x
image
თუთიკო ბერძენა
რატომ არ არქმევენ პატრიოტი ქართველები შვილებს ქაიხოსროს ან ქაქუცას

ამბობენ, სახელს ადამიანი ალამაზებსო, მაგრამ ალბათ მხოლოდ კლიშეა ეს გამოთქმა. ქართველებს გვყავდნენ ბლომად გმირები: გიორგი სააკაძე, ცოტნე დადიანი, ქაქუცა(ქაიხოსრო) ჩოლოყაშვილი. შვილებს არქმევენ გიორგის, ცოტნეს, მაგრამ ქაქუცა და ქაიხოსრო, როგორც მოვიკვლიეთ, ბოლო 50 წელია ოფიციალურად შვილისთვის არავის დაურქმევია...

image

ჩოლოყაშვილების საგვარეულოს წარმომადგენლები საქართველოს ისტორიაში გამოირჩეოდნენ სამშობლოსადმი უანგარო სიყვარულითა და გმირული თავდადებით. ქაიხოსრო ჩ ო ლ ო ყ ა შ ვ ი ლ ი XVII საუკუნის ეროვნული გმირის, 1659 წლის ანტიირანული ამბოხების სულისჩამდგმელის, ბიძინა ჩოლოყაშვილის პირდაპირი ჩამომავალი იყო.
ქაქუცა ჩოლოყაშვილი 1888 წლის 14 ივლისს კახეთში, სოფელ მატანში დაიბადა. მის განათლებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ დაარსებულმა გიმნაზიამ, რომელიც ქართული ეროვნული განათლების სისტემის უმთავრეს კერას წარმოადგენდა და ეროვნული სულისკვეთებით გამოირჩეოდა.
***
...1909 წელს, ოცდაერთი წლის ქაქუცა ჩოლოყაშვილი რუსეთის არმიაში გაიწვიეს. მსახურობდა ტვერის დრაგუნთა პოლკში, რომელიც ითვლებოდა რუსეთის იმპერიაში ერთ-ერთი საუკეთესო საკავალერიო შენაერთად. ჯარში მსახურობისას მიიღო ოფიცრის ჩინი, მიენიჭა პორუჩიკის სამხედრო წოდება.
1912 წელს ქაქუცა დაბრუნდა სამშობლოში.
1913 წელს ქაქუცამ ცოლად შეირთო ნინო ილიას ასული მეღვინეთუხუცესი, ვისგანაც ორი ასული – თამარი (ციცნა) და ქეთევანი შეეძინა.
***
1914 წლის აგვისტოში, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, პორუჩიკი ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი ჯარში გაიწვიეს. თავდაპირველად იგი გაწვეულ იქნა ასეულის მეთაურად ავსტრიის ფრონტზე, ერთ-ერთ საკავალერიო შენაერთში. ომში, სადაც 1917 წლის დამლევამდე დაჰყო, ქაიხოსრომ გამოავლინა სიმამაცე და საბრძოლო ნიჭიერება.
ალექსანდრე სულხანიშვილი იგონებს: “ქაქუცა ჩოლოყაშვილი იყო განსახიერება ქართველი რაინდისა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. დინჯი, დარბაისელი და უაღრესად კეთილი გულის პატრონი. ისეთი თვისებებით დაეჯილდოებინა იგი ბუნებას, ათას კაცში რომ აგერიათ, სრულიად უცნობი ადამიანიც კი მიაქცევდა მის ყურადღებას. ის ძალიან უყვარდა ჯარისკაცებს და მათი საერთო პატივისცემით სარგებლობდა კიდეც. როგორი მხდალიც არ უნდა ყოფილიყო ჯარისკაცი, საუკეთესო ვაჟკაცად იქცეოდა ქაქუცას ხელში. უდავოდ, მხედრად იყო დაბადებული”
ავსტრიის ფრონტზე თავის გამოჩენისათვის ქაქუცა ჩოლოყაშვილი დაჯილდოვდა წმ. გიორგის ჯვრით....
***
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი ქართულ ჯარში იწყებს სამსახურს და თავის გამოცდილებას ახმარს ქართული ჯარის მშენებლობას, აქტიურ მონაწილეობას ღებულობს იმ დროს წარმოებულ ბრძოლებში. აქვე აღსანიშნავია, რომ ქაქუცა არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ეკუთვნოდა...
***
დღიდან ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა, ქაქუცა იწყებს ქართველი ერის განმათავისუფლებელ მოძრაობას....
მან კოტე აფხაზთან ერთად კახეთში “საქართველოს შეფიცულების” ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომლის წევრებმაც ერთმანეთს შეფიცეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დაბრუნებისთვის ბოლომდე იბრძოლებდნენ.
ჩოლოყაშვილმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სანდო პირები გაგზავნა და ფარული ორგანიზაციები შექმნა.
შეფიცულთა რაზმის წევრები იყვნენ მიშა ნაცვლიშვილი, მიხა ბაღიაშვილი, ვასო თამაზაშვილი, სოსო ლოსაბერიძე, ჩითინაშვილი. შემდეგ, მათ დაემატათ ალექსანდრე კარგეთელი, მიხა ხელაშვილი და სხვა. სწორედ მათი დახმარებით, 1922 წელს, “ხევსურეთის ამბოხება” დაიწყო.
ამბოხების ერთ-ერთმა მონაწილემ დიმიტრი ჭინჭარაულმა ასე მიმართა ქაქუცას: “შენ გხვდა წილად შენი წინაპრების ნაბოძარი საქმის გაგრძელება შენი სამშობლოს საკეთილდღეოდ. ეს პატარა რაზმი უნდა გადააქციო ქართულ ჯარად. თქვენზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის სიდიადე”.
“ხევსურეთის ამბოხება” წარუმატებლად დასრულდა, აჯანყებული სამხედრო ცენტრის წევრები დახვრიტეს. თუმცა, მთავარი ამბოხისთვის მზადება წინ იყო.
შეფიცულები 1924 წლის აჯანყებას გეგმავდნენ, რომელიც თბილისში უნდა დაწყებულიყო. მაგრამ, გარკვეულმა შეუთანხმებლობამ და ზოგიერთ რაიონში დათქმულ დროზე ადრე აჯანყების დაწყებამ, ბოლშევიკურ რუსეთს საშუალება მისცა გამოეაშკარავებინა ისინი და სასტიკად დაესაჯა.



