x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134585
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508658
ვწუხვარ, რომ გულს დაგწყვეტთ, მაგრამ უნდა დაგწყვიტოთ!

image

მზა რეცეპტების მაძიებლებს გული უნდა დაგწყვიტოთ, რომ სტივს ჯობსის ცხოვრების წესების განუწყვეტელი გადაზიარება ვერანაირად ვერ დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში, ცხოვრების დალაგებაში.ინტერნენ სივრცეში პოპულარულია გამოჩენილი ადამიანების ცხოვრების წესების შესახებ ნაგლეჯი ინფორმაციები. კი, გეთანხმებით, რომ ძალიან საინტერესოა, მაგალითად, როგორ მუშაობდა ჩერჩილი, როგორ იწყებდა დღეს შანელი, რომელ საათზე იძინებდა ფუკო, მაგრამ იმავე რიტუალების დაცვით ანალოგიური წარმატების მიღწევაზე ოცნება აბსურდად მიმაჩნია. ადამიანის აზროვნების მთავარი პრობლემა მთლიანი ნარატივის დამახინჯება, მოკლე სიუჟეტებად ისტორიის დანაწევრება და გამარტივებაა.


ჯობსი ახალგაზრდობაში ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა და მხოლოდ აუცილებელი საგნებით კმაყოფილდებოდა. ჰოდა, IT-ის სპეციალისტებს დააკვირდით, როგორ ბაძავენ მის მკაცრად მინიმალისტურ სტილს. ცუდი არ მგონია, პატივს სცემდე შენს პროფესიაში გამოჩენილ ადამიანებს, რადგან ბევრისთვის ისინი შთაგონების წყაროდაც შეიძლება იქცნენ, მაგრამ მაგ გამოჩენილი ადამიანების წარმატება-წარუმატებლობით, დაცემა-წამოდგომა-დაცემა-წამოდგომით დახუნძლული ცხოვრების ასეთი გამარტივება და ფორმულების დაკოპირება ვერც სტივ ჯობსად გაქცევთ, ვერც ბალზაკად და ვერც პეტრე პირველად

სულელი და გამოთაყვანებული ხალხის მოსაზიდად და ფულის საკეთებლად მშვენიერი იდეაა წერო წიგნები და სტატიები: როგორ გახდე მილიონერი, როგორ გახდე წარმატებული, როგორ დაწინაურდე, როგორ მოიპოვოთ მეგობრები (ამ დროს კარნეგს მარტოობაში ამოძრვა სული), როგორ ვიქცეთ ამად, როგორ ვიქცეთ იმად.... უამრავი წიგნია, სადაც ცნობილი ადამიანების ცხოვრებიდან ამოგლეჯილი მომენტებით მკითხველს არწმუნებენ, რომ სწორედ მათ მიერ წარმოდგენილ სიუჟეტებშია წარმატების სიდუმლო. წვალობენ ავტორები, რადგან ასეთი წიგნები ყველაზე სარფიანად იყიდება ალალ გამოშტერებულებზე


ე.წ."წარმატების საიდუმლოებები" ქმნიან მითებს ქცევის განსაზღვრული მოდელის შესახებ და ყველაზე ცუდი, იცით, რა არის? იდეალიზებული ადამიანის ქცევის კოპირებას რომ ახდენთ, ამით საკუთარ ტემპერამენტს თრგუნავთ, რომელიც შეიძლება ზუსტად თქვენი წარმატების ფორმულად იქცეს. აღარ სჭირდება სამყაროს მარკ ცუკენბერგი და სტივ ჯობსი! სამყაროს ახალი იდეები და მიდგომები სჭირდება, რომელიც საკუთარი "მეს" პოვნით იწყება და არა მიბაძვით, არა სხვისი ცხოვრების დასწავლით, სხვისი ნაფიქრის გადმოშუშვით!


არაა ცხოვრება მასეთი მარტივი, რომ სხვისი ცხოვრების რაღაც ეპიზოდი აიღო და საკუთარ სავალ გზას სთხლიშო. ცხოვრება რთული რამაა, წარმატებისკენ გზა კი - დახლართული ბნელი ლაბირინთი, ინდივიდუალური მოცემულობებით, განსხვავებული ფაქტორების განსხვავებული ნაკრებით, სხვადასხვაგვარი ადამიანების გარემოცვით და ეს ლაბირინთი ხელებცეცებით თვითონ უნდა გაიარო. კანონიერი გზებით 2 ვარიანტია : ან გახვალ ნათელში, ან არა. ყველა ვარიანტში რომ შუქზე გახვიდე და ლაბირინთში სამუდამო ჩარჩენა გამორიცხო, მაგისთვის ისეთი საშუალებებია საჭირო, მიზანი რომ გაამართლებს მერე და რასაც ღიად მაინც არცერთი წარმატებული პერსონა არ და ვერ აღიარებს ხმამაღლა... სიმართლეს არავინ და ვერავინ გეტყვით... ბოთლების ჩაბარებით ან აკუმულატორების შეკეთებით დავიწყე დიდი აღმასვლაო, მოგატყუებენ... ამაშია საქმე!


და მაინც : თუკი ბუნებაში ორ აბსოლუტურად იდენტურ ადამიანს ვერ იპოვი და თუკი იდენტურ ტყუპებსაც სხვადასხვა გარემოში აბსოლუტურად განსხვავებული აზროვნება და ქცევები უყალიბდებათ, დაანებეთ სხვების რეცეპტებს და ფორმულებს თავი - საკუთარ სახელსა და გვარს ჩაეჭიდეთ, საკუთარ თავებს ჩაუღრმავდით. მერწმუნეთ, მანდ, მაგ იგნორირებული გონების წიაღში უამრავ ისეთ მარცვალს იპოვით, რამაც ჯობსზე მეტი წარმატება შეიძლება მოგიტანოთ!

0
61
3-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0