდა გიამბოთ რამდენიმე თვის წინ ჩემი და პატრიარქის შეხვედრის შესახებ, რომელიც მაშინ არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ საზოგადოებისთვის გამემხილა. ჩანაწერი დიდი იქნება და შევეცდები მაქსიმალურად დეტალურად გაგიზიაროთ ამ დღის შესახებ.


ყველაზე მეტად რაც მაღელვებდა, ეს ჩემი სინდისის ქენჯნა იყო დედის შეგინების გამო. ვიცი თქვენთვის დაუჯერებელი იქნება, მაგრამ ჩემთვის ყველაზე საძულველია იმის დანახვა, როდესაც ვხედავ თუ როგორ აგინებენ ადამიანები ერთმანეთს დედას. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც დედა შევაგინე ცხოვრებაში, ეს იყო პატრიარქი, თუმცა მაშინაც არ მქონია გულში ბოროტი ზრახვა ჩადებული, ვამბობდი: "თუ ერთმანეთს აგინებთ დედას, მაშინ შეაგინეთ პატრიარქს ან ნუ შეაგინებთ ერთმანეთს და არც პატრიარქი იქნება შეგინებული." - ასე ვამბობ იმ ვიდეოში და აქცენტს ვსვამ, რომ არავინაა ერთმანეთზე მეტი ჩვენს შორის, რომ თანამდებობების მიხედვით ვანიჭებდეთ ვინმეს პრივილეგიებს, ხოლო გვერდზე დანდობა არ იყოს ერთმანეთს შორის. ეს იყო 6 წლის წინად, მაშინ ბევრად მძიმე იყო საზოგადოების მდგომარეობა, სულ ერთმანეთს ჭამდნენ.


როდესაც საქართველოში ჩამოვედი, ვთხოვე გურამ ოთხოზორიას, რომ შეეტანა საპატრიარქოში ჩემი მოთხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ, რადგან ჩემი ერთადერთი მიზანი იყო, მივსულიყავი პატრიარქამდე, თვალებში ჩამეხედა და მეთქვა პირისპირ, რომ მე მას დედა შევაგინე და მიმაქვს ჩემი სიტყვები უკან. თუმცა ნუ ჩათვლით, რომ ეს მიზანი მისი თანამდებობის გამო დავისახე - გამვლელთანაც ასე მოვიქცეოდი, სინდისი ჩემთვის უმთავრესი ხმაა.



გურამმაც მალევე გადასცა ჩემი სურვილი შორენა თეთრუაშვილს. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, თუმცა არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა ამ მოთხოვნაზე 2022 წლის 20 სექტემბრამდე.


გამომიგზავნეს სახლში საპატრქოდან ლაბორატორია, გამიკეთეს პსრ ტესტი და როგორც კი მოვიდა პასუხი, მაშინვე ჩანიშნეს მეორე დღის შეხვედრა.


