x
ავატარი კიოში(ნაწილი I)

ავატარი კიოში მიწის სამეფოში დაბადებული ავატარია, რომელმაც ჩრდილოეთის წყლის ტომში დაბადებული ავატარი კურუკი ჩაანაცვლა, ხოლო მის შემდეგ კი ავატარი ცეცლის ერის წარმომადგენელი როკუ გახდა. კიოში 230 წლის ასაკში გარდაიცვალა და ყველაზე დიდხანს მცხოვრები ადამიანი იყო. აგრეთვე ის ძალიან მაღალი იყო და ხალხის უმრავლესობას ზემოდან კოშკივით დაჰყურებდა. კიოშის მშობლები კრიმინალები იყვნენ: იესა, ყოფილი მონაზონი ჰაერის ნომადიდან და ჰარკი, ქურდი მიწის სამეფოდან. თავისი აიქონური ჩაცმულობა კიოშიმ სწორედ მათგან მიიღო მემკვიდრეობით. ის დედამისის ოქროს თავსადგამს და მეტალის საბრძოლო მარაოებს და მამის სახის მოხატულობას ატარებდა.

image

კიოშის რთული ბავშვობა ჰქონდა. ის მშობლებმა მიატოვეს და ობოლს ძლივს გაჰქონდა თავი მანამ სანამ კელსანგი დე ფაქტოდ იშვილებდა. გარდა ამისა ის ავატარად არ ცნეს მოწიფულობის ასაკამდე, რადგან ავატარი კიოშის მეგობარი იანი ეგონათ. როცა მისი ნამდვილი იდენტობა გამჟღავნდა გოგონას სამყარო ქაოსმა მოიცვა. იანი მსხვერპლად შესწირეს საშიშ სულს, ხოლო კელსანგი კიოშის დაცვის დროს მოკვდა ჯიანცუსთან ბრძოლისას, რომელიც იანის ყოფილი მასწავლებელი და მიწის სამეფოს დე ფაქტო მმართველი იყო. შეშინებული და შურისძიების წყურვილით ანთებული კიოში თავის მეორე მეგობართან, რანგისთან ერთად გაიქცა და მშობლების ძველ კრიმინალურ დაჯგუფებას, მფრინავი ოპერის კომპანიას შეუერთდა. მათთან ერთად ჯიანცუს მიერ დევნილმა კიოშიმ მიწის სამეფოში იმოგზაურა და კრიმინალურ საქმიანობაში ჩაერთო. ამ პერიოდში კიოშიმ ძალიან ბევრი ტკივილი და დანაკარგი განიცადა, დაიწყო რომანტიული ურთიერთობა რანგისთან და გაანადგურა ჯიანცუ.

ამ გამოცდილებამ კიოშის მსოფლმხედველობა და მისი დამოკიდებულება ავატარობისადმი ძირფესვიანად შეცვალა. კიოშის სურვილი იყო სამართლიანობა დაემყარებინა და არც მეტოქის მოკვლაზე იხევდა უკან თუ ეს საჭირო გახდებოდა. სწორედ ამიტომ იყო ის ძალიან ეფექტური ავატარი. მან თავიდან აიცილა ყვითელკისრიანთა აჯანყება, დაამარცხა დამპყრობელი ჩინი, რომელსაც მიწის სამეფოს დამორჩილება სურდა, დააარსა კიოშის კუნძული და კიოშის მეომრების ინსტიტუტი, თუმცა მისმა ზოგმა ქმედებამ გრძელვადიან პერსპექტივაში გარკვეული პრობლემები წარმოშვა: ჯიანცუს და ჩინის სიკვდილმა და დაი ლი-ს დაარსებამ გრძელვადიანი პრობლემები წარმოშვა მიწის სამეფოსთვის. დაი ლი-ს შექმნას კიოში მოგვიანებით ძალიან ნანობდა.

ადრეული ცხოვრება

კიოში ჰაერის ნომადის განადგურებამდე 312 წელს დაიბადა მიწის სამეფოში. ზუსტი დაბადების ადგილი კიოშისთვისაც კი უცნობი იყო. მისი დაბადებისას მიწის სამეფოში პოლიტიკურად არასტაბილური სიტუაცია იყო: დესტაბილიზაციას იწვევდა ყვითელკისრიანთა აჯანყება და დაოფეის სახელით ცნობილი მოთარეშე ბანდიტთა ჯგუფები. ერთ-ერთ ყველაზე ძლევამოსილ კრიმინალურ დაჯგუფებას, მფრინავი ოპერის კომპანიას სათავეში კიოშის მშობლები, იესა და ჰარკი ედგნენ. მას შემდეგ რაც შვილი შეეძინათ, იესა და ჰარკი ცდილობდნენ კრიმინალურ საქმიანობაში მონაწილეობა შეეზღუდათ. ისინი ქალიშვილთან ერთად მთელს მიწის სამეფოში მოგზაურობდნენ და დიდი ხნის განმავლობაში არსად რჩებოდნენ.

