x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
გინგივიტი
image

გინგივიტი — ღრძილის ანთებაა, რომელიც გამოწვეულია ადგილობრივი და ზოგადი ფაქტორების არახელსაყრელი ზემოქმედებით და მიმდინარეობს კბილ-ღრძილოვანი ნაპრალის დარღვევის გარეშe, ხასიათდება კბილთაშორისი დვრილების და მარგინალური მონაკვეთების ანთებით.

გიგნგივიტის გამოვლინება პირის ღრუში ძალიან ჰგავს პაროდონტიტს, თუმცა გინგივიტის დროს ანთებითი პროცესი ძვალზე არ ვრცელდება და შემოიფარგლება მხოლოდ რბილი ქსოვილებით. სათანადო მკურნალობის გარეშე გინგივიტი შეიძლება გადავიდეს პაროდონტიტში.



ეტიოლოგია:გინგივიტის მიზეზად შეიძლება იქცეს როგორც გარეგანი (ეგზოგენური), ისე შინაგანი (ენდოგენური) ფაქტორები. ეგზოგენურია ადგილობრივი მატრავმირებელი ფაქტორები, მათ შორის - კბილის ქვა: კბილის ყელში არსებული რბილი ნადები თანდათან მინერალიზდება და მკვრივდება, აზიანებს მიმდებარე ღრძილს და პირის ღრუში არსებული მიკრობების დახმარებით ხელს უწყობს ანთების განვითარებას. გინგივიტის ჩამოყალიბებაში განსაზღვრულ როლს ასრულებს კბილების ღეჭვით დაუტვირთაობა (ჰიპოფუნქცია). ის გავლენას ახდენს პაროდონტის ქსოვილთა ფუნქციონირებაზე, მათ ტონუსზე და ხელს უწყობს პაროდონტში ატროფიული პროცესების დაწყებას. ჰიპოფუნქცია ამცირებს ადგილობრივ სისხლის მიმოქცევას, ასუსტებს ქსოვილთა მეტაბოლიზმს, რასაც ქსოვილებში დესტრუქციული პროცესების დაწყებამდე მივყავართ. ენდოგენური ფაქტორებია შინაგან ორგანოებში მიმდინარე პათოლოგიური პროცესები, მათ შორის - მინერალური ცვლის დარღვევა, ენდოკრინული დაავადებები, ნერვული სისტემის დაავადებები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები და სხვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლძარღვოვანი სისტემის მდგომარეობა.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გინგივიტის პირველადი მიზეზია კბილის მიკრობული ნადები, რადგან ამ უკანასკნელში არსებული მიკროორგანიზმების ასოციაციები იწვევენ ანთებითი ცვლილებების განვითარებას. მიკროორგანიზმებისა და მათი ტოქსინების ზემოქმედების მიმართ ქსოვილების რეაქციის მოდიფიკაციას ახდენენ სისტემური ფაქტორები. მიკრობული ნადები მოთავსებულია კბილის პელიკულაზე. მის საფუძველს შეადგენს პოლისაქარიდებისა და პროტეინების კომპლექსი. ძირითადი არაორგანული კომპონენტებია კალციუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, კალიუმი, ნატრიუმი, რომლებიც დაკავშირებულია ორგანულ მატრიცასთან.

მიკროორგანიზმებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია გინგივიტის განვითარებისათვის Str. sanguis, Str. mutans, Bac. melanogenicus, Actinomyces viscosus.

ნადების გასქელებისთანავე მის სიღრმეში შეიმჩნევა ანაერობული მიკრობების სიჭარბე და სტრეპტოკოკის რიცხვის შემცირება. მიკრობული ნადების წარმოქმნის ხელშემწყობი ფაქტორებია კბილების ცუდი თვითწმენდა, მათი ცუდი მოვლა და პირის ღრუს სითხისა და ნერწყვის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლები. კბილების ცუდი თვითგაწმენდა აღინიშნება რბილი საკვების მიღებისა და საკვებ ულუფაში ნახშირწყლების სიჭარბის დროს. აგრეთვე, ამას ხელს უწყობს საკვების ნარჩენების დაყოვნება კარიესით დაზიანებულ კბილებში. ნერწყვისა და პირის ღრუს სითხის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებები, ხელს უწყობს კბილის ნადების წარმოქმნასა და დაგროვებას. ნერწყვის რაოდენობის შემცირება, ჰიპოსალივაცია, ქსეროსტომია, აუარესებს საკვების ნარჩენების მექანიკურ მოციელბას. გარდა ამისა ქვეითდება ნერწყვის დამცველობითი ფუნქცია, ამ უკანასკნელში ლიზოციმის, ლიპაზას და იმუნოგლობულინის შემცირების გამო. დამტკიცებულია (კლინიკური დაკვირვებებით, ასევე ექსპერიმენტულად) მიკრობული ნადების ეტიოლოგიური როლი გინგივიტის განვითარებაში. მაგალითად, 10-20 დღის მანძლზე კბილების გაწმენდისგან თავშეკავება იწვევს გინგივიტის განვითარებას, თმცა პროცესი შექცევადია.



