x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
ჰინუხელები
image


ჰინუხელების თვითსახელწოდებაა ჰინოზი, ჰენოზე. ხუნძები მათ ჰენუკალს უწოდებენ. ჰინუხელები უნდა იყვნენ იოანე ბაგრატიონის მიერ მოხსენიებული ინხოელები. ჰინუხელები სამხრეთ-დასავლეთ დაღესტანში საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ საზღვრიდან (კახეთი, თუშეთი) რამდენიმე კილომეტრში ცხოვრობენ.

ისინი ერთი სოფლის _ ჰინუხის (ჰინოს) მკვიდრები არიან, რომელიც თანამედროვე წუნდის რაიონში შედის. ჰინუხელების ტერიტორია მდ. ანდიის ყოისუს სამ პატარა მარჯვენა შენაკადზე მდებარეობს. ჰინუხელები, შეფასებითი მონაცემებით, 600 კაცის რაოდენობით არიან. დაახლოებით 25-30 ოჯახი საქართველოში ცხოვრობს.

ჰინუხელების დემოგრაფიულ მდგომარეობაზე მძიმე გავლენა მოახდინა კავკასიის ომმა. ამ დროს სოფ. ჰინუხი საფუძვლიანად დაინგრა. XIXს-ის უკანასკნელ მეოთხედში ჰინუხელების კომლთა რაოდენობა 26-მდე შემცირდა. მათ 1877 წლის ანტიკოლონიურ აჯანყებაშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს. მისი ჩახშობის შემდეგ, ბევრი მათგანი თურქეთსა და ირანში გადასახლდა, სხვა ნაწილი კი რეპრესირებული და გაძევებული იქნა.


1886 წელს სოფელ ჰინუხში სულ 28 კომლი და 157 მცხოვრები იყო. ე. შელინგის მონაცემებით, 1947 წელს ჰინუხელები 244 კაცს ითვლიდნენ. თუმცა ამ დროს მათი დიდი ნაწილი ეთნიკური ტერიტორიის გარეთ მკვიდრობდა. საერთოდ, ჰინუხელების რაოდენობა შემდეგნაირად იცვლებოდა: 1866 წ. _ 755 კაცი, 1886წ. _ 548, 1894 წ. _ 778, 1916წ. _ 863. 1926 და 1939 წლების აღწერებში ჰინუხელები დიდოელებს (ცეზებს) მიაკუთვნეს, შემდეგდროინდელ აღწერებში კი _ ხუნძებს. საკომლო დავთრების მიხედვით, 1950 წელს სოფელ ჰინუხში 238 კაცი ცხოვრობდა, 1970 წელს _ 315, 1979 წ. _ 368.


ჰინუხური ენა კავკასიურ ენათა ოჯახის ნახურ-დაღესტნური ჯგუფის ხუნძურ-ანდიურდიდოური შტოს დიდოურ (ცეზურ) ქვეჯგუფში შედის. ასე რომ, ჰინუხელები დიდოური (ცეზური) მოდგმის ხალხია. ჰინუხელები მრავალენოვან ეთნოსთა რიცხვს მიეკუთვნებიან. ჰინუხელებმა იციან აგრეთვე ხუნძური, დიდოური, რუსული, ქართული ენები. ჰინუხური ენა უდამწერლობო ენაა. ანტროპოლოგიურად ჰინუხელები კავკასიური ტიპის წარმოამდგენლები არიან.

ჰინუხელებს საუკუნის განმავლობაში საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები ჰქონდათ. სამხრეთით მათ ქართველები ესაზღვრებიან. დაღესტნელთაგან ჰინუხელების მეზობლები არიან კაპუჭელები (ბეჟტიელები), დიდოელები (ცეზები), ჰუნზიბელები. ჰინუხელები უძველესი დროიდან გვიან შუა საუკუნეებამდე დიდოს სამხედროპოლიტიკურ კავშირში შედიოდნენ. XVს-დან ანტლრატლის კონფედერაციის ანწუხ-კაპუჭის კავშირში შევიდნენ. უფრო მოგვიანებით, სოფელი ჰინუხი დიდოელთა სასოფლო თემთა კავშირის ნაწილი გახდა.

ჰინუხელთა ძირითადი საქმიანობა მომთაბარე მეცხვარეობა იყო. ჰყავდათ თუშური ჯიშის ცხვარი. მოშენებული ჰყავდათ აგრეთვე მსხვილფეხარქოსანი საქონელი, თხა; მისდევდნენ მეცხენეობას. ტერასული ტიპის პატარა ნაკვეთებზე ქერი, შვრია, ფეტვი მოჰყავდათ. მისდევდნენ მონადირეობას, მეფუტკრეობას. შინამრეწველობისა და ხელოსნობის დარგებიდან აღსანიშნავია მაუდის, ფარდაგების, ტომრების, ხურჯინების, მოქსოვილი ჩექმების, წინდების, თექის დამზადება; მჭედლობა, შრომის იარაღებისა და ჭურჭლის დამზადება. შრომის სქესობრივ-ასაკობრივი დანაწილება მკაცრად იყო რეგლამენტირებული. განვითარებული იყო გაცვლითი ვაჭრობა. მამაკაცები გარესამუშაოზე დადიოდნენ. ბარში გადასახლებულები მემინდვრეობას, მებოსტნეობას და მებაღეობას მისდევენ. ტრადიციული სოციალური ორგანიზაციის საფუძველი იყო მესაქონლე-მეომართა თემი (ჯამაათი).