როცა კიოში ექვსი-შვიდი წლისა იყო, მშობლებმა ის იოკოიას პორტში დატოვეს ერთ-ერთ მოსახლესთან. ეს ნახევარკუნძული მიწის სამეფოს სამხრეთ-დასავლეთით, ვეშაპის ყურესთან ახლოს მდებარეობდა და ძირითადად გაღარიბებული მეთევზეებითა და ფერმერებით იყო დასახლებული. მშობლებმა კიოშის სკივრი დაუტოვეს, სადაც იესას საბრძოლო მარაოები და ჟურნალი იდო, რომელშიც აღწერილი იყო დაოფეის შესახებ ინფორმაცია და მათი წეს-ჩვეულებები. როცა კიოშის მშობლებმა იოკოია დატოვეს, მისმა მეურვემ ის მაშინვე ქუჩაში გააგდო. რადგან ამ სოფლის მოსახლეობა ისედაც ძალიან ღარიბი იყო კიოშისთან გასაზიარებელი ლუკმა არავის ჰქონდა და გოგონა შიმშილისგან იტანჯებოდა, უმეტეს დროს კი მას ნაგავში ქექვა უწევდა. მიუხედავად ამისა, ის ძალიან მაღალი იყო და შვიდი წლის ასაკში თინეიჯერების უმეტესობას ზემოდან უყურებდა. მძიმე ბავშვობის გამო კიოშის სძულდა თავისი მშობლები და ზოგადად კრიმინალები.

სრულიად შემთხვევით, 305 წელს, იოკოიას ჯიანცუ და კელსანგი ესტუმრნენ. ისინი შვიდი წლის განმავლობაში მოგზაურობდნენ მთელს მიწის სამეფოში, რათა ავატარი ეპოვნათ. მათ ადგილობრივ ბავშვებს ტესტი ჩაუტარეს, სადაც უნდა ამოერჩიათ ის სათამაშოები, რომლებიც ყოფილ ავატარებს ეკუთვნოდათ. ტესტში ყველა ბავშვი ჩაიჭრა. კიოში ჩუმად ადევნებდა ამ ყველაფერს თვალს, რაც კელსანგმა შეამჩნია და მიუხედავად იმისა, რომ გოგონა დიდი იყო იმისათვის, რომ ავატარი ყოფილიყო, მაინც სთხოვა ამოერჩია სათამაშოები. კიოშიმ თიხის კუ ამოირჩია, რომელიც წინა ავატარს ეკუთვნოდა. იმისათვის, რომ საბოლოოდ დამტკიცებულიყო მისი ავატარობა, მას კიდევ სამი სათამაშო უნდა ამოერჩია, მაგრამ კიოშიმ, რომელიც სიკეთეს და კარგ დაპირებებს მიჩვეული არ იყო, კელსანგის სიტყვები ტყუილად და ხრიკად მიიჩნია და სათამაშო კუსთან ერთად გაიქცა. ჯიანცუმ და კელსანგმა მას წასვლის ნება მისცეს და შეცდომით მონათლეს სხვა ბავშვი, იანი, ავატარად.

