x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
საქართველოს ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობა და მესხთა საკითხი
image

9 აპრილიდან ორი თვის შემდეგ დაიწყო ფერღანის კატასტროფა: იქ მცხოვრები დეპორტირებული მესხების დარბევა-დაწიოკება 17 დღის განმავლობაში გრძელდებოდა, ადამიანებს და პირუტყვს ცოცხლად წვავდნენ, სახლები და ბაღები გადაბუგეს, ქალებს მამებისა და ქმრების თვალწინ აწამებდნენ, აუპატიურებდნენ...

თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე დევნილობაში მყოფი ხალხი, არავის რომ არ ეკუთვნოდა საშველად ხელს სამშობლოსაკენ – საქართველოსკენ იწვდიდა.

აქ კი "მესაჭეებად" უკვე ზვიად გამსახურდია და მისი თანამებრძოლები იყვნენ. 60–იან წლებში ზვიად გამსახურდია დოქტორ რუდოლფ შტაინერის ანთროპოსოფიის სახით ქრისტიანულ ოკულტიზმს უწევდა პროპაგანდას. ის ხშირად უსვამდა ხაზს თავად ანთროპოსოფიის – კაცთმოყვარეობის ცნების ღრმა მნიშვნელობას. ის თვლიდა, რომ სწორედ ადამიანისადმი სიყვარულზე ყურადღების გამახვილება იყო ყველაზე აქტუალური, რადგან მხოლოდ სიყვარულს შეეძლო ეხსნა ეს სამყარო, რომელიც სულ უფრო სასტიკი და აგრესიული ხდებოდა.


70–იან წლებში ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა დისიდენტი – სამართალდამცველები გახდნენ. თავიანთი პროგრამის ერთ ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტად მათ დეპორტირებული მესხების უფლებების, უპირველეს ყოვლისა, მათი რეპატრიაციის უფლების დაცვა აღიარეს. ამით მათ საქართველოში უკვე არსებული ზნეობრივი ტრადიცია გააგრძელეს: მესხების გასახლებისთანავე ხუთმა უდიდესმა ქართველმა მეცნიერმა წერილობით მიმართა სტალინს უსამართლოდ დასჯილი მესხების სამშობლოში დაბრუნების თხოვნით. 1979 წლის თებერვალში კი ქართული სამეცნიერო და შემოქმედებით ინტელიგენციის თითქმის ყველა თვალსაჩინო წარმომადგენელმა დაჟინებით სთხოვა საქართველოს კომპარტიის ცეკა–ს მდივანს ედუარდ შევარდნაძეს: "აღდგეს სამართლიანობა ქართველი ხალხის ასე მძიმედ დაზარალებული ნაწილის მიმართ". და ედუარდ შევარდნაძემ ეს თხოვნა დააკმაყოფილა: მისი მმართველობის პერიოდში მუსლიმი მესხების 300 ოჯახი საქართველოში დასახლდა.

ჯერ კიდევ 1989 წლის ივნისში, გაზეთ "თბილისში" ზვიად გამსახურდიამ პოლიტიკური გაერთიანების – "მრგვალი მაგიდა–თავისუფალი საქართველო", რომელსაც თვითონ ხელმძღვანელობდა, პროგრამის ცალკეული პუნქტების დაზუსტება მოახდინა. იგი წერდა, რომ აუცილებელი იყო 300 000 დეპორტირებული მუსლიმი ქართველის სამშობლოში დაბრუნება, ხოლო ვისაც უკვე დაეკარგა ქართული თვითშეგნება და თავს თურქად თვლიდა, მათთან განმანათლებლური სამუშაოს ჩატარება. მალევე ამ სტატიის გამოქვეყნებიდან დაიწყო მესხთა დარბევა უზბეკეთის ოლქ ფერღანაში და მათი საქართველოში დაბრუნების საკითხი თავისთავად დადგა დღის წესრიგში.


აი მაშინ კი, ზვიად გამსახურდია რადიკალურად ცვლის პოზიციას. მის ლოზუნგად იქცევა – "არც ერთი თურქი ქართულ მიწაზე!" თუმცა, ყოფილი სამართალდამცველისა და დისიდენტის (რომელმაც, სხვათა შორის, 1978 წელს საჯაროდ მოინანია ანტისაბჭოთა მოღვაწეობა) ამგვარი გარდასახვა საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობიდან ახალდაბრუნებული ქართული ჰუმანიტარული ინტელიგენციის წარმომადგენელთა გავლენით მოხდა. საქმე ის გახლავთ, რომ ისინი იქ დეპორტირებული მესხების იმ წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც თავს თურქებად აცხადებდნენ და ქართულად არ ლაპარაკობდნენ. ამან გადაწყვიტა მთელი ხალხის ბედი. "ერთმა ლტოლვილმა მესხმაც რომ შემოაბიჯოს ქართულ მიწაზე, საქართველოს ისტორია დამთავრდება", – განაცხადა ტელევიზიით გამოსვლისას ქართული ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენელმა, მორალურ ავტორიტეტად აღიარებულმა აკაკი ბაქრაძემ.

