x
რა არის თვითეფექტურობა?
თვითეფექტურობა სოციალურ-კოგნიტური თეორიის ძირითადი ცნებაა. ალბერტ ბანდურა თვითეფექტურობას განმარტავს, როგორც ინდივიდის რწმენას, რომ მას შეუძლია იმ ქმედებების დაგეგმვა და განხორციელება, რომლებიც საჭიროა მომავალ სიტუაციებთან გასამკლავებლად. თვითეფექტურობა არის ადამიანთა მოტივაციის, კარგად ყოფნის და პერსონალური მიღწევების საფუძველი, რადგან თუ ადამიანი არ დაიჯერებს, რომ მის ქცევას სასურველი შედეგების გამოღება შეუძლია, ქცევის განხორციელების და სირთულეებთან შეჭიდების ნაკლები სტიმული ექნება. ემპირიული კვლევები ადასტურებენ, რომ თვითეფექტურობა ადამიანთა ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტს ეხება, მაგალითად, ოპტიმისტურად ფიქრობენ თუ დამთრგუნველად და პესიმისტურად, როგორ უმკლავდებიან სტრესს და დეპრესიას და სხვ.

ბანდურას აზრით, თვითეფექტურობის მთავარი როლი არის ის, რომ ადამიანთა მოტივაციის დონე და ქცევები უფრო მეტად ეფუძნება იმას, რისიც სჯერათ, ვიდრე იმას, რაც ობიექტურად მართალია. ამ მიზეზით, ადამიანთა მიერ საკუთარ შესაძლებლობებზე წარმოდგენის გაგებით უკეთ შეიძლება მათი ქცევის წინასწარმეტყველება, ვიდრე მათი რეალური შესაძლებლობებით, ვინაიდან სწორედ თვითეფექტურობის აღქმა განსაზღვრავს იმას, თუ რას გააკეთებენ ინდივიდები არსებული ცოდნით და უნარებით. ეს გვეხმარება იმის ახსნაში თუ რატომ განსხვავდება ხშირად ადამიანთა ქცევები მათი რეალური შესაძლებლობებისგან და რატომ შეიძლება, რომ ერთნაირი შესაძლებლობების ადამიანებიდან ერთი ბევრად უფრო თავდაჯერებული იყოს, ვიდრე მეორე.

დაბალი და მაღალი თვითეფექტურობა, ხელსაყრელ ან არახელსაყრელ გარემო პირობებთან ერთად, გვაძლევს საშუალებას ვიწინასწარმეტყველოთ ქცევის 4 შესაძლო ვარიანტი:

  • როცა თვითეფექტურობა მაღალია და გარემო პირობები ხელსაყრელია, მაღალია ალბათობა, რომ ქცევა იქნება წარმატებული.
  • თუ თვითეფექტურობა დაბალია და გარემო პირობები ხელსაყრელი, ადამიანს შეიძლება დაემართოს დეპრესია.
  • თუ ადამიანს აქვს მაღალი თვითეფექტურობა და ხვდება არახელსაყრელ გარემოში, ის ჩვეულებრივ ზრდის ძალისხმევას, რათა შეცვალოს გარემო პირობები. თუკი მისი ძალისხმევა არ იქნება საკმარისი გარემოში ცვლილებების შესატანად, მაშინ ის ცვლის თავის ქცევას, ან ეძებს უფრო ხელსაყრელ გარემოს.
  • თუკი ადამიანს აქვს დაბალი თვითეფექტურობა და გარემოც არახელსაყრელია, ადამიანი თავს უსუსურად გრძნობს და ეგუება თავის მდგომარეობას.
  • ბანდურა ერთმანეთისგან განასხვავებს თვითეფექტურობის რწმენასა და შედეგის მოლოდინს. შედეგის მოლოდინი არის რწმენა იმისა, რომ თუ ქცევა წარმატებით განხორციელდება, ის სასურველ შედეგამდე მიგვიყვანს. შესაძლებელია ადამიანს მაღალი თვითეფექტურობა ჰქონდეს, მაგრამ არ იმოქმედოს, რადგან იფიქროს, რომ ქცევის შედეგს მისთვის არასასურველი ეფექტები მოჰყვება. მაგალითად, მაღალი თვითეფექტურობის სტუდენტი შეიძლება დარწმუნებული იყოს, რომ საკმაოდ რთულად მოსახვედრ უნივერსიტეტში ჩაირიცხება, თუმცა განაცხადი მაინც არ შეიტანოს, რადგან იფიქროს, რომ ეს სტრესული გარემო მისთვის დემოტივაციის წყაროდ იქცევა.


    იმის გამო, რომ ადამიანთა ქცევა როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტივისტურიცაა, თვითეფექტურობაც არის როგორც პერსონალური, ისე სოციალური კონსტრუქტი. კოლექტიური სისტემები ივითარებენ კოლექტიური ეფექტურობის გრძნობას. ეს არის ჯგუფის გაზიარებული რწმენა, რომ აქვთ მიზნების დასახვისა და მიღწევის უნარი. მაგალითად, სკოლები იყალიბებენ კოლექტიურ რწმენას, იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მოსწავლეებს შეუძლიათ სწავლა, მათ მასწავლებლებს შეუძლიათ სწავლება და ადმინისტრატორებს შეუძლიათ ისეთი გარემოს შექმნა, რომ მიზნების მიღწევა უფრო მარტივი იყოს.


    თვითეფექტურობას იკვლევენ სრულიად განსხვავებულ სფეროებში, როგორებიცაა, მედიცინა, სპორტი, ბიზნესი, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ფსიქოლოგია, ფსიქიატრია და განათლება. ფსიქოლოგიაში თვითეფექტურობაზე ფოკუსირდებიან ისეთ კლინიკურ საკითხებში, როგორებიცაა, ფობიები, დეპრესია. თერაპია, რომელიც სოციალური დასწავლის ისეთ პრინციპებს იყენებს, როგორიცაა მოდელირება, წარმატებულია ფობიების მქონე მოზრდილებთან და ბავშვებთან მუშაობისას. თვითეფექტურობა აქტიურად შეისწავლება განათლების სფეროშიც აკადემიურ მიღწევებთან, წარმატების და მარცხის ატრიბუციასთან, სოციალურ შედარებასთან, პრობლემის გადაჭრასთან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად.image

    0
    124
    შეფასება არ არის
    ავტორი:გუგეშაშვილი მარიამი
    გუგეშაშვილი მარიამი
    124
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0