x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ბალფურის დეკლარაცია – ისრაელის სახელმწიფოს შექმნის სათავეებთან
image

1917 წლის 2 ნოემბერს, როდესაც ჯერ კიდევ მიმდინარეობდა პირველი მსოფლიო ომი, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლორდმა ბალფურმა, ცნობილი ბანკირების, როტშილდების, ბრიტანული შტოს წარმომადგენელს – ლორდ ლაიონელ უოლტერ როტშილდს – სიონისტური (ქვემოთ) ფედერაციისათვის გასაცნობად გაუგზავნა მოკლე, სულ 67 ინგლისური სიტყვისაგან შედგენილი ტექსტი, რომელიც ისტორიაში შევიდა "ბალფურის დეკლარაციის" სახელით. აი ამ ტექსტის ქართული თარგმანი:


image

უცხოური ოფისი.


2 ნოემბერი, 1917


ძვირფასო ლორდო როტშილდ,


ჩემთვის დიდი სიამოვნებაა, მისი უდიდებულესობის მთავრობის სახელით გადმოგცეთ ებრაელთა სიონისტური მისწრაფებისადმი თანაგრძნობის შემდეგი დეკლარაცია, რომელიც წარედგინა კაბინეტს და კაბინეტმა დაამტკიცა:


„მისი უდიდებულესობის მთავრობა კეთილგანწყობით უყურებს პალესტინაში ებრაელი ხალხისათვის ეროვნული კერის დაფუძნებას და გამოიყენებს მთელ თავის ძალისხმევას, რათა გააადვილოს ამ მიზნის მიღწევა, იმის ნათელი გაგებით, რომ არაფერი გაკეთდება ისეთი, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს პალესტინაში არსებული არაებრაული თემების სამოქალაქო და რელიგიურ უფლებებს, ანდა იმ უფლებებსა და პოლიტიკურ სტატუსს, რომლითაც ებრაელები სარგებლობენ რომელიმე სხვა ქვეყანაში“.


მადლობელი დაგრჩებით, თუკი გააცნობთ ამ დეკლარაციას სიონისტურ ფედერაციას.
არტურ ბალფური


image


1917 წლის თებერვლიდან ლონდონში მიმდინარეობდა მოლაპარაკება პალესტინაში ებრაელთა ლეგალურად დასახლების უფლებაზე დიდი ბრიტანეთის მთავრობასა და სიონისტურ ფედერაციას შორის, რომელსაც წარმოადგენდა ფედერაციის პრეზიდენტი ხაიმ ვაიცმანი (შემდგომში ისრაელის სახელმწიფოს პირველი პრეზიდენტი). ვაიცმანი ცნობილი ქიმიკოსი იყო და მან დიდი სამსახური გაუწია ომში ჩართულ ბრიტანეთს ფეთქებადი მასალების შემუშავებით.


ლონდონში მიმდინარე მოლაპარაკების დროს პალესტინა ჯერ კიდევ ოსმალების ხელში იყო, თუმცა მათ ბრიტანული არმია განუწყვეტლივ უტევდა. ფელდმარშალმა ედმუნდ ალენბიმ იერუსალიმი 1917 წლის 9 ნოემბერს აიღო, ხოლო დანარჩენი პალესტინის დაპყრობას ბრიტანელებმა კიდევ ორი-სამი თვე მოანდომეს.


უნდა ითქვას, რომ სიონისტების მიმართ ანალოგიური ვალდებულების აღების მცდელობა ჰქონდათ მსოფლიო ომში მონაწილე სხვა სახელმწიფოებსაც. 1917 წლის 4 ივნისს საფრანგეთის მთავრობამ წერილობითი დაპირება მისცა სიონისტებს, რომელთაც ნაუმ სოკოლოვი წარმოადგენდა, რომ იგი მხარს დაუჭერდა ებრაელი ერის აღორძინებას "იმ მიწაზე", საიდანაც ისრაელის ხალხი მრავალი საუკუნის წინ განიდევნა.

პარიზში მომზადებული დოკუმენტი ბუნდოვანი იყო, განსაკუთრებით, გეოგრაფიულად: პირდაპირ არ სახელდებოდა "ის მიწა", რომელსაც გულისხმობდნენ ტექსტის ავტორები, თუმცა არაპირდაპირ ნათელი იყო, რომ ამ "მიწას" პალესტინა წარმოადგენდა.

