x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
კოლხები ფლავიუს არიანეს არმიაში
image


I–II-ე საუკუნეებში რომის იმპერიის აღმოსავლეთის საზღვრებს განსაკუთრებული საფრთხე ალანებისაგან ემუქრებოდა. ანტიკური ავტორების, როგორიცაა იოსებ ფლავიუსის, დიონისიოს პერიეგეტის და ლუკიანეს ცნობით ალანების თავდაპირველი საცხოვრისი მეოტისის ტბასთან (დღევანდელი აზოვის ზღვა) ყოფილა. მოგვიანებით ისინი ჩრდილოეთ კავკასიაში განსახლებულან. ალანები დარიალისა და დარუბანდის გადასასვლელებიდან ხშირად გამანადგურებელ თავდასხმებს აწყობდნენ იბერიაში და რომის იმპერიის პროვინციებში – კაპადოკიაში, არმენიასა და ალბანეთში.


ალანთა თარეშის აღკვეთისა და რომის იმპერიის აღმოსავლეთი საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, რომაელები პონტოსა და კავკასიაში ნერონის დროს საფუძველს უყრიან "პონტო-კავკასიის საზღვარს" – თავისებურ თავდაცვით სისტემას. ამ სისტემის ორგანიზაციული გაფორმება ვესპასიანეს იმპერატორობის დროს დასრულდა. კოლხეთის ცნობილ ზღვისპირა ცენტრებში – ფასისში, აფსაროსში, დიოსკურია-სებასტოპოლისსა და პიტიუნტში რომაული სამხედრო შენაერთები განლაგდნენ. მიუხედავად ამისა, ალანთა თავდასხმები რომის იმპერიის საზღვრებზე კვლავ გრძელდებოდა. ჯერ კიდევ ნერონმა განიზრახა ალანთა წინააღმდეგ გალაშქრება, მაგრამ ის ჩაიშალა. ჩრდილოკავკასიელი ნომადების თავდასხმები ადრიანეს დროს განსაკუთრებით გააქტიურდა. ადრიანემ მათი თარეშის ალაგმვა კაპადოკიის მაშინდელ ლეგატს ფლავიუს არიანეს დააკისრა. არიანემ კოლხეთის სანაპიროზე განლაგებული რომაული ციხე-სიმაგრენი საიმედოდ გაამაგრა და განამტკიცა. იბერიის საზღვრებთან რომაელთა ასეთი გააქტიურება ხელს არ აძლევდა იბერიის ხელისუფალთ და ცხადია, ამ უკანასკნელთა მხრიდან მას გარკვეული რეაქცია უნდა მოჰყოლოდა.


მართლაც, იბერიის მეფეს – ფარსმან II-ს პროტესტის ნიშნად დარიალის კარი გაუღია ალანებისთვის და ისინი კაპადოკიის, ალბანეთისა და არმენიისთვის შეუსევია. ალანთა ამ აქციის პასუხად ფლავიუს არიანემ მრავალრიცხოვან ლაშქარს მოუყარა თავი, თუმცა ბრძოლა არ შედგა. ალანები, ფლავიუს არიანეს მიერ შეშინებულები საომარ მოქმედებას წყვეტენ.


ალანთა წინააღმდეგ არშემდგარ ბრძოლაში რომაული არმიის საბრძოლო-სამწყობრო სისტემა მოგვიანებით დეტალურად აღწერა ფლავიუს არიანემ თავის ტრაქტატში – "დისპოზიცია ალანთა წინააღმდეგ", რომლის ჟანრი ანტიკურ ლიტერატურაში უნიკალურია. ის ჩვეულებრივი სამხედრო კომენტარები კი არ არის, არამედ სამხედრო-ლიტერატურული ჟანრის თხზულებაა, სადაც მხატვრული ფორმით გადმოცემულია ალანთა წინააღმდეგ არშემდგარ ბრძოლაში II საუკუნის I–ნახევრის რომის პროვინციული არმიის ტაქტიკურ-სტრატეგიული პრინციპები.


აღნიშნული ტრაქტატი ფრიად მნიშვნელოვანი წყაროა. მასში მრავალმხრივ საინტერესო ცნობებია დაცული, მათ შორის ძველი კოლხეთის ისტორიის შესახებაც. ამ მხრივ განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს VII–ე პარაგრაფი.


