x
მრავალფეროვნება და ინდივიდუალური განსხვავებები თამაშში - გენდერული განსხვავებები
image

ბავშვები აქტიური მოთამაშეები არიან მაგრამ თამაში ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს სამი ზოგადი ფაქტორის გამო ასრულებს:

1. თამაში არის ჩვენი კრეატიულობისა და ღიაობის განვითარებისა და შენარჩუნების ერთგვარი საშუალება; 2. თამაში არის თვითგამორკვევისა და ჩვენი ინდივიდუალურობის გამოხატვის გზა;

3. თამაში არის ქცევა, რომელიც ერთად მოგვიყრის თავს, როგორც სოციალურ არსებებს.


ბავშვების თამაშის გასაანალიზებლად სამი ძირითადი ანალიტიკური მიდგომა თუ ხედვა არსებობს:

1.ერთ-ერთი მიდგომა ძირითად ბიოლოგიურ ასპექტებზე - ევოლუციაზე, ადაპტაციასა და ბიოლოგიურ მექანიზმებსა თუ პროცესებზეა ფოკუსირებული, რაც ისეთ ფაქტორებში ვლინდება, როგორებიცაა სხვადასხვა ასაკში სხეულის ზრდა და მოტორული და კოგნიტიური უნარები. ამ მიდგომის გამოყენებისას ყურადღება იმაზეა გადატანილი, თუ რა ზეგავლენას ახდენენ თამაშზე სხვადასხვა ფიზიკური ნიშნები: სქესთან შეჭიდული გენები, ქრომოსომები და პრენატალური ჰორმონული მდგომარეობა და როგორ ზემოქმედებენ ან ასუსტებენ გარემო ფაქტორები გენების გამოხატულებას.

2.თამაშის ახსნა ალტერნატიულად შეგვიძლია ვცადოთ უშუალოდ კულტურული თუ გარემო ფაქტორების გათვალისწინებით. ეს მიდგომა ბავშვების თამაშზე გარემოს ზემოქმედებასა და სოციალიზაციის ფაქტორის როლზეა კონცენტრირებული. განვითარების პროცესში მყოფი ბავშვის მიერ სოციალური გამოცდილების შეძენის პროცესში კულტურული და ფსიქოლოგიური მომენტები ერთმანეთშია გადახლართული.

3.მესამე მიდგომა პიროვნებაზეა ფოკუსირებული და იმ გარემოებას ეფუძნება, რომ თამაშთან დაკავშირებული ფიქრების, გრძნობების და ქმედებების გენერირებას სწორედ პიროვნებები ახდენენ და რომ თამაშს სწორედ ისინი აღიქვამენ. ბავშვები აქტიური აგენტები არიან, რომლებიც თამაშის საკუთარ უნიკალურ იდეებს, ტენდენციებსა და ქცევებს ქმნიან.

სამივე ხედვა ურთიერთდაკავშირებულია და თამაშის ფენომენის შესასწავლად თითოეული მათგანის გაანალიზება სასარგებლო იქნება. ბავშვების თამაშს მათი განვითარების სტატუსი თუ მოწიფულობის დონე და ზრდის ტრაექტორია - ანუ „მომავლის ზეწოლა“ განსაზღვრავს. თამაში ასევე შეიძლება დავუკავშიროთ უშუალო გარემოს, კონტექსტს, რომელშიც ბავშვები თამაშობენ - „აწმყო დროის ზეწოლას“. დაბოლოს, თამაში ასევე უკავშირდება იმ წარსულ გამოცდილებას, რომლითაც ბაშვები ავსებენ თამაშის პიროვნულ მიდრეკილებებს - „წარსულის ზეწოლას“.

გენდერული განსხვავებები

image

დავუშვათ, რომ გვთხოვეს ვიწინასწარმეტყველოთ კონკრეტული ბავშვის შესაძლო ქცევა თამაშის დროს, რომელიმე შემთხვევით აღებულ სიტუაციაში მაშინ როცა სხვა არაფერი ვიცით ამ ბავშვის შესახებ. თუ გვექნებოდა მხოლოდ 2 შეკითხვის დასმის შესაძლებლობა, საინტერესოა, რა იქნებოდა ეს? ბავშვის სქესის ცოდნა ასაკის შემდგომ ყველაზე სასარგებლო იქნებოდა, ალბათ, ვიდრე ნებისმიერი კულტურა, სოციალური კლასი, ოჯახის სტრუქტურა თუ სხვა... განვითარების ასაკის შემდეგ, ბავშვის სქესი, სავარაუდოდ, ყველაზე მეტად განაპირობებს მის რეაქციას რომელიმე შემთხვევით აღებულ სიტუაციაში. მთელი ცხოვრების განმავლობაში, ადამიანის ზოგადი ქცევა ყველაზე მეტად მისი ასაკითა და სქესით არის განპირობებული და არა სხვა პიროვნული თვისებებით.

