x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ადიღეელები - ქაშაგებად წოდებული ხალხები
image


ადიღეელების თვითსახელწოდებაა ადიღე. 1989 წლის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციაში 129, 9 ათასი ადიღეელი ცხოვრობდა, აქედან ადიღეაში _ 95, 4 ათასი. კრასნოდარის მხარის ფარგლებში ადიღეელები მკვიდრობენ, აგრეთვე, ლაზარევსკაიასა და ტუაფსეს რაიონებში (20, 8 ათასი).

ადიღეელების დიდი ნაწილი თურქეთსა და მახლობელი აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში ცხოვრობს. ადიღეა დაბლობისა და მთისწინა ნაწილებად იყოფა. უფრო დიდი ნაწილი _ ბარი მდინარეების ყუბანისა და ლაბის ველებშია. დღევანდელი ადიღეელები, ანუ ადიღეელთა ეთნონიმით სახელდებულნი ისტორიულად დასავლეთ ადიღეელებს მიეკუთვნებიან, საპირისპიროდ თანამედროვე ყაბარდოელებისა, რომლებიც აღმოსავლეთ ადიღეელებს წარმოადგენენ. ყაბარდოელების თვითსახელწოდებაც, ისევე როგორც დასავლეთ ადიღეელებისა და ჩერქეზებისა, არის ადიღე, ე.ი. ადიღეელები, ყაბარდოელები და ჩერქეზები ფაქტობრივად ერთი მოდგმის ხალხია, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებამ სხვადასხვა ხალხებად გამოაცხადა. მათ ენობრივი და კულტურული თვალსაზრისით ერთმანეთთან ბევრი რამ აქვთ საერთო, თუმცა ერთმანეთში ნაკლებად იყვნენ ინტეგრირებულნი.


ადიღეური ენა კავკასიურ ენათა ოჯახის ადიღეურ-აფხაზურ ჯგუფს ეკუთვნის. მასთან ყველაზე ახლოსაა ყაბარდოული ენა. ადიღეური ენა რამდენიმე დიალექტისაგან შედგება. ეს დიალექტებია: თემირღოული (საფუძვლად უდევს ლიტერატურულ ენას), აბაძეხური, ბჟღედუხური, შაფსუღური. დიალექტების რაოდენობა ადრე უფრო მეტი იყო. ადიღეური ენის რიგი დიალექტების გაქრობა ამ ეთნოსის დიდი ნაწილის XIXს-ის მეორე ნახევარში თურქეთში გადასახლებამ გამოიწვია. შესაბამისად მეტი იყო ეთნოგრაფიული ჯგუფების რაოდენობაც. ესენი იყვნენ: აბაძეხები, ბესლენელები, ბჟედუხები (თავის მხრივ იყოფოდნენ ხამიშეელებად და ჩერჩენეებად), ჟანაელები, ეგერუხელები, მამხეგელები, მახოშეველები, ნატუხაელები, თემირგოელები, ხატუკაელები, შაფსუღები, ხაკუჩები. გარდა ჩვეულებრივი სალაპარაკო ენისა, ძველად მეტყველებდნენ ჟარგონზეც. ასე, მაგალითად, თარეშების დროს ფეოდალურგვაროვნული დიდკაცობა ლაპარაკობდა განსაკუთრებულ, სხვისათვის გაუგებარ ენაზე. ადიღეელებს დამწერლობა აქვთ რუსულ გრაფიკულ საფუძველზე. საბჭოთა პერიოდში შეიქმნა ადიღეური ლიტერატურა. ადიღეური პროზის პირველი მოთხრობები (1928წ.) მწერალ ტ. კერაშევს ეკუთვნის. დასავლეთ ადიღეელების რაოდენობის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში მკითხველი სხვადასხვა მონაცემებს შეხვდება _ 500 ათასიდან 1 მილიონამდე (XIXს. პირველ ნახევარში). დღეს უფრო მეტად გაზიარებულია მ. პოკროვსკის მიერ მოყვანილი ციფრები, რომლის მიხედვითაც XIX ს-ის შუა ხანებში დასავლეთ ადიღეელების საერთო რაოდენობას დაახლ. 700-750- ათას კაცს ანგარიშობენ.



ადიღეელები და სხვა ადიღები _ ყაბარდოელები და ჩერქეზები _ ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის ავტოქტონური მოსახლეობის შთამომავალნი არიან. თანამედროვე ადიღეელების ფორმირება XII-XIV სს-ში ეთნიკური პროცესებისა და ყაბარდოელთა ტერიტორიული განცალკევების შედეგად მოხდა. საისტორიო წყაროებით, დასავლეთ ადიღეელები მოძრაობითობით, მიგრაციისადმი მიდრეკილებით გამოირჩეოდნენ; სხვადასხვა ტომები, ეთნოგრაფიული ჯგუფები ხშირად ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდნენ.


image


XVIIIს-სა და XIXს-ში (30-იან წლებამე) ადიღეელებს ეკავათ ვრცელი ტერიტორია ყუბანის მარცხენა მხარეზე, აზოვისა და შავიზღვისპირეთში. აღმოსავლეთით დასავლეთ ადიღეელების საზღვარი მდ. ლაბის მარჯვენა ნაპირზე გადიოდა. XIX ს-ის 30-იან წლებში კი ბესლენელთა გადასახლების შედეგად ამ საზღვარმა მდ. ურუპამდე გადაიწია. ხანდახან ადიღეურ მოსახლეობას მდ. ყუბანის მარჯვენა ნაპირის ტერიტორიაც ეკავა ხოლმე, როდესაც აქ ჟანაელების, ბჟედუხების და შაფსუღების ცალკეული ჯგუფები სახლდებოდნენ.


ადიღეური ტომების საზღვრები მუდმივი არ იყო; ისინი ხშირად იცვლებოდნენ. მიგრაციული პროცესების შედეგად ადიღეური ეთნოსის კონსოლიდაცია XVIII საუკუნესა და XIXს-ის დასაწყისში ინტენსიური იყო. კონსოლიდაციისა და ასიმილაციის შედეგი იყო ცალკეული ადიღეური ტომების ტერიტორიის, მოსახლეობის რაოდენობის შემცირება, ხშირად კი ზოგიერთი ტომის ტერიტორიული დანაყოფის სრული გაქრობა.

