x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134526
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
სოციალური დასწავლის თეორია
დასწავლა ქ.ლორთქიფანიძე


სოციალური დასწავლის თეორია დაფუძნებულია იმ იდეაზე, რომ ადამიანები სწავლობენ სხვებთან ინტერაქციით სოციალურ კონტექსტში. მარტივად რომ ვთქვათ, ისინი აკვირდებიან სხვა ადამიანებს და იწყებენ მსგავსად მოქცევას.

სოციალური დასწავლის თეორია ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან თეორიად ითვლება. თეორიის მიხედვით ადამიანებს არ მართავს შინაგანი ძალები და ამავე დროს, ისინი არც გარემოს გავლენის ქვეშ მყოფი უსუსური მარიონეტები არიან. თეორია ხაზს უსვამს კოგნიტურ პროცესებს, როგორებიცაა: ყურადღება, მეხსიერება და მოტივაცია. სწორედ ამიტომ, მას ხშირად ბიჰევიორიზმისა და კოგნიტური ფსიქოლოგიის თეორიების დამაკავშირებელ ხიდსაც უწოდებენ. ბანდურა სამეცნიერო მოღვაწეობის დასაწყისში მას სოციალური დასწავლის თეორიას უწოდებდა, დღეს კი ის ცნობილია სოციალურ-კოგნიტური თეორიის სახელით.

ბანდურას თეორიაში მნიშვნელოვანია ურთიერთდეტერმინიზმის პრინციპი. საუბარია სამი კომპონენტის ­- ინდივიდუალური ფაქტორების, ქცევისა და გარემოს სტიმულების ურთიერთქმედებაზე. ცვლილების მიმართულება იშვიათად არის ცალმხრივი, ის რეციპროკულია. პიროვნულ ფაქტორებში ის გულისხმობს შინაგან მახასიათებლებს: კოგნიტურს, ემოციურსა და ბიოლოგიურს. ქცევაზე გარემო გარკვეულ ფარგლებში მოქმედებს, ის მისივე მოქმედების შედეგს წარმოადგენს. ადამიანი თავისი საქციელით გარკვეულ სიტუაციას ქმნის, რომელიც, თავის მხრივ, მისივე ქცევის მარეგულირებელ ფაქტორად გვევლინება.


ალბერტ ბანდურა ამბობს, რომ სწავლა შეიძლება განხორციელდეს ქცევაში ცვლილების გარეშე, მაშინ როდესაც ბიჰევიორისტები ამტკიცებენ, რომ დასწავლის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი არის ქცევაში მუდმივი ცვლილება. დასწავლა შეიძლება გამოვლინდეს ან არ გამოვლინდეს ქცევის ცვლილებაში. სწავლა შინაგანი პროცესია, ზოგი დაუყოვნებლივ შეიძლება აისახოს ქცევაზე, ზოგი გარკვეული დროის შემდგომ. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ადამიანები სწავლობენ, მაგრამ ამას გავლენა არასდროს აქვს მათ ქმედებებზე.

ბანდურა მიიჩნევს, რომ სწავლის პროცესი ყოველთვის არ საჭიროებს განმტკიცებას და ის დაკვირვების პროცესით შეიძლება განხორციელდეს. მაგალითად, ბავშვებმა, შეიძლება სხვა ადამიანზე დაკვირვებით ან ტელევიზიით დაისწავლონ აგრესია, ან ქველმოქმედება. მისი აზრით, ქცევის მიბაძვისას ბავშვი არ ელოდება შექებას ან დასჯას, თუ შეამჩნევს რომ ვინმეს ქცევა გარშემომყოფთათვის მისაღებია, თავადაც გაიმეორებს მას.

ყურადღება გამახვილებულია ასევე შინაგან განმტკიცებაზე, სიამაყეზე, სიხარულსა და კმაყოფილებაზე. მაგალითად, ბავშვი სიხარულსა და კმაყოფილებას განიცდის როდესაც მიხვდება თუ როგორ უნდა დალიოს ჭიქიდან.