გენდერი სოციალური მარკერია და ინდივიდუალური განსხვავების აღმნიშვნელი გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ცვლადი, რომელსაც ჩვენი ცხოვრების განმავლობაში ქცევისა და ფიქრის, მათ შორის თამაშის მრავალფეროვნების განსაზღვრაში, უდიდესი წილი მიუძღვის. გენდერი, როგორც ინდივიდუალური განსხვავებების გამომხატველი ცვლადი, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ბავშვების თამაშისა და მასში მოზრდილების როლის შესასწავლად შექმნილ თეორიებში.

ახლა კი განვიხილოთ გენდერული განსხვავებები სხვადასხვა თამაშის თვალსაზრისით, მაგალითად, ფიზიკური და მოტორული თამაშის და მოძრაობის, სათამაშო სივრცის გამოყენების, სოციალური თამაშის განვითარების და სოციალურ ჯგუფებში თამაშის, საგნობრივ-მატერიალური თამაშის, სათამაშოების არჩევის და წარმოსახვითი თამაშის ხარისხის თვალსაზრისით.


ფიზიკური და მოტორული თამაში


ფიზიკური თუ მოტორული თამაში განისაზღვრება, როგორც თამაშის პროცესში მსხვილი და წვრილი კუნთების მოძრაობა ან სხეულის ნაწილების გამოყენება. ამ ტიპის თამაში საგანზე ფოკუსირებული არ არის. თუმცა ფიზიკური თამაშისთვის ხშირად გამოიყენება ისეთი სათამაშო მოწყობილობა, როგორიცაა, მაგალითად, დიდი ზომის სპეციალური საგებები, ასაძრომი კონსტრუქციები ან ბატუტები. შესაძლებელია ასევე გარემოს ბუნებრივი კომპონენტების გამოყენებაც. მაგალითად, ბავშვებმა შეიძლება მოჭრილ მორზე იარონ, მინდორზე იხტუნონ ან ძირს დავარდნენ და გორაკის დაღმართზე დაგორდნენ.

გენდერული განსხვავებები დაახლოებით ოთხი-ხუთი წლის ასაკის ბავშვთა ფიზიკურ აქტივობებში ჩნდება (Fagot & O’Brien, 1994). როგორც კი ამ ასაკს მიაღწევენ, ბიჭები უფრო აქტიურები და მოუთოკავები ხდებიან, ვიდრე გოგონები. მაგალითად, როდესაც მასწავლებელი პატარა ბავშვებს სთხოვს დასხდნენ და ხატონ, გოგონები უმეტესწილად მზადყოფნას გამოხატავენ ამ აქტივობის შესასრულებლად და მართლაც სხდებიან და ჩუმად იწყებენ ხატვას ან გაფერადებას. ბავშვების რეაქცია თხოვნაზე, „დასხედით და ხატეთ“, შემდეგნაირად არის აღწერილი: „ბიჭები ვულკანების და ვარსკვლავური ომების ამსახველ სურათებს ხატავენ და ისე ახმოვანებენ მათ, თითქოს თვითონაც დახატული სცენის მონაწილეები იყვნენ“ (Paley, 1984, გვ. 5).

ჰოლმსი (1992) დააკვირდა საშუალო კლასის ოჯახების ბავშვებისთვის განკუთვნილი საბავშვო ბაღის ჯგუფს სადილის დროს. ჯგუფი ათი ბიჭისა და თერთმეტი გოგოსგან შედგებოდა. ჰოლმსმა აღმოაჩინა, რომ ჭამის დროს როლების განსახიერება და ანეკდოტების მოყოლა ორივე სქესის ბავშვებისთვის იყო დამახასიათებელი, მაგრამ მხოლოდ ბიჭები ცელქობდნენ (მაგალითად, ტაბუდადებულ იუმორს იყენებდნენ) და უხეშად ხუმრობდნენ (სხვა ბავშვს სკამს აცლიდნენ ან რძეს პარავდნენ). ამას არცერთი გოგო არ აკეთებდა.

