x
როგორ დავეხმაროთ ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციის პრობლემების მქონე ბავშვებს

image

ენის, მეტყველების და კომუნიკაციის განვითარებისთვის არ არსებობს ერთი კონკრეტული რეკომენდაცია, რადგან ყველა ბავშვი ინდივიდუალურია.

აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ სამუშაო პროცესს უნდა ჰქონდეს თამაშის და არა მეცადინეობის სახე, ბავშვი სწავლისგან სიამოვნებას უნდა იღებდეს.

ენის დარღვევის ოთხი ძირითადი ტიპი გამოიყოფა: ექსპრესიული ენის დარღვევა, რეცეპტული ენის დარღვევა, ექსპრესიული და რეცეპტული ენის შერეული დარღვევა და ფონოლოგიური დარღვევა.

1.ექსპრესიული ენის დარღვევა გულისხმობს ენის გამოყენების სირთულეებს იდეებისა და აზრების გამოსახატად. ეს არ ეხება იმას თუ რამდენად გამართულად მეტყველებს ადამიანი, არამედ გულისხმობს ისეთ უნარებს, როგორიცაა იდეების თავმოყრა, თხრობა, შესაფერისი სიტყვის შერჩევა, წინადადებების ორგანიზება. ექსპრესიული ენის დარღვევის ნიშნებია: ღუღუნის დაგვიანება, ცალკეული სიტყვების ნელა ათვისება, ობიექტების დასახელების სირთულე, სიტყვების ჩანაცვლება და ა.შ.

არსებობს კონკრეტული აქტივობები, რომელიც შეიძლება გამოიყენოს მშობელმა ექსპრესიული ენის სტიმულირებისთვის. სკოლამდელი ასაკის ბავშვებში სასურველია გამოვიყენოთ შემდეგი აქტივობები: წიგნების თვალიერება- დაათვალიერეთ ბავშვთან ერთად ნახატებიანი წიგნები და გაახმოვანეთ. თუ ბავშვს ჯერ არ დაუწყია მეტყველება აქცენტი გააკეთეთ არსებითი სახელის სწავლებაზე, მაგალითად დაუსვით კითხვა " ეს რა არის?". თუ უკვე მეტყველებს, მაგრამ ლექსიკური მარაგი მწირია, დაუსვით შემდეგი შეკითხვები- " ნახე ბურთი, რა ფერია ბურთი?". გამოიყენეთ ისეთი სიტყვები, როგორიცაა: "ზემოთ-ქვემოთ, შიგნით-გარეთ, დიდი-პატარა". თუ შეკითხვაზე არ გიპასუხებთ, მხოლოდ ამის შემდეგ გაახმოვანეთ თქვენ.

ბუშტებით თამაში- რიგრიგობით გაუშვით და გახეთქეთ საპნის ბუშტები, თან გაახმოვანეთ-" ბახ, ბუხ, ვინ გახეთქა ბუშტი?".

მზარეულობანა- სთხოვეთ ბავშვს დაგეხმაროთ საჭმლის მომზადებაში, პროცესში ახმოვანეთ თქვენი და ბავშვის მოქმედებები.

პლასტელინით თამაში და ხატვა- დაეხმარეთ ბავშვს დახატოს, გამოძერწოს და დაასახელოს სხვადასხვა ობიექტები. ასწავლეთ სხეულის ნაწილების გამოძერწვა.

უმცროსკლასელთათვის გამოიყენეთ შემდეგი აქტივობები: სიუჟეტური

სურათების მიხედვით თხრობა- ბავშვთან ერთად ამობეჭდეთ სიუჟეტური სურათები და დაჭერით, დაალაგეთ ისინი არეულად და სთხოვეთ ბავშვს დააწყოს თანმიმდევრობით და ისაუბროს მის მიხედვით. ყურადღება გაამახვილეთ ემოციებზე, ანტონიმებზე, წინადადების სტრუქტურაზე.

სიტყვობანა- ვინ იცის მეტი ცხოველი, ფრინველი ან საკრავი ინსტრუმენტი? ვინ უფრო მეტს გაიხსენებს?

წინადადების დალაგება- მიეცით ბარათი, სადაც სიტყვები არეული თანმიმდევრობითაა და სთხოვეთ დაალაგოს.