კონსოლიდაციის პროცესით იყო გამოწვეული ჟანაელების გაქრობა, რომლებიც შაფსუღებისა და ნატუხაელების შემადგენლობაში შევიდნენ. იგივე დაემართათ ხატუკაელებს, რომლებიც XIXს-ის 30-იანი წლებისათვის სამი ტერიტორიული ერთეულისაგან შედგებოდნენ. თვითმყოფადობა მხოლოდ ყუბანისპირეთისა და ლაბის ხეობაში მკვიდრმა ხატუკაელებმა შეინარჩუნეს, რომელთა დიდი ნაწილიც აბაძეხთა გარემოცვაში მოექცა და ბოლოს მათ შეერივნენ კიდეც. თემირღოელებმა კი ძალიან მოიმატეს, რაც მათ მიწა-წყალზე ბჟედუღების დასახლებამ განაპირობა. ადიღეელთა შემადგენლობაში უცხო ეთნიკური ჯგუფებიც გაითქვიფნენ. უპირველეს ყოვლისა, ეს აბაძეხებს ეხებათ, რომელთა ეთნიკური საფუძველი ლ. ლავროვის დასკვნით, არა ადიღეური, არამედ აბაზური იყო.

გადმოცემით, აბაძეხების განსახლების თავდაპირველი არეალი შავიზღვისპირეთი _ ტერიტორია ადლერიდან ტუაფსემდე _ იყო, რომელიც მართლაც აბაზებით იყო დასახლებული. აბაძეხებისა და აბაზების კავშირს ეთნონიმებიც გვიდასტურებენ. როგორც სამეცნიერო ლიტერატურაშია აღნიშნული, “აბაძეხი” “ქვემო აბაზებს” ნიშნავს (XIXს-ის პირველ ნახევარში აბაძეხებმა 25 ათას კაცს მიაღწიეს. სხვათაშორის, აბაძეხების ტომს მტრული დამოკიდებულება ჰქონდა თემირგოელებთან).


XIXს-ის 30-იანი წლების მონაცემებით, აბაძეხები ორად იყოფოდნენ: მდინარეთა დაბლობებში მცხოვრებნი და მთიანი ზოლის მკვიდრნი. ამ უკანასკნელთ აბაზები ერქვათ. შაფსუღების შესახებ კლაპროტი აღნიშნავდა, რომ მათ ყაბარდოელებთან საერთო ძირი და წარმომავლობა აქვთ, “მაგრამ, ისევე როგორც აბაძეხები, იღებდნენ რა ლტოლვილებს, ისე შეერივნენ, რომ მათში ცოტაღა დარჩა ჩერქეზული სისხლის”.

შაფსუღების რაოდენობამ XIXს-ის 40-იან წლებში 160 ათას კაცს მიაღწია. ამავე დროისათვის ერთ-ერთი დიდი ადიღეური ტომი ბჟედუხების ტომი იყო. XVIIს-ის შუა ხანებში, ლ. ლავროვის მითითებით, ბჟედუხები იყოფოდნენ ჩერქეზებად და აბაზებად (ჩერქეზების და აბაზის ბჟედუხებად). XIXს-ის დასაწყისში ბჟედუხები ერთიანი ეთნიკური ერთეულის სახით არ იყვნენ განსახლებულნი. ისინი სხვადასხვა მდინარეთა ხეობებში (ფში, პჩახომატი, შაკუპსუ, ჩებიუ, ლაბა) ცხოვრობდნენ. XVIIს-ის თურქი მოგზაურის ევლია ჩელების ცნობით, ბჟედუხები ორენოვანნი იყვნენ _ ლაპარაკობდნენ აბაზურადაც და ადიღეურადაც. 10 ათას კაცს ითვლიდნენ თემირღოელები. თემირგოელებთან მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი ეგერუკაები, ადამიელები, მოხოშები, მამხეგები.


დასავლურ ადიღეური ტომებიდან ყველაზე აღმოსავლეთით (მდ. ლაბის გამოსასვლელში) ბესლენელები მკვიდრობდნენ. ადიღეური ტომების საერთოქართული ეთნონიმი “ქაშაგი” იყო. ქაშაგები პირველად ბასილ ეზოსმოძღვრის “ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი”-ში არიან მოხსენიებულნი. დღესაც სვანები მათ “ქაშაგს” (მრ. რ. “ქაშგარ”) უწოდებენ.

დღევანდელ ადიღეელთა წინაპარი _ დასავლეთ ადიღეური ტომები შავიზღვისპირეთსა და ჩრდილოეთკავკასიაში დიდი სახელმწიფოების მეტოქეობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ. XIVს-ში ადიღეელებს გაცხოველებული ეკონომიკური კონტაქტები ჰქონდათ შავიზღვისპირეთის გენუის ფაქტორიებთან. გენუელების ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებაში ჩარევამ XVს-ში რამდენიმე ანტიგენუური აჯანყება გამოიწვია. XVIს-ის დასაწყისში, რამდენჯერმე დალაშქვრის შემდეგ, ყირიმელმა ხანებმა ადიღეელები დაიმორჩილეს. ადიღეელებმა ხანების უზენაესობაზე არაერთხელ უარი თქვეს და მათ ხარკი შეუწყვიტეს. ამავე დროს, ადიღეელებს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდათ დამყარებული ყირიმთან. ხშირად ყირიმელი ბატონიშვილები ბესლენელი თავადების ოჯახებშიც იზრდებოდნენ.


ყირიმელებმა დიდი როლი ითამაშეს ადიღეელთა შორის ისლამის გავრცელებაში (XVIს-ში). XV-XVIIIსს-ში ადიღელთა შიდა ურთიერთობები რთული და წინააღმდეგობრივი იყო. ხშირი შინაომები ადიღეს როგორც მეურნეობის, ისე სოციალურ-პოლიტიკური განვითარების წინსვლას აფერხებდა. სოციალური ურთიერთობები უთანაბროდ ვითარდებოდა. საზოგადოების ეკონომიკური წყობა ფეოდალურ-პატრიარქალურობით ხასიათდებოდა. ცალკეული ადიღეური ტომების განვითარების დონე სხვადასხვაგვარი იყო. ტომების ერთ ნაწილში ფეოდალიზაციის პროცესი საკმაოდ ღრმად იყო წასული, მეორე ნაწილში კი ეს პროცესი შენელებული იყო. ბარისა და მთისწინეთის ზოგიერთ ტომში (მაგალითად, თემირგოელებში, ბჟედუხებში) თავადების ხელისუფლება და რთული წოდებრივი დაყოფა არსებობდა. იმავე დროს, მთისა და, ნაწილობრივ, მთისწინეთის მოსახლეობამ (აბაძეხები, შაფსუღები და სხვ.) თავადთა ხელისუფლება არ იცოდა და ერთ შემთხვევაში, იმართებოდნენ არჩევითი უხუცესების მიერ, მეორე შემთხვევაში _ წვრილი დიდკაცობის (ორკების, უორკების) მიერ. წვრილი ზედაფენა _ “უორკები”, რომელიც პირობითად შეიძლება ჩვენს აზნაურებს გავუთანაბროთ, ნამდვილ თავადებად გადაქცევას ცდილობდა.


