x
image
მადამ ფისუნია
Top 5 - მისტიკური ადგილი
image

აოკიგაჰარა ანუ "თვითმკვლელთა ტყე"


ტყის მასივი ფუძიამას მთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდობთან, ტოკიოდან, დაახლოებით, 100 კილომეტრში მდებარეობს. იქ ყოველწლიურად 50-დან 100-მდე თვითმკვლელობა ხდება.

დიდი ხეების გამო ტყეში ნიავიც კი არ იძვრისს, აქ გარეული ცხოველებიც არ შეგხვდებათ, უკაცრიელი გამოქვაბულები კი მრავლადაა - ამ ყველაფრის გამო, ტყეში შემაშფოთებელი სიჩუმე დგას.

სან-ფრანცისკოში მდებარე ხიდის "ოქროს კარიბჭის" პარალელურად, აოკიგაჰარა მიიჩნევა ადგილად, სადაც მსოფლიოში თვითმკვლელობის რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება.

ტყეს არაერთი ამოუცნობი ისტორია უკავშირდება. მისი საიდუმლოებით მოცული ატმოსფერო რამდენიმე ჰოლივუდური ფილმის (მათ შორის დოკუმენტურიც) გადაღების საფუძველიც კი გახდა.

ტყის შესასვლელთან ვკითხულობთ დაკიდებულ წარწერას:
"დაფიქრდით კიდევ ერთხელ თქვენს ცხოვრებაზე, მშობლებზე, ძმებზე, დებსა და შვილებზე. არ დაიტანჯოთ მარტოობაში, დაელაპარაკეთ ვინმეს".


იქვე ვხვდებით ფსიქოლოგიური დახმარების სამსახურის ტელეფონის ნომერსაც.

ეს ერთ-ერთია ხერხია იმ მრავალს შორის, რომლის მეშვეობითაც ადგილობრივი ხელისუფლება შექმნილი ვითარების გამოსწორებას ცდილობს. ამის გარდა, ტყეში სპეციალური პატრული მოძრაობს, ვიზიტორებს კამერების საშუალებითაც აკვირდებიან.



სუიციდის რიცხვის შემცირებაში ადგილობრივ მოსახლეობასაც შეაქვს თავისი წვლილი. მაგალითად, ტყის მახლობლად მდებარე კაფის მფლობელს 30 წლის განმავლობაში, 160 ადამიანი ჰყავს გადარჩენილი. იგი დროულად ატყობინებს ხოლმე შესაბამის სამსახურებს მარტოხელა ვიზიტორების შესახებ.

არსებობს ვარავუდები, რომ იაპონელების ნაწილი ტყეს მუცუმოტოს ნაწარმოების "ტალღების კოშკის" შთაგონებით აკითხავენ. სადაც შეყვარებული წყვილი სიცოცხლეს სწორედ ამ ტყეში გამოეთხოვა.

სხვები ფიქრობენ, რომ ამ ტყეში თვითმკვლელობა ძველ ტრადიციას, "უბასუტეს" უკავშირდება. რომლის მიხედვითაც, ოჯახის მეტად მოხუცებული წევრები სიკვდილისთვის უკაცრიელ ადგილებში მიჰყავდათ.

ალბათ, უბასუტეს ხსენებისას, ბევრ თქვენგანს გაახსენდებოდა იაპონური ძალიან დრამატული ფილმი კეისუკე კინოშიტას რეჟისორობით, რომლის სახელწოდებაცაა „ნარაიამას ბალადა“.

იაპონური ფოლკლორის თანახმად, ამ პრაქტიკას, ძირითადად, გვალვისა და შიმშილობის დროს მიმართავდნენ, რათა არსებული ისედაც მწირი საკვები უფრო ნაკლებ ადამიანზე გაენაწილებინათ.