image

როცა კელსანგი მიხვდა, რომ კიოშის იოკოიაში ყურადღებას არავინ აქცევდა, მოძებნა ბავშვის სამალავი და თავისი მზრუნველობის ქვეშ აიყვანა ის. თავდაპირველად მხოლოდ ცუდის მნახველი გოგონასთვის ბერის ნდობა რთული აღმოჩნდა, მაგრამ დროთა განმავლობაში კიოში მიხვდა, რომ კელსანგი გულახდილი და ძალიან კეთილი იყო მასთან და მამად მიიღო ის. როცა ბერი იოკოიაში იმყოფებოდა, ის ყურადღებას აქცევდა კიოშის, ხოლო როცა მიდიოდა ადგილობრივ ოჯახებს უტოვებდა ფულს, რომ გოგონასთვის მიეხედათ, მაგრამ როცა კელსანგი ბრუნდებოდა კიოში ნაშიმშილები და დასუსტებული ხვდებოდა. სწორედ ამიტომ, ის ბავშვს დაჰპირდა, რომ დიდი ხნით აღარ მიატოვებდა და ჯიანცუს სთხოვა კიოშისთვის სამსახური მიეცა ავატარის საცხოვრებელში, რომელიც იანისა და მისი ანტურაჟისთვის აშენდა. სანამ ავატარის საცხოვრებელი შენდებოდა, კიოშიმ რანგი გაიცნო, რომელიც იანის მცველად დანიშნეს. ის სულ უყვიროდა კიოშის და ბრძანებებს აძლევდა მას. რამდენიმე კვირის მერე კიოშიმ გაანალიზა, რომ ცეცხლის მმართველი თავის ემოციებს ყვირილით და აგრესიით გამოხატავდა და ამით აგრძნობინებდა ხალხს, რომ ისინი მოსწონდა. რანგი და კიოში საბოლოოდ კარგი მეგობრები გახდნენ.

მალე კიოშიმ ორგანიზებისა და სისუფთავის ნიჭი გამოავლინა, რის გამოც ის იანის პირად მსახურად დანიშნეს, რადგან სადაც იანი წავიდოდა, იქ სულ არეულობას ტოვებდა. გარდა ამისა, კიოში სამზარეულოშიც საქმიანობდა და ავატარისთვის მიღებული საჩუქრების დახარისხებაშიც იღებდა მონაწილეობას. კიოშის ძალიან მოსწონდა ახალი ცხოვრება ახალ სახლში. სტაფის წევრები დისტანციას იცავდნენ ხოლმე კიოშის წარმომავლობის და მისი და რანგის მეგობრობის გამო, მაგრამ კიოში ამას ყურადღებას არ აქცევდა და მათთან მაინც კარგი ურთიერთობა ჰქონდა. გაუმჯობესებული ცხოვრების პირობების მიუხედავად კიოში მაინც ხდებოდა ბულინგის მსხვერპლი ადგილობრივი ახალგაზრდების მხრიდან, რომელთაც აომა ლიდერობდა, იოკოიას კაპიტნის ქალიშვილი. მას და მის მეგობრებს შურდათ კიოშის უკეთესი პირობების და მისი ავატართან სიახლოვის, მაშინ როცა მათ მინდვრები უნდა დაეხნათ და მშობლების სათევზაო ნავებისთვის მოევლოთ. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ძლიერი იყო, კიოში მათ ბულინგს პასუხს არ სცემდა, რადგან იოკოიას მცხოვრებლების მიმართ ცუდი გულში არაფერი ედო. რანგი ხშირად სთავაზობდა კიოშის დახმარებას რათა აომასთვის ჭკუა ესწავლებინა, მაგრამ კიოში უარყოფდა ძალადობას, მათ შორის საკუთარი მიწის მართვის უნარის გამოყენებასაც. კიოშის მიწის ძალიან დიდი ნატეხების მართვა შეეძლო, თუმცა სიზუსტის გარეშე. ის ამ შესაძლებლობას სამსახურში ვერ იყენებდა. კიოში უარს ამბობდა თავისი ნიჭის განვითარებაზე და მის გამოყენებაზე.

თანდათანობით კიოში, რანგი და იანი ძალიან დაახლოვდნენ. განსაკუთრებით დიდ დროს ერთად კიოში და იანი ატარებდნენ. კიოშის ერთერთი მოვალოება იყო ავატარისთვის გამოგზავნილი საჩუქრების დახარისხება, რომელსაც ის მიწის სამეფოს ყველა კუთხიდან იღებდა. ერთ ღამეს, როცა იანი და კიოში საჩუქრებს ახარისხებდნენ, იანმა კიოშის თავი კალთაში ჩაუდო და მათ ერთმანეთს კინაღამ აკოცეს, მაგრამ მანამ შეჩერდნენ, სანამ ეს მოხდებოდა, რადგან სჯეროდათ, რომ მათი ურთიერთობა შეუძლებელი იქნებოდა განსხვავებული სოციალური სტატუსისა და ვალდებულებების გამო. ამის შემდეგ არცერთს უხსენებია ეს ინციდენტი, მაგრამ ერთმანეთი მაინც მოსწონდათ.