შემორჩენილია სისხლ-ნათესაობითი გაერთიანება _ თუხუმი. ისტორიულად ჰინუხელების საზოგადოება სოციალურად ერთგვაროვანი იყო. სოციალურ ცხოვრებასა და ყოფაში მნიშვნელოვანი იყო პატრიარქალური გადმონაშთების როლი. ჰინუხელთა ოჯახის გაბატონებული ფორმა იყო პატარა, უბრალო ოჯახი. ქორწინება ძირითადად გარიგებით ხდებოდა. იშვიათად გვხვდებოდა მოტაცება, გაპარვა, გაცვლითი ქორწინება, ლევირატი, სორორატი. XXს-მდე დიდი, გაუყოფელი ოჯახებიც არსებობდა.

საქორწილო და დასაკრძალავი წეს-ჩვეულებები თითქმის ისეთივე ჰქონდათ, როგორც დაღესტნის სხვა ხალხებს. თუმცა, როგორც სამეცნიერო ლიტერატურაშია ხაზგასმული, გადმოცემით, ჰინუხელებს მამაკაცის დაკრძალვის ერთობ ორიგინალური წესი ჰქონდათ. მათ მიცვალებული მამაკაცი ცხენზე დამჯდარი მიჰყავდათ, რომელსაც, ჩვეულებრივ, ნაბადი, ჩექმები ეცვა, ფაფახი ეხურა და იარაღით იყო აღჭურვილი. მიცვალებული ცხენზე ტყავის თასმებით და რამდენიმე ჭოკით ჰყავდათ მიმაგრებული.


შემორჩენილია ტრადიციული საოჯახო ურთიერთობები, უხუცესების პატივისცემა, ნათესაური და მეზობლური ურთიერთობები (ურთიერთდახმარება), თოხუმური სოლიდარობა, სტუმართმოყვარეობა. სოფელი ჰინუხი შეჯგუფული ტიპის მრავალკომლიანი დასახლება იყო. სოფელი უბნებად იყოფოდა; ჰქონდათ ყრილობის ჩასატარებელი ადგილი და ადგილი, სადაც თავისუფალ დროს ატარებდნენ. მთის ფერდობზე გაშენებულ სოფელს საბრძოლო კოშკების საშუალებით იცავდნენ, რომლებიც კავკასიის ომისა და მის შემდგომ პერიოდში დაინგრა. განაპირა სახლებს სათოფურები ჰქონდა. ისინი მჭიდრო თავდასაცავ ნაგებობათა ერთობლიობას წარმოადგენდნენ.

ტანსაცმლის მასალას სოფელშივე ამზადებდნენ. თავსაბურავად ნახევრადსფეროსებრი და წაკვეთილი კონუსის ფორმის ფაფახი ჰქონდათ. ფეხსაცმლის ძირითად სახეს ფერადოვანი და ორნამენტირებული მოქსოვილი შალის ჩექმა წარმოადგენდა.

მამაკაცების აუცილებელი ატირიბუტი ხანჯალი იყო, რომელიც ძვლის ან ვერცხლის ქარქაშში ჰქონდათ მოთავსებული. თავს იპარსავდნენ, წვერ-ულვაშს კი _ არა. ჰინუხელები ვაჭრობასა და გაცვლა-გამოცვლას ძირითადად საქართველოსთან აწარმოებდნენ, იშვიათად _ დაღესტნის შიდა რაიონებთან, ჩრდილოეთ კავკასიასა და აზერბაიჯანთან. გაჰქონდათ მატყლი, ნაქსოვი ნაწარმი, თექა, ტყავი, ქურქები, ყველი, ერბო, ხის ჭურჭელი და სხვა. ძირითადი საჭაპანო და სამგზავრო ტრანსპორტი იყო ცხენი, იშვიათად _ ჯორი.


ჰინუხელები მუსლიმი სუნიტები არიან. მაჰმადიანობა მათ გვიან, XVIIIს-ის ბოლოს მიიღეს. ისლამს ჰინუხელთა შორის ხუნძები და კაპუჭელები ქადაგებდნენ. შემორჩენილია წარმართობისდროინდელი რწმენა-წარმოდგენები, რომლებიც მაგიის, წინაპართა კულტის, ანიმიზმის, ტოტემიზმის ამსახველნი არიან. ფართოდ აღნიშნავდნენ კალენდარულ დღესასწაულებსაც (პირველი ხნულის გავლება, ზამთრის დადგომა).

ჰინუხელებისათვის სპეციფიური იყო წეს-ჩვეულება, როდესაც ახალდაქორწინებულთა ინტიმური შეხვედრის წინ ნეფეს სახეს უჭვარტლავდნენ (უმურავდნენ). მხოლოდ ჰინუხელებმა იცოდნენ ახლადაბადებული ბიჭისათვის თავზე მჭიდრო შემოსაკრავის გამოყენება. ეს წესი XIX ს-ის შუა ხანებამდე იყო შემორჩენილი.


როლანდ თოფჩიშვილის ლიტერატურიდან – კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფია - ეთნიკური ისტორია, ეთნიკური კულტურა.

0
162
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
162
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0