ადიღეური ტომები დამოუკიდებელი სასოფლო თემების ერთობლიობას წარმოადგენდნენ, რომლებიც ყრილობებზე თავიანთ წარმომადგენლებს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში წარგზავნიდნენ. ადიღეში პრივილეგირებული ფენის წარმომადგენლებს “ფში” (თავადი), “ტლეფოტლეში” და “ორკი” (აზნაური) ეწოდებოდათ. მოსახლეობის ძირითადად მასას “ფტოკოტლები” (თავისუფალი ხალხი) შეადგენდა, რომლებიც დაქვემდებარების პროცესს წინააღმდგებას უწევდნენ. ყმა-გლეხებთან გათანაბრებული იყო “ფშიტლის” ფენა. ისინი ფეოდალურგვაროვნული ზედაფენისაგან პირად დამოკიდებულებაში იმყოფებოდნენ. ადიღეური მოსახლეობის ყველაზე დაჩაგრული და შევიწროებული ნაწილი მონები იყვნენ, რომლებსაც “უნაუტი” ეწოდებოდათ. მონებად ძირითადად ტყვეებს აქცევდნენ. უნაუტებს არავითარი პირადი და ქონებრივი უფლება არ გააჩნდათ. მფლობელს შეეძლო უნაუტის მოკვლა.


image


1867 წელს, ადიღეელთა დიდი ნაწილის თურქეთში გადასახლების შემდეგ, აზნაურები მოსახლეობის 2, 9%-ს შეადგენდნენ, სასულიერო წოდება _ 1, 7%-ს, თავისუფალი მეთემეები _ 74%-ს, ყმა-გლეხები და მონები _ 20, 5%-ს. შაფსუღებმა, ნატუხაელებმა და აბაძეხებმა შეძლეს თავიანთი აზნაურების პრივილეგიებისა და უფლებების შეზღუდვა. 1796 წელს დაპირისპირებამ აპოგეას მიაღწია: ბზიუკის ბრძოლაში ერთმანეთს ებრძოდნენ, ერთი მხრივ, შაფსუღი და ბჟედუხი აზნაურები და მეორე მხრივ _ შაფსუღების, აბაძეხების და ნატუხაელების გაერთიანებული გლეხთა რაზმები.

მართალია, რუსი კაზაკების დახმარებით აზნაურებმა გაიმარჯვეს, მაგრამ სოციალური პრივილეგიების დაბრუნება მათ ვერ შეძლეს.

XVIIIს-სა და XIXს-ის პირველ ნახევარში ადიღეელთა საზოგადოებრივი ორგანიზაციის საფუძველს სასოფლო თემი, ტერიტორიული თემი წარმოადგენდა. სასოფლო (ტერიტორიულ) თემებს “ყუაჯი”, “ფსუხვ” ეწოდებოდა. ადიღეურად “ყუაჯი” საერთოდ სოფელს აღნიშნავდა, “ფსუხვ” კი _ მდინარეს ანდა ხეობას. XIXს-ში ადიღეურ “ფსუხვში” გვაროვნული ელემენტები სასოფლო თემის პრინციპებთან იყო შეთანწყობილი და ფაქტობრივად ის გარდამავალი ტიპის თემს წარმოადგენდა. დროთა განმავლობაში ერთი გვარით დასახლებულ ხეობაში მოსული ხალხი სახლდებოდა, რომლებიც, რა თქმა უნდა, ერთმანეთთან სისხლიერი კავშირებით არ იყვნენ დაკავშირებულნი. საზოგადოებრივი განვითარების კვალდაკვალ პატარა თემები ხშირად უფრო დიდ თემებად ერთიანდებოდნენ.


XIXს-ის პირველ ნახევარში ერთი თემის წევრთა რიცხვი ზოგჯერ რამდენიმე ათასს კაცს აღწევდა, რომლებიც 4-10 აულში იყვნენ განსახლებულნი. იქ, სადაც თავადთა ხელისუფლება არსებობდა, თემები თითქმის მთლიანად ფეოდალურ-გვაროვნულ ზედაფენაზე იყვნენ დამოკიდებული. ადიღეურ ტომებში სისხლით ნათესაურ ურთიერთობებს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. მონათესავე ოჯახების ჯგუფები ერთმანეთთან საერთო წარმომავლობით იყვნენ დაკავშირებულნი და შეადგენდნენ გვარს (“აჩიხ”). ყველა გვარს თავისი საერთო წინაპარი მამაკაცი ჰყავდა. ადიღეურ სოფელში ერთი გვარის რამდენიმე დანაყოფი (პატრონიმია) მკვიდრობდა. ერთი გვარის ხალხს შორის ქორწინება აკრძალული იყო. გვარის წევრებს სისხლის აღებისა და ურთიერთდახმარების ტრადიციაც აერთიანებდა. მანამ, სანამ ადიღეელების სოციალურ ურთიერთობათა საკითხებს კვლავ შევეხებით, რამდენიმე სიტყვით ისტორიის ზოგიერთი მომენტის შესახებ.


1791 წელს ცარიზმმა კავკასიის ხაზი მდ. ყუბანზე გადაიტანა, რის შემდეგაც დაიწყო რუსეთის არმიის სისტემატური შეჯახება ადიღეელებთან. 1820 წლიდან რუსეთის არმია წინ მიიწევდა და ადიღეს დაპყრობაც გეგმაზომიერად ხდებოდა. რუსების უპირველეს მიზანს ადიღეელების ყუბანისპირეთის რაიონებიდან გაძევება წარმოადგენდა. თავის მხრივ, ადიღეელები რუსეთის არმიასა და კაზაკების შენაერთებს საპასუხო დარტყმებს აყენებდნენ, ყუბანის მარჯვენა ნაპირზე სტანიცებს ანადგურებდნენ.


ადიღეელების წინააღმდეგ 1839 წელს შავიზღვისპირეთის სანაპირო ხაზიც აშენდა. სამხედრო სიმაგრეთა ჯაჭვი აფხაზეთიდან ანაპამდე იყო გადაჭიმული.

