x
ორაზროვანი დანაკარგის დროს ცხოვრების საზრისის ძიება
image

საზრისის ძიება - რას ნიშნავს საზრისი? ეს მოვლენის ან სიტუაციის მნიშვნელობის გაგებას, მათში აზრის დანახვას ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ ინდივიდს, საბოლოო ჯამში, შეუძლია მომხდარში გარკვეული ლოგიკის, თანმიმდევრულობის ან რაციონალური მარცვლის დანახვა.

საზრისის გარეშე ადამიანებს რეალურად ვერ ეცოდინებათ, რა პრობლემასთან აქვთ საქმე.

ორაზროვანი დანაკარგის შემთხვევაში პრობლემას ორაზროვნება ეწოდება. ის ბლოკავს კოგნიციას და ბოჭავს დაძლევის პროცესს. ადამიანებს, გასაგები მიზეზების გამო, უჭირთ საკუთარ გამოცდილებასა და ორაზროვნების განცდაში აზრის დანახვა. აზრს მოკლებული მოქმედებები მექანიკურია, ცხოვრება — უფერული. გაყინული დარდი, რა თქმა უნდა, უეჭველად დეპრესიასთან ასოცირდება.


image

ნეიროფსიქოლოგ ვიქტორ ფრანკლის მიხედვით, „ცხოვრებაში საზრისის პოვნისკენ სწარაფვა უპირველესი მოტივაციური ძალაა...“ (1963, გვ. 154). საკუთარ ცხოვრებაში საზრისის დანახვა, რამდენად სავალალო ან საშინელიც არ უნდა იყოს ის, ადამიანის გადარჩენის გასაღებს წარმოადგენს. მაგალითად, როდესაც პიროვნებას რაიმე სამომავლო მიზნის მიღწევის, ვთქვათ, საყვარელ ადამიანთან კვლავ შეხვედრის იმედი ეწურება, ცხოვრება აზრს კარგავს. სწორედ ამ დროს ქრება სიცოცხლისკენ სწრაფვა ფიზიკურად, ემოციურად და სპირიტუალურად (Frankl, 1963). სხვაგვარად რომ ვთქვათ, საზრისის გარეშე ადამიანების მედეგობა ქრება. როგორც ჩანს, საზრისის უქონლობა სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

საზრისის პოვნა - დანაკარგში საზრისის პოვნა აუცილებელი და ერთნაირად მნიშვნელოვანი არ არის ყველა ადამიანისთვის. ისინი უაღრესად მრავალფეროვანი და განსხვავებული გზებით ახერხებენ საზრისის პოვნას.

ზოგიერთი მას კულტურული რწმენების (მაგალითად, ლათინური destino, რომელიც ბედისწერას ნიშნავს, ან გერმანული Schicksal ანუ ბედ-იღბალი) მეშვეობით პოულობს. სხვები ამას ბუნებისა და სიცოცხლის ციკლის სპირიტუალური მიღებით აღწევენ. კიდევ სხვები კი საზრისს ცხოვრების ფილოსოფიაში პოულობენ, რომელიც უფრო ეგზისტენციალურად ანუ მოცემული მომენტით ცხოვრებაში ეხმარება მათ. და ბოლოს, ბევრი ადამიანი საზრისს რელიგიური სულიერების მეშვეობით პოულობს.

ძლიერი რელიგიური რწმენის მქონე ადამიანები ხშირად ნაკლებად ტოლერანტულები არიან ორაზროვნებისადმი, მცირე რწმენის მქონენი კი, პირიქით, უაღრესად ტოლერანტულები.

როდესაც არ არსებობს პრობლემის გადაწყვეტა, როგორც ეს ორაზროვანი დანაკარგის შემთხვევაში გვაქვს, საზირისი განსაზღვრავს, ახერხებენ თუ არა ადამიანები სტრესის დაძლევას თუ ვერა და, ასევე, იმასაც, გლოვობენ და დარდობენ თუ უარს ამბობენ ამაზე.

