x
image
თეონა გორდეზიანი
ის რაც სვანური ენის შესახებ საინტერესოა და არ იცოდით...
image
ქართულ ფილოლოგიაზე ვსწავლობდი... ალბათ მანამდეც, მაგრამ სტუდენტის სტატუსის მიღების შემდეგ უფრო დაკვირვებული გავხდი.დავინტერესდი მეგრული ენით(რატომ დავინტერესდი, ცალკე ისტორიაა) და აღმოვაჩინე, რომ მეგრულ ენასა და ასევე სვანურ ენას ცალკე გრამატიკა ჰქონია. თან არც მეტი არც ნაკლები ცალ-ცალკე საგნად ისწავლებოდა. ერთ სემესტრში - მეგრული ენის გრამატიკა და შემდეგ სემესტრში - სვანური ენის გრამატიკა.
არ ვიცი ჩამიდენია თუ არა რაიმე განსაკუთრებული იმ პერიოდში, მაგრამ ერთ-ერთი საამაყო ნაბიჯი ამ ორი საგნის ჩაბარება (არ "შეტენვა") იყო, მათი სირთულიდან გამომდინარე (ან ასე მეჩვენებოდა).
სირთულის მიუხედავად, ძალიან დასამახსოვრებელი და საინტერესო პერიოდი გავიარე ამ საგნების ლექცია, სემინარებზე. ჩემთვის ბევრი მანამდე უცნობი ფაქტი აღმოვაჩინე და ერთ-ერთი კი ესაა-
სვანური - ენა, რომელშიც საგინებელი სიტყვა არ არსებობს...
როგორ შეიძლება გოროზი, წმინდა მთების შემხედვარე, ენა მოგიბრუნდეს საგინებლად? - სვანეთის ულამაზესმა, მაგრამ მკაცრმა და მიუდგომელმა ბუნებამ არ დაუტოვა ადგილი გინებას - "განბასრება", "შეურაცხყოფა", „უპატივო ყოფა“, „უპატიოება“, "ლანძღვა", "წაბილწვა" (ძველი ქართული ენის ლექსიკონი) .
ამასთან დაკავშირებით აკადემიკოს შერმადინ ონიანის შვილიშვილი, ნიკოლოზ გაზდელიანი იხსენებს:
"ლეგენდარულმა ქართველმა ენათმეცნიერმა, აკაკი შანიძემ ჩემს აკადემიკოს ბაბუას, შერმადინ ონიანს ნახევრად ხუმრობით უთხრა - „ჩემი ნება რომ იყოს, სვანურ ენას მსოფლიო ენად გამოვაცხადებდი, რადგან სვანურში ერთ ბილწ სიტყვასაც ვერ შევხვდებითო".
შანიძე არ ცდებოდა, სვანურ ენაში გინება, როგორც ასეთი, მართლაც არ არსებობს .
ნათქვამია, სიტყვა აზრების სამოსელიაო, ხოლო აზრები, ადამიანის შინაგან ბუნებას გამოხატავს და მის პიროვნულ რაობაზე მეტყველებს. ამასთან დაკავშირებით შოთა რუსთაველი ბრძანებდა: "კოკასა შინა რაცა დგას, იგივე წარმოდინდების".
ენას არა მეცნიერები და მწერლები, არამედ ხალხი ქმნის და ენაში ამ ხალხის აზროვნება და ზნეობა არის გაცხადებული. ძვირფასია ხალხი, რომელმაც თავის ენაში ბილწსიტყვეობა არ შეიტანა და ეს ენა საგინებელი სიტყვის გარეშე შეინარჩუნა.
0
267
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
267
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0