1840-იან წლებში ადიღეელებმა მნიშვნელოვან სამხედრო წარმატებებს მიაღწიეს; მათ შავიზღვისპირეთის სანაპირო ხაზი აიღეს. ამას გარდა, ადიღეელებმა სხვა მნიშვნელოვანი გამარჯვებებიც მოიპოვეს. ადიღეელების განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობა მათი შინაგანი თვითორგანიზაციით იყო განპირობებული; ყალიბდებოდა სამხედრო-სახელმწიფო კავშირის საფუძვლები, რაშიც დიდ როლს შამილის ნაიბებიც (მოადგილეები) ასრულებდნენ. ადიღეელთა ბრძოლას სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელობდნენ: ხაჯი-მუ-ჰამედი, სულეიმან-ეფენდი. განსაკუთრებით გამოირჩეოდა მუჰა-მედ-ემინი. კავკასიის ომმა დააჩქარა ადიღეელთა ისლამიზაცია. ისლამური რელიგიური ცნობიერება რუსების დაპყრობების წინააღმდეგ იდეოლოგიურ საფუძვლად იქცა. შამილის დატყვევების (1859წ. აგვისტო) და დაღესტან-ჩეჩნეთში ომის დამთავრების შემდეგ, 1859 წლის ნოემბერში მუჰამედ-ემინი ცარიზმის არმიას დანებდა.


1862 წელს ადიღეელებმა წინააღმდეგობა განაახლეს. ცარიზმის არმიამ სანაპიროს გასწვრივი ზოლიდან მთების სიღრმეში გადაადგილება დაიწყო. რუსები აულებს ანადგურებდნენ და მოსახლეობას ბარში ასახლებდნენ. წინააღმდეგობის უკანასკნელი კერა _ შაფსუღეთი (ჯიქეთთან ერთად) ცარიზმის არმიამ 1864 წელს დაიმორჩილა. მოსახლეობა არჩევანის წინაშე დააყანეს _ ან მთის აულებიდან უკლებლივ ყველას ბარში გადასახლება, ანდა თურქეთში გაძევება. რამდენიმე ათასი ადიღეელი 1860-იან წლებში დეპორტირებული იქნა; ისინი თურქეთსა და მახლობელი აღმოსავლეთის სხვადასხვა ქვეყნებში განსახლდნენ. ადიღეელების მცირე ნაწილი დაბლობში გადავიდა საცხოვრებლად. ასე ჩამოყალიბდა ადიღეელთა ეთნიკური ტერიტორიის თანამედროვე კონფიგურაცია.


1870-იან წლებში ყუბანის ოლქის ტერიტორიაზე დაახლ. 60 ათასი კაცი ცხოვრობდა, რომელთაგანაც საკუთრივ ადიღეელი 45 ათასი იყო. დაირღვა ეთნოგრაფიულ ჯგუფთა ტრადიციული დაყოფაც, თუმცა ადიღეელებს წინაპრების “ტომობრივი” მიკუთვნებულობის შესახებ დღესაც ყველაფერი ახსოვთ. 1860-იანი წლების ადმინისტრაციულმა რეფორმამ ადიღეს მოსახლეობა ჯერ სამხედრო ოკრუგების, შემდეგ კი მაზრების მიხედვით დაყო. კვლავ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა აულის სასამართლო, რომელსაც გადაწყვეტილებები ადათებისა და შარიათის ნორმების საფუძველზე გამოჰქონდა. სამოქალაქო ომში ბევრი ადიღეელი, სულთან გირეი კლიჩის ხელმძღვანელობით, თეთრგვარდიელების შენაერთებში იბრძოდა. სამხედრო მოქმედებებს ორივე მხრიდან თან ახლდა ტყვეების აყვანა, მასობრივი დახვრეტები, წინააღმდეგობის გამწევი აულების განადგურება (წითელარმიელებმა 1918 წლის შემოდგომაზე განსაკუთრებული სისასტიკით გაანადგურეს აული კოშეხაბლი). 1922 წლის 27 ივლისს ჩამოყალიბდა ადიღეს ავტონომიური ოლქი, რომელიც მოგვიანებით კრასნოდარის მხარეს დაუქვემდებარეს.


image


ბარსა და მთაში მცხოვრები ადიღეელების სამეურნეო ყოფა ერთმანეთისაგან განსხვავდებოდა. ბარში მცხოვრები ადიღეელები თუ მიწათმოქმედებას მისდევდნენ, მთაში მეურნეობის ეს დარგი საკმაოდ შეზღუდული იყო. ე.წ. “დემოკრატიულ ტომებს” პური ძირითადად ბარიდან შეჰქონდათ. თესავდნენ ქერსა და ფეტვს, XIXს-დან კი ძირითადი კულტურები სიმინდი და ხორბალი იყო. მისდევდნენ მებაღეობასა და მევენახეობასაც. ჰყავდათ მსხვილფეხა რქოსანი საქონელიც. მესაქონლეობაში პრიმატი კი წვრილფეხა საქონლის (თხა, ცხვარი) მოშენებას ჰქონდა. განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო მეცხენეობა. მონადირეობა და მეფუტკრეობა დამხმარე ხასიათს ატარებდა.

ისტორიკოსი ფ. შჩერბინა აღნიშნავდა, რომ XVIIIს-ის ბოლოსა და XIXს-ის პირველი ნახევრის “ჩერქეზებს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მიწათმოქმედი ხალხი ვუწოდოთ”. “ისინი ხელებს ომისათვის უფრთხილდებიან”.

ნ. დუბროვინის აზრით, ადიღეელებთან მიწათმოქმედება საერთოდ პირველყოფილ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის მათ მთავარ სიმდიდრედ “ცხენების ძალიან დიდ ჯოგებსა და ცხვრის ფარებს” თვლიდა.

საბჭოთა ისტორიკოსის მ. პოკროვსკის დაკვირვებითაც, მთიელი ადიღეელების მთავარი სიმდიდრე მესაქონლეობა იყო. ადიღეელთა სამეურნეო ყოფის შესახებ XVIIIს-ის მოგზაურებიც აღნიშნავდნენ, რომ მიწათმოქმედებასთან შედარებით უპირატესობა მესაქონლეობას ჰქონდა მინიჭებული. მაგალითად, XVIIIს. დასაწყისის გერმანელი მოგზაური კემპფერი წერდა: “ადიღეელები არ თესავენ ჭვავს, შვრიას. მოყავთ მხოლოდ წიწიბურა თავიანთი ცხენებისათვის. მათ მთავარ სიმდიდრეს შეადგენს საქონელი და განსაკუთრებით მშვენიერი ცხენები, … შემდეგ თხა და ცხვარი”.