imageimageimage
სათამაშო სივრცის გამოყენება

ბიჭები და გოგონები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავებულ აქტივობებსა და სათამაშო გარემოს ირჩევენ; ბიჭებს ღია ცის ქვეშ თამაში ურჩევნიათ, გოგონებს კი პირიქით - შენობაში თამაში (Cunningham et al., 1994). საინტერესოა ის ფაქტი, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა, რა ეცვათ გოგონებს, კაბა თუ ჯინსები. გოგონების ქცევაზე ეს არ აისახებოდა. ბიჭები უმეტესად ღია ცის ქვეშ და ქვიშაში, ასაძრომ კონსტრუქციებზე, ტრაქტორზე და ინსტრუმენტების საწყობთან ახლოს თამაშობდნენ, გოგონები კი შენობაში, ხელსაქმის მაგიდებთან ან სამზარეულოში.

image


უხეში თამაში წესების გარეშე.

ფიზიკური თამაშის ყველაზე გავრცელებული ფორმა, რომელიც ადრეული ბავშვობის წლებში ვლინდება, მთელი ბავშვობის განმავლობაში გრძელდება და გენდერულ განსხვავებებს უკავშირდება, არის უხეში თამაში წესების გარეშე - „მოჩვენებითი ჩხუბი“ ან ჩხუბის იმიტაცია . წესების გარეშე უხეში თამაშისას გამოვლენილი ქცევების მაგალითებია დაჭერა, გადევნება და გაქცევა, ხელის კვრა, კრივის იმიტაცია, თავის მოკატუნება, უკნიდან ფეხის ჩარტმა, მოწინააღმდეგის ფეხებში დაჭერა და ასაძრომი კონსტრუქციიდან ჩამოთრევა. ჩხუბის იმიტაცია ბიჭებისთვის უფრო მეტად არის დამახასიათებელი, ვიდრე გოგონებისთვის. თანაც, მხატვრული ნაწარმოებების ან ფილმების გმირების წარმოსახვისას ბიჭები ხშირად დასდევენ ერთმანეთს, ჭიდაობენ და ჩხუბობენ (ეს სუპერგმირის თამაშის დროსაც ვლინდება).

image

რეალური აგრესია.

პატარა ბავშვების ქცევის შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ბიჭებისა და გოგონების მიერ გამოვლენილი რეალური აგრესიის ტიპები განსხვავებულია. ზოგადად, ბიჭები უფრო მეტად ავლენენ „ინსტრუმენტულ აგრესიას“ (მაგ.: დარტყმა, ჩაჭერა/ჩაბღაუჭება, ხელის კვრა ან ფიზიკური ძალის სხვაგვარად გამოყენება სასურველი საგნის, ტერიტორიის, თუ პრივილეგიის მოსაპოვებლად, სოციალური კონფლიქტების დროს). გოგონების შემთხვევაში ჭარბობს „ურთიერთობითი აგრესიის“ ფორმები (ე.ი. არაპირდაპირი თუ სიტყვიერი აგრესია ან არაპირდაპირი „ბულინგი“, როგორიცაა მაგალითად, განდევნა, შეთანხმების მოშლა, ჭორაობა და სხვა ქცევები, რომლებიც მიზნად ისახავს ზიანის მიყენებას მოწინააღმდეგის ურთიერთობებისთვის თანატოლებთან). ორივე ტიპის აგრესია თანატოლების უარყოფის და მიუღებლობის მაღალ დონეს უკავშირდება და ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს რეალურ აგრესიასთან და არა „მოჩვენებით ჩხუბთან“.

imageimageimageimage

სოციალური თამაშის განვითარება და თანამოთამაშეების შერჩევა

ზოგადად, კომუნიკაციის თავისებურებების თვალსაზრისით, ბიჭებისა და გოგონების თამაშები ერთმანეთისაგან დიდად არ განსხვავდება. პატარა ბავშვების სოციალური თამაშის მკვლევრები იზიარებენ მოსაზრებას, რომ რომ ერთი და იგივე სქესის ბავშვები ერთად უფრო ხშირად თამაშობენ და უკეთ ეთავსებიან ერთმანეთს, ვიდრე საპირისპირო სქესის ბავშვები. სკოლამდელი ასაკის ბავშვები საკმაოდ დიდ დროს ატარებენ საპირისპირო სქესის მოთამაშეებთან, მაგრამ ეს, როგორც წესი, იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც ამ ურთიერთობაში მათივე სქესის სხვა წარმომადგენელიც მონაწილეობს.

