x
image
მანანა თურმანიძე
ბოშა ბავშვების ბანდები და ადამიანის უფლებები
image



მცირეწლოვანი ბოშების კრიმინალური ბანდების თავდასხმები ტურისტებზე და შეწუხებული ადგილობრივები, დაზარალებული მოქალაქეები და მასთან დაკავშირებული სკანდალი ახალი თავსატეხი აღმოჩნდა ჩვენი ქალაქისთვის. უცნაურია, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, თითქოს ბოროტს არ სძინავს, რომელიც დეტალებშია.


ამ ყველაფერმა ძალაუნებურად ძველი, საბჭოთა დრო მომაგონა, როდესაც რკინის ფარდის გარღვევა წარმოუდგენელი იყო რიგითი საბჭოთა მოქალაქისთვის. თუმცა, ამ რეჟიმის პირობებში, ბოშები ქუჩებში ვაჭრობდნენ უცხოეთიდან შემოტანილი სიგარეტებით „მარლბორო“, „კენტი“, „ქემელი“ და ა.შ. მათთან ქუჩაში ვყიდულობდით ასევე საღეჭ რეზინებს, ე.წ. „ჟვაჩკებს“ და სხვადასხვა უცხოურ პროდუქციას, რომლებიც გაყიდვაში ოფიციალურ სავაჭრო ქსელში არ მოიპოვებოდა. სიტუაცია ანალოგიური იყო საბჭოთა კავშირის სხვა ქალაქებშიც, ბოშებს მიუწვდებოდათ ხელი პროდუქციაზე, რომელიც არ იყო ხელმისაწვდომი რიგითი ობივატელისთვის, რომელსაც სულ არ ანაღვლებდა საიდან მოაქვთ ბოშებს ეს პროდუქცია, ის კმაყოფილი იყო იმით, რომ ბოშებთან მაინც შეუძლია შეიძინოს ესა თუ ის უცხოური პროდუქცია.


image


თუმცა, მაინც ჩნდებოდა ლოგიკური შეკითხვა - როგორ ახერხებდნენ ბოშები, რომლებსაც პასპორტები და არანაირი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებიც კი არ გააჩნდათ, ამ უცხოური პროდუქციის მოპოვებას და მასიურად ქალაქის ქუჩებში რეალიზაციას, საიდან მოჰქონდათ ეს ყველაფერი, უჩინმაჩინის ქუდი ჰქონდათ თუ ჯადოსნური ჯოხი?


ცხადია, ამაზე ხმას არავინ ამოიღებდა, რადგან ობიექტივიზმში და მარქსისტულ-ლენინური კლასობრივი იდეოლოგიისადმი მტრულ, ბურჟუაზიულ დამოკიდებულებაში, ანუ ხალხის მტრობაში დასდებდნენ ბრალს, რაც იმხანად მკაცრად ისჯებოდა. რასაკვირველია ეს პროცესი მართული იყო და ვიღაც ხელს ითბობდა.


დავანებოთ თავი ამ „დეჟავიუს“ და დავუბრუნდეთ დღევანდელობას. რა მოვლენასთან გვაქვს საქმე, რა არის ეს, კიდევ ერთი მტრული დივერსიული აქტი ხომ არაა ქვეყნის წინააღმდეგ? „პირსისხლიანი ნაციონალების“ ავადსახსენებელ დროს არ იყო, თბილისმა რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქალაქის სტატუსი მოიპოვა? პარადოქსია, მაგრამ მაშინ, როდესაც ციხეები გადატენილი იყო დამნაშავეებით და ბევრი სისასტიკე ხდებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, რაზეც ყველამ ხმა ავიმაღლეთ, ჩვენს ქუჩებში სახლებს და მანქანებს, ანუ უძრავ-მოძრავ ქონებას არც კი კეტავდნენ მოქალაქეები და ჩამოსული სტუმრები. მაშ რა მოხდა, ვის არ აწყობდა ეს უსაფრთხოება, ვინ დაიზაფრა ამ მიღწევებით, ვინ მოგვიშალა ეს სიკეთეები? მტრები გვყავს ბატონო, მტრები!


ძნელია არ შენიშნო, ან არ აღნიშნო, რომ ბოლო დროს, ძალიან გააქტიურებულია ჩვენს ქვეყანაში კრიმინალური ქცევა, უწესრიგობა, უმართავი სიტუაციები, სისასტიკე. რას შეიძლება ეს რეგრესი მივაწეროთ და სად უნდა ვეძებოთ მიზეზები.