ალანთა წინააღმდეგ მეომარი კოლხების ვინაობისა საცხოვრისის დადგენა რთულ საქმეს არ წარმოადგენს. არიანესეული კოლხები დღევანდელი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნოსი არ არის, ვინაიდან იმავე არიანეს ცნობით, მისი დროისთვის, აღნიშნულ ტერიტორიაზე სახლობდნენ აბაზგები, აფსილები, ლაზები და სანიგები, კოლხები კი არიანესავე მოწმობით, ტრაპეზუნტის მიდამოებში ლოკალიზდებიან. ეს ის კოლხებია, რომლებსაც ჯერ კიდევ ქსენოფონტე იხსენიებდა თავის "ანაბასისში". ქსენოფონტის დროსაც კოლხები ტრაპეზუნტის სანახებში ფიქსირდებიან.

ქსენოფონტისავე ცნობით, კოლხები ერთ-ერთ ძლიერ გაერთიანებას წარმოადგენდა, მაგრამ არიანეს ეპოქაში კი უკვე დაუძლურებული, დამცრობილი ხალხია, რომელსაც უღიარებია რომაელთა ბატონობა. კოლხები ამ დროს რომაელთა მეკავშირედ გვევლინებიან.


როგორც ჩანს, ტრაპეზუნტის მიდამოებში მცხოვრები კოლხები რომაელებისადმი ერთგულებას იჩენენ და გარკვეულ სამხედრო ვალდებულებასაც კისრულობენ. აღსანიშნავია, რომ ალანთა თავდასხმების აღკვეთით თვით კოლხებიც უნდა ყოფილიყვნენ დაინტერესებულნი. ალანები, რომლებსაც ძველ ავტორთა უმრავლესობა (იოსებ ფლავიუსი, კლავდიოს პტოლემაიოსი, ლუკიანე, დიონისიოს პერიეგეტი, მაკრიანე, თემისტიოსი და სხვები) სარმატებთან აიგივებს, ზოგჯერ კოლხეთშიც ლაშქრობდნენ. ეს ფაქტი გარკვეულწილად აპოლონიოს როდოსელის "არგონავტიკაშია" ასახული: არგონავტები აიეტს ოქროს საწმისისათვის კოლხების ძველი მტრების სავრომატების დამორჩილებას სთავაზობდნენ. კოლხეთზე სარმატთა თავდასხმებს მოგვიანებითაც ჰქონდა ადგილი, რასაც არქეოლოგიური მონაცემებიც ადასტურებენ.

ალან-სარმატთა განსაკუთრებული აქტიურობა II-ე საუკუნის I ნახევარში კოლხეთისთვისაც გარკვეულ საფრთხეს ქმნიდა, მითუმეტეს, როცა ალანები იმპერიას კოლხეთის გავლით უტევდნენ და ფლავიუს არიანეს არმიაში კოლხების მონაწილეობა ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფითაც იყო მოტივირებული. ფლავიუს არიანეს ზემოთ მოყვანილი ცნობიდან ისიც ირკვევა, რომ კოლხები მათ მეზობლად მცხოვრები სანებისგან (სანიგები) განსხვავებით, ტრაპეზუნტის მიმართ მტრულად არ არიან განწყობილი. სანები ხომ არიანეს ცნობით, ტრაპეზუნტელების "მოსისხლე მტრები" იყვნენ და არც რომაელებს ემორჩილებოდნენ. არადა სანები, არიანეს სიტყვით – "კარგი მეომრები არიან". კოლხებს კი, როგორც რომაელთა "მოკავშირეს" არიანემ რომაული ჯარის განლაგებაში ტრაპეზუნტელების გვერდით მიუჩინა ადგილი.


არიანეს ზემოთ მოყვანილი ცნობის კონტექსტიდან ჩანს, რომ კოლხი მეომრები რომაული არმიის განლაგებაში ქვეითების სახით იყვნენ წარმოდგენილი. ქვეითები კი, ტრაპეზუნტის კოლხთა არმიის ძირითად ბირთვს შეადგენდა. კოლხი მეომრების აღჭურვილობისა და საერთოდ, მათი სამხედრო ორგანიზაციის აღწერას ჯერ კიდევ ჰეროდოტესთან ვხვდებით. ჰეროდოტე გადმოგვცემს, რომ კოლხები ერთ მეთაურს ემორჩილებოდნენ, მათ "თავზე ხის მუზარადები ჰქონდათ, გამოუქნელი ტყავის პატარა ფარები და მოკლე შუბები. ამის გარდა დანები". შესაძლოა, არიანეს დროსაც ამგვარად იყვნენ კოლხი მეომრები აღჭურვილი, თუმცაღა რომაულ პერიოდში არქეოლოგიური მონაცემებით კოლხთა შეიარაღებაში გარკვეული ცვლილებები შეინიშნება. I-IV–ე საუკუნეებში მოკლე შუბების ნაცვლად გავრცელებული ჩანს დიდი ზომის ფოთლისებურპირიანი და ქედიანი, მასრიანი შუბისპირები, რა ალბათ ბრძოლის წარმოების ტაქტიკის შეცვლით და ახალი ტიპის თავდაცვითი საჭურვლის გაჩენით უნდა ყოფილიყო განპირობებული. მიუხედავად კოლხთა ასეთი მრავალსახიანი შეიარაღებისა, ფლავიუს არიანეს არმიაში კოლხი მეომრების აღჭურვილობა რომაული არმიის შეიარაღების სტანდარტებს უნდა შესაბამებოდა. ფლავიუს არიანეს "პროვინციული" არმია კი, როგორც ეს მისივე ტრაქტატიდან ჩანს, რომის ელიტური საჯარისო შენაერთების შეიარაღებისაგან არაფრით განსხავდებოდა. ფლავიუს არიანესეული "პროვინციული" არმიაც მახვილებით, შუბებით, მშვილდ-ისრებითა და კატაპულტებით იყო შეიარაღებული.


