x
მშობლიური ქალაქის, ჭიათურის ხედები თვითნასწავლი მხატვრის თამთა მოდებაძის შემოქმედებაში


image

თვითნასწავლი მხატვარი, რომლის შემოქმედება აოცებს ადამიანებს და აყვარებს ხელოვნებას არის თამთა მოდებაძე. თავად მისი ნახატები და ამ ნახატების ჟანრული მრავალფეროვნება მეტყველებს იმაზე, რომ მხატვრისთვის მთავარია დაუცხრომელი ძიება, მათში არის აზრი, იდეა და მხატვრის სიყვარული ხელოვნებისადმი.

image

ის შინაგანი თავისუფლება, რაც თვითნასწავლი მხატვრისთვის არის დამახასიათებელი, ფორმების თანამედროვე სტილიზაცია, ფერთა თავისებური შეხამება, ნამუშევრებს საინტერესოდ წარმოაჩენს და მნახველს უდიდეს ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებს.

image

მხატვარი ხშირად ხატავს პეიზაჟებს, მათ უნდა დააკვირდე, სწორედ ამ დაკვირვების დროს მნახველსა და ნახატს შორის მყარდება კონტაქტი, სულში იბადება აღტაცებული ასოციაციები, უხილავი ძაფებით სანეტარო ტყვეობაში ექცევით.

ყოველი ნახატი სიმფონიაა ფერების, თითქოს მუსიკალური ნაწარმოებია. მხატვრობა ხომ ხილული მუსიკაა.

image

თამთასთვის ფერწერა ცოცხლად წერაა, სწორედ ფერი ჰპოვებს თავის ცხოველმყოფელ თავისუფლებას მხატვრის ნებელობაში. ფერთა საოცარი ჰარმონია ქმნის იმ ახალ სინამდვილეს, რომელსაც მხატვრულ სინამდვილეს უწოდებენ.

ამჯერად, თამთამ მშობლიური ქალაქის ხედები აქცია მხატვრულ სინამდვილედ, რომელიც უამრავ ადამიანს გააერთიანებს და კიდევ უფრო შეაყვარებს ქალაქს, ხელოვნება ხომ ადამიანების გაერთიანების საშუალებაა, მიზანი კი არის ბედნიერება, რომლის საფუძველი სიყვარულია, სიყვარული ზრუნვაა, რომ დაინახო, აღმოაჩინო, გიყვარდეს, გეამაყებოდეს და მუდმივად ზრუნავდე შენი ქალაქის არქიტექტურაზე, კულტურულ ძეგლებსა თუ ბუნებაზე.

image

ხელოვნებაში ყოველი ძეგლის ასახვა მხატვრულ ღირებულებასა და მარადიულ უკვდავებას იძენს, სილამაზე ხომ მარადიულია- უნდა აღმოაჩინო და ადამიანებს აჩვენო. ამას რჩეულნი ახერხებენ, რომელთაც ტალანტიც აქვთ და გამბედაობაც.

imageimageimageimageimageimageimage

ახალგაზრდა მხატვრის შემოქმედება შემოქმედებითი ძიებაა, მისი მდიდარი შინაგანი სამყარო და სულიერი სიღრმეები პოეზიაშიც აისახა. 2018 წელს გამომცემლობა „მერიდიანში“ დაიბეჭდა ლექსების კრებული „ზაფხულის წვიმა“, სადაც რამდენიმე ლექსი ეძღვნება მხატვრობას.

ლექსებში იდეალურად არის ასახული პოეზიისა და მხატვრობის, ფერისა და მუსიკის ის მისტიკური კავშირი, რომელიც ხელოვანის სულიერ სამყაროში ერთმანეთთან კავშირშია და ყოველ ბგერას, სიტყვასა და ფერში ჰპოვებს ასახვასა და გამოხატვას, რომ დაატკბოს და სული გაუთბოს ყოველდღიური რუტინით გადაღლილ ადამიანებს, აგრძნობინოს, რომ არსებობს სამყარო, სადაც მშვენიერება და სიცოცხლის სიხარულია და ის აქ არის, მთავარია დაინახო, შეიგრძნო, დააფასო და არ ჩააქრო.



ვხატავ ჩემს ფიქრებს

მე ეს სიცოცხლე და ეს სამყარო

დავხატე ლამაზ, ნათელ ფერებში.

დავხატე ისე, როგორც არასდროს

და ვხედავ იმას, რასაც განვიცდი.

ფერები ისევ თამაშობს სულში

და აფერადებს სამყაროს კიდეს,

ფუნჯები ისევ ხატავენ ფიქრებს

და ჩემი გული კვლავ ფეთქვას იწყებს.


image

ახალგაზრდა, თვითნასწავლი მხატვარი, აგრძელებს შემოქმედებით ძიებას. მისი შემოქმედება მუდმივი პროცესია, რომელიც მას დიდ სიხარულს და შინაგან თავისუფლებას ანიჭებს, აძლევს შესაძლებლობას ეზიაროს მშვენიერებას და უამრავ ადამიანს მიანიჭოს ხელოვნების ნიმუშებით ტკბობის ბედნიერება.

image











0
37
შეფასება არ არის
ავტორი:სოფიო მოდებაძე
სოფიო მოდებაძე
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0