x
მშობელთან მიჯაჭვულობის როლი რომანტიკულ ურთიერთობაში
imageimage



შეიძლება თუ არა მშობელთან მიჯაჭვულობის ტიპმა განსაზღვროს ინდივიდის მომავალი რომანტიკული ურთიერთობების სპეციფიკა? ჩვენ, სწორედ, ამ კითხვაზე გავცემთ პასუხს ამ სტატიის ფარგლებში. უპირველეს ყოვლისა, განვიხილავთ ზოგადად მიჯაჭვულობის თეორიას და შემდგომ მის კავშირს სასიყვარულო ურთიერთობების სპეციფიკასთან, რამდენიმე მნიშვნელოვან კვლევაზე დაყრდნობით.

ემოციური კავშირი, რომელიც ახალშობილს უყალიბდება თავისი მშობლის, მზრუნველის მიმართ, ჯონ ბოულბისა და შემდგომ მერი ეინსვორსის კვლევის ფოკუსში მოექცა მეოცე საუკუნის 60–70იან წლებში, შედეგად მათ ჩამოაყალიბეს თეორია, რომელიც ცნობილია, როგორც მიჯაჭვულობის თეორია. აღნიშნული თეორია დღემდე არ კარგავს აქტუალობას და ფსიქოლოგიისთვის ერთ–ერთ მნიშვნელოვან მონაპოვარს წარმოადგენს. ბოულბი აკვირდებოდა ჩვილებისა და მცირეწლოვანი ბავშვების ქცევას სხვადასხვა დროის ხანგრძლივობით მშობელთან განშორებისას, შედეგად ქცევის კონკრეტული პატერნები გამოავლინა, რომლებიც მეორდებოდა სხვა სახეოებებშიც, მათ შორის პრიმატებში. ეს ქცევები შეიძლება იყოს ტირილი, მშობლის აქტიური ძიება, სხვების მხრიდან გამოჩენილი ზრუნვისადმი რეზისტენტობა, მწუხარება და სხვა. აღნიშნული ქცევის პატერნებს, რომლებსაც მზრუნველთან განშორებისას ავლენს ჩვილი მიჯაჭვულობის ქცევის სახელითაა ცნობილი. ბოულლბის შემდეგომ, როგორც ავღნიშნეთ ეინსვორსმა დაიწყო განხილული ფენომენის კვლევა, მან გამოყო მიჯაჭვულობის სამი ტიპი, იმის მიხედვით, თუ რა რეაქციებს გამოხატავდნენ ჩვილები მშობელთან განშორებისას:

1.უსაფრთხო/მყარი მიჯაჭვულობა, რომელიც ჩნდება მაშინ, როცა მზრუნველი მუდმივად ჩვილის გვერდითაა, მუდმივად ხელმისაწდომია, დროულად პასუხობს მის ყველა მოთხოვნილებას, გამოხატავს სითბოს მის მიმართ. ასეთი მიჯაჭვულობისას ბავშვი დაცულად გრძნობს თავს.

2.თავის არიდების მიჯაჭვულობა – ჩნდება, როდესაც მშობელი უყურადღებოა, უგულებელყოფს ბავშვის მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს, ამგვარი ზრუნვის სპეციფიკა ჩვილს დაუცელად და უსუსურად აგრძნობინებს თავს.


3.ამბივალენტური მიჯაჭვულობა – ჩნდება, როდესაც მომვლელი არათანაბარ ზრუნვას გამოხატავს, ზოგჯერ ყურადღებიანია და ადვილად ხელმისაწვდომი ჩვილისთვის, ზოგჯერ კი არა. ასეთი ბავშვი ძირითადად ზედმეტად მგრძნობიარეა და შფოთვის მაღალი დონე აქვს.