კლასიფიკაცია

გამოყოფენ დაავადების შემდეგ სახეობებს:

• კატარალური გინგივიტი — ვლინდება ღრძილების ანთებით და დასიებით;

• წყლულოვანი (წყლულოვან-ნეკროტული) გინგივიტი – ვლინდება ღრძილების მკვდარი ნაწილების წარმოშობით;

• ჰიპერტროფიული გინგივიტი – ვლინდება ღრძილის ქსოვილის საგრძნობი გადიდებით და მისგან სისხლდენით;

• ატროფიული გინგივიტი – ასეთი ფორმის დროს ხდება ღრძილის ქსოვილის დაპატარავება;

• დესკვამატიური (გეოგრაფიული) გინგივიტი – ვლინდება ღრძილის მკვეთრი გაწითლებით და ლორწოვანი გარსის ჭარბი გამოყოფით.

სიმძიმე მიხედვით გინგივიტი შეიძლება იყოს: მსუბუქი, საშუალო, მძიმე.

მიმდინარეობის მიხედვით:მწვავე, ქრონიკული.

გავრცელება მიხედვით: ადგილობრივი, ზოგადი.


სიმპტომები და მიმდინარეობა. გინგივიტი განიხილება ორ ასპექტში: როგორც ღრძილების დამოუკიდებელი ანთება და როგორც სხვა ორგანოთა დაავადებებთან დაკავშირებული პათოლოგია. პირველ ჯგუფს ეკუთვნის გინგივიტის კატარული, ჰიპერტროფიული, წყლულოვანი, ატროფიული ფორმები, მეორეს - მისი სიმპტომური ნაირსახეობანი, მათ შორის - მოზარდთა და ორსულთა, ავიტამინოზური, სისხლმბადი ორგანოების დაავადებათა თანმხლები გინგივიტები. გინგივიტის კლინიკური ნიშნებია ტკივილი, შეწითლება, შეშუპება, სისხლდენა. კატარული გინგივიტი უმეტესად ადგილობრივი მატრავმირებელი ფაქტორებით (კბილის ქვა, არასწორად დადებული ბჟენი, ხელოვნური პროთეზი და სხვა) არის გამოწვეული. ავადმყოფი უჩივის ტკივილს და სისხლდენას ჭამის დროს. ღრძილი შეშუპებული, შეხებისას სისხლმდინარი და მტკივნეულია. პათოლოგიური ღრძილოვანი ჯიბე არ აღინიშნება. რენტგენოგრაფია ცვლილებებს არ ავლენს. ჰიპერემიული გინგივიტი ქრონიკული ანთებითი პროცესია, მიმდინარეობს ხანგრძლივად. ავადმყოფს აწუხებს ღრძილების ტკივილი, ღრძილების ფორმის შეცვლა და გადიდება. კბეჩისას შეიგრძნობა ტკივილი, ზოგ შემთხვევაში აღინიშნება სისხლდენაც. გამოხატულია ცრუ პათოლოგიური ჯიბეები. წყლულოვანი გინგივიტი დაავადების უფრო მძიმე ფორმაა და მწვავედ მიმდინარეობს. დაავადების ხელშემწყობ ფაქტორად ითვლება ორგანიზმის იმუნიტეტის დასუსტება, რაც პირის ღრუს ადგილობრივ იმუნურ ძალებსაც აქვეითებს და მიკრობთა პათოგენურობის გაძლიერებას განაპირობებს. ანთებითი პროცესი იწყება ღრძილების დონეზე და სწრაფად პროგრესირებს. ავადმყოფის მდგომარეობა მძიმდება. აღინიშნება ტემპერატურის მატება, ტკივილი, უმადობა, ყლაპვის გაძნელება. ყბისქვეშა ლიმფური კვანძები გადიდებული და მტკივნეულია. ღრძილები დაფარულია ნეკროზული მასით. პირიდან მყრალი სუნი ამოდის. ნერწყვდენა გაძლიერებულია. პირის ღრუს ჰიგიენური მდგომარეობის შენარჩუნება შეუძლებელია. ღრძილიდან ოდნავი შეხების დროსაც კი დის სისხლი. რენტგენოგრაფია ავლენს კბილთაშორისი ძვლოვანი ძგიდეების ოსტეოპოროზულობას და