***
ჩოლოყაშვილს და მის რაზმს საზღვარგარეთ ემიგრაციაში წასვლის გარდა სხვა არჩევანი აღარ ქონდათ, ისინი საფრანგეთში წავიდნენ.
.
ქაქუცას ერთ-ერთი შეფიცული - ალექსანდრე კარგარეთელი ასე აღწერს პარიზში გატარებულ პირველ თვეებს:
“დაიწყო ჩვენი დუხჭირი ცხოვრება საფრანგეთში . გაჭირვებულებმა დავიწყეთ სამუშაოს ძებნა. ზოგი საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში გავიფანტენით ...
ქაქუცა პარიზში დაბინავებულიყო, რადგან არ უნდოდა შეფიცულების დაქსაქსვა სხვადასხვა ქალაქში, გადაწყვიტა მათი ერთად ყოფნა. პარიზის მახლობლად ვიროფლეიში იქირავა სახლი, სადაც ყველა შეფიცული ჩამოიყვანა და ერთად დაასახლა”.
***
პარიზის ჰავა საბედისწერო აღმოჩნდა ქაქუცას ჯანმრთელობისათვის. მას გაეხსნა ჯერ კიდევ I მსოფლიო ომში ავსტრიის ფრონტზე მიყენებული ჭრილობა, რასაც თან ტუბერკულოზიც დაერთო. თანამებრძოლებმა მოახერხეს, ქაქუცა მოეთავსებინათ ოსტსაუას სანატორიუმში.
მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქაქუცას ტანჯულ სამშობლოზე ფიქრი არ ასვენებდა. მეგობრები ხშირად აკითხავდნენ, ანუგეშებდნენ, იგონებდნენ წარსულს, ერთობლივ ბრძოლებს.
პარიზში ქაქუცას ხშირად ხვდებოდა ძველი მეგობარი თამარ პაპავა, რომელიც იგონებს მათ ერთ-ერთ ბოლო შეხვედრას: “თითქოს მებრძოლ საქართველოს ბელადს ბრძოლის ასპარეზი გამოაცალეს, ოცნება წაართვეს და ახლა ფრთამოტეხილ არწივს ცეცხლს ღვინო უნელებდა და სიმღერამორეულ ცრემლს უშრობდა.
– გახსოვს, თამარ, ალავერდობა? _ მეუბნებოდა ის პარიზში, ჩვენი სევდიანი ნადიმების დროს, დაბალი მთრთოლვარე ხმით.
– გახსოვს თამარ, 26 მაისი? ის პირველი 26 მაისი?
– გახსოვს, თამარ, შუამთის დღესასწაული?
– გახსოვს, თამარ, ხატობა და ჩემი გაჭრა ტყეში?
– ხომ გახსოვს ჩვენი ცა რა ფერისაა? რამდენი ვარსკვლავებია. რამდენჯერ მითვლია ისინი ტყეში, მიწაზე რომ ვიწექი და ძილი არ მერეოდა.
– გახსოვს, თამარ, ჩვენი საქართველო? ... კრულიც იყოს აქ სიცოცხლე, იქ სიკვდილი განა ბედნიერება არ არის, თამარ!
***