იმედი და ორაზროვანი დანაკარგი - ორაზროვანი დანაკარგისთვის მინიჭებული საზრისი იმასაც განსაზღვრავს, იმედიანად არის ადამიანი თუ უიმედოდ. იდეალურ შემთხვევაში, იმედი სიტუაციის რაციონალურ შეფასებას ეფუძნება, მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ეს რაციონალური შეფასება შეუძლებელია? როდესაც დანაკარგი ბუნდოვანია, იმედის საპოვნელად განსაკუთრებული საშუალებები გვჭრიდება.

ქალმა, რომელმაც ორი შვილი დაკარგა 1976-1983 წლებში დიქტატურის დროს არგენტინაში, თქვა, რომ თავდაპირველად მათი პოვნის იმედი ჰქონდა. ახლა მათი საფლავების პოვნის იმედი აქვს. მისი სამომავლო საბოლოო იმედია, რომ სანამ მოკვდება, პატივი მიაგოს შვილების ხსოვნას და მათ საფლავებზე ყვავილების მიტანა შეძლოს.

როცა ორაზროვანი დანაკარგი წლების და ათწლეულების მანძილზეც კი გრძელდება, იმედი პერიოდულ გადაფასებასა და უფრო რეალისტური რამის პოვნას საჭიროებს, რისი იმედიც ექნება ადამიანს.

image

როგორ უკავშირდება იმედი მედეგობას? ერთი და იგივეა თუ არა იმედის შენარჩუნება და მედეგობა? არა, არანაირად. ასევე, გვინდა მოგითხროთ 10 წლის ნიუ იორკელი ბიჭის ისტორია, რომლის მამა მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ნანგრევებში გაუჩინარდა. როდესაც ქალაქის მერმა ოჯახები გრაუნდ ზეროზე მიიპატიჟა ცერემონიაზე დასასწრებად, პატარა ბიჭი მივიდა და დარწმუნებული იყო, რომ თუ იქ იქნებოდა, მამასაც იპოვიდა. ბებია კარგად ხედავდა, რომ ბიჭს ძალიან დიდი იმედი ჰქონდა — ის ისეთი ბედნიერი იყო, თუმცა როცა ადგილზე მივიდნენ, მაგრამ ბიჭი გაოგნდა უშველებელი ნანგრევების დანახვაზე და დადუმდა. მან გააცნობიერა, რომ მამის პოვნის იმედი არ უნდა ჰქონოდა და პირველად იტირა. დადებითი მხრიდან თუ შევხედავთ, კატასტროფის ადგილზე მისვლამ მას გლოვის და ახალი იმედის პოვნის პროცესების დაწყების საშუალება მისცა, რაც მედეგობის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.

რა გვიშლის ხელს? იმის ცოდნაც მნიშვნელოვანია, რა აბრკოლებს ტრავმული დანაკარგის შემდეგ საზრისის პოვნის პროცესს. ორაზროვანი დანაკარგის შემთხვევაში ხშირად ვაწყდებით ქვემოთ ჩამოთვლილ ბარიერებს, რომელთა გადალახვაც აუცილებელია საზრისის პოვნისა და მედეგობის მისაღწევად.

სიძულვილი და შურისძიება

უკიდურესი სიძულვილის ამბავს მოგიყვებით: ომის შემდგომ კოსოვოში, პრიშტინას მიდამოებში, დიდი ხნის მტრები — სერბები და ალბანელები — ერთ რეგიონში მოჩვენებით სიმშვიდეში ცხოვრობდნენ, ერთხელ ვორქშოფის დროს ალბანელი ქალბატონი წამოდგა და თქვა: „და ახლა, ასეთი კითხვა მაქვს. ვერავინ ბედავს ამ კითხვის დასმას, მაგრამ მე ძლიერი ქალი ვარ, ამიტომ მე გავაკეთებ ამას. თქვენ თქვით, რომ ნდობა გულწრფელი გრძნობების გაზიარებით იწყება. ხოდა, მე ვკითხულობ: რა მოვუხერხო ამ სიძულვილს?“ ეს კითხვა დასვა დედამ, რომელმაც საკუთარი თვალებით უყურა, როგორ დაახალა სერბმა მამაკაცმა მის ქალიშვილს 17 ტყვია.