აოკიგაჰარას ტყე ცურუმი ვატარუს წიგნშიცაა მოხსენიებული "თვითმკვლელობის სრული კურსი". ნაწარმოები საკმაოდ დიდი ტირაჟით გაიყიდა, თუმცა მალევე მოხვდა აკრძალულ წიგნთა სიაში.

იაპონიაში ქრისტიანობა ნაკლებადაა გავრცელებული, ამიტომ თვითმკვლელობა ცოდვად სულაც არ მიიჩნევა, პირიქით, ის გარომანტიზებულიც კია და სიცოხლის ნებაყოფლობით დათმობა დიდ პასუხისმგებლობადაც აღიქმება.

იაპონურ კულტურაში, ნოველასა თუ წიგნში, ფილმსა თუ პოემაში მრავლად გვხვდება თვითმკვლელობის ფაქტები.

ჩემი ფავორიტი პიესაა მონძაემონ ჩიკამაცუს „შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე“ და ზემოაღნიშნული ფილმი, „ნარაიამას ბალადა“.


image


თოჯინების მისტიური კუნძული მექსიკაში

მექსიკაში, დედაქალაქის სამხრეთით პატარა კუნძულია - სახელწოდებით თოჯინების კუნძული.

იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ტურისტული ატრაქციონია.

მისი ისტორია მაშინ დაიწყო, როდესაც განდეგილი, სახელად ჯულიან სანტანა საცხოვრებლად აქ გადმოვიდა. მან უცნობი მიზეზის გამო მიატოვა ცოლი და ცხოვრების უკანასკნელი 50 წელი განდეგილობაში ამავე კუნძულზე გაატარა.

ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, ამ კუნძულზე გასასეირნებლად სამი პატარა გოგონა მოვიდა. შემთხვევით ერთ-ერთი მათგანი წყალში დაიხრჩო, მისი სული კი ამ დგილებში დარჩა და გამვლელეთ "აწუხებდა".

ჯულიანმა გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ბავშვი იპოვა, მაგრამ ვერ შეძლო გადაერჩინა (თუმცა ოფიციალური წყაროებით ეს ინფორმაცია არ დასტურდება).

შემდეგ მან მდინარეზე მოტივტივე თოჯინა დაინახა, გადაწყვიტა რომ იგი გარდაცვლილ გოგონას ეკუთვნოდა და იქვე ხეზე დაკიდა.

რის შემდეგაც მან, გარდაცვლილი გოგონას სულის დასამშვიდებლად სხვა თოჯინების შეგროვება და ხეებზე გამოფენა განაგრძო. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ჯულიანი ამ კუნძულს ტოვებდა, ახალი თოჯინების შეგროვება იყო. ყველგან ეძებდა ნახმარ თოჯინებს, ხშირად მათ საჭმელშიც კი ცვლიდა.

სამწუხაროდ 2001 წელს ჯულიანი გარდაიცვალა. ცხედარი მისმა ნათესავმა ზუსტად იმავე ადგილას იპოვა, სადაც ოდესღაც ის პატარა გოგონა დაიღუპა.

მას შემდეგ რაც ჯულიანი გარდაიცვალა კუნძულზე თოჯინების მოტანა ვიზიტორებმა ითავეს.

image


წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, ჩეხეთი


ჩეხეთში, სოფელ ლუკოვში არის მიტოვებული წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელმაც ფუნქციონირება 1968 წელს შეწყვიტა, მაშინ როდესაც ეკლესიის სახურავი პირდაპირ დაკრძალვის ცერემონიალისას ჩამოინგრა. ამჟამად ამ ადგილს უფრო მეტად მისტიკურს ხდის იაკობ ჰადრავას უჩვეულო ინსტალაცია – მომლოცველი სულები, რომლებიც გრძელი თეთრი სამოსითაა დაფარული. ავტორმა ამგვარად სიმბოლურად გამოსახა გადაშენების პირას მყოფი სოფლები, სადაც წირვას უკვე მხოლოდ გარდაცვლილებიღა ესწრებიან. ეს სულისშემძვრელი ადგილი ტურისტებისათვის მეტად მიმზიდველია, ხოლო თავად ინსტალაცია სანახაობას კიდევ უფრო სასტიკ ელფერს სძენს.image


გარდაცვლილთა ქალაქი (ჩრდილოეთ ოსეთი)

ეს მისტიკური ადგილი მდებარეობს ჩრდილოეთ ოსეთში, დაბა დარგავსთან ახლოს.