საზოგადოებაში ხშირად გამოთქვამენ ეჭვს, ხომ არ უკავშირდება ეს ყოველივე საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსზე გადაწყვეტილების მისაღებად მსჯელობის პროცესს? მართლაც, უცნაურ მოვლენებს ჰქონდა ადგილი ბოლო დროს, უამრავმა დესტრუქციამ იჩინა თავი, ხან ლგბტ ჯგუფების და ხან მასმედიის დარბევა და მათზე ძალადობა, ხან ქურდობა, ყაჩაღობა, მკვლელობები და ოჯახური ძალადობა, ყველა სისაძაგლემ იჩინა ერთბაშად თავი, თითქოს პანდორას ყუთს მოხსნეს თავი.


მაგრამ ახლა, როდესაც 12 პუნქტიანი რეკომენდაცია გვაქვს განსახორციელებელი, დესტრუქციული ქმედებები კიდევ გააქტიურდა. ეს ყველაფერი იმდენად თვალნათელია, რომ ამის შეუმჩნევლობა მართლაც რთულია.


აშკარაა, რომ ეს უკანასკნელი არასრულწლოვან ბოშათა კრიმინალური ბანდები მართულია და მართულია მათ მიერ, ვინც კანონმდებლობას იცნობს და იცის, რომ არასრულწლოვნის მიერ სამართალდარღვევა წარმოადგენს შემამსუბუქებელ გარემოებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, უცნაურია ამ პრობლემის ასე ერთბაშად, მოულოდნელად წარმოშობა და არასწრულწლოვანთა დანაშაულის ასეთი უეცარი და უპრეცედენტო აფეთქება.


მოდით, დავიწყოთ მსჯელობა ბავშვთა დანაშაულის და სასჯელის შესახებ. მართლა დაუსჯელია მცირეწლოვანთა თავნებობა თუ მაინც არის კანონმდებლობით მოქცეული რაღაც ჩარჩოებში მათი ქცევა.


შევთანხმდეთ, რომ მათი დანაშაული დასჯადი რომ არ იყოს, საერთოდ არ იარსებებდა საერთაშორისო სამართალში ისეთი ცნება, როგორიცაა "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება - Juvenile Justice", არც ტერმინი „კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი“ იარსებებდა და არც სპეციალური კოდექსი გვექნებოდა საქართველოს კანონმდებლობაში.


რასაკვირველია, საერთაშორისო პრაქტიკაში მცირეწლოვანთა დანაშაული არსებობს და მათ წარმომშობ მიზეზებზე, ისევე, როგორც მათთან გამკლავების გზებზე, ათწლეულების განმავლობაში მიმდინარეობს მუშაობა და არაერთი გადაწყვეტილებაა მიღებული.


უნდა აღინიშნოს, რომ არანაირი ჩანაწერი არასრულწლოვანთა კრიმინალის დაუსჯელობასთან დაკავშირებით გაეროს ‘ბავშვის უფლებათა კონვენციაში’ (ბუკ) არ არსებობს. თუმცა, არსებობს ვალდებულება, არასრულწლოვანი დამნაშავის მშობლის, მეურვის ან წარმომადგენლის გარეშე დაკითხვის ან დაკავების დაუშვებლობის შესახებ.


ბავშვის უფლებათა კონვენციაში (ბუკ) არასრულწლოვანთა დანაშაულის შესახებ ვკითხულობთ, მუხლი 37, პუნქტი ა): არც ერთმა ბავშვმა არ განიცადოს წამება ან სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა ან დასჯა. არც სიკვდილით დასჯა, არც სამუდამო პატიმრობა, რაც გათავისუფლების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, არ მიესჯებათ დანაშაულისათვის 18 წლამდე ასაკის პირებს. ეს ნიშნავს, რომ არასრულწლოვანს, ანუ 18 წლამდე პირს არ უნდა მიესაჯოს უვადო პატიმრობა ან სიკვდილით დასჯა.


იმავე მუხლის პუნქტი ბ) გვამცნობს: „არც ერთ ბავშვს არ აღეკვეთოს თვისუფლება უკანონო ან ნებისმიერი სახით. დაპატიმრება, დაკავება ან დატუსაღება ხორციელდება კანონის თანახმად და გამოიყენება მხოლოდ უკიდურეს ზომად და დროის რაც შეიძლება შესაბამისი მოკლე პერიოდის განმავლობაში“; იგულისხმება, რომ აკრძალულია არასრულწლოვანი დამნაშავის წამება ან სხვა სისასტიკე და ღირსებისშემლახველი მოპყრობა, მაგრამ არაა საუბარი დაუსჯელობაზე, რადგან საუბარია დატუსაღებაზე, რომელიც გამოიყენება „უკიდურეს ზომად და დროის რაც შეიძლება შესაბამისი მოკლე პერიოდის განმავლობაში“.


