x
რა არის კონიუქტივიტი?

image
კონიუქტივიტი არის თვალის გამჭვირვალე მემბრანის, კონიუქტივას ანთება ან ინფექცია, ის ამოფენს ქუთუთოების შიგნითა ზედაპირს და თვალის კაკლის გარეთა ნაწილს რქოვანამდე.
კონიუქტივიტს ასევე უწოდებენ “ვარდისფერ თვალს’’, ეს სახელწოდება მისი კლინიკური გამოვლინებიდან გამომდინარეობს : კონიუქტივას წვრილი სისხლძარღვების ანთების გამო ისინი უფრო მეტად შესამჩნევი ხდება, რაც თვალის კაკლის თეთრ ნაწილს წითელ შეფერილობას აძლევს.

კონიუქტივიტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია :
სიწითლე
ქავილი
ქვიშის არსებობის შეგრძნება
გამონადენი ძირითადად წარმოიქმნება ღამით, რაც დილით ართულებს თვალის გახელას
ცრემლდენა

სიმპტომები შესაძლოა გამოვლინდეს როგორც ორივე, ისე ცალ თვალზე.

გამომწვევი მიზეზი მრავალია :
ვირუსები
ბაქტერიები
ალერგენები
კონტაქტური ლინზის გამოყენება
ქიმიური ნივთიერებები
სოკოები
ზოგიერთი დაავადება

ვირუსებიდან გამომწვევი ფაქტორი შესაძლოა იყოს:
ადენოვირუსები
წითურა
წითელა
ჰერპესვირუსები, მათ შორის : ჰერპეს სიმპლექსი, ვარიცელა-ზოსტერი, ეპშტეინ-ბარის ვირუსი
პიკორნავირუსი, როგორიცაა კოქსაკ-ვირუსი A24 და ენტეროვირუსი 70
COVID-19

ვირუსული კონიუქტივიტი ძალზედ კონტაგიოზურია.უმეტესი ნაწილი ვრცელდება ხელის თვალთან კონტაქტით, ან კონტამინირებული ნივთების საშუალებით.
ვირუსული კონიუქტივიტის დროს შესაძლებელია დამატებითი სიმპტომების ან მდგომარეობების არსებობა :
1.გაციება, გრიპი ან სხვა რესპირატორული ინფექციები
2.ფარინგოკონიუქტივალური ციებ-ცხელება, ვლინდება როგორც კონიუქტივიტი, ისე მაღალი ტემპერატურა და ყელის ტკივილი
3.ეპიდემიური კერატოკონიუქტივიტი-კონიუქტივიტის ყველაზე მძიმე ფორმა
4.მწვავე ჰემორაგიული კონიუქტივიტი
5.ჰერპესული კერატოკონიუქტივიტი- დაკავშირებულია ჰერპეს-სიმპლექსთან, კანზე ჩნდება წყლულის მსგავსი გამონაყარი, კონიუქტივიტი კი შესაძლოა გამოვლინდეს მხოლოს ცალ თვალზე
6.წითელა და წითურა - კონიუქტივიტს თან ახლავს გამონაყარი, ტემპერატურის მომატება და გამონაყარი.


ბაქტერიული ფორმის გამომწვევებია :
Staphylococcus aureus
Haemophilus influenza
Streptococcus pneumoniae
Moraxella catarrhalis

ბაქტერიული კონიუქტივიტი ვითარდება არა მხოლოდ კონტამინირებული ხელის ან ნივთების თვალთან მიტანით, არამედ კონიუქტივას ბაქტერიული ფლორის გაპათოგენურებით.
განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ ბაქტერიულ კონიუქტივიტს.მწვავე კონიუქტივიტს ახასიათებს ქუთუთოების შეშუპება, ტკვილი, ზოგჯერ მხედველობის დაბინდვა და დიდი რაოდენობით გამონადენი.ქრონიკული კონიუქტივიტი გრძელდება სულ მცირე 4კვირა და ხშირად ახლავს ბლეფარიტი.
სექსუალურად აქტიურ პირებსა და ჩვილებში კონიუქტივიტის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს Chlamydia trachomatis ან Neisseria gonorrhoeae.

ალერგიული კონიუქტივიტის გამომწვევებია :
ხეების, ყვავილების მტვერი
ცხოველის ბეწვი
ობის სოკო
კონტაქტური ლინზები
კოსმეტიკა

ალერგენების საპასუხოდ ორგანიზმი წარმოქმნის ანტისხეულებს (IgE), რომლებიც განაპირობებს პოხიერი უჯრედების დეგრანულაციას და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების, ჰისტამინის გამოთავისუფლებას.ჰისტამინი იწვევს ალერგიის მრავალი ნიშნის გამოვლინებას, შესაბამისად ალერგიულ კონიუქტივიტს შესაძლოა თან დაერთოს სხვა სიმპტომებიც, მაგალითად სურდო და ა.შ.


კონიუქტივიტის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენის დაცვა :
არ შეეხოთ თვალებს ხელით ხშირად
საჭიროა ხელების ხშირი დაბანა
არ გამოიყენოთ საზიარო პირსახოცი
ხშირად ცვალეთ თეთრეული
არ გამოიყენოთ სხვისი კოსმეტიკური საშუალებები
მოერიდეთ ტუშის გამოყენებას

ბაქტერიული კონიუქტივიტის მკურნალობა გულისხმობს ანტიბიოტიკების გამოყენებას თვალის წვეთების, მალამოების ან აბების სახით.თვალის წვეთები ინიშნება დღეში 3-4-ჯერ 5-7დღის განმავლობაში.
ვირუსული კონიუქტივიტი ჯერ ვლინდება ცალ თვალზე, რამდენიმე დღეში კი მეორე თვალზეც, სამკურნალოდ არ ინიშნება ანტიბიოტიკები, ამ შემთხვევაში ის მხოლოდ აუარესებს მდგომარეობას.ვირუსული კონიუქტივიტი ალაგდება 4-7დღეში ყოველგვარი ჩარევის გარეშე (იმ შემთხვევაში თუ გამოწვეული არ არის ჰერპეს სიმპლექსით).
ალერგიული კონიუქტივიტის საწინააღმდეგოდ გამოიყენება სხვადასხვა სახის თვალის წვეთები : ანტიჰისტამინური, პოხიერი უჯრედების მასტაბილიზებელი, დეკონგესტანტები, სტეროიდული და ანთების საწინააღმდეგო წვეთები.

0
145
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო მჭედლიძე
ნინო მჭედლიძე
145
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0