თამაშში გენდერული სეგრეგაცია ადრეულ წლებში იწყება; გოგონები, ბიჭებთან შედარებით, უფრო ადრეულ ასაკში იწყებენ თავიანთი სქესის მოთამაშეებისთვის უპირატესობის მინიჭებას. თუმცა, საინტერესოა რატომ ურჩევნიათ პატარა ბავშვებს თავიანთი სქესის მოთამაშეებთან ურთიერთობა? - ამ შეკითხვამ მეცნიერები და განათლების სფეროში მომუშავე სპეციალისტები დააინტერესა.

imageimage

კოგნიტური კონსონანსის (ჰარმონიულობის) თეორია ამტკიცებს, რომ ჩვენი მენტალური მოდელებისა და კოგნიტიური რწმენების შესაბამის გამოცდილებასა და მტკიცებულებებს ვეძებთ. ამ თეორიის მიხედვით, ბავშვები ჯერ საკუთარ პიროვნებას შეისწავლიან და თავს მამაკაცად ან ქალად გაიცნობიერებენ. იმის გამო, რომ ყველაფერი რაც მათ სქესთან ასოცირდება, ბავშვებისთვის ღირებულია, ისინი თავის მსგავს პარტნიორებს ეძებენ.

გენდერული სეგრეგაცია შეიძლება სათამაშოებისა და აქტივობების არჩევანითაც აიხსნას. ამას გენდერული ნიშნით სათამაშოების არჩევის თეორიას უწოდებენ. ბავშვები იმ სათამაშოებით თამაშობენ, რომლებიც მოსწონთ. ორი წლის ასაკშიც კი ბავშვები მათი სქესისთვის ტიპურ სათამაშოებს ირჩევენ. ამ სასურველი სათამაშოების წყალობით ბავშვები იმ თანატოლებს ეკონტაქტებიან, რომლებსაც იგივე სათამაშოები და აქტივობები მოსწონთ და შესაბამისად, იმავე სქესის წარმომადგენლები არიან.

თამაშში გენდერული სეგრეგაციის წარმოშობის მესამე ახსნაც არსებობს, რაც ბიჰევიორისტული თავსებადობის თეორიის სახელით არის ცნობილი. ურთიერთობის საპირისპირო ქცევითი და სოციალური სტილი ადრეული ასაკის ბავშვების სოციალური თამაშის გენდერულ განსხვავებებს განაპირობებს. მაგალითად, ზოგიერთ გოგონას შეიძლება არ მოსწონდეს კლასში მეტისმეტად თვითდაჯერებული და აგრესიული ქცევა და აქედან გამომდინარე, თავი აარიდოს ბიჭებთან თამაშს (თუ იქ მედიატორის როლის შემსრულებელი მასწავლებელი არ არის, როგორც ეს ჩვეულებრივ კონსტრუქციული თამაშის დროს ხდება ხოლმე). ბავშვებს ის ბავშვები იზიდავენ, რომლებსაც თამაშისა და სოციალური ინტერაქციის იგივე სტილი აქვთ და ისინი თავს უფრო კომფორტულად იმ თანატოლებთან გრძნობენ, რომლებიც მათთვის ნაცნობ ქცევებს ასრულებენ და რომლებზეც მათ უფრო ადვილად შეუძლიათ რეაგირება. შეთავსებად მოთამაშეებს ორმხრივ დამაკმაყოფილებელი ურთიერთობების აგება უფრო ადვილად შეუძლიათ.

რაც შეეხება კომუნიკაციისა და ინტერაქციის სტილებს, ბიჭები უფრო მეტად გამოირჩევიან იმით, რომ აგრესიული, პირდაპირი, ფიზიკური გზით ცდილობენ მიზნის მიღწევას თამაშის პროცესში და მათი უპირველესი საზრუნავი პირველობის საკითხის გადაჭრაა; მაშინ როცა გოგონები უფრო მეტად ვერბალურ მეთოდებს და პროსოციალურ ქცევას ამჟღავნებენ. ისინი ცდილობენ სხვებთან ურთიერთობისას კარგები და ზრდილობიანები გამოჩნდნენ. გოგონები კომუნიკაციის ისეთ ფორმებს იყენებენ, რომლებიც ჯგუფში ჰარმონიული ურთიერთობების მიღწევას ემსახურება.

