x
ფოტოგრაფია, როგორც მზესთან თანამშრომლობისთვის მოწოდებული ხელოვნება
image

1839 წლის 7 იანვარს გამომგონებელმა ლ. დაგერმა პირველად უჩვენა ფრანგ მეცნიერებს და მხატვრებს ვერცხლის ფირფიტაზე მიღებული გამოსახულებები. ეს იყო სურათი - მინიატურები: ლუვრის ხედი, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გუმბათები, სენის სანაპირო, მხატვრის სახელოსნოს კუთხე. აღმოჩენილ იქნა სინათლით ხატვის ხერხი, ოპტიკისა და ქიმიის კანონების გამოყენებით საგნების ასახვის საშუალება.

მხატვარმა პ. დელაროშმა მეცნიერებათა აკადემიაში წარადგინა წერილი, რომელშიც აღნიშნა ის შესაძლებლობები, რომლებსაც ფოტოგრაფია აძლევდა ხელოვნებას: „დღეიდან ფერწერა მკვდარია“.

მიშელ ფ. ბრევის წიგნში „ფოტოგრაფიის საუკუნე“, რომელიც პარიზში გამოვიდა (1966), მოტანილია ლამარტინის სიტყვები პირველი ფოტოსურათების გამო: „ეს -ხელოვნებაა, რომელიც მზესთან თანამშრომლობისთვისაა მოწოდებული“.


image

დღეს ფოტოგრაფია მართლაც იქცა ხელოვნების სახედ, რომელსაც თავისი სპეციფიკური თავისებურება აქვს.

ფოტოს შეუძლია სინამდვილედ აქციოს გოეთეს ფაუსტის ის ოცნება, რომლის გამოც მან მეფისტოფელს მიჰყიდა სული: „შეჩერდი, წამო, შენ მშვენიერი ხარ!“

image

ფოტოგრაფია სამუდამოდ აღბეჭდავს ცხოვრების ფაქტს:

ცოდვა-მადლით მცხოვრებ ხალხში

უცაბედი გაჩნდა შვება:

შექმნეს ფოტოაპარატი.

გადიბირეს უკვდავება.

თუ სარკეში მხოლოდ წამით

გამოკრთება არსის ლანდი

და ეძლევა დავიწყებას

ეფემერა მირიადი, -

ფოტო სხვაა: მისი თვალი,

ჯადოქრობის თვისის გამო,

რასაც ხედავს, ნათლად ხატავს,

რასაც ხატავს- სამუდამოდ.

ფოტოხელოვნების სპეციფიკა ისაა, რომ ის გვაძლევს დოკუმენტური მნიშვნელობის სახეს.

ფოტოგრაფია მხატვრულად მეტყველ სახესაც გვაძლევს და ზუსტად აღბეჭდავს სინამდვილის არსებით მომენტს.

ფოტოგრაფიაში ცხოვრებისეული ფაქტები თითქმის ყოველგვარი დამატებითი დამუშავების გარეშე გადადიან სინამდვილის მხატვრულ სფეროში. ამასთანავე, ტექნიკისა და ფოტოგრაფიის ოსტატობის განვითარებამ შესაძლებელი გახადა ფოტოსახეში ობიექტისადმი ფოტოგრაფიის აქტიური დამოკიდებულების გადმოცემა. ეს დამოკიდებულება ვლინდება გადაღების რაკურსშიც, სინათლისა და ჩრდილის განაწილებაშიც, თავისებური „ფოტოპლენერის“, ე. ი. ჰაერის და საგნებისაგან განფენილი რეფლექსების გადმოცემაშიც, გადაღების მომენტის ამორჩევაშიც.

სიუზან სონტაგი წიგნში „ფოტოგრაფიის შესახებ“ აღნიშნავს: „ფოტოგრაფია გამოიგონეს 1839 წელს და მას შემდეგ თითქმის ყველაფერი იქნა ფოტოგრაფირებული- ყოველ შემთხვევაში მე ასე მეჩვენება“.

image

ფოტოგრაფიამ შეცვალა და გააფართოვა ჩვენი წარმოდგენები იმის შესახებ, თუ რა არის მზერის ღირსი.

ბოლოს და ბოლოს, ყველაზე შთამბეჭდავი შედეგი მთელი ამ წამოწყებისა არის განცდა, რომ ჩვენ ძალგვიძს მთელი სამყარო დავიტიოთ თავში- როგორც სურათ-ხატების ერთგვარი ანთოლოგია.

ფოტოგრაფიათა შეგროვება იგივეა, რაც სამყაროს კოლექციონირება.

image

კინო და ტელეპროგრამები ჩნდებიან კედლებზე და ეკრანებზე, ციმციმებენ და ქრებიან, მაგრამ ფოტოგრაფირებული სურათ-ხატები ხდება ობიექტი- მსუბუქი, იოლად წარმოებადი, პორტატიული, კონცენტრირებული და რეგისტრირებული.

დღეს, ისევე როგორც ხელოვნების ნებისმიერი მასობრივი ფორმა, ფოტოგრაფიაც არ აღიქმება ადამიანთა უმრავლესობის მიერ, როგორც ხელოვნება. მათთვის ის ხდება სოციალური სურათ-ხატი, მოწყენილობისაგან თავის დაცვის საშუალება და ძალაუფლების იარაღი.

ფოტოსურათების მეშვეობით თითოეული ოჯახი ქმნის თავის მინი-ქრონიკას, სურათ-ხატების პორტატულ კრებულს, რომელიც მოწოდებულია იყოს ოჯახური ერთიანობის დოკუმენტი.


ფოტოგრაფია არ არის უბრალოდ მოვლენისა და ფოტოგრაფის შეხვედრის ადგილი. ფოტოგრაფირება უკვე თავისთავად მოვლენაა, მას შეუძლია მიმდინარე მოვლანასთან შევიდეს ურთიერთქმედებაში.

ფოტოაპარატების მუდმივი მყოფობა გულისხმობს, რომ დრო შედგება საინტერესო მოვლენებისაგან, რომელთა გადაღება ღირს.

ფოტოსურათები მით უფრო გვაოგნებენ, რაც უფრო არაჩვეულებრივები არიან.

მალარმემ, მე-19 საუკუნის ესთეტთა შორის ყველაზე ლოგიკურმა ესთეტმა თქვა, რომ სამყაროში ყველაფერი არსებობს, რათა ბოლოს და ბოლოს წიგნად იქცეს.

image

მე ვიტყოდი, რომ სამყაროში ყველა მშვენიერი წამი შესაძლებელია იყოს უკვდავყოფილი ფოტოგრაფიის მეშვეობით, რაც ამ ხელოვნების უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგენს.


0
24
შეფასება არ არის
ავტორი:სოფიო მოდებაძე
სოფიო მოდებაძე
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0