როდესაც საპატრიარქოში მივედით, თითქმის დაცარიელებული იყო შენობა, რამდენიმე ადამიანი თუ ჩანდა მთლიან ტერიტორიაზე. ჯერ შორენა თეთრუაშვილს შევხვდი, რომელთანაც საათზე მეტი ვისაუბრე. ყველანაირი შელამაზების გარეშე გავუზიარე (თუმცა ისედაც კარგად იცოდა ყველაფერი) ჩემი დამოკიდებულება ეკლესიებში ჩაბუდებული ვაჭარი მღვდლების შესახებ. ეს ზუსტად ის პერიოდი იყო, როცა მღვდელი გაძარცვეს და დიდძალი ქონება გაიტანეს მისი სახლიდან. არაერთი არგუმენტი მოვუყვანე იმ სავალალო მდგომარეობის შესახებ, რომელიც დღეს არის ქვეყანაში დამკვიდრებული ამ ე.წ "სასულიერო პირების" მიერ. მასთან საუბარში არ დამრჩენია შთაბეჭდილება იმისა, რომ რამე ახალი ესმოდა ან რამე არ იცოდა. ყველა მღვდელი, რომელიც მაგალითად მოვუყვანე, სახელების მიხედვით იცოდა. ამ საუბარშივე შევახსენე შორენას, რომ ასეთი ფორმით საპატრიარქოს და ვაჭარ მღვდლებს დიდი მომავალი არ უწერია, რადგან ხალხი იღვიძებს და პროტესტი იბადება მათში, რომ ეკლესიაში მრევლის კლება (რასაც თავად უსვამდა ხაზს) სწორედ ამ მოფხიზლების შედეგია. თავად შორენამაც არანაკლებ ისაუბრა მდგომარეობის შესახებ, მომიყვა მისი განვლილი ცხოვრება საპატრიარქოში (ამ დეტალებზე საუბარს საჭიროდ არ ვთვლი, რადგან ეს მისი პირადია და ეთიკის საკითხია). საუბარში ცოტა მოყვედრების შინაარსიც გამოურია, მიხსნიდა თუ რამდენ ელჩს და რამდენ სახელმწიფო პირს ეუბნება უარს პატრიარქთან შეხვედრაზე და მე კი მაინც შემახვედრა. რა თქმა უნდა, ეს მინიშნებები და აქცენტები ჩემთვის ნათელი იყო იმავე მომენტში. მნიშვნელოვანი რაც შევნიშნე მის თვალებში და ეს ობიექტურად უნდა ითქვას, ის არის, რომ ნამდვილი, გულწრფელი და უპირობო სიყვარულით უყვარს პატრიარქი და მზადაა აბსოლუტურად ყველაფერი გადადოს გვერდზე (და აქვს კიდეც გადადებული) ამ სიყვარულის გამო. ეს ქალი ბევრს ეზიზღება სწორედ ამ უპირობო ერთგულების გამო. არც ისაა შემთხვევით, რომ პატრიარქის გენერალური მინდობილობა აქვს მინიჭებული და ძალაუფლებას ფლობს. რა თქმა უნდა საკმარისი ეშმაკობაც ჰყოფნის, რომ ცოტა მიაყვედროს კიდეც ჩემნაირ "დაუცხრობელ მოუთვინიერებელს" პატრიარქთან შეხვედრა და ვალშიც კი ჩააგდოს, თუმცა მე სულ სხვა მიზანი მქონდა და ეს მიზანი ჩემს სინდისის ხმასთან შეთანხმებაში მოსვლა იყო. ნამდვილად მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება შორენა თეთრუაშვილმა, მაგრამ ეს შთაბეჭდილება სუფთად, ადამიანური თვალსაზრისიდან გამომდინარეობს, რადგან თვალებს კარგად ვცნობ და არ მეშლება.


ჩვენ მეორე სართულზე ვიყავით, პატრიარქი კი მესამე სართულზე იყო. მთელს ჩვენს საუბარს გადასდევდა შორენას დარდიანი სიტყვები პატრიარქის მძიმე მდგომარეობის შესახებ. იქვე ვუთხარი, რომ როდესაც პატრიარქი გარდაიცვლება, მას ყველა თავს დაესხმება და რადგან არც საზოგადოებაში აქვს დიდად კარგი სახელი, მთელი ქვეყნის შუაგულში აღმოჩნდება. დამიდასტურა, რომ იცის; არ ვფიქრობ ხვალინდელ დღეზე, რაც იქნება ის იყოსო - ასე მიპასუხა.


ავედით მესამე სართულზე, ზემოთაც დაახლოებით 20 წუთამდე ვისაუბრეთ შესვლამდე, იქაც ძალიან ემოციური იყო ჩვენი საუბარი და ამ თემაზეც არ მოგიყვებით, რადგან აქაც პირადულობას ვცემ პატივს. თუმცა გეტყვით, რომ მესამე სართულზე მოსმენილმა საერთოდ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს.


