x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134571
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508651
ღია დიზოკლუზიის თავისებურებები
სტატისტიკურად ღია დიზოკლუზიის ხვედრითი წილი 1.5%-დან 11%-მდე მერყეობს და ეთბიკურ ჯგუფებს შორის განსხვავდება ქრონოლოგიური და სტომატოლოგიური ასაკის მიხედვით. ესთეტიკური თვალსაზრისით ღია დიზოკლუზია საკმაოდ რთულ ანომალიას წარმოადგენს. ღია დიზოკლუზიის დროს პაციენტი დაკომპლექსებულია, უჭირს საზოგადოებასთან ურთიერთობა, რადგან სოციუმი მას ვერ აღიქვამს, როგორც ინტელექტუალურ პიროვნებას.

ღია დიზოკლუზია მიეკუთნება ვერტიკალური სიბრტყის ანომალიას. მისი მორფოლოგიური ნიშანია ცენტრალური ოკლუზიის მდგომარეობაში კბილებს შორის ვერტიკალური ნაპრალი და მათ შორის კონტაქტის არ არსებობა. ის შეიძლება აღინიშნებოდეს როგორც ფრონტალური ასევე გვერდითი კბილების მიდამოში. ფრონტალურ კბილთა დიზოკლუზიის დროს კბილებს შორის კონტაქტი შეიძლება იწყებოდეს ეშვებიდან, პრემოლარებიდან ან მოლარებიდან. რაც უფრო უკანა კბილებიდან იწყება კონტაქტი მით უფრო რთული ფორმისაა ანომალია.

ღია დიზოკლუზია ფრონტალურ მიდამოში

ღია დიზოკლუზია გვერდით მიდამოში


ღია დიზოკლუზიის დროს საფეთქელ ქვედა ყბის სახსარში შესაძლოა აღინიშნებოდეს ცვლილებები, კერძოდ, სასახსრე ნაპრალის ზედა ნაწილის გაფართოება, ხოლო ქვედა უბნის შევიწროება.

სახის ქვედა მესამედი დაგრძელებულია, პირის ნაპრალი ღიაა, ცხვირ-ტუჩის ნაოჭი გასადავებულია, მაკროგლოსიის დროს (ენის ზომაში მატება) ენის წინა მესამედი მდებარეობს ფრონტალურ კბილებს შორის და პირის დახურვისას მიმიკური კუნთების დაჭიმვის გამო ტუჩები დაძაბულია. ასევე რიგ პრობლემებს წარმოადგენს: მეტყველების, კბეჩის, ღეჭვის დისფუნქცია.

დენტო-ალვეოლური ფორმა თავის მხრივ სამი სახისაა:

1. ალვეოლური მორჩი პრემოლარებისა და მოლარების მიდამოში მეტისმეტად განვითარებულია (დაგრძელებულია).

2. ალვეოლური მორჩი ფრონტალური კბილების მიდამოში ჩამორჩება ზრდაში (დამოკლებულია) მხოლოდ ზედა ყბაზე ან ორივეზე ერთად.

3. ალვეოლური მორჩი ფრონტალური კბილების მიდამოში განუვითარებელია (დამოკლებულია), ხოლო გვერდითი კბილების მიდამოში მეტად განვითარებული (დაგრძელებულია).

რაც შეეხება ჩონჩხოვან ანომალიას, ამ დროს ადგილი აქვს ზედა ყბის არასწორ მიმაგრებას ქალა-სახის ძვლებთან. ხოლო კომბინირებული ღია დიზოკლუზია წარმადგენს ორივე ფორმის ერთად გამოვლინებას.

ეტიოლოგიური ფაქტორები იყოფა ორ ნაწილად: ენდოგენური და ეგზოგენური. ენდოგენური ფაქტორები აერთიანებს გენეტიკასა და ენდოკრინოპათიას. ხოლო ეგზოგენური ფაქტორები ძირითადად მავნე ჩვევებს წარმოადგენს. ორსულობის დროს დედის დაავადებები, მშობიარობის ტრავმა და სხვა. დენტო-ალვეოლური ფორმა შეიძლება განპირობებული იყოს მავნე ჩვევებით, მაგ: ტუჩის, თითის წოვა, მაწოვარას გახანგძლივებული მოხმარება და სხვა. ასევე შეიძლება განვითარდეს მაკროგლოსიის, ზედა სასუნთქი სისტემის პათოლოგიის დროს. ჩონჩხოვანი ფორმის ჩამოყალიბება განპირობებულია ზედა და ქვედა ყბების ანატომიური ნაწილების ზრდის დარღვევით. მაგ: შეიძლება განვითარდეს რაქიტით დაავადებულ ბავშვებში, ასევე ქალა-სახის დისპლაზიის დროს. ქალა-სახის დისპლაზიისას ადგილი აქვს სასის მორჩების როტაციას საათის ისრის საწინააღმდეგოდ, რაც იწვევს სახის ქვედა მესამედის დაგრძელებას. ამ დროს ქვედა ყბის გასწვრივი ტოტი დამოკლებულია, ქვედა ყბის კუთხე ბლაგვი.

დიაგნოსტიკა - ანამნეზი და კლინიკური გამოკვლევა, რენტგენოგრაფიული კვლევა, ცეფალოგრაფია, ორთოპანტომოგრაფია, ასევე ფოტომეტრია და თაბაშირის მოდელების ბიომეტრიული ანალიზი.

ღია დიზოკლუზიის ორთოდონტიული მკურნალობის მიზანია კბილების საოკლუზიო ზედაპირებს შორის სასურველი კონტაქტების შექმნა, სახის ესთეტიკის გაუმჯობესება და შეძლებისდაგვარად სტაბილური შედეგის მიღება. სარძევე თანკბილვის დროს ტარდება პროფილაქტიკური ღონისძიებები, ცვლადი თანკბილვი პერიოდში მოსახსნელი კონსრუქციები, როგორიცაა ფორფიტები. მუდმივი თანკბილვის დროს ბრეკეტ-სისტემით მკურნალობა.

პროფილაქტიკური ღონისძიებები საშუალებას გვაძლევს შევაფერხოთ ან საერთოდ აღმოვფხვრათ ღია დიზოკლუზიის განვითარება. პროფილაქტიკურ ღონისძიებებს მიეკუთნება: მავნე ჩვევების აღმოფხვრა, მიოვარჯიშები, სასუნთქი სისტემის ნორმალიზება, საჭიროების შემთხვევაში ენდოკრინოლოგისა და ნევროლოგის ჩართვა.

0
62
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ ასპანიძე
მარიამ ასპანიძე
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0