296 წელს, კელსანგი და კიოში სამზარეულოში საქმიანობდნენ, სადაც ერთ-ერთ მელოდიაზე სამზარეულოში მომუშავეები იმპროვიზირებულ პოეზიას კითხულობდნენ კიოშის შეგუალიანებით. როცა კიოშის ჯერი დადგა, მან გაუცნობიერებლად წინა ავატარის, კურუკის მიერ დაწერილი სასიყვარულო პოემა წარმოთქვა. კელსანგმა მოინდომა გაეგო საიდან იცოდა კიოშიმ ეს პოემა, მაგრამ კიოში იმეორებდა, რომ პოემა თავად მოიგონა. კელსანგმა გოგონა სამზარეულოდან გაიყვანა და ყველასგან მოშორებით სიმართლე გაუმხილა პოემის შესახებ. ამის შემდეგ კელსანგი დაეჭვდა იმაში ნამდვილად იყო თუ არა იანი ავატარი, რადგან მან მხოლოდ თავისი ბუნებრივი ელემენტის, მიწის მართვა იცოდა. მართალია კიოშიც არ ამჟღავნებდა რაიმე განსაკუთრებულს, მაგრამ კელსანგმა იცოდა, რომ გოგონამ ბავშობაში ავატარის რელიქვიებიდან ერთერთი აირჩია. მან და კიოშიმ გადაწყვიტეს, რომ ეს ამბავი საიდუმლოდ შეენახათ, რადგან იმ პერიოდში მიწის სამეფოს და მეკობრეების ბანდას, „მეხუთე ერს“, შორის ხელშეკრულება უნდა დადებულიყო და იანის ავატარობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება სასარგებლოს ვერაფერს მოიტანდა.

როცა იანი ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად წავიდა, მან კიოშის სთხოვა თან გაყოლა. კიოშიც დასთანხმდა. ამ დროს მას გადასცეს მწვანე, ჯავშნიანი კიმონო, რომელიც მოგვიანებით, ავატარის აიქონურ ლუქად იქცა.

ტაგაკასთან დაპირისპირება და ავატარად იდენტიფიკაცია


სამხრეთ პოლუსზე, ჯგუფი მეხუთე ერის ლიდერს, მეკობრეთა დედოფალს და მონათმფლობელ ტაგაკას დაუპირისპირდა, რომლის უზარმაზარმა ფლოტმა მიწის სამეფოს წყლები დაარბია და მოქალაქეები ტყვედ აიყვანა. იანი შეიპყრეს და მისი ჯგუფი შუა ზღვაში გაიფანტა. მხოლოდ კიოში დარჩა, რათა ტაგაკას დაპირისპირებოდა. სიტუაცია უიმედო იყო, რადგან კიოში მიწისგან, თავისი ელემენტისგან მოშორებით იყო. ტაგაკამ კიოშის შესთავაზა მას შეერთებოდა, მაგრამ გაბრაზებულმა კიოშიმ უარი განუცხადა და ყველას გასაოცრად ზღვის ფსკერის მართვა და ტაგაკას ფლოტის დამარცხება შეძლო, რაც მხოლოდ ავატარის ძალებით თუ მოხერხდებოდა. კიოშის ეს ქმედება გადამწყვეტი აღმოჩნდა, რადგან იანის მოკავშირეებმა ტაგაკას ფლოტის დარჩენილ ნაწილს შეუტიეს და იანი და სხვა ტყვეები დაიხსნეს. კიოშის შთამბეჭდავმა მართვის ხელოვნებამ ბევრს გაუჩინა ეჭვი კიოშის, როგორც ჩვეულებრივი მიწის მმართველის იდენტობაში და იუანის, როგორც ავატარის იდენტობაში. ინციდენტის შემდეგ ბევრი დაშავდა, მათ შორის კიოში და კელსანგიც.