პასუხი: „სიძულვილი შეიძლება არსადაც არ წავიდეს, მაგრამ, ალბათ, შეძლებთ სიძულვილის რომელიმე დადებითი გრძნობით დაბალანსებას. ამას დიდი ძალა სჭირდება. არასოდეს დააგვიწყდებათ ადამიანებს ეს ბრაზი და ტკივილი, მაგრამ შეძლებთ ცხოვრების გაგრძელებას ისე, რომ ასეთმა გრძნობებმა არ შეგბოჭოთ და ადგილზე არ გაგყინოთ. ისინი ბლოკავენ თქვენს რეალურ ძალას. შეეცადეთ, ერთდროულად ორი ურთიერთსაპირისპირო მოსაზრება გქონდეთ. თერაპევტმა აწია ერთი ხელი მუშტად შეკრული და თვქა, რომ ეს სიძულვილია, რომელსაც ვერ ელეოდა ქალი. შემდეგ მეორე მუშტიც აწია და თქვა, რომ ეს სიძლიერესია და მედეგობის მხარე იყო. სიძლიერე დანარჩნე შვილებსა და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას, სხვებთან კავშირების დამყარებასა და ურთიერთობას, პოსტტრავმული სტრესის თერაპიის ჯგუფებში მონაწილლეობას ნიშნავს. მედეგობის ეს მხარე თანდათანობით მოძლიერდება და იმაზე ძლიერი გახდება, ვიდრე სიძულვილის მხარეა.“ ამის საილუსტრაციოდ კი მეორე მუშტი სიძულვილის მხარის მუშტს უფრო მაღლა ასწია.

image

განქორწინების პროცესში მყოფი მოდავე წყვილის შემთხვევაშიც იგივეს თქმა შეგვიძლია: რეალური მედეგობა სიძულვილზე გადაბიჯებასა და წინსვლაშია. შეეცადეთ, თქვენში ეს მხარე განავითაროთ და გადაწონოთ სიძულვილი, ვინაიდან სიძულვილი ის ემოციაა, რომელიც საბოლოოდ ანადგურებს ჯანმრთელობასა და კარგად ყოფნის განცდას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბავშვებისთვის არ არის კარგი, რომ სიძულვილითა და შურისძიების სურვილით გაჟღენთილ გარემოში იზრდებოდნენ. ეს პროცესი შეგვიძლია ასე წარმოვიდგინოთ მეტაფორულად: მტრის გაცნობა მთაზე აცოცებას ჰგავს. ყოველ ჯერზე თითო ნაბიჯს დგამთ, პატარა ნაბიჯებს. მერე რაღაც საერთოს პოულობთ, თუნდაც ძალიან მცირეს. ნელა მიიწევთ წინ. როცა იგრძნობთ, რომ მზად ხართ, მეორე ნაბიჯს დგამთ. ვერ ვივიწყებთ, მაგრამ ვპატიობთ. ეს მედეგობის კიდევ ერთი თვისებაა.

მტერთან შერიგების საუკეთესო თანამედროვე მაგალითს, ალბათ, „სამხრეთ აფრიკის სიმართლისა და შერიგების საბჭო“ წარმოადგენს, რომელიც მსხვერპლის ოჯახისა და მოძალადეს შეხვედრების ინოვაციურ ფორმატს გვთავაზობენ, რათა მხარეებმა ღიად ისაუბრონ გაუჩინარებული პიროვნების ბედზე და, ზოგ შემთხვევაში, მისი ცხედრის ადგილმდებარეობაზე ანუ იმაზე, რაც ოჯახის წევრებს შურისძიებაზე მეტად აინტერესებთ. ამ დროს ორაზროვნებაც იფანტება. მათთვის გარკვეული სიმშვიდის მომტანია იმის ცოდნა, თუ სად უნდა ეძებონ ცხედარი. ასეთი პასუხები ნამდვილად არ არის იდეალური, მაგრამ გაცილებით უკეთეს მდგომარეობას უქმნის ადამიანებს, ვიდრე დაუსრულებელი სიძულვილი და შურისძიების სურვილი.