გუნდური ან ჯგუფური აქტივობებზე იმის თქმა შეგვიძლია, რომ ადრეულ ასაკში, საწყის ეტაპზე ბიჭები და გოგონები თამაშებისა და ჯგუფური აქტივობების მიმართ ერთნაირ ინტერესს ამჟღავნებენ და მათში თანაბრად მონაწილეობენ. ასაკის მატებასთან ერთად, თავს იჩენს აშკარა გენდერული განსხვავებები. გოგონებთან შედარებით ბიჭები დიდ ჯგუფებში შეჯიბრებებს მეტ უპირატესობას ანიჭებენ. გოგონები უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს მცირე ზომის ჯგუფებში ან წყვილში, საუკეთესო მეგობართან ერთად. მათ ისევე აწუხებთ სამართლიანობის დაცვის პრინციპი, როგორც ბიჭებს და კონფლიქტებშიც ისეთივე სიხშირით ერთვებიან, როგორც ბიჭები. თუმცა, გოგონები უფრო სუბიექტურები ჩანან და სოციალურ ურთიერთობებს მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ, მაშინ როცა ბიჭებს ორიენტაცია თვით აქტივობაზე აქვთ აღებული. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბიჭებისა და გოგონების სოციალურ თამაშსა და კომუნიკაბელურობას შორის მნიშვნელოვანი გენდერული განსხვავებების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები ძალიან მწირია.

საგნებით თამაში

ბიჭებისა და გოგონების სათამაშოების ტიპები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ბიჭებს ურჩევნიათ ითამაშონ იატაკზე, გასწიონ და გამოსწიონ სათამაშოები, კუბურები ან საბურავებიანი მექანიზმები; გოგონებს მოსწონთ მაგიდის თამაშები, გაფერადება, თავსატეხების ამოხსნა ან თოჯინებით თამაში (Wardle, 1991). ბავშვების მიერ სათამაშოების გამოყენება დამოკიდებულია მათ სქესზე. გოგონებს კონსტრუქციული თამაში იზიდავთ, მაშინ როცა ბიჭები უფრო მეტად ინტერესდებიან ფუნქციონალური თამაშით.

imageimage

ჩვენს საზოგადოებაში და მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში სათამაშოები გენდერული ნიშნით დაიყოფა. მასალებისა და აქტივობების სტერეოტიპული დიფერენციაცია გენდერული ნიშნით ჯერ კიდევ თორმეტი თვის ასაკში იწყება და ნაწილობრივ ამით არის გამოწვეული ის, რომ პატარა ბიჭები და გოგონები უკვე სამი წლის ასაკში დარწმუნებით ანიჭებენ უპირატესობას ამა თუ იმ სათამაშოს (Sutton-Smith, 1979b). გოგონებს თოჯინებითა და სახატავი მასალებით უფრო ხშირად და დიდხანს თამაში ურჩევნიათ; ბიჭები კი კუბურებითა და საბურავებიანი მანქანებით თამაშს ამჯობინებენ.

რა არის გენდერული ასიმეტრია?

თუ გოგონები ე.წ. „ბიჭების სათამაშოებსა“ და „გოგონების სათამაშოებს“ იყენებენ, ბიჭები ცდილობენ თავი შეიკავონ ამა თუ იმ, ე.წ. „გოგონების სათამაშოსაგან“, მაგალითად, თოჯინებისაგან. პოლიშტამ და სხვა მეცნიერებმა (1993) შეისწავლეს ბავშვები, რომლებსაც უკვე სამი წელი უსრულდებოდათ. ისინი თამაშობდნენ ბიჭური (მაგ.: მანქანები, ბურთები, „ფიშერ პრაისის“ (ამერიკული ბრენდი) სათამაშოები) და გოგონების (მაგ.: თოჯინები, ჩასაცმელები, სახატავი მასალები) სათამაშოებით. ბიჭური სათამაშოებისადმი გოგონების ინტერესი არასტაბილური იყო, ბიჭები კი სტაბილურად ანიჭებდნენ უპირატესობას ბიჭურ სათამაშოებს.

imageimage

სიმბოლურ-წარმოსახვითი თამაში

კვლევამ დაადასტურა, რომ ადრეულ ასაკში ბიჭები და გოგონები წარმოსახვითი თამაშის ეპიზოდების ჯამური ოდენობით თუ წარმოსახვის უნარის ზოგადი დონით, ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან.