ბუკ-ის იმავე მუხლის მომდევნო პუნქტში ვკითხულობთ: გ) „ყოველი თავისუფლებააღკვეთილი ბავშვი უნდა სარგებლობდეს ჰუმანური მოპყრობით და მისი პიროვნების განუყოფელი ღირსების პატივსიცემით მისი ასაკის პირთა მოთხოვნილებების გათვალისწინებით. კერძოდ, ყოველი თავისუფლებააღკვეთილი ბავშვი განცალკევებული უნდა იყოს უფროსებისგან, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მიჩნეულია, რომ ამის გაკეთება არ ღირს ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის, და ჰქონდეს უფლება კავშირი იქონიოს თავის ოჯახთან მიმოწერის და პაემნის მეშვეობით, გარდა განსაკუთრებული გარემოებებისა“; აქაც მგონი ყველაფერი ნათელია, თავისუფლებააღკვეთილი არასრულწლოვანი დამნაშავის უფლებები უნდა იქნას დაცული საპატიმროშიც და მას უნდა ჰქონდეს მშობლებთან ან/და მეურვეებთან კომუნიკაციის უფლება.


ბუკ - ის მუხლი 40 -ში მოცემულია შემდეგი განმარტებები:

2 ... „საერთაშორისო დოკუმენტების შესაბამისი დებულებების გათვალისწინებით, მონაწილე სახელმწიფოები, კერძოდ, უზრუნველყოფენ, რომ:

ა) არც ერთი ბავშვი არ ჩაითვალოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის დამრღვევად, არ ედებოდეს ბრალი და არ აღიარონ ბრალეულად მის დარღვევაში მოქმედების ან უმოქმედობის მიზეზით, რომლებიც არ იყო აკრძალული ეროვნული ან საერთაშორისო სამართლით მისი ჩადენის დროს;

ბ) ყოველ ბავშვს, რომელმაც, როგორც მიჩნეულია, დაარღვია სისხლის სამართლის კანონმდებლობა ან ბრალად ედება მისი დარღვევა, ჰქონდეს, სულ ცოტა, შემდეგი გარანტიები:

- უდანაშაულობის პრეზუმპცია, სანამ მისი ბრალი კანონის თანახმად არ დამტკიცდება:

- დაუყოვნებლივ და უშუალოდ იყოს ინფორმირებული მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების შესახებ და, აუცილებლობის შემთხვევაში, მშობლების ან კანონიერი მეურვეების მეშვეობით და მიიღოს სამართლებრივი ან სხვა საჭირო დახმარება თავისი დაცვის მომზადებისას და განხორციელებისას;

- განსახილველ საკითხზე დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება კომპეტენტურმა, დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა ორგანომ ან სასამართლო ორგანომ კანონის შესაბამისად სასამართლო მოსმენის დროს ადვოკატის ან სხვა შესაბამისი პირის თანდასწრებით და, თუ ეს არ მიიჩნევა ბავშვის საუკეთესო ინტერესების საწინააღმდეგოდ, კერძოდ, მისი ასაკისა და მისი მშობლების ან კანონიერი მეურვეების მდგომარეობის გათვალისწინებით;

არ განიცადოს იძულება, რომ მისცეს მოწმის ჩვენება ან აღიაროს ბრალეულობა; შეისწავლოს ბრალდების მოწმეთა ჩვენებები ან დამოუკიდებლად, ან სხვა პირების დახმარებით და უზრუნველყოფილი იქნეს დაცვის მოწმეთა თანასწორი მონაწილეობა და მათი ჩვენებების შესწავლა;

თუ მიჩნეულია, რომ ბავშვმა დაარღვია სისხლის სამართლის კანონმდებლობა, ზემმდგომმა კომპეტენტურმა, დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა ორგანომ კანონის თანახმად ხელახლა განიხილოს შესაბამისი გადაწყვეტილება და ამასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი ზომები;

თარჯიმნის უფასო დახმარება, თუ ბავშვს არ ესმის გამოყენებული ენა ან არ ლაპარაკობს ამ ენაზე;

მისი პირადი ცხოვრების სრული პატივისცემა გარჩევის ყველა სტადიაში.

