x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
უარიც რომ მიიღოთ, ნუ მოიქცევით ჩემსავით - თუ გოგო გიყვართ, აუცილებლად აუხსენით სიყვარული და არ ინანებთ
image
უკრაინიდან დაბრუნებისას 14 წლის ვიყავი და ბუნებრივია სკოლაში საქართველოში გავაგრძელე სწავლა. დასამალი რაა, რამდენიმეჯერ მეც მეწვია გრძნობა, ერთერთ სტატიაში დაწერილიც მაქვს ერთი ისტორია როცა გოგომ რომელიც მიყვარდა ზამთარში სკოლის ფანჯრიდან გადახტომა რომ მომთხოვა სიყვარულის დასამტკიცებლად და თუ როგორ გადავხტი მეორე თუ მესამე სართულიდან დაუყოვნებლივ, მოზარდი ვიყავი და ვერ ვაცნობიერებდი სრულად ჩემს საქციელს, ბედად მაშინ ტრავმას სახურავიდან გადმოყრილმა ღრმა თოვლმა გადამარჩინა, მაგრამ ის გოგო შემაძულა.



სხვა სკოლაში გადასულს ისევ მეწვია გრძნობა, ამჯერად გოგოსგანაც წამოვიდა შემხვედრი გრძნობა რაც მის ჩემდამი დამოკიდებულებაში გამოიხატებოდა, მაგრამ არ ვიცი რა მოხდა, რამ შემიკრა კრიჭა და რა მიზეზით ვერ ავუხსენი გოგოს სიყვარული, არა და ზოგადად კომუნიკაცია არცერთ ასაკში მიჭირდა.



მე ისევ მომიწია სკოლის შეცვლამ სამოქალაქო ომის გამო, რადგან მამაჩემზე გამწარებულმა არაკაცებმა რომლებიც თავს "ზვიადისტებს" უწოდებდნენ სახლი გადაგვიწვეს.


მე ქალაქში ვერ გავდიოდა იმ არაკაცების გამო და ვერ ვნახულობდი ადამიანს რომელიც მთელი სამყარო იყო ჩემთვის, რომელიც ისე ღრმად და სუფთად მიყვარდა, როგორც იმ დღემდე არავინ მყვარებია.




მერე, მერე კი პარტიზანობის პერიოდი დაიწყო და ქართული ძალოვანი სტრუქტურის ოფიცერმა მამამ "საომარ ბილიკებზე" გამიყვანა. ცოდნა სწავლას მოაქვს, გამოცდილებას კი რეალურ სიტუაციებში იძენ. ასე შევიძინე მეც 16 წლის ბიჭმა მებრძოლისათვის საჭირო თვისებები.


ერთხელაც გავბედე და გადავწყვიტე მივსულიყავი და გოგონასთვის რომელიც მიყვარდა გული გადამეშალა, მის უბანში ჩემი ტოლები ყველანი მიცნობდნენ და მიმესვლებოდა ბევრგან. სამწუხაროდ დავაგვიანე, სანამ მე გალის ტყეებში მშიერი მგელივით დავწანწალებდი გოგონას სამედიცინოზე ჩაებარებინა და ჩარიცხულიყო (კლასშიც საუკეთესო მოსწავლე იყო სკოლაში).


მე უკრაინაში სამხედრო სასწავლებელში ჩავირიცხე, ზაფხულში რამდენიმე დღით ჩამოსულმა ისევ ვერ ვნახე შეყვარებული და ამით გამწარებული ისევ "ომის ბილიკებს" დავადექი.


უკრაინაში დაბრუნებული კი სასწავლებლის დამთავრებამდე ჩავრჩი უკრაინაში, სასწავლებლის დამთავრების მერე უმაღლესში გავაგრძელე სწავლა და დროც გაფრინდა როგორც იტყვიან.


მესამე კურსზე ყოფნისას მტკიცედ გადავწყვიტე მივსულიყავი, სიყვარული ამეხნსა და ხელიც მეთხოვა, ამისთვის გულდასმით მოვემზადე, მაგრამ ნათქვამია "კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო", ზუგდიდში დაბრუნებულს გოგო ზუგდიდში არ დამხვდა მივლინებით თბილისის რომელიღაც რაიონის სასწრაფო დახმარების განყოფილებაში გაენაწილებინათ.


თბილისში პრაქტიკულად სულ რამდენიმეჯერ ვიყავი ნამყოფი, ქალაქს ძალიან ცუდად ვიცნობდი და ჩემი გრძნობის გამხელა გადავდე.

დავამთავრე ინსტიტუტი (სხვათაშორის 1 წლით ადრე წარჩინებით) და ზუგდიდში დავბრუნდი სწორედ ისეთ დროს როცა პარტიზანული მოძრაობა ზენიტში იყო, საუბარია სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის წინა წელი.

გალის დაბალი ზონის სოფელში სამაოდ მძიმედ დავიჭერი, როცა თანამებრძოლს რომელიც ჯავშანჟილეტის გარეშე იყო წინ ავეფარე, ოპერაციაში მამაჩემი უკვე არ მონაწილეობდა, რადგან დაწინაურებული თბილისში იყო გადაყვანილი.
ბიჭებმა განმუხურში გადმომიყვანეს, გრძნობა წამითაც არ დამიკარგავს, სანამ სასწრაფო დახმარების მანქანაში არ გადამიყვანეს, მერე კი წყვდიადის სამყაროში გადავინაცვლე.