როგორც ბოულბი, ისე ეინსვორსი აღნიშნავდა, რომ მიჯაჭვულობის ტიპი გავლენას ახდენს მომავალ ურთიერთობებზე და ზოგადად გარემოსადმი, ადამიანებისადმი ნდობაზე. მაგალითად, უსაფრთხო მიჯაჭვულობის მქონე ბავშვს შესაძლოა ჩამოუყალიბდეს მოლოდინი, რომ ადამიანების უმეტესობა მზრუნველი და საიმედოა. ამდაგვარ რწმენას ადამიანის ურთიერთობების სამუშაო მოდელი უწოდეს. ამის შემდგომ ლოგიკურია, რომელიმე მეცნიერს გასჩენოდა კითხვა განსაზღვრავს თუ არა მიჯაჭულობის ტიპი რომანტიკული ურთიერთობების სპეციფიკას? ანუ შეგვიძლია თუ არა მიჯაჭვულობის ტიპიდან გამომდინარე ვიწინასწარმეტყველოთ ადამიანის ქცევის პატერნები რომანტიკულ ურთიერთობაში? ამ კითხვაზე პასუხი კი პირველად სინდი ჰეზენმა და პილიფ შეივერმა გასცეს (Cindy Hazan & Phillip Shaver, 1987) და ჩამოაყალიბეს ზრდასრულთა მიჯაჭულობის თეორია. ისინი გამოთქვამდნენ მოსაზრებას, რომ მოზრდილი ადამიანების სასიყვარულო ურთიერთობები, გარკვეული თვალსაზრისით, ბავშვების მიჯაჭვულობას ჰგავს. როგორც ბავშვები, ისე მოზრდილები, ჩვეულებრივ, ძლიერ ლტოლვას ამჟღავნებენ სხვა ადამიანის მიმართ, მწვავედ განიცდიან განშორებას, ცდილობენ იყვნენ მის გვერდით და მასთან ერთად გაატარონ დრო (Taylor & Peplau, 2008). არსებობს ვარაუდი, რომ რომანტიკულ ურთიერთობებს მოზრდილებში, ისევე, როგორც ბავშვების მიჯაჭვულობას, ბიოლოგიური საფუძველი აქვს: „რომანტიკული სიყვარული არის ევოლუციის შედეგად ჩამოყალიბებული ბიოლოგიური პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს მიჯაჭვულობის გაჩენას ზრდასრულ სექსუალურ პარტნიორებს შორის, რომლებიც სქესობრივი კავშირის შედეგად, სავარაუდოდ, გახდებოდნენ მშობლები ბავშვისა, რომელსაც საიმედო მოვლა დასჭირდებოდა“ (Hazan & Shaver, 1987, გვ. 423).

მათი კვლევის შედეგად, ზრდასრულთა რომანტიკულ ურთიერთობებშიც ძირითადად სამი ტიპის: უსაფრთხო, განრიდებული და ამბივალენტური–მიჯაჭვულობა გამოვლინდა, როგორც ბოულბისა და ეინსვორსის კვლევებში. უსაფრთხო მიჯაჭულობისას ადამიანს არ უჭირს ახლო ურთიერთობების დამყარება და კომფორტულად გრძნობს თავს უმეტეს შემთხვევაში, როდესაც სხვაზეა დამოკიდებული და თავისმხრივ, სხვა მასზეა დამოკიდებული, ასევე არ ღელავს იმაზე, რომ შეიძლება დატოვონ. განრიდებული მიჯაჭვულობისას კი, ადამიანი არაკომფორტულად გრძნობს თავს ახლო ურთიერთობებში, უჭირს ენდოს ვინმეს, ნერვიულობს თუ ვინმე ცდილობს მასთან დაახლოებას. ამბივალენტური მიჯაჭულობის დროს კი, ფიქრობს, რომ სხვებს არ სურთ იმდენად ახლოს იყვნენ მასთან, როგორც მას, ხშირად წუხს იმაზე, რომ პარტნიორს სათანადოდ არ უყარს ან არ უნდა მასთან ურთიერთობა, მას დიდი სურვილი აქვს ინტიმური ურთიერთობების, თუმცა მისი აზრით, ეს სხვებს აშინებთ. (Cindy Hazan & Phillip Shaver, 1987).

მიჯაჭვულობის სტილი რომ გავლენას ახდენს პარტნიორთან ურთიერთობაზე კარგად ჩანს სიმპსონის და კოლეგების ექსპერიმენტში (Simpson, Rholes & Nelligan, 1992), რომლის ფარგლებშიც აკვირდებოდნენ შეყვარებულების რეაქციას, როდესაც ქალი სტრესულ სიტუაციაში ხვდებოდა. ცდისპირებს ლაბორატორიაში ავსებინებდნენ კითხვარს, რათა დაედგინათ მათი მიჯაჭვულობის ტიპი. ამის შემდეგ კი ექსპერიმენტატორი ეუბნებოდა თითოეულ ქალს, რომ ის აღმოჩნდებოდა ისეთ სიტუაციაში, რომელშიც უნდა გაიაროს მთელი რიგი ექსპერიმენტული პროცედურები, ეს პროცედურები კი ადამიანთა უმრავლესობაში შფოთვასა და მღელვარებას იწვევს და რომ მათ შესახებ ახლა ვეღარაფერს მოუთხრობდა. შემდეგ კი თითოეულ ქალს აჩვენებდნენ ბნელ, უფანჯრო ოთახს, სადაც თითქოს უნდა ჩაეტარებინათ ეს პროცედურები. შემდეგ ცოტახნით მოცდას სთხოვდნენ მის შეყვარებულთან ერთად, მათ ქცევებს კი ვიდეო აფიქსირებდა, აღმოჩნდა, რომ რაც უფრო იზრდებოდა მომავალი ექსპერიმენტული პროცედურებით გამოწვეული შფოთვა, მიჯაჭვულობის უსაფრთხო სტილის მქონე ქალები პარტნიორისგან მხარდაჭერასა და ნუგეშს ითხოვდნენ, როდესაც თავარიდებული მიჯაჭვულობის მქონენი კი, პარტნიორებს ჩამოცილდნენ, როგორც ემოციურად, ასევე ფიზიკურად. უსაფრთხო მიჯაჭვულობის მქონე მამაკაცები კი მეტად ცდილობდნენ პარტნიორის დახმარებას, ვიდრე თავარიდებულები. აღნიშნული შედეგებიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ სწორედ ჩვილობასა და ადრეულ ბავშვობაში მიღებული მშობელთან ურთიერთობის გამოცდილება განაპირობებს ჩვენს რომანტიკულ ურთიერთობას პარტნიორებთან. უსაფრთხო მიჯაჭვულობისას ბავშვი ენდობა მშობელს, შესაბამისად მისგან მოელის სითბოსა და მხარდაჭერას, მოცემულ ექსპერიმენტის შედეგებში ჩანს, რომ უსაფრთხო მიჯაჭვულობის მქონე ქალბატონებიც, ენდობოდნენ პარტნიორებს და მოელოდნენ მისგან თანადგომას, თავარიდებული ბავშვს კი არ აქვს მშობლის ნდობა, არ აქვს მისი იმედი, ლოგიკურია, რომ შესაბამისად მოიქცნენ თავარიდებული მიჯაჭვულობის მქონე ზრდასრული ქალბატონებიც, ისინი ავლენდნენ პარტნიორისგან ფიზიკური და ემოციური განმარტოების ტენდენციას, რადგან მათ მშობლებთან ურთიერთობისას ისწავლეს, რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეთ.