image

სიკვდილის წინ მოითხოვა ქართული მიწა, ჯვარი და ხატები და ალ. სულხანიშვილს დაუბარა, ეს ნივთები მისი შვილისათვის გადაეცა. ქაიხოსროს სურვილი იყო მისი ცხედარი დაეწვათ, რათა მისი ფერფლი ოდესმე დამოუკიდებელ საქართველოში დაეკრძალათ.
ალ სულხანიშვილი ასე აღწერს ქაქუცა ჩოლოყაშვილის სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ოტსაუას სანატორიუმში:
“… მე სადილი ვაჭამე ქაქუცას. ერთი ბეწო შეჭამა… მერე გავედი და გარეთ დავჯექი. ძალიან ცოტა ეძინა, რამაც მხოლოდ დაასუსტა. ამასობაში სულ ორმოცდაათმა წუთმა თუ გაიარა, რომ დამიძახა. მაშინვე მივედი. ის საშინლად აღშფოთებული და გაჯავრებული დამხვდა.
მან სავარძლის თავსაყუდზე მიმითითა, სადაც ოქროს ჯაჭვზე ეკიდა ჯვარი ორ თუ სამ ოქროს წმინდანთან ერთად და ჩემის ხელით ტყავში გამოკერილი საქართველოს მიწა, რომლებსაც განუყრელად თან ატარებდა ქაქუცა.
ჩამოხსენიო მითხრა მან, როგორც კი შევედი. რა მოხდა? რა ამბავია?-მეთქი, – ვკითხე დაბნეულმა, რაზეც ეს პასუხი გამცა: შეხსენი საქართველოს მიწა, დადე აი, აქ პატარა მაგიდაზე. ეს ჯვარი და წმინდანები ჩემს შვილს მიუტანე; ხომ იცი, იმისია-ო.
თურმე ორმოცდაათი წუთი რომ ჩაიძინა, თავისი უფროსი შვილი უნახავს სიზმარში და მას უთქვამს: მამა ჩემო, მომეცი ჩემი ჯვარი-ო, ამაზე იყო იგი შეშფოთებული: ახლა კი გათავდა ჩემი ცხოვრება-ო.
მე თუმცაღა შევეცადე გამექარწყლეინა მისი ავისმომასწავებელი სიზმარი, მაგრამ ამაოდ: შენ ახალგაზრდა ხარ; შენ ჩაუტანე ჩემი სულ ყველაფერი ჩემ შვილებს-აო, დამიბარა მან. აი, სწორედ მაშინ დაიბარა ანდერძად, რომ დაგვეწვა მისი ნეშტი, ხოლო სულ სხვა იყო ჩემი მოსაზრება ამის თაობაზე, რის გამო ანდერძის შეუსრულებლობა ცოდვად არ ჩაითვლება”.
მეორე დღეს პარიზიდან ჩამოვიდა ცნობილი ქართველი ექიმი ვახტანგ ღამბაშიძე, მაგრამ ორი დღის შემდეგ, 1930 წლის 27 ივლისს ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი გარდაიცვალა.
ალ. სულხანიშვილი იგონებს: “… იქნებოდა დაახლოებით თერთმეტი საათი, რომ მე და ვახტანგი იმის პალატაში შევედით. მან რაღაც დაილაპარაკა. ჩვენ მაშინვე მივცვივდით და მე ხელით წამოვუწიე თავი ქაქუცას. მან კიდევ დაიხრიალა. აი, ის იყო უკანასკნელი დახმაურება ამ დიდი მერძოლისა, რომელიც ვეფხვივით ებრძოდა თვით სიკვდილსაც კი!”
***
მეგობრებმა, რომელთაც იცოდნენ, რომ სინამდვილეში ქაქუცას საშინლად სძულდა კრემაცია, თავისი გაიტანეს და ერთმანეთში შეგროვილი ფულით იგი დაკრძალეს სენტ-უანის (პარიზის მახლობლად) სასაფლაოზე.
დაკრძალვას ესწრებოდნენ ნოე ჟორდანია თავისი მთავრობის შემადგენლობით, პოლიტიკური პარტიების მეთაურები, საქართველოს დამფუძნებული კრების დეპუტატები, ქართველ მხედართა დელეგატები, აგრეთვე სომხების, აზერბაიანელების, ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა დელეგაციები, საზღვარგარეთელი ქართული სათვისტომოების და ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ბერძნული ეკლესიიდან ქართული ეროვნული დროშით გადაფარებული ქაქუცას კუბო გამოასვენეს.