XVIIIს. პირველი ნახევრის ავტორი აბრი დე ლა მოტრე იმასაც აღნიშნავდა, რომ ცხვრის, საქონლის ხორცის შეზღუდულობის გამო, მთიელი ადიღეელები უპირატესობას ცხენის ხორცს ანიჭებენო.

იტალიელი კ. გლავანი კი ხაზს უსვამდა, რომ დასავლეთ ადიღეელები “საჭმელად ბევრ ხორცს და ცოტა პურს გამოიყენებენ, რომელსაც ფეტვის ფქვილისაგან აცხობენ”.

XVIIIს-ის ბოლოს ჩრდილოეთ კავკასიაში მყოფი პ. პალასი შაფსუღების შესახებ წერდა, რომ მათ დასამუშავებელი მიწა ძალიან ცოტა აქვთ და ძირითადად დაკავებული არიან თარეშით. შეფსუღების შესახებ ი. ბლამბერგიც აღნიშნავდა, რომ “მათთვის არსებობის მთავარი საშუალებაა თარეში და ძარცვა-გლეჯა”.


1821 წელს ჩრდილოეთ კავკასიაში იმყოფებოდა შოტლანდიელი მოგზაური რობერტ ლაიელა, რომელიც აღნიშნავდა, რომ “კავკასიის მთიელ ტომებს ძალიან ბევრი საერთო აქვთ და ცდილობენ გააგრძელონ ცხოვრების ის გზა, რომელსაც მათი წინაპრები მისდევდნენ. მიწათმოქმედებას მისდევენ მცირედ. მათი ძირითადი საქმიანობაა ნადირობა, მესაქონლეობა და ძარცვა”.


image

ამრიგად, XVIII საუკუნესა და XIX საუკუნის პირველ ნახევარში ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში მცხოვრებ სხვადასხვა ადიღეურ ტომთა ე.წ. დემოკრატიულ (თავისუფალ) საზოგადოებათა ეკონომიკაში ძირითადი როლი მესაქონლეობას ენიჭებოდა. მთის მიწათმოქმედებას მეორეხარისხოვანი ადგილი ეკავა.

მთის პირობებიდან გამომდინარე მეურნეობის არც ერთი დარგი ზედმეტი პროდუქტის წარმოების საშუალებას არ იძლეოდა. ზემოთ აღვნიშნეთ, რომ დასავლეთ ადიღეების დემოკრატიულ ტომებში გაჩენილი იყო სოციალური ფენა, რომელსაც “უორკი” ეწოდებოდა, მაგრამ სამეცნიერო ლიტერატურაში ხაზი აქვს გასმული იმას, რომ თავისუფალი მეთემეების (“ფოტოკოტლი”) დიდი მასის ფონზე, “უორკის” გვართა რიცხვი დიდი არ იყო. პირველნი კი დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ უკანასკნელთა აღზევებას. აღსანიშნავია, რომ “დემოკრატიულ” ტომებში “უორკების” ფენის ფორმირება მოხდა არა მიწის საკუთრების ბაზაზე, არამედ ძირითადად სამხედრო ექსპანსიის შედეგად მოპოვებული ნადავლის, ალაფის საფუძველზე, ე.ი. “სამხედრო დემოკრატიის” (“ჩიფდომის”) პირობების გამო.


ადიღეელებში თარეშის სისტემა რომ საუკუნეების წინ იყო ჩამოყალიბებული, ამას XV ს-ის იტალიელი მოგზაური ჯ. ინტერიანოც ადასტურებს. ისინი თარეშობდნენ არა მარტო საკმაოდ დაშორებულ ქვეყნებში, არამედ ერთმანეთშიც. იგივეს წერს ადიღეელთა მეკობრეობის, თარეშის, ლაშქრობების შესახებ XVIIს. დასასრულის გერმანელი მოგზაური ე. კემპფერი. მისი მონაცემებით, თარეშის ყველაზე გავრცელებული ფორმა მცირე ჯგუფებით თავდასხმები იყო. 30-40 კაციანი და უფრო დიდი ჯგუფები საშოვარზე არა მარტო მეზობელ ქვეყნებში მიემართებიან, არამედ თარეშობენ საკუთარ მიწაზეც. სხვადასხვა ტომები ძარცვავენ ყველას, იტაცებენ ყველაფერს, რაც ხელთ მოხვდებათ, მათ შორის, ადამიანებსაც. ლაშქრობების, თარეშების შედეგად დატაცებულ ქონებასა და ადამიანებს ყიდდნენ თურქებზე, სპარსელებსა და სხვებზე.

თარეშების სისტემის მასშტაბების შესახებ წარმოდგენას ყირიმელი ხანებისათვის ხარკის ტყვეებით გადახდის რაოდენობა იძლევა. ფრანგი მოგზაური აბრი დე ლა მოტრე მიუთითებდა, რომ “ჩერქეზები ყოველწლიურად ხარკს იხდიან 6.000 მონითა და ამავე რაოდენობის ცხენებით”.

XVIIIს-ში თარეშის სისტემა ადიღეელთა მთელ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებას განსაზღვრავდა. საზოგადოებრივი აზრი თარეშს ამართლებდა და მის აუცილებლობასაც ასაბუთებდა. ცნობილი მოგზაური ი. გრებერი წერდა, რომ ადიღეელებში მოზარდების აღზრდის ჩამოყალიბებული სისტემაა და რომ ბიჭებს ადრეული ასაკიდან ამზადებენ თარეშისათვის.


XVIIIს. დასაწყისის მოგზაურის კსავერიო გლავანის კითხვაზე: “რატომ აწყობთ თარეშებს”? ჩერქეზებს უპასუხიათ: “ჩვენს ქვეყანაში არც ფულია, არც ბაზრები; საიდან მოვიპოვოთ ჩვენი ახალგაზრდებისათვის ტანსაცმლის შეძენის საშუალება? ჩვენ არ ვამზადებთ არანაირ ქსოვილს, მაგრამ თარეშების შემდეგ აქ საქონლით დატვირთული ვაჭრები მოდიან. ისინი გვამარაგებენ ყველა აუცილებელი და საჭირო ნივთით. ვისაც ყოველწლიურად სამ ბავშვს ვტაცებთ, ამით ისინი სულაც არ ღარიბდებიან. ისინი ყოველწლიურად აჩენენ შვილებს და ამით დანაკარგს ინაზღაურებენ. თარეშით კი ჩვენს ახალგაზრდობას კარგად ჩაცმის საშუალება ეძლევა. თუ ჩვენიანებს მოვტაცებთ ბავშვებს, ისინი სხვა მხარეში მოიტაცებენ. ეს სხვადასხვა მხარეებს შორის უბრალო გაცვლაა. ამით ჩვენს ახალგაზრდობაში საბრძოლო სულს ვავითარებთ”.