image


რაც შეეხება კოლხების სტრატეგია-ტაქტიკას, მის შესახებ სამწუხაროდ წერილობით წყაროებში რაიმე მონაცემები არ არის შემონახული, მაგრამ როგორი სპეციფიური სტრატეგია და ტაქტიკაც არ უნდა ჰქონოდათ კოლხებს, არიანეს არმიაში ისინი რომაულ ტაქტიკურ-სტრატეგიულ პრინციპებს უნდა დამორჩილებოდნენ. არიანესეული არმიის ტაქტიკურ-სტრატეგიული სქემა კი ავანგარდისა და ფლანგების კავალერიით გაძლიერებაზე იყო ორიენტირებული, რაც რომაული არმიის სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. რომის ლეგიონები სამ-სამ ეშელონებად – Acies Ariplex-ად ეწყობოდნენ, თანაც კავალერიას ფეხოსნებთან შედარებით რომაულ არმიაში ნაკლები მნიშვნელობა ენიჭებოდა. რომაული არმიის ძირითადი დამრტყმელი ძალა მაღალდისციპლინური ფეხოსნები იყვნენ. კავალერიის როლი რომაულ არმიაში შესამჩნევად მას შემდეგ გაიზარდა, როდესაც მას ბრძოლებმა მოუწია მესოპოტამიელებთან, ირანელებთან თუ კავკასიელებთან, რომელთა არმიის ძირითადი ბირთვი სწორედ კავალერია იყო. რომაული არმია იძულებული გახდა ბრძოლის წარმოების საკუთარი პრინციპი მესოპოტამიის, ირანის თუ კავკასიის სპეციფიურ გარემო-პირობებთან და მათივე ტაქტიკურ სქემებთან შეეხამებინა.


არიანესეული არმიის ასეთი უჩვეულო სტრატეგია და ტაქტიკა ადგილობრივი ჩრდილოკავკასიური სპეციფიური გარემო-პირობების ფაქტორით იყო განპირობებული. ჩრდილოეთ კავკასიის ბიოგეოგარემო-რელიეფი, კლიმატი, მთები, ტყეები, მდინარეების ფონები, ასევე მთა-გორებზე განლაგებული თავდაცვითი ნაგებობები, სამხედრო ქმედებისათვის არაოპტიმალურია. ასეთ გარემო-პირობებში თითქმის შეუძლებელია ფართო, მასშტაბური, ფრონტალური, მრავალრიცხოვანი ჯარით მოქმედება. აქ უფრო გაწვრთნილი, ადგილობრივ გარემოსთან შეხამებული მობილური რაზმებით შეიძლებოდა წარმატების მიღწევა. არიანესეული არმიის საბრძოლო ქმედების სტრატეგია და ტაქტიკა ძირითადად, სწორედ რელიეფის გამოყენებაზე ჩანს აგებული.

ბოლოს, არიანეს ცნობიდან ისიც ირკვევა, რომ კოლხებს ალანთა წინააღმდეგ რომაული არმიის წყობაში მეორეხარისხოვანი ფუნქცია ეკისრებოდათ. აქ წარმოდგენილი ძლიერი საჯარისო შენაერთების ფონზე, კოლხების მონაწილეობას უფრო სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე სამხედრო დანიშნულება. ყოველ შემთხვევაში, კოლხი მეომრები მაინც ანგარიშგასაწევ სამხედრო ძალად რჩებოდა. კოლხების მონაწილეობა რომაულ არმიაში ერთჯერადი არ იქნებოდა. კოლხებს, როგორც რომაელთა "მოკავშირეს", იმპერიის მორიგ ბრძოლებშიც უნდა მიეღოთ მონაწილეობა.

0
268
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
268
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0