x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
ანევრიზმა – გამომწვევი მიზეზები და მისი პრევენცია
image


ანევრიზმა ერთ-ერთ ყველაზე საშიშ დაავადებად მიიჩნევა, რადგან უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ხშირად მოულოდნელად, გართულებული მდგომარეობით ვლინდება. ის პოპულაციის დაახლოებით 3%-ს უვითარდება, რაც დაავადების სირთულიდან გამომდინარე, სულაც არ ითვლება მცირე რიცხვად. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა უწყობს ხელს მის ჩამოყალიბებას და როგორ ავიცილოთ თავიდან მისი განვითარება.


ანევრიზმაზე სასაუბროდ თოდუას კლინიკის ნევროლოგს დალი ბერულავას დავუკავშირდით.


რა არის და სად შეიძლება განვითარდეს დაავადება?


ანევრიზმა სისხლძარღვთა სისტემის დაავადებაა, რომელიც ნებისმიერ სისხლძარღვში შეიძლება განვითარდეს. ყველაზე ხშირად ის აორტისა და თავის ტვინის არტერიებში ვლინდება, რომელთაც, მდებარეობის მიხედვით, ვუწოდებთ აორტის ანევრიზმასა და თავის ტვინის ანევრიზმას. დაავადების დროს სუსტდება და თხელდება სისხლძარღვების კედლები და დაზიანებულ უბანზე წარმოიქმნება გამობერილობა, რომელიც შეიძლება გასკდეს.


რა უწყობს ხელს ანევრიზმის განვითარებას?


თანდაყოლილი ანევრიზმა უკიდურესად იშვიათია და ის უმეტესად გარკვეული მაპროვოცირებელი ფაქტორებით დროთა განმავლობაში ყალიბდება.


არაჯანსაღი ცხოვრების წესი ანევრიზმის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია. მაგალითად, თამბაქო, ნარკოტიკი და ალკოჰოლი მნიშვნელოვნად აზიანებს სისხლძარღვების კედელს. დაავადების რისკ-ფაქტორია სქესიც – ის ქალებში უფროა გავრცელებული, რაც მენოპაუზის შემდეგ ჰორმონალური ცვლილებითაა განპირობებული. დაავადების განვითარება მოსალოდნელია გენეტიკური წინასწარგანწყობის შემთხვევაშიც. ასევე, ანევრიზმის წარმოქმნას ხელს უწყობს გარკვეული დაავადებები, როგორებიცაა შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, აორტის შევიწროება, არტერიოვენური მალფორმაცია თავის ტვინში, თირკმლის პოლიკისტოზი და სხვა. დაავადების მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია მაღალი არტერიული წნევაც. ის შეიძლება განვითარდეს სისხლძარღვის ტრავმული დაზიანების დროსაც.


რა არის დაავადების სიმპტომები?

ანევრიზმის ვერაგობა იმაში მდგომარეობს, რომ ხშირად ის უსიმპტომოა. თუმცა არსებობს ნიშნები, რომლებიც შეიძლება იშვიათად, მაგრამ მაინც გამოვლინდეს. ესენია: ქუთუთოების დაშვება, თვალის გუგის გაფართოება, ნახევარი სახის დაბუჟება და სხვა. ანევრიზმის გასკდომა კი ძლიერი ტკივილით ვლინდება. პაციენტები აღნიშნავენ, რომ ასეთი ტკივილი არასდროს უგრძნიათ. გასკდომის შემთხვევაში, ასევე, აღინიშნება გულისრევა, მხედველობის სიმახვილის გაუარესება ან გაორება, გონების დაკარგვა და ა.შ.


საშიშია თუ არა სიცოცხლისთვის ანევრიზმა?

ანევრიზმის გასკდომა შესაძლოა ლეტალურად ან ინვალიდობით დასრულდეს და, ცხადია, ის სახიფათო დაავადებაა. მისი გასკდომა დაუყოვნებლივ რეაგირებასა და სამედიცინო ჩარევას მოითხოვს. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ანევრიზმის არსებობა არ გულისხმობს, რომ ის აუცილებლად გასკდება. მაგალითად, ერთ-ერთი მასშტაბური კვლევის მიხედვით, რომლის ფარგლებშიც 12 ათასი პაციენტი გამოიკვლიეს, ანევრიზმის გახეთქვის შემთხვევა მხოლოდ 110 მათგანში დაფიქსირდა, ანუ დაახლოებით 1%-ში. მიუხედავად ამისა, დაავადების არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია პაციენტმა ის სპეციალისტთან ერთად მუდმივად აკონტროლოს.