გარდაცვლილთა ქალაქი ამ სოფლის ხატოვანი დასახელება როდია, ამ სოფლის ყველა მკვიდრი მართლაც რომ უკვე გარდაცვლილია, ამ ქალაქში მყოფი ცოცხლები მხოლოდ ტურისტები და მათი გიდები არიან.

შორიდან ეს ადგილი მშვენიერ მძინარე სოფელს მოგვაგონებს, მაგრამ ეს მხოლოდ შორიდან. როგორც კი პატარა თეთრ უცნაური ფორმის სახლებს მიუახლოვდებით და დააკვირდებით, მიხვდებით, რომ ეს სახლები კი არა სამარხებია. მსგავსი დასახლებების აღმოჩენა მთელს ოსეთშია შესაძლებელი, მაგრამ დარგავსის ნეკროპოლი მათ შორის ყველაზე დიდი და ყველაზე კარგად შემონახულიცაა.
მკვდართა ამგვარი დასახლებების არსებობა იმით აიხსნება, რომ XVIII საუკუნის ბოლომდე ოსები გარდაცვლილებს არ ასაფლავებდნენ, მათ ისინი „მკვდარ სახლებში“ ათავსებდნენ, რომლებიც ყველა მხრიდან კარგად ნიავდებოდა. გარდაცვლილთა სხეულები მუმიფიკაციას განიცდიდნენ და არ იხრწნებოდნენ – ადგილობრივი მაცხოვრებლები მიიჩნევდნენ, რომ ამგვარი ქმედებით ისინი არ ბილწავდნენ იმ ნაყოფიერ მიწას, სადაც თავად ცხოვრობდნენ და რომლის მეშვეობითაც იკვებებოდნენ.

დღესდღეობით აქ 95 საგვარეულო სამარხია შემორჩენილი და ადგილობრივი ექსკურსიამძღოლები მათგან მხოლოდ რამდენიმე ძირითადს, სადაც ოდესაღაც დარგვასის უმდიდრესი მკვიდრები განისვენებდნენ, აჩვენებენ ხოლმე ტურისტებს.


საგადა (ფილიპინები)

ფილიპინები ცნობილია თავისი არაერთი უცნაური შეხედულებითა და ტრადიციით. თუმცა საგადას მუნიციპალიტეტში რასაც ნახავთ ყოველგვარ ფანტაზიას სცდება სიცოცხლისა და სიკვდილის შესახებ.

ციცაბო კლდეზე დაკიდულია არც მეტი არც ნაკლები სასახლეები (ე.წ.კუბოები), ასობით სასახლე მიცვალებულებითურთ, ამასთან გასაოცარი ფაქტია, რომ ხშირად ამ სასახლეებს თავად ამზადებენ მათი საბოლოო მეპატრონეები და მიაქვთ კლდესთან – ისინი სიცოცხლეშივე ზრუნავენ ამაზე, რითაც პატივს მიაგებენ memento mori-ს.

ტრადიციის მიხედვით, ნათესავები გარდაცვლილის სხეულს წინასწარ მომზადებულ სასახლეში ათავსებენ ემბრიონის (დაბადებამდელ საწყის) პოზაში და კლდეზე ამაგრებენ. მათივე რწმენით, რაც უფრო მაღლა განათავსებენ სასახლეს –უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ გარდაცვლილი ზეცად ამაღლდება.

ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად მიდის კლდესთან, რადგან მათთვის ეს ადგილი მეტად წმინდაა.


0
62
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0