საგნების ტრანსფორმაცია - წარმოსახვით თამაშში ხშირად გამოიყენება რეალისტური ან რეპრეზენტაციული სათამაშოები: თოჯინები, ფერმის მინიატურული ცხოველები, სათამაშო ჯარისკაცები ან სათამაშო სუპერგმირები (ტრანსფორმაცია მოდელების მეშვეობით). ზოგჯერ ბავშვები ისეთი რეკვიზიტებით თამაშობენ, რომლებიც ნაკლებად ჰგავს წარმოსახვით საგნებს; მაგალითად, დიდი ზომის მართკუთხა კუბი შეიძლება ტელევიზორის წარმოსახვისთვის გამოიყენებოდეს (ტრანსფორმაცია შემცვლელი საგნებით). ზოგჯერ ბავშვები კონკრეტული საგნის ან საერთოდ, თამაშის რეკვიზიტის გარეშე თამაშობენ და წარმოსახვითი ეპიზოდების გასათამაშებლად სიტყვიერად აღწერილ და გონებაში შექმნილ წარმოდგენებს ეყრდნობიან (ტრანსფორმაცია წარმოსახვითი საგნებით). ზოგიერთი ლაბორატორიული კვლევით დადასტურდა, რომ საგნების ტრანსფორმაციის უნარი სკოლამდელი ასაკის გოგონებში უკეთესად იყო გამოხატული, ვიდრე ბიჭებში. საგნების წარმოსახვასთან დაკავშირებული უნარები გოგონებს ბიჭებზე უკეთესად აქვთ განვითარებული. შედარებით პატარა სკოლამდელი ასაკის ბავშვების შემთხვევაში ამის მიზეზი გოგონების სწრაფი ლინგვისტური და შემეცნებითი განვითარებაა. უფრო მოზრდილი სკოლამდელი ასაკისა და საბავშვო ბაღის აღსაზრდელებში წარმოსახვითი თამაშის მხრივ არსებული განსხვავებები უმეტესწილად მათ არჩევანს უკავშირდება, ვიდრე შემეცნებით მოწიფულობას. თამაშის ტრანსფორმაციის მხრივ არცერთი სქესი არ ლიდერობს. გოგონებსაც და ბიჭებსაც ერთნაირი სიმბოლურ-რეპრეზენტაციული უნარები აქვთ.

როლების შესრულება და თამაშის თემები - კვლევის ფარგლებში დადგენილი ფაქტები იმაზე მიუთითებენ, რომ წარმოსახვითი თამაშის მსვლელობისას გოგონებს უმეტესწილად სახლთან დაკავშირებული ინტერესები აქვთ. ამაში მოიაზრება თოჯინები, ტანისამოსი და საოჯახო ნივთები, მაშინ როცა ბიჭებს საშიში თემები და სიუჟეტები იტაცებთ და უფრო მეტად მანქანებსა და იარაღს იყენებენ. გოგონებს ოჯახის წევრების როლების განსახიერება მოსწონთ და ყოველდღიურ გამოცდილებაზე აგებულ თემებს ირჩევენ; ბიჭებს კი სათავგადასავლო თემები და სუპერგმირის როლების შესრულება ურჩევნიათ. წარმოსახვითი თამაშების დროს ისინი ფიზიკურად უფრო აქტიურები არიან. გოგონები ყველა ბავშვისათვის ნაცნობ თემებსა და როლებს ირჩევენ.

გოგონების წარმოსახვითი თამაშის თემები და შინაარსი ისევ მათ ძირითად საფიქრალს და ინტერესებს - სხვებისადმი მზრუნველობის გამოვლენას და ურთიერთობების ჩამოყალიბებას უკავშირდება, ხოლო ბიჭების თამაშის თემები და შინაარსი კვლავ დამოუკიდებლობისა და ძალაუფლებისკენ სწრაფვას ასახავს.

image

წარმოსახვითი კომპანიონები - წარმოსახვითი კომპანიონების (წარმოსახვითი მოთამაშეების) ფენომენი „მარტო თამაშის“ არასწორი ინტერპრეტაციაა. პარტინგტონმა და გრანტმა (1984) აღმოაჩინეს, რომ წარმოსახვითი მოთამაშეები უმეტესწილად სამიდან ექვს წლამდე ასაკის ბავშვებს ჰყავთ და რომ ეს გოგონებისთვის მეტად არის დამახასიათებელი, ვიდრე ბიჭებისთვის. ნახევარზე მეტ შემთხვევაში ბავშვები მათივე ასაკისა და სქესის წარმოსახვით კომპანიონებს იგონებენ. ბავშვები, რომლებსაც ამგვარი წარმოსახვითი მეგობრები ჰყავთ, უფრო გამჭრიახები არიან და უფრო სტაბილურ და შემოქმედებით ქცევას ამჟღავნებენ.