ბანდურას აზრით, დაკვირვებით სწავლის ბირთვი არის მოდელირება, ხოლო მისი ფაქტორებია:

  • ყურადღება - მოდელისთვის ყურადღების მიქცევა აუცილებელია. ზოგადად, განსხვავებული და ორიგინალური საგნები ყურადღებას მარტივად იპყრობენ. იგივე ხდება ქცევასთან დაკავშირებითაც. მოსაწონი, საინტერესო და ჩვენი მსგავსი მოდელი ყურადღებას მარტივად მიიპყრობს.
  • შენახვა-შეჩერება (Retention) - ყურადღების მიქცევის შემდეგ დამკვირვებელმა ქცევა უნდა დაიმახსოვროს. ინფორმაციას უფრო მარტივად გაიხსენებენ, თუ ის მათ მეხსიერებაში სხვადასხვა სახით იქნება აღბეჭდილი (მაგ. ვერბალურად და ვიზუალურად).
  • გამეორება (Reproduction) - ყურადღების და დამახსოვრების შემდეგ ქცევა უნდა გავიმეოროთ. უმჯობესია თუ გამეორება დაკვირვებისთანავე მოხდება.
  • მოტივაცია - დამკვირვებლებს ქცევის გამეორების მოტივაცია და სურვილი უნდა გააჩნდეთ. განმტკიცება და დასჯა დიდ როლს თამაშობს მოტივაციაზე.

  • დაკვირვებით დასწავლის, იგივე მოდელირების დროს, ადამიანს, რომელსაც აკვირდებიან მოდელს უწოდებენ. ხოლო მასზე დაკვირვებით ქცევის ათვისების პროცესს მოდელირება ეწოდება. მოდელი სხვადასხვა ტიპის შეიძლება იყოს:

    • ცოცხალი მოდელი (live model) - ადამიანი ახორციელებს ქცევას;
    • ვერბალური ინსტრუქციის მოდელი (verbal instructional model) - მოიცავს ქცევის ვერბალურ აღწერას ან ახსნას;
    • სიმბოლური მოდელი (symbolic model) - მოიაზრებს ნამდვილი ან გამოგონილი გმირის მიერ განხორციელებულ ქცევას წიგნში, სატელევიზიო პროგრამებში ან ონლაინ მედიაში. ყველაზე ხშირად მათ მოზარდები ბაძავენ.
    ეფექტური მოდელების დამახასიათებელი თვისებებია:

    • კომპეტენტურობა - ბაძავენ ისეთ ადამიანებს, რომელთაც რაღაცის კარგად გაკეთების უნარი გააჩნიათ;
    • პრესტიჟი და ძალაუფლება - ბავშვები და მოზარდები ხშირად მათ ბაძავენ, ვინც ცნობილი და ძალაუფლების მქონეა;
    • „სქესისთვის შესაფერისი“ საქციელი - ისეთ მოქმედებებს უფრო სწავლობენ და ითვისებენ, რომლებიც, მათი აზრით, მათი სქესისთვის არის დამახასიათებელი და შესაფერისი;
    • მოქმედება, რომელიც რელევანტურია სიტუაციისდა მიხედვით - იმ საქციელს დაისწავლიან, რომელიც მიაჩნიათ რომ გარკვეულ ვითარებაში გამოადგებათ.
    მოდელებზე დაკვირვებით ადამიანები ითვისებენ არამარტო ქცევებს, არამედ ემოციურ რეაქციებსაც, რომლებიც არაპირდაპირი განმტკიცების მაგალითია. შეიძლება აგრესიის, სიხარულის და შიშის დასწავლა.

    მოდელირება არ გულისხმობს სხვების ქცევის მექანიკურ გამეორებას, ამ პროცესში ჩართულია აზროვნებაც. ამ დროს ხდება გაანალიზება და ზოგიერთი მახასიათებლის ათვისება, ზოგიერთის კი - იგნორირება.

    0
    220
    შეფასება არ არის
    ავტორი:ქეთი ლორთქიფანიძე
    ქეთი ლორთქიფანიძე
    220
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0