x
აღზრდის მშობლისეული სტილი
image

ინდივიდების მსგავსად ყველა ოჯახიც უნიკალურია. თუმცა, მშობლები ბავშვებთან ურთიერთობისას, კონკრეტულ სტილს ავლენენ, რომელიც შეიძლება კონკრეტულ კატეგორიას მივუსადაგოთ. აღზრდის იმ ორ განზომილებას, რომელიც აღზრდის სტილის აღწერაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, კონტროლი და სითბო ეწოდება.

მშობლების მიერ გამოხატული კონტროლი იმაზე მიუთითებს, თუ რამდენად შემზღუდავები არიან მშობლები. შემზღუდავი მშობლები თავიანთი შვილების თავისუფლებას ზღუდავენ; ისინი აქტიურად აიძულებენ წესების დაცვას, ამის საწინააღმდეგოდ, არაშემზღუდავი მშობლები არიან მინიმალურად მაკონტროლებელნი, ქმნიან ნაკლებ მოთხოვნებსა და ნაკლებ შეზღუდვებს უწესებენ მათი შვილების ქცევასა და ემოციების გამოხატვას. მშობლების მიერ გამოხატული სითბო სიყვარულისა და მოწონების იმ ოდენობაზე მიუთითებს, რომელსაც მშობლები გამოხატავენ. თბილი, მზრუნველი მშობლები ხშირად უღიმიან თავიანთ შვილებს და აქებენ და წაახალისებენ მათ. ისინი ზღუდავენ კრიტიკას, სასჯელსა და უკმაყოფილების ნიშნებს. ამის საწინააღმდეგოდ, მტრული მშობლები აკრიტიკებენ, სჯიან და უგულებელყოფენ თავიანთ შვილებს, იშვიათად გამოხატავენ სიყვარულსა და მოწონებას.

ამ განზომილებებზე ორიენტირებით დაიანა ბაუმრენდმა შესძლო აღზრდის სტილის კლასიფიცირება ოთხ განსხვავებულ მოდელში: ავტორიტეტულ, ავტორიტარულ, ლმობიერსა და ინდიფერენტულში.


ავტორიტეტული მშობლები ზომიერად მაღალი ხარისხის კონტროლს უთავსებენ სითბოს, მიმღებლობასა და ავტონომიის წახალისებას. მიუხედავად იმისა, რომ ისინი შეზღუდვებს აწესებენ ქცევაზე, ეს შეზღუდვები ზომიერია და ავტორიტეტული მშობლები უზრუნველყოფენ ბავშვის გაგების დონის შესაბამის განმარტებებს. მათი ქმედებები არ არის თვითნებური ან არასამართლიანი; შედეგად, მათი შვილები უფრო მეტი სიამოვნებით იღებენ შეზღუდვებს. ავტორიტეტული მშობლები, ამასთანავე, უსმენენ მათი შვილების წინააღმდეგობებს და შესაფერის დროს არიან დამყოლნი. მაგალითად, ადრეული ასაკის გოგონას თუ სურს მეგობრის სახლში სტუმრად ყოფნა ერთი საათით იმაზე გვიან, ვიდრე ჩვეულებრივ მისი სახლში ყოფნაა მოსალოდნელი, ავტორიტეტულმა მშობლებმა შეიძლება ჰკითხოს მას, თუ რატომ; რა გარემოება იქნება იქ, მაგალითად, იქნებიან თუ არა მეგობრის მშობლები და ის ხელს შეუშლის თუ არა მის პასუხისმგებლობებს, მაგალითად, საშინაო დავალებისა შესრულებას. თუ არანაირი პრობლემა არ არსებობს, ასეთმა მშობლებმა შეიძლება, წესებიდან მცირედი გადახრა დაუშვან.

ავტორიტარული მშობლები არიან ძალიან მაკონტროლებელნი და მიდრეკილნი საკუთარი შვილების მიმართ ნაკლები სითბოს გამოვლენისკენ. ისინი რიგიდულად მიჰყვებიან წესებს. ახლახან აღწერილ სიტუაციაში გოგონას თხოვნისადმი მათი რეაქცია, სავარაუდოდ, იქნება უარის თქმა ისეთი განცხადებების თანხლებით, როგორებიცაა „წესი წესია“ ან „იმიტომ, რომ მე ვთქვი ასე!“ თუკი ბავშვი შეეკამათება ან შეეწინააღმდეგება, მშობლები შეიძლება გაბრაზდნენ და დაუწესონ სასჯელი, რომელიც ხშირად ფიზიკურია. ავტორიტარული მშობლები იქცევიან ისე, თითქოს მათი წესები მყარადაა დადგენილი და შეუძლებელია მათი შეცვლა, რამაც შესაძლებელია, ავტონომიის გამოვლინებაში ბავშვის მცდელობებს ძალიან შეუშალოს ხელი.