ფრანგების მიერ მომზადებული დოკუმენტი იყო გარკვეული იმპულსი დიდი ბრიტანეთის მთავრობისათვის, რომ საკუთარი გარანტიები მიეცა სიონისტებისათვის, რომელთაც თავადაც ერჩიათ პირობა ლონდონისაგან მიეღოთ, რადგან მსოფლიო ომის მეოთხე წელს (1917) უკვე ნათელი გახდა, რომ ადრე თუ გვიან პალესტინას სწორედ ბრიტანელები დაიპყრობდნენ.


"ბალფურის დეკლარაციის" გამოქვეყნებით ბრიტანეთი ჩქარობდა დაესწრო ომში თავისი მთავარი მტრისათვის – გერმანიისათვის, რომელიც ასევე ცდილობდა ომის დროს ებრაელობის მხარდაჭერის მოპოვებას. 1918 წლის 5 იანვარს ბერლინშიც გამოქვეყნდა სიონისტების მხარდამჭერი ანალოგიური დეკლარაცია, რომელსაც ისრაელში გამოცემული ერთი ენციკლოპედია "ნელ-თბილს" უწოდებს.


უნდა აღინიშნოს, რომ გერმანელი ებრაელები გერმანიის იმპერიის ლოიალური მოქალაქეები იყვნენ. ბრიტანულ დოკუმენტს მეტი პოლიტიკური და პრაქტიკული მნიშვნელობა მიენიჭა, ვინაიდან სწორედ ბრიტანელებმა დაიპყრეს პალესტინა და "ბალფურის დეკლარაციას" პრაქტიკაში ხორცი მათ შეასხეს.
"ბალფურის დეკლარაციის" საბოლოო რედაქცია წინასწარი მოლაპარაკების დროს მიღწეული კომპრომისების შედეგს წარმოადგენდა:


- "დეკლარაციაში" აისახა სიონისტების მისწრაფება – "პალესტინაში ებრაელი ხალხისათვის ეროვნული კერის დაფუძნება". ტერმინი "ეროვნული კერა" (national home) სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და ამიტომაც ის ორივე მხარემ – ბრიტანელებმაც და სიონისტებმაც – მოიწონა.


- მეორე მხრივ, აისახა იმ გავლენიანი ორთოდოქსული ებრაული წრეების თვალსაზრისი, რომლებიც სიონიზმს არ წყალობდნენ, მიიჩნევდნენ მას "ჰეტეროდოქსულ კრედოდ", ხოლო სიონისტების გეგმას – "ღვთის გეგმის უზურპაციად". ორთოდოქსი ებრაელების რწმენით, "ისრაელი მხოლოდ მესიას უნდა აღედგინა". იმავე წრეებში ეშინოდათ, რომ ვინმეს არ მოეთხოვა მათი გადასახლება ახლო აღმოსავლეთში, იმ დროს მიყრუებულ, განუვითარებელ პალესტინაში. "დეკლარაციაში" ამიტომაც ჩაიწერა: "არაფერი გაკეთდება ისეთი, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს... იმ უფლებებსა და პოლიტიკურ სტატუსს, რომლითაც ებრაელები სარგებლობენ რომელიმე სხვა ქვეყანაში";

იმავე ორთოდოქსული ებრაული წრეების გავლენის შედეგია, რომ "დეკლარაციაში" ლაპარაკია პალესტინაში ებრაელი ხალხისათვის "ეროვნული კერის" დაფუძნებაზე და არა მთელი პალესტინის გადაქცევაზე ასეთ კერად. "ბალფურის დეკლარაციის" ამ დეტალს ხაზს უსვამდა 1922 წლის 3 ივნისის "ჩერჩილის მემორანდუმიც".