არც ის მახსოვს როგორ მიმიყვანეს კლინიკაში როგორ გამიკეთეს ოპერაცია, არც რეანიმაციაში ყოფნის პერიოდი მახსოვს, მაგრამ კარგად მახსოვს რეანიმაციაში გონს მოსულს ექიმები და მედდები რომ დამტრიალებდნენ და პირველი ნაცნობი სახე რომელიც ვნახე ეს იყო გიორგი-მამაჩემი, რომელიც გაყინული სახით იდგა რეანიმაციის განყოფილების შესასვლელთან.


იმავე საღამოს პალატაში გადამიყვანეს, სადაც უზარმაზარი სიურპრიზი მელოდა, ქირურგიულ განყოფილებაში მინახულა ჩემი ოცნების ადამიანმა, მიუხედავად იმისა, რომ არცერთი უკვე არ ვიყავით 16 წლისანი, ჩემს წინ ის გოგო იდგა როგორიც ვნახე ბოლოს, ოღონდ იმ განსხვავებით რომ ამას თეთრი ქათქათა ხალათი ეცვა და ფონენდოსკოპი უჩანდა ხალათის გულის ჯიბიდან.
მომიკითხა, გამსინჯა და ღიმილიანი სახით მითხრა: "ნუ გეშინია ქორწილამდე მორჩები", მე არც ხუმრობის თავი მქონდა და არც საუბრის და თვალები მივლულე, მხოლოდ მოგვიანებით აღვიქვი ვინ მოვიდა და რა მითხრა.
კლინიკიდან გამოწერილი მამამ კიევში გადამაფრინა, სადაც მისი მეგობრების დახმარებით კიევის ჰოსპიტალში გავიარე რეაბილიტაციის პერიოდი.


რომ ჩამოვედი ხელისუფლებაში უკვე საკაშვილი იყო მოსული და მეც მალევე საინჟინრო დანაყოფში აღმოვჩნდი ოფიცრად. ასე მოვწყდი ყველას და ყველაფერს.


ჩემმა გაუბედაობამ მეც და იმ გოგოსაც გული გვატკინა, მე რომ გამებედა, თბილისში ჩავსულიყავი და გოგოსთვის სიყვარული ამეხსნა და ხელი მეთხოვა დარწმუნებული ვარ დღესაც, უარს არ მეტყოდა და მეც უბედნიერესი კაცი ვიქნებოდი (ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლა ჩემს მეუღლესთან და შვილებთან არა ვარ ბედნიერი), მაგრამ სანამ მე გულში "დღეს არა, ხვალ" ვფიქრობდი მობეზრდა ალბათ იმ გოგოსაც ლოდინი და თავისი გზა ნახა, არც ვამტყუნებ ერთი წამითაც კი.


კაცი რომ ხარ უნდა იაქტიურო და სათქმელი უნდა თქვა, თუ უარი მიიღე არც ესაა ტრაგედია, შენ შენი უნდა სცადო და დანარჩენი გამოჩნდება.

მას მერე სიყვარული არ მწვევია, სანამ სრულიად შემთხვევით არ შვხვდი ინტერნეტში პორტალ "ინტერმედიას", დამაინტერესა, დავრეგისტრირდი და სწორედ აქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე, რომელსაც სტატია შევუსწორე, რასაც დამეგობრების მოთხოვნა მოჰყვა მისი მხრიდან, დამეგობრების მერე კი რასაც ჰქვია "ცეცხლი შემინთო", სამედიცინოზე მე ვსწავლობ თუ შენ კომენტარს რომ მიდებო!

მოკლედ, პირველ "კონფლიქტს" უკვე შერიგები "ჩიბუხის მოწევა" მოჰყვა და არც თბილისში ჩასვლა დამზარებია ამჯერად, მით უფრო როცა იმ პერიოდში გორში ვმსახურობდი.

გავიცანით ერთმანეთი, ალბათ ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება, მართალია მისმა ოჯახმა თავიდან კატეგორიული უარი განაცხადა შვილის არჩევანზე პროვინციაში გადასულიყო ოჯახის შექმნის მიზნით, მაგრამ როცა ფაქტის წინაშე დადგნენ ყოფელგვარი აყალმაყალის გარეშე შეურიგდნენ შვილის არჩევანს და დღეს ვფიქრობ მაქსიმალურად კარგი ურთიერთობაც გვაქვს. მეტიც, სანამ უკრაინაში ვიბრძოდი ბრძოლის ველიდან მობრუნებულს მუდამ მხვდებოდა სიმამრის შეტყობინება: "მოგვწერე როგორ ხარ"?!

ასე რომ ახალგაზრდა ბიჭებო, იაქტიურეთ და ნუ დაელოდებით სანამ მილიონს იშოვით, შეყვარებულს ნუ დაუმალავთ რომ გიყვართ.


დაქორწინებას კი ყოველთვის შეძლებთ როცა მოისურვებთ, მთავარია გრძნობა გულში არ დაიტოვოთ და საკუთარ თავს და სხვას ტკივილი არ მიაყენოთ.

შეიძლება სულაც "ინტერმედიის" მკითხველია ის ადამიანი ვინც მიყვარდა და ამ სტატიაში საკუთარი თავი ამოიცნოს, გულით ვუსურვებ უდიდეს ბედნიერებას მის ოჯახთან ერთად.

0
76
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
76