XVIII საუკუნე _ XIXს-ის პირველი ნახევარი ადიღეელებისათვის ინტენსიური თარეშის პერიოდი იყო; ის საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას მოიცავდა. თარეშის მიმართულება ახლა იმდენად მოწინააღმდეგის “სისუსტესა” და “ძალაზე” კი არ იყო დამოკიდებული, რამდენადაც გასაძარცვი რეგიონის “ეკონომიკურ” ეფექტიანობაზე. პალასის სიტყვით, შაფსუღებმა თავიანთი ექსპანსია იმ მასშტაბებამდე მიიყვანეს, რომ “თურქები მათი თარეშით სასოწარკვეთილნი იყვნენ, რადგან ისინი ანაპის შემოგარენს აღწევდნენ”.

შაფსუღების თარეში ორიენტირებული იყო არა მხოლოდ სამხრეთ-დასავლეთ კავკასიაზე, არამედ ჩრდილოეთზეც, სადაც შეიარაღებულნი თავს ესხმოდნენ ადგილობრივ კავკასიურ ტომებს, კაზაკებს, რუსეთის საზღვაო ხაზს და შავი ზღვის სანაპიროს. ადიღეური (და აბაზური) ტომები არც საქართველოს შავიზღვისპირეთს ერიდებოდნენ. XV ს-დან ამ მიმართულებით მათი თარეში იმდენად ინტენსიური გახდა, რომ ამან აფხაზეთში მოსახლეობის ცვლა გამოიწვია. აფხაზეთის ძველი მკვიდრი, ქრისტიანი და მიწათმოქმედი მოსახლეობის ნაწილი, ადიღეურაბაზური მოდგმის ტომებმა ან თურქეთის ბაზრებში გაყიდეს, ანდა მათმა მნიშვნელოვანმა ნაწილმა სამხრეთაღმოსავლეთით, ენგურს გამოღმა გადმოიწია. მოშიშვლებულ, გაპარტახებულ აფხაზეთის ტერიტორიას კი შემდეგ მიგრანტი ადიღეელები და აბაზები დაეუფლნენ, რომელთა მიგრაცია ორი მიმართულებით _ ზღვის მხრიდან და მთიდან ხდებოდა.


შოტლანდიელი მოგზაური რ. ლაიელი აღნიშნავდა, რომ ადიღეური მოდგმის “დემოკრატი” ტომები უმეტესად თავს ესხმოდნენ მცირე ძალებით და ფართოდ იყენებდნენ მოულოდნელობის ტაქტიკას. მოგზაურებმა ყურადღება მიაქციეს იმასაც, რომ მოთარეშე ადიღეელები ცდილობდნენ მაღალი წრის, წარჩინებულების ხელში ჩაგდებას, რათა რაც შეიძლება დიდი გამოსასყიდი მიეღოთ. რ. დიელი წერდა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, ადიღეელებმა ამ ქვეყნიდან ბევრი ტყვე გაიტაცეს და მათგან საკმაოდ დიდი გამოსასყიდიც მიიღეს.

ადიღეელთა თარეშს არა მხოლოდ სისტემატიური ხასიათი ჰქონდა, არამედ ორგანიზაციული თვალსაზრისითაც, ის სრულიად ჩამოყალიბებული იყო.

XIXს. I ნახევრის აფხაზი ეთნოგრაფი ს. ზვანბა წერდა, რომ მოთარეშეებს ჰქონდათ სპეციფიური, “საიდუმლო” ენა, რომელიც მხოლოდ თარეშის მონაწილეთათვის იყო გასაგები. ყოველ ასეთ ენას ჰქონდა თავისი სახელწოდება, მაგალითად _ “შაკობშე”, “ფარშაბშე”. ი. კლაპროტის შეფასებით პირველი მათგანი “სრულიად განსაკუთრებულს” წარმოადგენს, რადგანაც მას არაფერი ჰქონდა ადიღეურ (ჩერქეზულ) ენასთან.


image


“თარეშების ენის” მთავარი ამოცანა თარეშის საიდუმლოების დაცვა იყო, რათა ის გარეშე პირთათვის გაუგებარი ყოფილიყო. მოთარეშე რაზმებს წინამძღოლები ჰყავდათ, რომლებიც პატივით სარგებლობდნენ. მათ ყველა უსიტყვოდ ემორჩილებოდა. ორგანიზაციული თვალსაზრისით თარეშის ყველა დეტალი ზედმიწევნით მოფიქრებული და გათვლილი იყო. ლაშქრობაში მონაწილეებს თან საკმარისი რაოდენობით საკვები მიჰქონდათ. 10-დან 100-კაცამდე სათარეშო რაზმს თავისი ავანგარდი და არიერგარდი ჰქონდა შექმნილი. რაზმი დასახლებულ პუნქტს თავს გათენებამდე ნახევარი საათით ადრე ესხმოდა.

საცხოვრებელ სახლებში შეჭრილი მოთარეშეები იტაცებდნენ ყველაფერს, რასაც ხელთ მოიგდებდნენ. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, ადამიანებს კლავდნენ. ძარცვა ჩვეულებრივ 30-40 წუთს გრძელდებოდა. სოფელს წინამძღოლის ნიშანზე ტოვებდნენ. მოთარეშეთა უკან დაბრუნება მკაცრად რეგლამენტირებული იყო; გათვალისწინებული იყო უსაფრთხოების ინტერესები და ნადავლის შემცირებაც კი. დაბრუნებისთანავე საზეიმო რიტუალი სრულდებოდა, შემდეგ ნადავლს იყოფდნენ. ნადავლიდან ორი ნაწილი ლაშქრობიდან დაუბრუნებელი მოლაშქრის ოჯახის წევრებს ეძლეოდათ. ლაშქრობაში დაღუპულ მეომრებს ადიღეელები საბრძოლო დიდების შარავანდედით მოსავდნენ, მათზე სიმღერებს ქმნიდნენ, ლეგენდებს ყვებოდნენ.