- ინგლისის მთავრობის ინიციატივით ჩაიწერა სიტყვები: „პალესტინაში არსებული არაებრაული თემების... სამოქალაქო და რელიგიური უფლებებისათვის ზიანის მიუყენებლობის“ შესახებ. ეს „არაებრაული თემები“, ანუ მუსლიმი და ქრისტიანი არაბები, რომლებიც იმდროინდელი პალესტინის 600 ათასი მცხოვრების 90 პროცენტს აჭარბებდნენ, "დეკლარაციაში" კონკრეტულად ნახსენები არ ყოფილან და მათ წარმომადგენლებთან მოლაპარაკება არც გამართულა. რეალურად, სიონისტებმა "დეკლარაციის" ამ პუნქტს ყურადღება არც მიაქციეს, ბრიტანელებმა კი ის არ დაიცვეს.


- დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტმა ეს "დეკლარაცია" გამოსცა იმ ტაქტიკური იმედით, რომ მოიპოვებდა ამერიკის ებრაელობის დამატებით მხარდაჭერას მსოფლიო ომში და დააჯერებდა რუსეთის ებრაელობას, რომ საჭიროა გავლენის მოხდენა იმდროინდელი რუსეთის რესპუბლიკის დროებით მთავრობაზე ომში მონაწილეობის გასაგრძელებლად. ლონდონს უნდოდა ეჩვენებინა გერმანიის ებრაელობისათვის, რომ „ბრიტანეთი მათზეც ზრუნავს“.


- რუსეთის ებრაელობასთან დაკავშირებით ეს ტაქტიკური იმედი ბრიტანელებს ძალიან სწრაფად გაუცრუვდათ. მართალია, „ბალფურის დეკლარაციის“ გამოქვეყნებიდან სულ ხუთი დღის შემდეგ, 1917 წლის 7 ნოემბერს, რუსეთის სათავეში მოსული ბოლშევიკების უმაღლეს ხელმძღვანელთა შორის ებრაელები ლამის უმრავლესობა აღმოჩნდნენ (ტროცკი, სვერდლოვი, კამენევი, ზინოვიევი, სოკოლნიკოვი, ურიცკი, ლიტვინოვი, კაგანოვიჩი, ლარინი და სხვები), მაგრამ ისინი „მსოფლიო პროლეტარული რევოლუციის“ იდეით შეპყრობილი მარქსისტები იყვნენ და არც სიონიზმსა და არც ანტანტას არ წყალობდნენ. რაც შეეხება გერმანიის ებრაელებს, ისინი მტკიცედ იდგნენ ბერლინის მხარეს, ბევრი მათგანი თავგანწირვით იბრძოდა გერმანული არმიის შემადგენლობაში.


- უსაფუძვლო აღმოჩნდა დიდი ბრიტანეთის მთავრობის სტრატეგიული გეოპოლიტიკური გათვლაც, თითქოს პალესტინაში ებრაული კერის შექმნა დიდი ხნით უზრუნველყოფდა მის გავლენას ახლო აღმოსავლეთის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიაზე, რომელიც სუეცის არხის სიახლოვეს მდებარეობდა. მოხდა კი პირიქით: უკვე 1920-იანი წლების შუიდან ლონდონი საფუძვლიანად ჩაეფლო პალესტინის შიდა საქმეებში, სადაც ან ებრაელობის საქმე უნდა ეკეთებინა, ან არაბები და ებრაელები გაეშველებინა. ორივე მხარე კი ლონდონს ადანაშაულებდა მოწინააღმდეგე მხარის მხარდაჭერაში.


image


1917 წლიდან სამიოდე ათწლეულში ბრიტანული გავლენა რეგიონში ლამის ნულამდე დაეცა. ასე რომ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს – ერნესტ ბევინს ნამდვილად ჰქონდა საბაბი ეთქვა: "ბალფურის დეკლარაცია იყო ბრიტანული საგარეო პოლიტიკის უდიდესი შეცდომა XX საუკუნეში".

"ბალფურის დეკლარაციამ" თავიდანვე არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ის სიხარულით მიიღო მსოფლიო ებრაელობამ და არა მხოლოდ სიონისტური ორგანიზაციის წევრებმა. ის იმედს უსახავდა მათ, რომ მსოფლიოს ჰეგემონი ქვეყნის (იმ დროს ეს იყო დიდი ბრიტანეთი) მფარველობით შესაძლებელი გახდებოდა დაბრუნება იმ მიწაზე, საიდანაც ისინი ორი ათასი წლის წინ რომაელებმა განდევნეს.


