x
image
თეონა გორდეზიანი
რა არის მრავალმხრივი და ჰარმონიული განვითარება?
image
მრავალმხრივი განვითარება გულისხმობს: მოტორულ, სოციალურ, კოგნიტურ, ფსიქო-ემოციურ და მენტალურ განვითარებას.
ჰარმონიული აღზრდა და განვითარება კი თავის თავში მოიცავს არა მხოლოდ ბავშვის ჰარმონიულ ურთიერთობას სამყაროსთან, ბუნებასთან, სოციალურ გარემოსთან და საკუთარ თავთან, არამედ ბალანსს უნარებს და შესაძლებლობებს შორის; როცა განვითარება არ არის შეფერხებული, ან პირიქით ფორსირებული; როცა რომელიმე ნიჭის ან შესაძლებლობის გამო არ ფერხდება სხვა საბაზო უნარების განვითარება.
ჰარმონიული აღზრდა და განვითარება გამორიცხავს უნარის (უნარების) განვითარების ხელოვნურად დაჩქარებას და სტიმულირებას. ასეთ შემთხვევაში დგება დისბალანსი და ტვინის ერთი რომელიმე ჰიპერსტიმულირებული ზონა “ჭამს” იმ მეზობელი ზონის რესურსებს, რომელიც ამ კონკრეტულ ასაკში უნდა განვითარებულიყო. ასე ხდება მაშინ, როდესაც ვცდილობთ ვასწავლოთ 2 წლის ბავშვს კითხვა.
“როგორ მრავალმხრივად განვითარებული ბავშვია!” - გვესმის ჩვენ ხშირად, მაგრამ საზოგადოება შეცდომით მიიჩნევს მრავალმხრივად განვითარებულად მხოლოდ იმას, ვინც მაღალი გონებრივი უნარებით გამოირჩევა, მაგალითად: სკოლამდელ ასაკში იცის წერა, კითხვა და კროსვორდების ამოხსნა. მრავალმხრივად განვითარებული სკოლამდელი ასაკის ბავშვი არის ის ბავშვი, რომელიც მოტორულად მოქნილია და თავისუფალი, კარგად აქვს აღქმული სოციალური ტექნიკები, კოგნიტური უნარები ასაკთან შესაბამისია, ითვალისწინებს საზღვრებს, ემოციური ინტელექტი მდიდარია, ემპათიურია, სამყაროს და გარშემომყოფების მიმართ კეთილგანწყობილია. ამ უნარებიდან რომელიმე ერთის მაინც შეფერხებით (ჩამორჩენილი ტემპით) განვითარება მეტყველებს იმაზე, რომ განვითარება არ მიმდინარეობს მრავალმხრივად და ჰარმონიულად.
ადამიანის ტვინის არცერთი ზონა არ არის მეორეხარისხოვანი. შეუძლებელია დავხუჭოთ თვალი სოციალურ განვითარებაზე ან ემოციურ ინტელექტზე, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ბავშვს ძლიერი გონებრივი შესაძლებლობები აქვს. წარმოიდგინეთ პირამიდა საყრდენის გარეშე ან ჯაჭვი სუსტი დამაკავშირებელი რგოლით. იზრუნეთ ბავშვის უნარების თანაბარ განვითარებაზე, ხოლო თუ ამჩნევთ რომ რომელიმე უნარი ჩამორჩება დანარჩენებს, მეტი დრო და რესურსი დაუთმეთ მას. აუცილებელია ჯაჭვის გამაგრება, საყრდენის გაუმჯობესება. მრავალმხრივი და ჰარმონიული განვითარება არის ყველაზე ძვირფასი ინვესტიცია ბედნიერი და თვითრეალიზებული ცხოვრებისათვის.
დიანა ტარიელაშვილი
0
40
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0