წარმოსახვითი თამაშების დროს ბიჭები თანამოთამაშეებად უფრო ხშირად ცხოველებს იგონებდნენ, გოგონების წარმოსახვითი კომპანიონები კი ძალიან დიდი ალბათობით მამრობითი სქესისანი იყვნენ. საპირისპირო სქესის წარმოსახვითი კომპანიონები ბიჭების მხოლოდ 13%-ს ჰყავდა; გოგონებში ამ მაჩვენებელმა 42%-ს მიაღწია. შემთხვევების ერთ მესამედში, ბავშვები წარმოსახვით კომპანიონებს რეალური პიროვნებების, მეგობრების სახელებსაც კი არქმევდნენ. ზოგჯერ წარმოსახვითი მეგობრები მედიიდან იყვნენ გადმოტანილნი.

თუ ადრეულ ასაკში ბავშვებს რეალურ ბავშვებთან თამაშის დროს როლების განსახიერება და წესების შესრულება უძნელდებათ, ამ ღირებული გამოცდილების შეძენა და უნარების გამომუშავება მათ იმ გამოგონილ მოთამაშეებთან შეუძლიათ, რომლებსაც თავად აკონტროლებენ. საწყის საფეხურებზე წარმოსახვითი მოთამაშეების ყოლა არც დადებით, არც უარყოფით ნიშნად არ ითვლება, თუ შესაბამისი მტკიცებულებები ემოციურ სირთულეზე არ მიგვანიშნებენ. ამის განზოგადება ყველა კულტურული და რასობრივი ჯგუფისათვის შესაძლოა მართებული არ იყოს.

წარმოსახვითი თამაშის შინაარსში კი, ვლინდება ბავშვის მცდელობა, გაუმკლავდეს იმ გენდერულად განსხვავებულ გრძნობებს, რომელსაც ერთი მხრივ საზოგადოებაში გაერთიანების, ხოლო მეორე მხრივ საკუთარი ძალის დემონსტრირებისა და თვითდამკვიდრების აუცილებლობებს შორის კონფლიქტი იწვევს.

თამაშის თემები, მაგალითად, ომი (პირველყოფილი მამაკაცური ნატურის (მამაკაცის) შფოთვა) და ბავშვების ყოლა (პირველყოფილი ქალური ნატურის შფოთვა), შეიძლება იმ პოლარული განსხვავებებით იყოს გამოწვეული, რომლებიც ადამიანის (როგორც დედამიწაზე მცხოვრები ერთ-ერთი სახეობის) ფსიქიკაში შესაძლოა წარსულ საუკუნეებში იყოს ჩაბეჭდილი. როგორც არ უნდა იყოს, ცხოვრების განმავლობაში, ადამიანები, როგორც ჩანს, მუდმივად ცდილობენ საკუთარი თავის, როგორც სუბიექტის იდენტიფიკაციისა და საზოგადოებაში გაწევრიანების მოთხოვნილებების დაბალანსებას, როგორც ინდივიდუალურ დონეზე (შინაგანად), წარმოსახვაში, ისე საჯაროდ (სხვებთან ერთად), რეალური ამოცანების შესრულებისა და პრობლემების დაძლევის გზით. ეს ამოცანები იმის მაჩვენებელიც არის, თუ რას ნიშნავს, იყო გოგონა და რას ნიშნავს, იყო ბიჭი გარკვეულ კონკრეტულ საზოგადოებაში/კულტურაში. ბალანსის მისაღწევად გამოვლენილი ამ მისწრაფებების წინაპირობები შესაძლოა მზარდი ტენდენციით შევნიშნოთ მოზარდი ბიჭებისა და გოგონების თამაშსა და მონაყოლ ისტორიებში.

image





0
15
1-ს მოსწონს
ავტორი:ნოზაძე ანი
ნოზაძე ანი
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0