"ბალფურის დეკლარაციას" უარყოფითად შეხვდა არაბული საზოგადოება, როგორც საკუთრივ პალესტინაში, ისე მის ირგვლივ. ზოგიერთი არაბი მოღვაწე იმასაც კი ამბობდა, რომ "ბალფურმა მისცა მიწა, რომელიც მას არ ეკუთვნოდა, ხალხს, რომელსაც მასზე უფლება არ ჰქონდა". ფაქტია, რომ "დეკლარაციამ" საგრძნობლად დააზარალა პალესტინელი არაბები.
მაგრამ XX საუკუნის პირველ მეოთხედში, როდესაც ოსმალეთის იმპერიის ნანგრევებზე ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოები ის ის იყო ყალიბდებოდა, საერთაშორისო სამართლის ნორმებს განსაზღვრავდა გამარჯვებული ანტანტა, ანუ ლონდონი და პარიზი.

1918 წელს "ბალფურის დეკლარაცია" ცნეს საფრანგეთმა და იტალიამ. ის შეიტანეს სევრის ხელშეკრულებაში (1920 წ.), რომელიც მოგვიანებით სხვა ხელშეკრულებებით გაბათილდა. 1922 წელს დეკლარაციას დაეთანხმა აშშ-ის კონგრესი. 1922 წელსვე დეკლარაცია აისახა ერთა ლიგის მიერ რატიფიცირებულ დოკუმენტში, რომლის ძალითაც პალესტინის მართვის მანდატი მიეცა დიდ ბრიტანეთს.


ამრიგად, "ბალფურის დეკლარაციამ" საერთაშორისო ვალდებულების ხასიათი შეიძინა. ამ დოკუმენტის შედეგია "fait accompli", ანუ შეუქცევადად მომხდარი ფაქტი. მისი პრაქტიკული შედეგი იყო პალესტინაში ჯერ ებრაული პროტოსახელმწიფოს წარმოქმნა, რასაც ბრიტანეთის მთავრობა, ფაქტობრივად, 1939 წლამდე ხელს უწყობდა. თუმცა იმ წელს, როდესაც ახალი მსოფლიო ომის გარდაუვალობა ნათელი გახდა, ლონდონში გადაწყვიტეს "ეყიდათ" პალესტინელი არაბების ლოიალობა და ერთგვარად შეზღუდეს ებრაელთა იმიგრაცია. ბუნებრივია, ამან ებრაელების უკმაყოფილება გამოიწვია.


image


როგორც ისრაელელი ავტორი ტომ სეგევი წერს: "ბრიტანელებმა შეუსრულეს დაპირება სიონისტებს. მათ გაუხსნეს გზა მასობრივ ებრაულ იმიგრაციას პალესტინაში: 1948 წლისათვის ებრაული მოსახლეობა იქ გაათმაგდა. ებრაელებს ნება მიეცათ ეყიდათ მიწა, განევითარებინათ სოფლის მეურნეობა, დაეარსებინათ საწარმოები და ბანკები.

ბრიტანელებმა მათ ნება დართეს შეექმნათ ასობით დასახლება, მათ შორის, რამდენიმე ქალაქი. ებრაელებმა შექმნეს სასკოლო სისტემა და არმია; დააარსეს პოლიტიკური ხელმძღვანელობა და არჩევითი ინსტიტუტები; ამის შედეგად მათ (ებრაელებმა) საბოლოოდ დაამარცხეს არაბები. ეს ყველაფერი ბრიტანული სპონსორობით კეთდებოდა, 1917 წლის დაპირების შესაბამისად. წინააღმდეგ ფართოდ გავრცელებული აზრისა, თითქოს ბრიტანეთი პროარაბული იყო, სინამდვილეში ბრიტანეთის ქმედება საგრძნობლად უწყობდა ხელს სიონისტურ წამოწყებას."


ტომ სეგევი იმავდროულად იმასაც აღწერს, თუ როგორ არ უსრულებდა ლონდონი სიონისტებს ყველა დანაპირებს. ფაქტია, რომ ისრაელელი ისტორიკოსებისა და პოლიტიკოსების უმრავლესობა მანდატისდროინდელ დიდ ბრიტანეთს ებრაელებისადმი არამეგობრულ ძალად სახავს. ეს კი საზოგადოებრივ აზრს ქმნის.