ადიღეელთა ყველა ტომს სათარეშოდ თავისი ტრადიციული მიმართულება ჰქონდა არჩეული. ადიღეური სოფელი მონათესავე ადამიანებით იყო დასახლებული. თითოეული დასახლებული პუნქტი პატრონიმიულ ნაწილებად იყო დაყოფილი. ფეოდალურგვაროვნული ზედაფენა აულებში გლეხებსა და მონებთან ერთად ცხოვრობდა. ყოველი დასახლებული პუნქტის ცენტრში იყო მეჩეთი, თუმცა რელიგიური თაყვანისცემის ტრადიციულ ადგილს სასაფლაო წარმოადგენდა. ბარში გადასახლებულ ადიღეელთა დასახლებები უბნებისაგან შედგებოდა. ახალ დასახლებულ პუნქტებშიც ადიღეელები ნათესაური ჯგუფების (პატრონიმიების) სახით მკვიდრდებოდნენ.


XVII-XVIII სს-ის საისტორიო მონაცემებით, კომპაქტურად დასახლებული ადიღეელების სოფელს წრის ან კვადრატის ფორმა ჰქონდა. მის პერიმეტრზე საცხოვრებლები იყო განლაგებული, რომელთა ფასადი სოფლის შიდა მხარეს იყო მიმართული, შუაში კი მოთავსებული იყო დიდი ეზო საქონლისათვის, ჭები, მარცვლეულის შესანახი ხაროები, მოედანი და ა.შ. დაუცველი დასახლება გარშემორტყმული იყო საერთო ღობით, რომელიც აგებული იყო მაღალი და მტკიცე მოწნული კედლებისაგან. ხშირად ეს ღობე ერთმანეთისაგან მცირედ დაშორებული რამდენიმე რიგისაგან (შვიდამდეც კი) შედგებოდა. ხანდახან მოწნულ ღობეებს შორის მიწა ჰქონდათ ჩაყრილი. ასეთ დასახლება-სიმაგრეს თავსა და ბოლოში სათვალთვალო მოწნული კოშკი ჰქონდა.


ადიღეელები იკვებებოდნენ მარცვლეულით, ხორცით, რძის პროდუქტებით (მაწონი, ყველი). ფეტვის ბურღულისაგან, შემდეგ კი სიმინდის ფქვილისაგან სქელ ფაფას ხარშავდნენ. ისინი სხდებოდნენ დაბალ სკამებზე. სუფრას შლიდნენ პატარა მაგიდებზე. ოჯახის წევრები ცალცალკე სადილობდნენ, მითუმეტეს, ქალები და კაცები. სტუმრებისათვის და სადღესასწაულო დღეებში სანუკვარ და რჩეულ საჭმელებს ამზადებდნენ.

სუფრასთან მკაცრად იცავდნენ ეტიკეტს, რომლის მთავარი შინაარსი სტუმრისა და უფროსისადმი პატივისცემასა და მოწიწებაში გამოიხატებოდა. თუ ოჯახის უფროსი სტუმარზე ახალგაზრდა იყო, მაშინ მაგიდასთან მხოლოდ სტუმარი ჯდებოდა. სტუმარს არა მხოლოდ ოჯახის უფროსი, არამედ მასპინძლის ნათესავები და მეზობლებიც ემსახურებოდნენ.


ადიღეელების ტანსაცმელი საერთოკავკასიური ტიპის იყო. ჩოხა მოსახლეობის უმეტესობისათვის მხოლოდ სადღესასწაულო იყო და ის ყველას არ ჰქონდა. საყურადღებოა თმის ვარცხნილობა. XVIIს-ის ავტორთა ცნობით, ადიღეელები შუბლიდან კეფამდე შუაში ერთ ზოლად თმას იპარსავდნენ, გვერდებზე კი გრძელი თმა ჰქონდათ მოშვებული, რაც ხშირად ერთ ნაწნავად ჰქონდათ დაწნული.


1634 წლის წყაროთი გოგონები და გათხოვილი ქალები ადიღეაში გაშლილი თმებით დადიოდნენ. XVIIIს-ის დასაწყისში ადიღეელ ქალებს ორი ნაწნავი უტარებიათ. XVIIს-ში ადღეელი ქალები ხელებს ინით იღებავდნენ. XIX საუკუნესა და XX ს-ის დასაწყისში ძირითადი სოციალური და სამეურნეო ერთეული იყო პატარა (ინდივიდუალური) ოჯახი. გვხვდებოდა დიდი ოჯახებიც, რომლებშიც რამდენიმე ათეული ადამიანი იყო გაერთიანებული. XXს-ის 20-იან წლებში ზოგიერთ აულში 60 სულიანი ოჯახები გვხვდებოდა. საოჯახო ყოფა პატრიარქალური წესჩვეულებებითა და ნორმებით განისაზღვრებოდა. ქალი მთლიანად დამოკიდებული იყო მამასა და ძმაზე, შემდეგ კი _ ქმარზე. ქალს არ შეეძლო მონაწილეობა მიეღო სასოფლო კრებაში; მას ქმართან გარეშე პირთა თანდასწრებით საჭმელად დაჯდომის უფლება არ ჰქონდა. ქალები და კაცები ცალცალკე ცხოვრობდნენ. მაგრამ საოჯახო მეურნეობაში ქალი მთავარ როლს თამაშობდა. ქალები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ მესისხლეთა შერიგებისას.


ადიღეელებში ქორწინების გაბატონებული ფორმა იყო მონოგამიური ქორწინება. მაჰმადიანობის მიღების შემდეგაც კი მრავალცოლიანობამ ფეხი ვერ მოიკიდა. ბოლო დრომდე შემორჩენილი იყო უმძრახობის ინსტიტუტი. ის უფროსებისადმი პატივისცემის ერთგვარ გამოხატულებას წარმოადგენდა. ქორწინების შემდეგ, რამდენიმე წლის განმავლობაში კონტაქტები ქმრის მშობლებთან და უფროს მამაკაც ნათესავებთან ტაბუირებული იყო. ქალები დღესაც დიდი პატივისცემითა და მოწიწებით სარგებლობენ. ქორწინება მშობლების მოლაპარაკებით ხდებოდა, მაგრამ იშვიათი არ იყო ქალის მოტაცებაც. ქორწილი, ჩვეულებრივ, მრავალრიცხოვანი იცოდნენ. ამ დროს მექორწილეებს ნათესავები და მეზობლები ეხმარებოდნენ. გავრცელებული იყო გაძიძავება. მართალია, დაკრძალვის ცერემონია ისლამიზებული იყო, მაგრამ შემორჩენილი იყო ბევრი ტრადიციული წესჩვეულება, მაგალითად, გარდაცვლილის ხსოვნისადმი მიძღვნილი დოღი და ა.შ.