გარდა ზემოთ განხილული კვლევებისა, კიდევ სხვა მრავალი კვლევა ცხადყოფს, რომ მიჯაჭულობის სტილი გავლენას ახდენს რომანტიკულ პარტნიორთან ურთიერთობის სპეციპიკაზე (Feeney & Collins, 2001; Feeney & Hohaus, 2001). მეტიც, ერთ–ერთი თანამედროვე კვლევის შედეგად დგინდება, რომ მშობელთან და რომანტიკულ პარტნიორთან მიჯაჭვულობას მსგავსი ნეირონული პროცესები უდეს საფუძვლად (Bartels & zeki, 2004).

გარდა ემპირიული მტკიცებულებებისა, მსგავსი თეორიული მოსაზრებების განხილვაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია. კერძოდ, ფროიდმა საკუთარი თეორიის ფარგლებში წამოაყენა მოსაზრება, რომ დედასთან ჩვილის ემოციური კავშირი ყველა სხვა გვიანდელი ურთიერთობის საფუძველია. ასევე ერიქსონი თავის ფსიქო–სოციალური განვითარების თეორიაში აღნიშნავს, რომ ნდობა რომელიც უყალიბდება ჩვილს მშობლისადმი განაპირობებს მის მომავალ ურთიერთობას გარემოსთან, სხვა ადამიანებთან. თუ ნდობა–უნდობლობის კრიზისი წარმატებით დაიძლევა, ბავშვს ჩამოუყალიბდება ნდობა ზოგადად სამყაროსადმი, ადამიანებისადმი, რაც რასაკვირველია, გავლენას მოახდენს რომანტიკულ ურთიერთობებზეც.

ზემოთ განხილულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეიძლება დავასკვნათ, რომ თუ ადამიანის მიჯაჭვულობის სტილის შესახებ ვიცით, შეიძლება ვიმსჯელოთ მის მომავალ რომანტიკულ ურთიერთობაზე მოზრდილობაში. უსაფრთხო მიჯაჭვულობის მქონე მოზრდილები ძირითადად მარტივად ამყარებენ და კომფორტულად გრძნობენ თავს სასიყვარულო ურთიერთობებში, ამბივალენტური მიჯაჭვულობის მქონე ადამიანები კი, მიუხედავად სასიყვარულო ურთიერთობის დამყარების დიდი სურვილისა, დისკომფორტს განიცდიან ურთიერთობაში, ნერვიულობენ იმაზე, რომ პარტნიორები დატოვებენ, ეჭვობენ რომ არასაკმარისად უყვართ, განრიდებული მიჯაჭვულობისას კი ადამიანები ერიდებაინ სასიყვარულო ურთიერთობებს, ძალიან უჭირთ ენდონ პარტნიორს, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობა და საკუთარ ძალებში დარწმუნებულობა.



გამოყენებული ლიტერატურა

Taylor, sh, Peplau, L, Sear, D (2008), Social Psychology (12th Edition)

Hazan, C., & Shaver, P. (1987). Romantic love conceptualized as an attachment process. Journal of Personality and Social Psychology, 52(3), 511–524. doi: 10.1037/0022-3514.52.3.511

Bartels, A., & Zeki, S. (2004). The neural correlates of maternal and romantic love. NeuroImage, 21(3), 1155–1166. doi: 10.1016/j.neuroimage.2003.11.003


0
23
1-ს მოსწონს
ავტორი:ხოხიაშვილი ნინო
ხოხიაშვილი ნინო
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0