  • მონაწილე სახელმწიფოები ესწრაფვიან, ხელი შეუწყონ ისეთ ბავშვებთან უშუალოდ დაკავშირებული კანონების, პროცედურების, ორგანოებისა და დაწესებულებების დადგენას, რომლებმაც, როგორც მიჩნეულია, დაარღვიეს სისხლის სამართლის კოდექსი, ბრალად ედებათ მისი დარღვევა ან ბრალეულად არიან მიჩნეული მის დარღვევაში, და კერძოდ:
ა) მინიმალური ასაკის დადგენას, რომლის ქვემოთაც მიჩნეულია, რომ ბავშვებს არ შეუძლიათ სისხლის სამართლის კანონმდებლობის დარღვევა;

ბ) თუ აუცილებელია და სასურველი, ასეთი ბავშვებისადმი მიიღონ ზომები სასამართლო გარჩევის გამოუყენებლად ადამიანის უფლებების და სამართლებრივი გარანტიების სრული დაცვის პირობით.

  • საჭიროა ისეთი სხვადასხვა ღონისძიებები, როგორიცაა მოვლა, ზრუნვისა და ზედამხედველობის შესახებ დებულება, საკონსულტაციო მომსახურება, გამოსაცდელი ვადის დანიშვნა, აღზრდა, სწავლებისა და პროფესიუილი მომზადების პროგრამები და მოვლის სხვა ფორმები, რომლებიც დაწესებულებებში მოვლის მაგივრობას გასწევს, იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილი იყოს ბავშვისადმი ისეთი მოპყრობა, რომელიც შეესაბამება მის კეთილდღეობას, აგრეთვე მის მდგომარეობას და დანაშაულის ხარისხს.
ამავე კონვენციის (ბუკ) მომდევნო მუხლი განმარტავს, რომ კონვენცია არ არღვევს არანაირ დებულებას, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის უფლებების განხორციელებას:

მუხლი 41 „ამ კონვენციაში არაფერი არ არღვევს ნებისმიერ დებულებას, რომელიც უმეტესწილად უწყობს ხელს ბავშვის უფლებათა განხორციელებას და რომელსაც შეიძლება შეიცავდეს:

ა) მონაწილე სახელმწიფოს კანონი: ან

ბ) მოცემული სახელმწიფოს მიმართ მოქმედი საერთაშორისო სამართლის ნორმები.


ჩვენს ქვეყანაში ამ საკითხებზე მომუშავე სამთავრობო თუ არასამთავრობო, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ უკანასკნელი სამი დეკადის განმავლობაში მიმდინარე სამუშაოების შედეგად, საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაშია მოყვანილი საერთაშორისო ნორმებთან, კერძოდ ბუკ-ის მოთხოვნებთან.


საქართველოს კანონი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“, რომელიც შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, ბავშვის უფლებათა კონვენციას, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, არის ერთ-ერთი ფუნქციური ინსტრუმენტი ამ კუთხით.


ამ კოდექსის მუხლი 2. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მოქმედების სფერო და გამოყენების წესი, კანონის ანალოგია გვამცნობს, რომ: ეს კოდექსი გამოიყენება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირის / მოწმის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობისას. ამავე კოდექსში ვკითხულობთ: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში გამოიყენება ამ კოდექსით დადგენილი ნორმები. იმ პირის მიმართ, რომელიც დანაშაულის ჩადენისას არასრულწლოვანი იყო და შემდეგ გახდა სრულწლოვანი, გამოიყენება ამ კოდექსის მატერიალურ-სამართლებრივი ნორმები და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები.


ამ კოდექსში განმარტებულია სხვადასხვა პროცედურები არასრულწლოვანი დამნაშავეების აღმკვეთ ღონისძიებებთან დაკავშირებით. კოდექსის თავი XIII ეძვნება ამ საკითხების გაშუქებას, რასაც მისი სათაურიც მიუთითებს: “არასრულწლოვანთა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ყოფნის პირობები“.


ამ თავის პირველივე პუნქტი სწორედ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არასრულწლოვანთა განთავსების საკითხებს ეხება:

მუხლი 79: არასრულწლოვანთა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მოთავსება

  • არასრულწლოვანი ბრალდებული, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა იქნა გამოყენებული, თავსდება პატიმრობის დაწესებულების არასრულწლოვანთა განყოფილებაში, ხოლო არასრულწლოვანი მსჯავრდებული, რომელსაც სასჯელად თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა, − არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში. პატიმრობის დაწესებულების/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მომსახურება, სადაც მოთავსებულია არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული, უნდა აკმაყოფილებდეს მისი ჯანმრთელობის დაცვის და ღირსების პატივისცემის მოთხოვნებს.
  • არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დასაცავად პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში უნდა იყოს საკმარისი რაოდენობის კვალიფიციური და გადამზადებული პერსონალი (პედიატრი, ექიმი, ექთანი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, სოციალური მუშაკი და სხვა).
  • არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში არასრულწლოვნები განთავსებული არიან სპეციალურ საცხოვრებელში, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი პატიმრობის კოდექსის 54- მუხლის შესაბამისად.