საიდუმლოებები

ოჯახური საიდუმლოებები ქმნიან საზრისს, მაგრამ როდესაც საყვარელი ადამიანები უჩინარდებიან, საიდუმლომ შეიძლება უკიდურესად გააფუჭოს ოჯახური ინტერაქციები და ურთიერთობები.თინეიჯერს, რომელსაც ატყუებდნენ, რომ მამამისი სხვა შტატში იყო სამუშაოდ წასული, როგორც იქნა, უთხრეს, რომ ის მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის დროს დაიღუპა. განქორწინების, პატიმრობის, ჰოსპიტალიზაციის, მეურვეობის, გაშვილებისა და დეზერტირობის შემთხვევებშიც კი, ბავშვები და თინეიჯერები უნდა ჩავაყენოთ საქმის კურსში გაუჩინარებული პიროვნების სტატუსის ორაზროვნების შესახებ და შემდეგ დავეხმაროთ, რომ თავიანთი ასაკისთვის შესატყვისი საუკეთესო საზრისი იპოვონ მომხდარში. ორაზროვანი დანაკარგის დროს, საიდუმლოების შენახვის ნაცვლად, უბრალოდ უნდა ვუთხრათ ბავშვებსა და სხვა ნათესავებს, რომ გაურკვეველია გაუჩინარებული პიროვნების სტატუსი და ადგილმდებარეობა.

ოჯახის ახალგაზრდა თუ ასაკოვანი წევრებისთვის ძნელია ინფორმაციის უქონლობის პირობებში ცხოვრება, მაგრამ მათ ორაზროვნების შესახებ სიმართლის მიღება უფრო უადვილდებათ, ვიდრე მოგვიანებით იმის აღმოჩენა, რომ თურმე რაღაც საიდუმლო არსებობდა. საბოლოო ჯამში, ინფორმაციის ასეთ დაფარვას ბავშვები ღალატად აღიქვამენ. მშობლებს მოვუწოდებ, რომ შვილებთან სიმართლე ილაპარაკონ. „არ ვიცი, სად არის დედაშენი. არ ვიცი, მამა ცოცხალია თუ მკვდარია. ვიცი, რომ იმის ცოდნა, რომ არაფერი ვიცით, მტკივნეულია და სტრესულია, მაგრამ არ მინდა რაიმე ისეთი გითხრა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. სანამ მეტ ინფორმაციას არ მოვიპოვებთ, მე ვიზრუნებ შენზე.“ თუმცა, ყველაფრის თქმა მაინც არ არის საჭირო. მე არ ვამბობ, რომ, მაგალითად, წამების, გაუპატიურების ან ძალადობის ყველა დეტალი უნდა მოვუყვეთ ბავშვებს. როცა გაიზრდებიან, შეიძლება მოისურვონ ისტორიის სრული ვერსიის მოსმენა.

image


ძალადობრივი და მოულოდნელი სიკვდილი

საზრისის პოვნა ძნელია, როდესაც საყვარელ ადამიანს ძალადობრივი სიკვდილი ან გაუჩინარება ერგო წილად. ხშირად მკვლელობის მსხვერპლთა ოჯახები ეწინააღმდეგებიან საზრისის პოვნას, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ „ინტენსიურად ცდილობენ იმის გარკვევას, მათთვის „რას აქვს აზრი“. ხშირად აზრი აქვს სამართლიანობის მიღწევას. ეს შეიძლება არ ჰგავდეს საზრისს, მაგრამ მნიშვნელოვანი ქმედებაა. რაღაც აზრიანისთვის გააზრებული ნაბიჯების გადადგმა ახალი მომავლისა და უკეთესი ჯანმრთელობის იმედს იძლევა.

image

იმედგაცრუება

ფრანკლმა (1963) იმედგაცრუების სამი ეტაპი გამოყო.

  • პირველ ეტაპზე ადამიანი ჯერ კიდევ ეპოტინება იმედს, რომ ყველაფერი, საბოლოოდ, ისე ცუდად არ არის, როგორც ჩანს.
  • მეორე ეტაპზე გონება იყინება აპათიაში და ადამიანი ემოციურ სიკვდილს განიცდის.
  • მესამე ეტაპზე იწყება იმის გააზრება და გაცნობიერება, რომ თუ ტანჯვის დასრულება გვსურს, ახალი საზრისის პოვნაა საჭირო.
  • image

    0
    38
    შეფასება არ არის
    ავტორი:ნოზაძე ანი
    ნოზაძე ანი
    38
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0