რადგან უკვე ბევრი ეჭვობდა, რომ კიოში ავატარი იყო, ჯიანცუმ ის გაათავისუფლა მსახურის მოვალეობებისგან, რათა მას მართვის ხელოვნება დაეხვეწა. მას შემდეგ რაც კიოშიმ ფიასკო განიცადა იანის მასწავლებელთან, ჰაი-რანთან ცეცხლის მართვაში, ჯიანცუმ ის და იანი მოშორებულ და უკაცრიელ სოფელში წაიყვანა. კიოში და იანი ფიქრობდნენ, რომ ჯიანცუ ავატარის მდგომარეობის გამოწვევას ცდილობდა, მაგრამ ჯიანცუმ მათ უბრალოდ მედიტირება სთხოვა, რომ მტანჯველ სულს შეხვედროდნენ და მასთან დიალოგი გაებათ. როცა წყვილმა სულთან შესახვედრად მედიტაცია დაიწყო, ჯიანცუმ რაღაც საკმეველი დაანთო, რამაც კიოშის და იანის მოძრაობის უნარი შეზღუდა, თუმცა კიოშის თვალები გახელილი ჰქონდა და ხედავდა რაც ხდებოდა. მან დაინახა როგორ ესაუბრებოდა ჯიანცუ სულს სახელად „მამა გლოუვორმი“ და როგორ ჰკითხა მას ავატარის ვინაობა. სულმა ორივესგან სისხლი მოითხოვა პასუხის გააცემად, მაგრამ როცა ის კიოშის მიუახლოვდა იანმა სხეულზე კონტროლი დაიბრუნა და ის კიოშის ჩამოაშორა. მიუხედავად ამისა, სულმა მაინც მოახერხა სისხლის აღება მათგან და ავატარად კიოში გამოაცხადა. ამის შემდეგ ჯიანცუმ სულს კიოში ხელიდან გამოაცალა, ხოლო იანი მას დაუტოვა, რადგან აღარ სჭირდებოდა. გაბრაზებულმა სულმა იანი თავის გამოქვაბულში შეათრია, ხოლო ჯიანცუმ თავისი მიწის მართვის წყალობით გამოქვაბული ჩახერგა და იანის სულიც და სხეულიც იქ გამოკეტა. განრისხებულმა კიოშიმ დაიკივლა და მისი პირიდან ცეცხლი გამოიტყორცნა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა კიოშიმ მიწის გარდა სხვა ელემენტის მართვა შეძლო.

კიოშიმ ჯიანცუს წინააღმდეგ ბრძოლა სცადა, მაგრამ მისი დამარცხება ვერ მოახერხა. ჯიანცუმ კიოშის მიწის ალიკაპი ჩასჩარა პირში და ლამის დაახრჩო, ხოლო ამის ახსნას იმით ცდილობდა, რომ კიოშის სიკვდილი სასიკეთო იქნებოდა მსოფლიოსთვის. ამ დროს გამოჩნდა ტაგაკასთან ბრძოლის დროს დაშავებული კელსანგი, რომელიც ჯიანცუს ქმედებებმა და იანისა და კიოშის გაუჩინარებამ დააეჭვა. როცა სიტუაციაში გაერკვა, კელსანგმა ჯიანცუს განუცხადა, რომ ის ვეღარ ემსახურებოდა ავატარს და რომ ის კიოშის უკან წაიყვანდა. ჯიანცუ გაბრაზდა და კელსანგს უთხრა, რომ კიოშის ვერსად დაუმალავდა, რადგან აუცილებლად იპოვიდა. კელსანგმა კიოშის დაუყვირა გაქცეულიყო და თავად ჯიანცუს დაუპირისპირდა, მაგრამ რადგან დაშავებული იყო, მალევე მოკვდა. განრისხებული კიოში პირველად გადავიდა ავატარის მდგომარეობაში და პატარა სოფელი მთლიანად გაანადგურა, მაგრან ჯიანცუ მიწის ქვეშ დაიმალა, ხოლო კიოში იოკოიაში, ავატარის მამულში გაიქცა.

მამულში მისვლის შემდეგ, კიოშიმ კართან მდგარი რანგი იპოვა, რომელსაც ვერ გაეგო რა ხდებოდა. კიოშიმ მას ყველაფერი უამბო და უთხრა, რომ აუცილებლად უნდა წასულიყო. მან თავისი ნივთები ჩაალაგა, მათ შორის მშობლების დატოვებული სკივრი და ჟურნალი, აგრეთვე თიხის სათამაშო კუ. როცა სკივრი გახსნა, მან საომარი მეტალის მარაოები, თავსადგამი და სახის მოსახატი საღებავები იპოვა. ამის შემდეგ ის კელსანგის მფრინავი ბიზონის, პენგპენგის საძებნელად წავიდა, როცა რანგის გადააწყდა, რომელიც ბიზონზე საკვებს და საბნებს აწყობდა. რანგი მასთან ერთად წავიდა და კიოშის უთხრა, რომ ის ერთი საათითაც ვერ გადარჩებოდა დახმარების გარეშე.

image

0
54
1-ს მოსწონს
ავტორი:ლელეე
ლელეე
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0