ადიღეელებში ტრადიციული იყო ურთიერთდახმარება და სტუმართმოყვარეობა, რომლებიც ერთგვარად სახეშეცვლილი ფორმით დღესაცაა შემონახული. ფართოდ იყო გავრცელებული ძმადნაფიცობა, შვილად აყვანის წესი, რაიმე დანაშაულის გამო, თემიდან გაქცეული ადამიანის სხვის თემში შესვლა, ხელოვნური დანათესავება. ადიღეაში სამართლებრივ ურთიერთობებს ჩვეულებითი სამარათალი (ადათი) აწესრიგებდა.

ყველა ტომს თავისი საკუთარი ადათი ჰქონდა. ადრე შუა საუკუნეებში ადიღეაში ქრისტიანობა ბიზანტიიდან და საქართველოდან გავრცელდა. როგორც სამეცნიერო ლიტერატურაშია შენიშნული, მთავარი ქრისტიანული სიმბოლო და წარმართული კერპი ქართული სიტყვით “ჯვარი” აღინიშნებოდა.

ქრისტიანობის გავრცელებაზე მიუთითებენ ეკლესიების ნაშთები, ქვის ჯვრები და საფლავის ქვები ბერძნული ქრისტიანული წარწერებით. თურქულ-ყირიმული ექსპანსიის შედეგად ქრისტიანობამ პოზიციები დათმო. დღეს ადიღეელები მაჰმადიანი სუნიტები არიან. ისლამი მათ შორის XVI ს-ში გავრცელდა, მთის ცალკეულ ტომებში კი _ XVIII ს-სა და XIX ს-ის დასაწყისში. ჯერ ქრისტიანობის, შემდეგ ისლამის გავრცელებამ ადიღეელთა ძველი ადგილობრივი, ტრადიციული რწმენა-წარმოდგენები დავიწყებას ვერ მისცა.


არქანჯელო ლამბერტი (XVIIს-ის პირველი ნახევარი) აღნიშნავდა, რომ ადიღეელები მხოლოდ სახელით არიან ქრისტიანები, არც სარწმუნოებით და არც მოქმედებით ქრისტიანობა მათ სრულებით არ ეტყობათ. XIXს-ის 50-იან წლებში ნ. კარლგოფი წერდა: ადიღეაში “ნამდვილი მაჰმადიანი მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია. აქაური რელიგია ქრისტიანობისა და წარმართობის შერწყმის შედეგად არის ჩამოყალიბებული, რომელსაც მაჰმადიანობა მცირედ ერთვის”. არ შეიძლება XIXს-ის მეორე ნახევრის ორ ავტორს _ ნ. ალბოვსა და ა. ლილოვს _ არ დავესესხოთ. ეს უკანასკნელი წერდა, რომ ადიღეელები არც ქრისტიანები იყვნენ, არც მაჰმადიანები. მინდვრად და სასაფლაოზე უამრავი ჯვარი ჰქონდათ აღმართული და იმავდროულად ასრულებდნენ როგორც მაჰმადიანურ, ისე წარმართულ ჩვეულებებსაც კი. ნ. ალბოვი კი აღნიშნავდა: “ჰაკუჩებში მაჰმადიანობა ძალიან სუსტია. მიუხედავად იმისა, რომ აქვთ მეჩეთები და ყავთ მოლა, მაჰმადიანურ წესებს არ ასრულებენ. მოლებს ჩუმად დასცინიან კიდეც. წარმართული ღვთაებების დასახელება ახალგაზრდებსაც კი შეეძლოთ. ერთადერთი, რაშიც მაჰმადიანობა ჩანს, არის ის, რომ არ სვამენ ღვინოს და არ ჭამენ ღორის ხორცს”.


დასავლეთ ადიღების წარმართული პანთეონის სათავეში იდგა დიდი შემოქმედი ღმერთი “თჰაშხუო”. დიდ პატივს მოაგებდნენ “შიბლეს”, რომელიც ერთდროულად ელვისა და ჭექაქუხილის ღვთაება, მეხისა და წვიმის მბრძანებელი, მიწათმოქმედების ერთ-ერთი მფარველი და ადამიანთა შემწე იყო. ადიღები განსაკუთრებულ თაყვანს სცემდნენ ლაშქრობის ღვთაებას და მეომართა მფარველს “ზეიკუთჰას”.

მიწათმოქმედებისა და უხვმოსავლიანობის ღვთაება იყო “სოზერიში”, მესაქონლეობისა _ “ახინი”, ტყის ნადირთა და ნადირობისა _ “მეზითჰა”, მჭედლებისა _ “თლეფშე”. მრავალ წარმართულ დღესასწაულს ქრისტიანობის ნაკვალევიც ეტყობოდა. განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ ჯვარს, მაგრამ მას როგორც წარმართულ კერპს ისე ეთაყვანებოდნენ. ეთაყვანებოდნენ ტყეებს, ბუჩქებს, ხეებს. ხეებს შორის გამორჩეულად მუხას სცემდნენ თაყვანს, განსაკუთრებით თუ ის მეხნაკრავი იყო. მეხი ღვთაება “შიბლეს” ხილულ გამოხატულებად ითვლებოდა. მეხით დაღუპულს კი განსაკუთრებული პატივით კრძალავდნენ.


მეხით მოკლულს ფიცარნაგზე ასვენებდნენ და მას მაღალ ხეზე ჰკიდებდნენ. მის გარშემო კი სამი დღის განმავლობაში ლხინი და ცეკვა-სიმღერა იმართებოდა, სწირავდნენ ხარს, ცხვარს, ხორცის დიდ ნაწილს კი ღარიბებს ურიგებდნენ. ამ წესს ყოველ წელს იმეორებდნენ, სანამ გვამი მთლიანად არ გაიხრწნებოდა. მეხით მოკლული წმინდად მიაჩნდათ.

ადიღეური ფოლკლორიდან პირველყოვლისა შეიძლება ნართული ეპოსი დავასახელოთ. სიმღერებიდან გავრცელებულ იყო საგმირო, ლირიკული და ყოფითი სიმღერები. თითქმის ყველა სადღესასწაულო სანახაობას თან ახლდა ცეკვები. ადიღელთა სულიერ განვითარებაში განუსაზღვრელი როლი მიეკუთვნებოდა მწერალსა და ეთნოგრაფს ს. ხანგირეის.


როლანდ თოფჩიშვილის წიგნიდან - კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფია – ეთნიკური ისტორია, ეთნიკური კულტურა.

0
240
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
240
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0