პროცესია სენტ-უანის სასაფლაოსკენ დაიძრა, რომელიც ათი კილომეტრით იყო დაშორებული ეკლესიას. მთელმა ხალხმა ფეხით გაიარა ეს მანძილი.
ალექსანდრე კარგარეთელი იგონებს: “პროცესიას თავში, დამწუხრებული შეფიცულთა რაზმის მწკრივი მიუძღოდა. ნოე ჟორდანიას მეთაურობით მთავრობამ, ხალხთან ერთად, ჩვენი ძვირფასი ბელადი სამარემდე მიაცილა.
გათხრილ სამარესთან წარმოითქვა გამოსათხოარი სიტყვები, რაც საღამოს შვიდ საათამდე გაგრძელდა. ყველაფერი ეს კინოფირზე იყო გადაღებული და ნაჩვენები პარიზში, ქაქუცას გარდაცვალების წლისთავზე, მისი ხსოვნის საპატივსაცემო საღამოზე, 1931 წლის 27 ივნისს...
მოგვიანებით მისი ნეშტი გადაასვენეს ლევილში, ქართველთა საძმო სასაფლაოზე.
***
კომუნისტების მმართველობის ჟამს სასტიკად იკრძალებოდა ჩოლოყაშვილის სახელის ხსენებაც კი. იგი მიიჩნეოდა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლ ყაჩაღად.
მრავალი ათეული წლის მანძილზე ქაქუცას ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები და მეგობრები სასტიკ დევნა–შევიწროებას განიცდიდნენ საბჭოთა საქართველოს მესვეურთაგან....
რეპრესიული ქმედებები ჩოლოყაშვილის თანამოაზრეთა წინააღმდეგ არ შემწყდარა მეოცე საუკუნის 80–იან წლებამდე.
ქაქუცას სახელის რეაბილიტაცია დაიწყო 1988 წლიდან. ზაფხულში ჟურნალისტი პაატა ნაცვლიშვილი აშშ-ში ყოფნის დროს შეხვდა ქაქუცას ერთადერთ, ცოცხლად გადარჩენილ თანამებრძოლს ალექსანდრე სულხანიშვილს, რომელმაც მას გადასცა ქაქუცას დროშა, ხმალი და ქამარ-სატევარი.
ეს რელიკვიები ნაცვლიშვილმა საქართველოში ჩამოიტანა. ამჟამად ისინი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება. შემოდგომაზე კი, როცა ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებმა ზ. გამსახურდიამ და მ. კოსტავამ თბილისის იპოდრომზე გამართულ მიტინგზე, შინდისფერ დროშებთან ერთად ააფრიალეს დიდი ქართველის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის სურათები, ყველამ გაიგო, თუ ვინ იყო ქაქუცა და რა ღვაწლი მიუძღოდა მას საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში.
1989 წლის 14 ივლისს, კახეთში, სოფელ მატანში გაიმართა სახალხო დღესასწაული, სადაც ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა ფართო საზოგადოებასთან ერთად აღნიშნეს დიდი პატრიოტის დაბადებიდან 101 წლისთავი.
***
მხოლოდ 75 წლის შემდეგ ახდა საქართველოს ეროვნული გმირის ოცნება და მისი სხეული მშობლიურ მიწას მიაბარეს. 2005 წლის 20 ნოემბერს პარიზიდან სპეციალური ავიარეისით ჩამოაბრძანეს ... მისი ნეშტი სამების ეკლესიაში დაასვენეს, ...
...მეორე დღეს, ქართველმა ერმა ღირსეული პატივი მიაგო თავის საამაყო შვილს. ათიათასობით ადამიანმა უკანასკნელ გზაზე გააცილა ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი, რომლის ცხედარიც ჯერ მამადავითის მონასტერში დაასვენეს, ხოლო პანაშვიდის გადახდის შემდეგ იგი დაკრძალეს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

დაარქვით შვილებს ქაიხოსრო ან ქაქუცა!

0
105
4-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0