რეალურად, "ბალფურის დეკლარაციის" შორეული შედეგია 1948 წელს ისრაელის სახელმწიფოს შექმნა, რაც ებრაელი ხალხის უდიდესი მიღწევაა.
ლორდი ბალფური ისრაელში დიდი პოპულარობით სარგებლობს – ყველა ქალაქშია მისი სახელობის ქუჩა; ისრაელის პრემიერ-მინისტრის რეზიდენცია მდებარეობს იერუსალიმში ბალფურის ქუჩაზე; ისრაელის ერთ სოფელს "ბალფურია" დაარქვეს.


პალესტინელ არაბებში კი ბალფურის სახელი ცუდ ასოციაციას იწვევს. ბრიტანეთის მთავრობას ამის გათვალისწინებაც უხდება. 2017 წლის 2 ნოემბერს „ბალფურის დეკლარაციის“ აღსანიშნავ საზეიმო სადილს ლონდონში, რომელსაც ბრიტანეთისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრები დაესწრნენ, ოფიციალური სტატუსი არ ჰქონდა: ის ბალფურისა და როტშილდის შთამომავალთა სახელით გაიმართა.


განმარტება, თუ ვინ იყვნენ სიონისტები?


სიონისტები იღვწოდნენ ებრაული სახელმწიფოს აღორძინებისათვის საკუთრივ ქ. იერუსალიმსა (რომლის სინონიმად იყენებდნენ სიტყვა "სიონს") და პალესტინაში.
სიონიზმის, როგორც ებრაელთა ეროვნული მოძრაობის, დაფუძნება მოხდა 1897 წელს ქ. ბაზელში ჩატარებულ პირველ სიონისტურ კონგრესზე. მისი მოწვევის ინიციატორი იყო ავსტრიელი ჟურნალისტი თეოდორ ჰერცლი (1860-1904). 1896 წელს ჰერცლმა თავის წიგნში "სახელმწიფო ებრაელთათვის" დახატა მომავალი ებრაული ქვეყნის სურათი პალესტინაში. მისი ოცნება, რომ ნახევარ საუკუნეში ასეთი სახელმწიფო შეიქმნებოდა, მართლაც ახდა. თავიდან კი დაარსდა სიონისტური ფედერაცია.
სიონიზმი შეიქმნა, როგორც სეკულარული, არარელიგიური მოძრაობა, მაგრამ "ძველი ახალი მიწის" ((Altneuland – ეს კომპოზიტი ჰერცლმა გამოიყენა 1902 წელს გამოსულ თავის სხვა წიგნში) ასარჩევად გამოიყენეს რელიგიური არგუმენტი: ის, რომ თორას თანახმად, ებრაელთა ღმერთმა იაჰვემ (იეღოვამ) თავის რჩეულ ხალხს აღუთქვა ქანაანი, რომელიც ტერიტორიულად პალესტინას ემთხვევა.


ჯერ კიდევ "წინასიონისტურ" პერიოდში, XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში, მდიდარ ებრაელ როტშილდთა ფრანგული შტოს წარმომადგენელი ბარონი ედმონ როტშილდი და ზოგი სხვა მსხვილი ებრაელი ფინანსისტი ყიდულობდა მიწას პალესტინაში და ცდილობდა ებრაული იმიგრაციის წახალისებას.

1901 წელს შექმნილმა ებრაულმა "მიწის ფონდმა" (კერენ კაიემეთ), რომელიც შემოწირულობებით არსებობდა, ისრაელის სახელმწიფოს შექმნამდე (1948 წ.) პალესტინაში შეიძინა 96 ათასი ჰექტარი მიწა, რაც ებრაელი ხალხის განუყოფელ ქონებად ითვლება.
1903 წლისათვის პალესტინაში უკვე ცხოვრობდა, ძირითადად, აღმოსავლეთ ევროპიდან მოსული 25 ათასი ებრაელი. რეალურად, ისინი იყვნენ პირველი სიონისტები. XX საუკუნის დამდეგიდან ებრაულმა იმიგრაციამ პალესტინაში იმატა.


წყარო: რევაზ გაჩეჩილაძის ლიტერატურიდან.

1
165
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
165
  
2022, 18 ივლისი, 6:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1