ნაწილობრივ განლევას. წყლულოვანი გინგივიტი უნდა განვასხვაოთ სისხლის დაავადებათა ფონზე განვითარებული სიმპტომური წყლულოვან-ნეკროზული პროცესისგან. ჩვეულებრივ, წყლულოვანი გინგივიტი უფრო ლოკალურია და რომელიმე კბილის არეში ვითარდება, მაგრამ საბოლოო დიაგნოზს მაინც სისხლის ანალიზის საფუძველზე სვამენ. ატროფიული გინგივიტი შესაძლოა განვითარდეს ადგილობრივი დისტროფიული პროცესების ნიადაგზე. ის სიმპტომური გინგივიტის სახითაც გვხვდება (ავიტამინოზის შედეგად, პაროდონტოზის დროს და სხვა). ამ ფორმის დროს ანთება ან არ არის გამოხატული, ან ძალიან სუსტია. ღრძილის დვრილები ატროფირებულია, კბილთაშორისი სივრცეები - გამოხატული, ღრძილები - შემცირებული, ფერმკრთალი. სისხლდენა არ აღინიშნება. ზოგჯერ თან სდევს სოლისებრი დეფექტი. სომატურ (სიმპტომურ) გინგივიტებს შორის ყურადსაღებია: მოზარდთა გინგივიტი - ვითარდება ჰორმონული ცვლის ფორმირების დროს. გოგონებში - 10-12 წლის, ხოლო ვაჟებში - 13-14 წლის ასაკში. ღრძილები დიდდება, მომკვრივოა, არცთუ სისხლმდინარი. მკურნალობა საჭირო არ არის, თუმცა აუცილებელია პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა. ორსულთა გინგივიტი - ის ორსულობის თანმხლები პროცესია. ვლინდება ორსულობის პირველ ნახევარში, განსაკუთრებით - ტოქსიკოზის ფონზე. ღრძილები დიდდება, ალისფერს იღებს, სისხლმდინარი და მტკივნეულია. გინგივიტის განვითარებას ხელს უწყობს პირის ღრუს მოუვლელობა. სპეციალურ მკურნალობას არ მოითხოვს, მშობიარობის შემდეგ თავისთავად გაივლის.

image


მკურნალობა

პაროდონტის ქსოვილების ანთებითი დაავადებების მკურნალობის მიზანია ეტიოტროპული ფაქტორების მოცილება, პაროდონტის შემადგენელი ელემენტების სტრუქტურული და ფუნქციური თვისებების აღდგენა, დაავადების პათოგენეზურ რგოლებზე ზემოქმედების გზით.

გინგივიტის განკურნებისთვის ხშირ შემთხვევებში საკმარისია გამომწვევი მიზეზების მოშორება და პროფესიული ჰიგიენის ჩატარება, რის შემდეგაც სრულყოფილი ჰიგიენური ნორმების დაცვის შემთხვევაში ხდება სრული გამოჯანმრთელება.

მკურნალობის მეთოდები

კონსერვატიული: • პირი ღრუს პროფესიული ჰიგიენა (კბილის ღრძილზედა და ღრძილქვეშა, რბილი და მაგარი ნადებების მოშორება.) • ანთების საწინააღმდეგო თერაპია • პირადი ჰიგიენა-პირის ღრუს ჰიგიენური საშუალებების შერჩევა და კბილების წმენდის სწორი მეთოდის სწავლება.

ეტიოლოგიური მკურნალობა: კარიესული დეფეტების მკურნალობა, ბჟენებისა და ხელოვნური გვირგვინების კორექცია, რაციონალური პროთეზირება, თანკბილვის კორექცია, მავნე ჩვევების აღმოფხვრა ქირურგიული მკურნალობა:, ღრძილის ჰიპერტროფიული ნაწილის მოკვეთა, ენისა და ტუჩის ლაგმების კორექცია.

0
158
შეფასება არ არის
ავტორი:რუზანა სარკისიან
რუზანა სარკისიან
158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0