ზვიად გამსახურდია მიხვდა, რომ ეს იდეა უფრო მეტ პოპულარობას მოუტანდა, ვიდრე უკვე "გათურქებული" ხალხის რეპატრიაციისაკენ მოწოდება. ამგვარი, სამართლისა და ჰუმანიზმის პრინციპების საბოლოოდ უარმყოფელი განწყობილებების საპირისპიროდ, სრულიად საქართველოს პატრიარქმა ილია II–მ განაცხადა: "ადრე თუ გვიან, ეს ადამიანები დაგვიბრუნდებიან. ჩვენ ვალდებულნი ვართ, ვიზრუნოთ მათზე". და მან ფერღანაში წამლები და კვების პროდუქტები გაგზავნა.

მრავალი ადამიანი იზიარებდა პატრიარქის პოზიციას, გამოთქვამდნენ მზადყოფნას, მიეღოთ გაუბედურებული ადამიანები და ეზრუნათ მათზე, მაგრამ ზვიად გამსახურდიასა და აკაკი ბაქრაძის გავლენა მაშინ უფრო ძლიერი იყო: საქართველოში ანტიმესხური ისტერია დაიწყო. ფერღანის ტრაგედიამ, აქ, სისასტიკისა და ვანდალიზმის საწინააღმდეგო აღშფოთებაში კი არ ჰპოვა გამოძახილი, არამედ 70–იანი წლებიდან (ედუარდ შევარდნაძისა და ქართული ინტელიგენციის წყალობით) ქვეყანაში დაბრუნებული მუსლიმი მესხების დარბევაში. ამან გამოიწვია ის, რომ 1989-91წლებში ზვიად გამსახურდიას მომხრეებმა მოახდინეს უკვე ადაპტირებული მესხების 200 ოჯახის საქართველოდან ხელმეორე დეპორტაცია. მათ შორის აღმოჩნდა ძმებ დვალიძეების ოჯახებიც, ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლებმა 1989 წელს, ფერღანის ტრაგედიიდან არცთუ დიდი ხნის შემდეგ, ქარელის რაიონის სოფელ ბრეთში რომ დაასახლეს.

image

ქართულ გვარების პასპორტში შენარჩუნება დეპორტირებულების მხრიდან ნამდვილ გმირობას უდრიდა. მათ, საკომენდანტო რეჟიმში მცხოვრებთ, ნებისმიერი ეროვნებისა და გვარის მიღების უფლებას აძლევდნენ, ოღონდ ქართულზე უარი ეთვათ. ყოველი შვილის დაბადება დვალიძეებს კარცერში ჯდომად უჯდებოდათ, ვინაიდან ისინი ჯიუტად ცდილობდნენ შვილის დაბადების მოწმობაში ქართული გვარის შენარჩუნებას. და აი, ეს ხალხი, კაცები, მოხუცები, ბავშვები, ქალები – მაშინ სამოცდაორნი იყვნენ, – სცემეს, გაძარცვეს, შეურაცხყვეს: "ქართველმა პატრიოტებმა"...

მთავრობის სასახლის წინ გამართულ მრავალათასიან მიტინგებზე ზვიად გამსახურდია საზოგადოებას ყველა მუსლიმი მესხის საქართველოდან განდევნისაკენ მოუწოდებდა და რეზო ჩხეიძეს, გურამ მამულიას, თამრიკო ჩხეიძეს და სხვებს "კრემლის აგენტებს" უწოდებდა, რომლებიც უნდა გაენადგურებინათ.

ქირმან დვალიძე, რომელიც ამაყობდა რომ ძმები სამშობლოში დააბრუნა და დააბინავა, მას მერე საქართველოში აღარც ჩამოსულა, ძმები დვალიძეები ოჯახებითურთ მთელს რუსეთში გაიფანტნენ.

ქართული გენის ყველაზე გამორჩეული წარმომადგენლები – მესხები, სამი იმპერიის: ოსმალეთის, საბჭოთა კავშირის და რუსეთის მსხვერპლნი არიან, ამჯერად უკვე საქართველოს რესპუბლიკის მსხვერპლნიც.

1999 წელს საქართველომ ევროსაბჭოს წინაშე დეპორტირებული მოსახლეობის უკან დაბრუნების ვალდებულება აიღო, მაგრამ იგი დღემდე თავს არიდებს აღებული ვალდებულების შესრულებას. ყოველი ხელისუფლება გამუდმებით აცხადებს, რომ "ქვეყანა ამისათვის ჯერ მზად არაა". სამწუხაროდ, ძნელი სათქმელია, როდისთვის იქნება საქართველო მზად, მიიღოს და გულში ჩაიკრას მრავალტანჯული მესხი ხალხი.



წყარო: ნაირა გელაშვილის წიგნიდან – დეპორტირებული მესხი ქალის – ნაზირას წიგნი.

0
21
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0