2. რეცეპტული ენის დარღვევის მქონე ბავშვს უჭირს იყოს კარგი მსმენელი და მიჰყვეს ინსტრუქციას, შეიძლება საუბრის დროს ხშირად გაღიზიანდეს და მოითხოვოს სიტყვების გამეორება. რეცეპტული ენის დარღვევის დროს მშობლებს შეუძლიათ გამოყენონ შემდეგი აქტივობები: ნახატებიანი წიგნების თვალიერება- სთხოვეთ ბავშვს ნახატზე თითით გიჩვენოთ სხვადასხვა საგანი.

მითითებების შესრულება- მიეცით მარტივი მითითება, მაგალითად, "გთხოვ, მომაწოდე ჭიქა", შემდეგ გაართულეთ და უთხარით- "გთხოვ, მომაწოდე კოვზი, რომელიც ჭიქაში დევს".

ახალი სიტყვების მნიშვნელობის ახსნა- აუხსენით ბავშვს მისთვის უცხო სიტყვების მნიშვნელობა. მაგალითად, სიტყვა "სველი", დაასხით სხვადასხვა საგნებს წყალი და უთხარით "აი, ეს სველია". იგივე გაიმეორეთ აბაზანაში ან წვიმის დროსაც.

როცა გაიგონებ სიტყვას, დაუკარი ტაში- "დაუკარი ტაში, როცა გაიგებ ცხოველის სახელს": თუთიყუში, მტრედი, თაგვი...3. ფონოლოგიური ცოდნის დარღვევის დროს ვერ ხერხდება სიტყვაში ბგერების გაერთიანების შესახებ ენის წესების ათვისება, ამიტომ ხშირად ისინი გაუგებრად ლაპარაკობენ. ამ დროს მშობლებს შეუძლიათ შემდეგი აქტივობების გამოყენება: რომელია პირველი ბგერა?- აჩვენეთ ბავშვს სხვადასხვა ობიექტების სურათი და სთხოვეთ დაასახელოს რომელ ბგერაზე იწყება.

სიტყვობანა- სთხოვეთ ბავშვს დაასახელოს რომელიმე ბგერაზე დაწყებული სიტყვები. მაგალითად, "ჩამოთვალე გ-ზე დაწყებული სიტყვები.

ჟღერადობით მსგავსი სიტყვების გარჩევა- დაუსახელეთ ბავშვს მსგავსი ჟღერადობის სიტყვები და სთხოვეთ თქვას ერთნაირია თუ არა ისინი. მაგალითად, ქარი-ქალი, ბალი-ბარი.

კომუნიკაციის დარღვევის დროს სახეზეა სემანტიკური და პრაგმატული ენის დარღვევა, ამ დროს ბავშვი არ თამაშობს როლურ და წარმოსახვით თამაშებს, საუბრობს მხოლოდ იმ თემებზე, რომელიც აინტერესებს, უჭირს ენის გამოყენება სოციალური კონტექსტის მიხედვით, ძალიან ბევრ შეკითხვებს სვამს, არ ამყარებს თვალით კონტაქტს, ვერ იგებს სხვისი სხეულის ენას. ასეთ დროს მშობელს შეუძლია გამოიყენოს შემდეგი აქტივობები: როლური თამაშები- ითამაშეთ ბავშვთან ერთად "ექიმობანა", "დედაშვილობანა". ასეთი ტიპის თამაშები ბავშვისგან მოითხოვს სცენარის აგებას, ამბის გადმოცემას და აქტივობების დაგეგმვას. ეს თამაში ეხმარება სხვისი ემოციების გაგებაში. დაუსვით ასეთი კითხვები: "რატომ ტირის შენი თოჯინა, რატომ მიიყვანე ექიმთან?".

წარმოსახვითი თამაშები- გაათამაშეთ სათამაშოებით სხვადასხვა ტიპის სცენები, სადაც ბავშვმა უნდა აირჩიოს კომუნიკაციის წორი ფორმა. ასწავლეთ როგორ ესალმებიან მასწავლებელს, როგორ უნდა ითხოვოს რაიმე, ან როგორ დაამშვიდოს მეგობარი.

ემოციების ამსახველი ბარათების გამოყენება- აჩვენეთ სხვადასხვა ემოციის გამომხატველი ბარათი და კითხეთ- " როგორ ხასიათზეა ეს გოგონა, რომელია მოწყენილი?" და ა.შ.

0
63
შეფასება არ არის
ავტორი:თამუნა ჭანკვეტაძე
თამუნა ჭანკვეტაძე
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0