x
"ჩემი თვალით დანახული მაარიფი"
საქართველოს ზოგადი განათლების სისტემა მიზნად ისახავს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებას, ლიბერალური და დემოკრატიული, მაღალი სამოქალაქო ცნობიერების დონით. ამ მიზნის განხორციელებაში ყველა სკოლას თავისი განსაკუთრებული წვლილი შეაქვს, თუმცა ინტერნაციონალური მაარიფის სკოლებს საქართველოში კიდევ უფრო სპეციფიკური და მნიშვნელოვანი მისია აკისრია ქართული საზოგადოების ჩამოყალიბებაში. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ქვეყნისათვის სხვა მრავალ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ პრობლემებთან ერთად დღის წესრიგში ეთნიკური უმცირესობების პრობლემა დაუდგა, რომლის გადაჭრასაც სხვადასხვა უწყებები, სხვადასხვა აქტივობებით ცდილობენ. ერთი ასეთი უწყება არის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის აპარატი, რომელმაც საქართველოს განათლების სამინისტროსთან ერთად უამრავი პროექტი განახორციელა საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია მეტ-ნაკლებად დარეგულირდა და ახალგაზრდების სულ უფრო დიდი რაოდენობა გამოთქვამს სურვილს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების, ენობრივი ბარიერი და კულტურული სხვაობები, ხშირ შემთხვევაში კი სოციუმის დამოკიდებულება კვლავ უდიდეს პრობლემად რჩება. ჩემი თვალით დანახულ მაარიფის ინტერნაციონალურ სკოლებს სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვრა შეუძლია.

სწავლა მხოლოდ მაშინ არის ეფექტური, როდესაც დაბალანსებულია სხვადასხვა წინააღმდეგობრივი კულტურებისა და ტრადიციების გაცნობით, იდეოლოგიების შესწავლით, როდესაც მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა შეადარონ ერთმანეთს დაპირისპირებული თეორიები და რელიგიური სწავლებები, შეადარონ და შეაფასონ მათი ყველა ასპექტი. ინტერნაციონალური მაარიფის სკოლებს შესწევს ძალა ახალი სიტყვა თქვას ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისა და მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბების საქმეში. ინტერნაციონალური მაარიფის სკოლა, ბევრისათვის შანსი და შესაძლებლობაა, წარმატებისაკენ მიმავალ გზაზე.

ალბათ, ყველაზე ხშირად ტელევიზორებიდან გვსმენია, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას. ცნობილი ფრაზა, რომელიც იტალიელ ისტორიკოსსა და მეცნიერს ნ. მაკიაველის ეკუთვნის, ხშირად არასწორად არის გაგებული და ინტერპრეტირებული, ძირითადად, პოლიტიკური ელიტის მიერ, თუმცა, როდესაც საქმე განათლებას და საზოგადოების მომავალი წევრების მოქალაქეობრივი და ღირებულებებით დატვირთული ცნობიერების ჩამოყალიბებას ეხება, შეუძლებელია ცუდად არჩეული გზა, იგივე საშუალება გაამართლოს ვინმემ იმ მიზნის მიღწევის მოლოდინში, რომელიც არასოდეს დადგება. საზოგადოდ ცნობილი ფრაზაა, რომ ბავშვი ოჯახის სარკეა, მაშინ რატომ არ შეიძლება ის განვაზოგადოთ და ჩვენს საშუალებებსა და მიზნებს მოვარგოთ?! დღევანდელი გადადგმული ნაბიჯები და ის „საშუალებები“, რომელსაც ამ ნაბიჯების გადადგმისას ვიყენებთ თუ არასწორია, მივიღებთ გაუკუღმართებულ ახალგაზრდობას ჩამოუყალიბებელი ცნობიერებით და ნეგატიური თავისუფლების შეგრძნებით.

ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის გზისკენ აქამდე გადადგმული ნაბიჯები, მხოლოდ და მხოლოდ ერთეულებში აყალიბებდა ტოლერანტულ დამოკიდებულებას, რაც ასე მნიშვნელოვანია მრავალეროვანი სახელმწიფოს ჩამოსაყალიბებლად. დღეს კი ინტერნაციონალური მაარიფის სკოლის მეშვეობით შესაძლებელია, თანასწორუფლებიან გარემოში მიიღონ განათლება განსხვავებული წარმომავლობის ადამიანებმა, პატივი სცენ ერთმანეთის კულტურას, ტრადიციებს, რელიგიას და შეხედულებებს. სწორედ, ასეთი დამოკიდებულებითაა შესაძლებელი, ახალი და მოაზროვნე თაობის ჩამოყალიბება, რომელიც თავის სიტყვას იტყვის საქართველოს ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური განვითარების თვალსაზრისით, ეს თითოეულის მოქალაქეობრივი ვალია.


პიროვნული თავისუფლება, თანასწორი შესაძლებლობები და შემწყნარებლური დამოკიდებულება არის ის ასპექტები, რასაც სკოლაში შესვლის წუთიდან შეამჩნევთ თითოეულ ადამიანში. მხოლოდ და მხოლოდ ასეთ ადამიანებს ძალუძთ შექმნან კეთილშობილი და სწორი მიზნებით აღჭურვილი საზოგადოება. სკოლაში, ერთ საყოველთაო სივრცეში შეამჩნევთ სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე სხვადასხვა ასაკის ადამიანებს, როგორც მოსწავლეებს, ისე სკოლის ძირითად პერსონალსა და პედაგოგებს. უფრო მოკლედ, რომ ვთქვათ, ეს ერთი დიდი გუნდია, ერთი დიდი და კეთილშობილი მიზნის გარშემო შეკრებილი. გუნდის თითოეული წევრი ჩართულია სკოლის სწორი მიმართულებით განვითარების საქმეში. თითოეული პედაგოგი, თავისი შეხედულებებისა და იდეოლოგიის მიუხედავად ისმენს, იაზრებს და ტოლერანტურად უყურებს განსხვავებულ აზრს, სიტყვასა თუ ქცევას, რაც სწორედ პიროვნული თავისუფლების გარანტია და სწორედ ასეთ საზოგადოებაში აღზრდილი ბავშვი შეძლებს უკეთესი მომავლის შექმნას არა მხოლოდ საკუთარი ოჯახისათვის, არამედ სახელმწიფოსათვის.

ჩემი თვალით დანახული მაარიფის სკოლა გლობუსს ჰგავს, სხვადასხვა კლიმატური სარტყელებით და გეოგრაფიული ობიექტებით შემოსაზღვრულს, რომლის შესწავლა და გააზრება ერთი მხრივ ძალიან რთულია, თუმცა თუ გულისყურით და დაკვირვებით გააანალიზებთ თითოეულ ობიექტს მასზე, აუცილებლად კანონზომიერებასაც დაინახავთ და გამოქვაბულის ბოლოს სინათლეც გამოჩნდება. დღევანდელი მაარიფის სკოლაც ასეთია, დასაწყის ეტაპებზე ყველასთვის რთული აღმოჩნდა ახალ სივრცეში მოხვედრა, ახალი გამოწვევებით სავსე გარემოში, თუმცა სამუშაო პროცესში სულ უფრო ნათელი ხდება მიზნები და შესაბამისად, მარტივად გასავლელი ის გზები, რომლებსაც ჩვენი მიზნებისაკენ მივყავართ.

0
20
1-ს მოსწონს
ავტორი:ქრისტინე ქაფიანიძე
ქრისტინე ქაფიანიძე
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0