მუხლი 80: არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის აღსრულების თავისებურებანი

საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული არასრულწლოვანთა დაცვის და მათზე ზრუნვის სპეციალური ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი განსაზღვრავს:

ა) არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის აღსრულების წესსა და პირობებს;

ბ) არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების სტრუქტურასა და საქმიანობის წესს;

გ) არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიერ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის წესს;

დ) არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიმართ წახალისების ფორმების და სხვა ღონისძიებების გამოყენების წესს;

ე) არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიმართ დისციპლინური სახდელების გამოყენების წესს;

ვ) არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მოთხოვნებთან და საჩივრებთან დაკავშირებული წარმოების პროცედურებს;

ზ) არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის პროცესის ორგანიზების წესს;

თ) არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიმართ უსაფრთხოების ღონისძიებების და სპეციალური საშუალებების გამოყენების წესსა და პირობებს;


საქართველოს კანონმდებლობით 10 წელს მიუღწეველი პირის მიერ მიყენებული ზიანი ანაზღაურდება მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ, ხოლო 10 წელზე უფროსი ასაკის პირი პასუხს აგებს მიყენებული ზიანისათვის, მის წარმომადგენლებთან ერთად.
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისას ან მისგან
გათავისუფლებისას არასრულწლოვნად ითვლება ის, ვისაც დანაშაულის ჩადენამდე
შეუსრულდა თოთხმეტი წელი, მაგრამ არ შესრულებია თვრამეტი წელი.


ყოველივე ზემოთქმული არის ცალსახა გარანტია იმისა, რომ არასრულწლოვანი დამნაშავეები არ უნდა წარმოადგენდნენ საფთხეს მოქალაქეებისთვის. მათი დანაშული დასჯადია და ამ დანაშაულის აღკვეთა სრულიად დასაშვებია და მართლზომიერი, თუმცა არსებობს შემამსუბექებელი გარემოებები, მაგრამ არა დანაშაულის აღკვეთის დაუშვებლობა ან / და დაუსჯელობა.


როდესაც ვსაუბრობთ ადამიანის უფლებების რომელიმე სფეროზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ერთი ინდივიდის ან ჯგუფის უფლებების დაცვით არ უნდა ირღვეოდეს სხვათა უფლებები. არ შეიძლება კრიმინალი ბავშვების დაუსჯელობამ და მათი დანაშაულის აღკვეთის უუნარობამ დაარღვიოს მოქალაქეების უსაფთხო გადაადგილების ან სიცოცხლის ფუნდამენტური უფლებები, რომლებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ბავშვთა უფლებები.


ბოშების უფლებების დაცვა ასევე, ისეთივე აუცილებელი და მნიშვნელოვანია, როგორც ნებისმიერი სხვა მოქალაქის, რადგან ყოველ ადამიანს აქვს მინიჭებული საერთაშორისო კანონმდებლობით თანაბარი უფლებები და მათ, ასევე თანაბრად უნდა ეხებოდეთ ვალდებულებებიც. ისინი ინტეგრირებულნი უნდა იყვნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ხელი უნდა მიუწვდებოდეთ განათლებაზე და სოციალურ მომსახურეობაზე.


ჰო­ლან­დი­ის სა­კონ­სუ­ლოს პრო­ექ­ტის ფარგლებში ბო­შე­ბის­თვის პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბის დამზადება გახდა შესაძლებელი. ასევე, დაიწყო მათი პასპორტიზაცია. მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს მათი სრული პასპორტიზაცია, ეს მათ მისცემს საშუალებას ხელი მიუწვდებოდეთ განათლებაზე და სოციალურ უსაფრთხოებაზე.


სა­ქარ­თვე­ლო­ში სავარაუდოდ სულ რაღაც 1500 ბოშა ცხოვ­რობს, მათ შვილებს ხელი არ მიუწვდებათ განათლებაზე და ჯანდაცვაზე. იმ სახელმწიფოებში, სადაც მათი უფლებები დაცულია, მათ არ უწევთ მათხოვრობა, ყაჩაღობა ან ქურდობა, ისინი აწყობენ ფესტივალებს, არიან ჩართულები საზოგადოებრივ ცხოვრებაში და არიან ინტეგრირებულები საზოგადოებაში.


ბოშათა ინკლუზია და მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია უნდა იყოს სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი, რადგან უგულვებელყოფილ და დისკრიმინირებულ უმცირესობათა ჯგუფები, საბოლოო ჯამში, ისევ სახელმწიფოს თავსატეხია.


image



0
128
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0