x
მშობიარობის შემდგომი პერიოდი
მიუხედავად სირთულეებისა ბავშვის დაბადება ოჯახში ყველაზე სასიხარულო პერიოდად ითვლება. იმდენად აღმაფრთოვანებელია ახალი სიცოცხლის დაბადების ყურება, რომ ხშირად მხედველობის არიდან გამოგვრჩება ხოლმე დედის ფიზიკური და ემოციური მდგომარეობა. მშობიარობის შემდგომი სირთულეები და უარყოფითი აზრები ხანდახან იმდენად ინტენსიურია, რომ დედებს შეიძლება მოეჩვენოთ კიდეც, რომ საკუთარი შვილი არ უყვართ, რაც მათ დანაშაულის გრძნობას უჩენს და კიდევ უფრო კეტავს საკუთარ თავში. ამ პერიოდში მათ საზოგადოების მხარდაჭერა განსაკუთრებით სჭირდებათ, ხოლო მხარდასაჭერად საჭიროა ცნობიერება ავამაღლოთ იმის შესახებ თუ რა ცვლილებები ხდება ქალის ფსიქიკაში მშობიარობის შემდგომ პერიოდში.

მშობიარობის შემდგომ პერიოდში, ქალების დაახლოებით 85% განიცდის სხვადასხვა ტიპის ხასიათის ცვალებადობას. სიმპტომების უმეტესობა მსუბუქი და ხანმოკლეა, თუმცა 10-15%-ში ვითარდება დეპრესიისა და შფოთვის უფრო ძლიერი სიმპტომები. მშობიარობის შემდგომი დარღვევები ტიპურად იყოფა სამ ნაწილად:

  • მელანქოლია (Baby Blues)
  • დეპრესია
  • ფსიქოზი
ქალების დაახლოებით 50%-დან 85%-მდე განიცდის მელანქოლიას მშობიარობიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში. იმას თუ გავითვალისწინებთ რამდენად ხშირია იგი, უფრო ზუსტი იქნება თუ მას მშობიარობის შემდგომი პერიოდის ნორმად აღვიქვამთ და არა ფსიქიკურ დარღვევად. სიმპტომები ყველაზე ინტენსიურად იჩენს თავს მშობიარობიდან მეოთხე-მეხუთე დღეს და შეიძლება გასტანოს რამდენიმე საათი ან რამდენიმე დღე და უმეტესად არ ცდება ორ კვირას. მიუხედავად იმისა, რომ სიმპტომები მოულოდნელად იჩენს ხოლმე თავს და არასასიამოვნოა, ისინი დედის ფუნქციონირებას ნაკლებად უშლიან ხელს. სიმპტომები ძირითადად მოიცავს:

  • ხასიათის ცვლილებები
  • შფოთვა
  • ხშირი გაღიზიანება
  • ტირილი
  • შემცირებული ყურადღება
  • მადის დაკარგვა
  • ძილის პრობლემები
აშლილობის უფრო რთული ფორმის, დეპრესიის, სიმპტომები და ნიშნები უფრო თვალსაჩინო და ხანგრძლივია, რაც ხშირად ხელს უშლის ხოლმე დედებს ყოველდღიური საქმის შესრულებაში. ის უფრო იშვიათია და ვლინდება დაახლოებით 9 დედიდან ერთში. სიმპტომები ძირითადად ვლინდება პირველ ორ კვირაში, თუმცა შეიძლება უფრო ადრეც დაიწყოს - ფეხმძიმობისას ან ბავშვის გაჩენიდან ერთი წლის შემდეგ. დეპრესიის სიმპტომებია:

  • უხალისოდ ყოფნა და ხასიათის ხშირი თვალსაჩინო ცვლილება
  • ოჯახის და მშობლებისგან თავის არიდების სურვილი
  • მადის დაკარგვა ან ზედმეტი, უჩვეულო მომატება
  • ძილის პრობლემები (ინსომნია) ან ზედმეტი ძილი
  • გამოფიტულობა და ენერგიის დაკარგვა
  • აქტივობებისადმი ინტერესის დაკარგვა, რისი გაკეთებაც იქამდე გვიყვარდა
  • გაღიზიანებულობა და ბრაზი
  • უიმედობა
  • სირცხვილის, უვარგისობის და არასრულფასოვნების განცდა
  • სირთულეები ყურადღების კონცენტრაციასა და გადაწყვეტილებების მიღებისას
  • ფიქრები თავის ან შვილის დაზიანებაზე, სუიციდური აზრები

მშობიარობის შემდგომი ფსიქოზი შედარებით იშვიათი მდგომარეობაა, რომელიც იწყება მშობიარობის პირველ კვირაში და ახასიათებს შედარებით რთული სიმპტომები. კვლევების მიხედვით, ის 1000-დან 4 დედისთვის არ დამახასიათებელი.

  • დაბნეულობა და დიზორიენტაცია
  • აკვიატებული ფიქრები ბავშვთან დაკავშირებით
  • ჰალუცინაცია და ბოდვა
  • ძილის დარღვევები
  • მომატებული ენერგია და აღგზნებულობა
  • პარანოია
  • მცდელობები თავისა და ბავშვის დაზიანების
მშობიარობის შემდგომი ფსიქოზი დაუყოვნებლივ ჩარევასა და მკურნალობას ითხოვს. მკურნალობისთვის გამოიყენება მედიკამენტები და ელექტროშოკური (ECT) თერაპია.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პრობლემების უმეტესობა მსუბუქი და ხანმოკლეა, თუმცა უფრო დიდი პრობლემებისთვის თავის არიდების მიზნით აუცილებელია, რომ დედების მენტალურ მდგომარეობას გარშემომყოფებმა ყურადღება მიაქციონ, მხარდაჭერა გამოხატონ და საჭიროების შემთხვევაში დახმარებაც შესთავაზონ.image

0
11
შეფასება არ არის
ავტორი:გუგეშაშვილი მარიამი
გუგეშაშვილი მარიამი
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0