ლმობიერი მშობლები გამოხატავენ დიდი რაოდენობით სითბოს და ავლენენ მცირე კონტროლს; ისინი შვილების ქცევას უწესებენ მცირედ ან არანაირ შეზღუდვას. ჩვენ მიერ განხილულ მაგალითში ნაცვლად იმისა, რომ ასეთმა მცირეწლოვანმა გოგონამ ჰკითხოს თავის მშობლებს, თუ შეიძლება, რომ ჩვეულებრივზე უფრო გვიან მოვიდეს სახლში, მან შეიძლება უბრალოდ უთხრას მშობლებს, რის გაკეთებასაც ის გეგმავს ან, ალბათ, მხოლოდ ამის შემდეგ შეიტყობენ მისი გადაწყვეტილების შესახებ. ბაუმრენდის მიხედვით, ბევრი ლმობიერი მშობელი იმდენად მიდრეკილია მათი შვილებისადმი უპირობო სიყვარულის გამოვლენისკენ, რომ ისინი წარუმატებლობას განიცდიან სხვა მნიშვნელოვანი მშობლური ფუნქციების შესრულებაში.

ინდიფერენტული მშობლები არც შეზღუდვებს უწესებენ და არც დიდ სიყვარულსა და მოწონებას გამოხატავენ, ალბათ, იმიტომ, რომ ისინი უმკლავდებიან საკუთარ დამატებით პრობლემებს ან ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებს, ან იმიტომ, რომ მათი ცხოვრება იმდენად სტრესულია, რომ მათ არ რჩებათ საკმარისი ენერგია იმისთვის, რომ მათი შვილებისთვის უზრუნველყონ მხარდაჭერა და წინამძღოლობა.

რომელი აღზრდის სტილია ყველაზე ეფექტური?

ზოგადად, აღმოჩენილია, რომ ავტორიტეტული მშობლების შვილები, შემთხვევათა უმრავლესობაში, კარგად ფუნქციონირებენ. მათგან ყველაზე მეტად მოსალოდნელია, თვითდარწმუნებულობის, თვითრეგულირებისა და სოციალური კომპეტენტურობის გამოვლენა. ამ ბავშვებს, როგორც წესი, უყალიბდებათ უფრო მაღალი თვითშეფასება და უკეთ ფუნქციონირებენ სკოლაშიც.

აღზრდის სხვა სტილები ხშირად მეტ სირთულეებს უკავშირდება. ალბათ, როგორც მიხვდებოდით, ავტორიტარული მშობლები მიდრეკილნი არიან ჩაკეტილი, მშიშარა ბავშვების პროდუცირებისკენ, რომლებიც არიან დამოკიდებულნი, მერყევნი, დაურწმუნებელნი და გაღიზიანებულნი. მოზარდობისას, ეს ბავშვები, განსაკუთრებით ბიჭები, შესაძლოა, გადაჭარბებით რეაგირებდნენ იმ შეზღუდულ გარემოზე, რომელშიც მათ ზრდიდნენ და ისინი ხდებიან აგრესიულნი, მეამბოხენი. მიუხედავად ამისა, ყველაზე ცუდი შედეგი ხშირად ინდიფერენტული მშობლების შვილებშია აღმოჩენილი. როცა მტრულ დამოკიდებულებასა და სითბოს ნაკლებობას ახლავს ლმობიერება, ბავშვები დესტრუქციული იმპულსების გამოვლენისკენ არიან მიდრეკილნი.

მიუხედავად იმისა, რომ ბაუმრენდის კვლევამ საფუძველი შექმნა აღზრდის ქცევის შესახებ ჩვენი გაგების უმეტესი ნაწილისათვის, უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა სიტუაციაში აღზრდის არც ერთი სტილია კარგი ან ცუდი. გარდა ამისა, აღზრდის სტილი მნიშვნელოვნად იცვლება კულტურებსა და სუბკულტურებს შორის და არც ერთი სტილია უნივერსალურად საუკეთესოდ მიჩნეული.

0
18
შეფასება არ არის
ავტორი:გუგეშაშვილი მარიამი
გუგეშაშვილი მარიამი
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0