როგორია მისი პრევენციის გზები?


პირველ რიგში, აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღი წესი – თამბაქოსა და ნარკოტიკის მოხმარებისგან, ალკოჰოლის ჭარბად მიღებისგან თავის შეკავება, ჯანსაღი კვება, ადეკვატური ფიზიკური აქტივობა და სხვა. ასევე, მნიშვნელოვანია არტერიული წნევის კონტროლი. ამასთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება მართებთ მათ, ვისაც ანევრიზმის მაპროვოცირებელი დაავადება ან გენეტიკური წინასწარგანწყობა აქვთ.


როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტიკა?


ანევრიზმის დიაგნოსტირება ხდება ინვაზიური და არაინვაზიური მეთოდებით. არაინვაზიურ, ანუ უმტკივნეულო მეთოდს მიეკუთვნება თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ანგიოგრაფიის რეჟიმში, ისევე როგორც თავის ტვინის სისხლძარღვების კომპიუტერული ანგიოგრაფია. თუმცა თავის ტვინის ანევრიზმის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს დიგიტალური სუბტაქციული ანგიოგრაფია. მიუხედავად მისი ინვაზიურობისა, რასაც შესაძლოა თან ახლდეს გარკვეული რისკი პაციენტის ჰანმრთელობისთვის, დიგიტალური ანგიოგრაფია წარმოადგენს თავის ტვინისა და ზუსრის სისხლძარღვოვანი პათოლოგიების გამოვლენის საუკეთესო მეთოდს და როგორც უკვე აღვნიშნე, ის მსოფლიოში აღიარებულია როგორც კვლევის ოქროს სტანდარტი. აღნიშნული ვკლევის საფუძველზე დგინდება სავარაუდო სისხლძარღვოვანი პათოლოგიის ზუსტი დიაგნოზი და შემდეგ მუშაოვდება ოპერაციული მკურნალობის ტაქტიკისა და ტიპის შერჩევა.



როგორ ხდება ანევრიზმის მკურნალობა?

თუ ანევრიზმა არ არის გამსკდარი და არის პატარა ზომის, თავს ვიკავებთ ქირურგიული ჩარევისგან, რადგან მანიპულაციებმა შეიძლება კიდევ უფრო დააზიანოს სისხლძარღვები და ანევრიზმის გახეთქვა გამოიწვიოს. ასეთ დროს სპეციალისტი აკვირდება პროცესს და ნიშნავს სპეციალურ მედიკამენტებს დაავადების განვითარების შესაჩერებლად. მკურნალობაში სისხლძარღვთა ქირურგი ერევა მაშინ, როდესაც ანევრიზმა რთულდება ან სკდება. ასეთ შემთხვევაში ოპერაცია აუცილებელია და არ აქვს მნიშვნელობა დაზიანებული კერის ადგილმდებარეობასა თუ მის სიდიდეს.


რამდენადაა შესაძლებელია დაავადების სრულფასოვანი დიაგნოსტირება და მკურნალობა თოდუას კლინიკაში?

თოდუას კლინიკაში სისხლძარღვთა დარღვევების გამოვლენისა და შესწავლის ყველა შესაძლებლობაა. კლინიკაში წარმოდგენილია არაინვაზიური დიაგნოსტიკის ფართო სპექტრი. მაგნიტურ-რეზონანსული და კომპიუტერული ანგიოგრფიის უახლესი აპარატები, თანამედროვე პროგრამებით, რომელიც ანევრიზმის დეტალურად შესწავლას სჭირდება. მკურნალობას კი გამოცდილი სპეციალისტები და სისხლძარღვთა ქირურგები უძღვებიან, რასაც ზუსტ დიაგნოსტიკასთან ერთად, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ანევრიზმის სწორად მართვისა და გართულებების პრევენციისთვის.



R

0
333
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
333
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0