x
image
ლანა92
"სადმე ყრუ ადგილს დავესახლები სხვა საუკუნის მგზავრი გვიანი" (სრულად)

image


"გზაში"

ლურჯი აჩრდილი ცხელ ჰაერში დგას.

ისმის ნაცნობი ჟრჟოლა სიმინდის,

ზუზუნი გააქვს უბინაო სკას,

ოჰ! სამუდამოდ დაწყველილ სინდისს.

სულს ენატრება ძველი ზღაპარი!

წარსული წმინდა იყო ამ ქალის -

როგორც სოფელში სამრეკლო ზარი,

როგორც ყანებში ელვა ნამგალის.

როდის მოვიდა ცოდვების გროვა

და ჯოჯოხეთი... მითხარი, როდის?

დაბრუნდა სული და ვეღარ ჰპოვა

რამე, გარდა გზის და ცივი ლოდის.

მინდვრები, მთები და ზღვა ყანები

მზეზე ელვარებს ნამებით სველი,

კვლავ უზრუნველად მივექანები

უჩვევად კარგი და ფეხშიშველი.

მოკლული ვიყავ უცხო ზმანებით,

დამწვარი ვიყავ ქალაქის ქაფით -

ხელები არ თრთის ხელთათმანებით!

სული არ ტირის შავი ნიღაბით!

მწვანე ჭალებში აფრინდა მწყერი,

გაფრინდა ღალღა, მიქრის ტოროლა.

მწვანე ტალღების მიდის მეწყერი

ისმის ჯეჯილის მარაო-ქროლა.

სადმე ყრუ ადგილს დავესახლები

სხვა საუკუნის მგზავრი გვიანი,

სადაც იქნება ცოფი ნაკლები

და უფრო ნაკლებ ადამიანი.

ცა ლაჟვარდია.. დღე არის თბილი,

მზე არის მწარე... გზა არის ცხელი.

კმარა! მოვშორდი შფოთიან ტფილისს!

არც მსურს მახსოვდეს მისი სახელი!

და ერთადერთი, ნაზი დარაჯი,

გადიფრენს თვალწინ აჩრდილი მერის!

არა-მქვეყნიურ უზუნდარაში

გაიყოლიებს სულის სიბერეს.

არ დაბრუნდება ამ მხარეს ცეცხლი

წარსულთა დღეთა სხვანაირ მხარის;

ეხლა უმიზოდ მიდის სიცოცხლე

და დაბრუნება მაინც მიხარის.

მხოლოდ ხანდახან ქარი შეარყევს

ოდნავ გაღებულს კარებს ბაღისას,

შრიალი გააქვთ ძველებურ არყებს:

სხვა ცხოვრებისთვის თითქოს მაღვიძებს!

აქ მრავალია ცისფერი ფერი!

ეს ფერი მარად თვალს ეყვარება,

როგორც ქალწულის სახელი: მერი -

არის ცისფერი და მწუხარება.

გახედე შორს მთებს! გახედე სერებს!

გახედე ტალღებს ჩაქსოვილს ტბაში,

ცისფერი ისე უცხოდ იფერებს

სამოსელს დღეთა ელვარებაში.

სული ეძახის იმ უჩინარ ტყვეს,

ვისაც სიზმრებში უხსნიან ბაგეს,

იისთვის ეძებს იისფერ სიტყვებს

და ცისფერ სიტყვით ეძებს ციაგებს.

0
104
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0