გამოვიდა დაცვა დიდი ოთახის პატარა კორიდორიდან, დაგვატოვებინა მე და გურამს გარეთ მობილური ტელეფონები და შევედით პატრიარქთან. პატრიარქი იჯდა ძალიან პატარა ოთახში, გვერდზე ჰქონდა ბალიში და ძალიან მოხრილი იჯდა სავარძელში. ეცვა ცისფერი სამოსი, ეს იყო მისი საშინაო ფორმა. ამ პატარა ოთახში იყო ვიღაც დედაო, ანა ერქვა თუ სწორად მახსოვს. ძალიან ბოროტი თვალებით უყურებდა ყველას და ყველაფერს, საშინლად უხეში და უტაქტო ხმა ჰქონდა. როგორც გავიგე, ეს ქალი პატრიარქის დად იწოდება, დანარჩენი არაფერი მის შესახებ არ ვიცი, მაგრამ ერთი რამე ცხადზე უფრო ცხადი იყო, რომ მისგან საშინელი აურა მოდიოდა. არ ვიცი რის გამო უნდა ყოფილიყო ასეთი უტაქტო და ავი ეს ქალი, ალბათ დარწმუნებულია, რომ ღმერთს ემსახურება, თუმცა ღმერთს მითუმეტეს არ უყვარს ამპარტავნება. დასჭექა ამ ქალის ხმამ "დაიჩოქე უწმინდესის წინაშე", გულში გავიფიქრე "უწმინდესი ჩემთვის მხოლოდ ღმერთია" და დავიჩოქე ცალი ფეხით. ჩავხედე პატრიარქს თვალებში და ხმამაღლა ვუთხარი... ვციტირებ: "ცხოვრებაში არავისთვის შემიგინებია დედა, ერთადერთი შენ ხარ ვისაც შევაგინე და მიმაქვს ჩემი სიტყვები უკან." ასწია თავი, რაღაცის თქმას შეეცადა, მაგრამ ძალიან ხმადაბალზე თქვა და ვერ გავიგე - მერე შორენამ მიუტანა თავი ახლოს და თავიდან ათქმევინა. მან მიიღო ჩემი სიტყვების უკან წაღება და ჩემი სინდისიც დაწყნარდა, ამ შეგინების გამო რომ ხშირად მაწუხებდა. გამომინათდა თვალებში იმ წამსვე და ისეთი შეგრძნება მომეცა, თითქოს ძალიან დიდი ლოდი ჩამოვიხსენი მხრებიდან. ჩემი ერთადერთი მიზანი ამ სიტყვების უკან წაღება იყო, დანარჩენი ყველა კრიტიკა, რაც მითქვამს საპატრიარქოზე და იმ გადახრწნილ მდგომარეობაზე, რაც დღეს ეკლესიებში არის, არა თუ უკან მიმაქვს, მიმაჩნია, რომ კიდევ არ არის ამომწურავი იმ რეალური მდგომარეობის დასანახად, რასაც სჩადიან ქრისტეს სახელით. სრულად გავისუფთავე ამ რამდენიმე სიტყვით ჩემი სინდისი. შემდეგ იყო მომენტები და საუბრები, რომლებსაც ისევ პირადულობის და ეთიკის გამო არ გავასაჯაროვებ.


გამოვედით ოთახიდან. შორენამ ჩამომიტანა საჩუქრად ლოცვანის წიგნი (ჩემთვის ლოცვა მხოლოდ მამაო ჩვენო არსებობს), მოოქროვილი, ლამაზი წიგნია, ხის ყუთში ჩადებული და ზედ დაუმატა სიტყვები "როგორ მიხარია, რომ მოიქეცი და შემობრუნდი", რაზეც იმავე მომენტში გამეცინა, რომ მართლაც ასეთი მიამიტი, სულელი ვეგონე, რომ ეს შეხვედრა მოქცევისთვის იყო. სინდისი ჩემი ღმერთია. თუ ჩემი სინდისი მეტყვის, მთას გადავდგამ და მაინც გავსწორდები მასთან. სინდისი არა თუ მაწუხებს წარმართობის მხილებაზე, არამედ არ მასვენებს და ერთ ადგილზე არ მაჩერებს. ასე რომ, მე სინდისით ვიმართები და ამას ვერ მიმიხვდა იქ ვერავინ. ვიცი წაიკითხავს ამ წერილს და არამხოლოდ ის წაიკითხავს. ბევრჯერ გავიგე, რომ ზედმიწევნით უსმენენ ჩემს გვერდს. ხო და სუფთა სინდისით გეუბნებით, რომ დროზე შეცვალეთ და ებრძოლეთ იმ სიბინძურეს, რომელიც "ეკლესიის" ღრმა წიაღშია დაგროვებული. ჩემი სინდისი არ გამაჩერებს და არც მუხლს არ ჩავხრი, სანამ ყველას არ მოვაფხიზლებ.


სახარებაში წერია "იფხიზლეთ"."-წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი დომენიკ მანგო(იგივე კუკური ბარამიძე)

0
227
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
227
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0