x
სამოქალაქო ორგანიზაციები საზღვრისპირა სოფლებისთვის

image




“Russia is an occupant”, “20% of Georgia is occupied by Russia”- წარწერები საპროტესტო პლაკატებზე, მაისურებზე, საკანცელარიო ნივთებზე, ქუჩის კედლებზე, საფულეებზე, პირბადეებზე… ასე გამოვხატავთ ყოველდღიურ ცხოვრებაში რიგითი მოქალაქეები შინაგანი პროტესტის გრძნობას ოკუპანტი რუსეთის მიერ საქართველოში განხოციელებული მცოცავი ანექსიის მიმართ. მას შემდეგ, რაც 2008 წელს საქართველომ ცხინვალის რეგიონის 103 სოფელზე კონტროლი დაკარგა და მთელი ეს ტერიტორია რუსეთის საოკუპაციო ძალების კონტროლირებად ტერიტორიად იქცა, რუსული ჩექმის კვალი ქართულ მიწაზე უფრო და უფრო ახლოს ჩნდება. ოკუპაცია განსაკუთრებით მტკინვეულია იმ თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც თავიანთ თავზე ცდიან ამ პროცესის მძიმე შედეგებს. ეს ადამიანები საზღვრისპირა მდებარე სოფლებისა და დევნილთა დასახლებების მაცხოვრებლები არიან. მათ ყოველდღიურად უწევთ მძიმე რეალობასა და შიშში ცხოვრება- თვალსა და ხელს შუა კარგავენ მიწებს, საძოვრებს, იტაცებენ მათი ოჯახის წევრებს, მეზობლებს, მავთულხლართების მიღმა აღმოჩენილ საფლავებზე ვერ იხსენიებენ საყვარელ ადამიანებს ჭიქა ღვინით… ეს მცირე ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ყოველდღიურად თვალს უსწორებენ. სამწუხაროდ, სახელმწიფოს მხრიდან არ ხდება შესაბამისი რეაგირება და არ იდგმება ეფექტური ნაბიჯები მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად. ასეთი დასახლებები ხშირად სხვა ყოფა-ცხოვრებისთვის საჭირო ყურადღების მიღმაც რჩებიან. ამ მძიმე რეალობაში, როცა სახელმწიფო პასიურია მსგავსი პროლემების გადაწყვეტისადმი, კიდევ უფრო ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია სამოქალაქო აქტივიზმი და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა მსგავს რეგიონებში.

კონფლიქტური დასახლებების ერთ-ერთი მძიმე, თვალსაჩინო პრობლემა, რომელიც არა მხოლოდ ყოველდღიურობის ნაწილია, არამედ მომავალზეც აისახება, არის არასრულფასოვანი, შეზღუდული ხელმისაწვდომობა სათანადო ზოგადი განათლების მისაღებად. ცალსახაა, განათლების ხარისხზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს და თანამედროვე განათლების მისაღებად კვალიფიციურ პედაგოგებთან ერთად უდიდეს როლს ასრულებს საგანმანათლებლო რესურსებზე ხელმისაწვდომობა. საზღვრისპირა ზონებში, სამწუხაროდ, დღემდე ბევრი ხელმოკლე ოჯახი ცხოვრობს, სადაც მოსწავლეები არ არიან განებივრებული შესაძლებლობებით, რომ კლასგარეშე მიიღონ მათთვის საჭირო და სასურველი ცოდნა. თუმცა, ჩვენდა საბედნიეროდ, ბოლო წლებში განსაკუთრებით გააქტიურდა სამოქალაქო აქტივიზმი ამ მხრივ და პერმანენტულად მუშაობს არასამთავრობო სექტორიც.

ქვეყნის მასშტაბით, მოსწავლეთა განათლებაზე 2012 წლიდან ზრუნავს მოძრაობა “ეკვილიბრიუმი”, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ დააარსა და ქალაქ-სოფლებში ბიბლიოთეკების მოწყობასა და წიგნადი ფონდით განახლებას ახორციელებს. “ეკვილიბრიუმი” განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს საზღვრისპირა სოფლებს:ოკუპაციის ხაზთან მდებარე სოფლებს ორმაგი ყურადღება სჭირდებათ და ჩვენ, ჩვენი მოძრაობის ფარგლებში, განათლების კუთხით ვცდილობთ მხარდაჭერას. წიგნების ჩატანასთან ერთად, გიორგი კეკელიძე ლექციასაც კითხულობს განათლების, ლიტერატურის მნიშვნელობაზე. ამ კუთხით, ძალიან საინტერესო იყო, როცა ოკუპაციის ხაზთან მდებარე სოფლებში, სხვადასხვა მომხსენებელი (ლევან ბერძენიშვილი, ზაალ ჩხეიძე და ა.შ.) კითხულობდა საინტერესო ლექციებს და ტარდებოდა სხვადასხვა ღონისძიება.”

“ეკვილიბრიუმის” დახმარებით ოკუპაციის ხაზთან მდებარე 17 სოფელში უკვე მოეწყო ბიბლიოთეკები და სკოლებს საჭირო წიგნებითაც დაეხმარნენ. მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ მრავალ პარტნიორ კომპანიასთან ერთად ეკვილიბრიუმი რამდენიმე კერძო სკოლასთანაც თანამშრომლობს, მათ შორის “ევროპული სკოლის” მოსწავლეებიც მოხალისეობრივად არიან ჩართული მოძრაობაში. “მათი შეგროვებული ფულით ოკუპაციის ხაზთან მდებარე ორ სოფელს (მერეთსა და კოშკას) თითო–თითო კომპიუტერი და წიგნები გადავეცით. თან გვახლდა ზოგიერთი მოსწავლე თბილისიდანაც. “ - აი ასე გამოხატეს თავიანთი მოხალისეობრივი ჟინი მოსწავლეებმა, რომლებსაც უკვე კარგად ესმით სამოქალაქო აქტივიზმის როლი.

აღსანიშნავია, ისიც რომ საზღვრისპირა სოფელ კოშკაში პატარა ბიბლიოთეკა მოხუცებული ქალბატონის, მასწავლებელ გიული ჩალაურის სახლშია მოწყობილი: ‘’სოფელში ბიბლიოთეკა დაიწვა და ამ ქალბატონის ინიციატივით, მისსავე სახლში გავხსენით სამკითხველო. ამ პროცესშიც ევროპულმა სკოლამ მიიღო მონაწილეობა.”

image

მოძრაობაში ჩაერთვნენ “საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის” სტუდენტებიც, რომლებმაც წეროვნის დევნილთა დასახლებისთვის წიგნები შეაგროვეს.

აღსანიშნავია, რომ “ეკვილიბრიუმის” ამ კეთილმა საქმემ ბევრი პარტნიორი და სპონსორი (პალიტრა L, სულაკაურის გამომცემლობა, გამომცემლობა “არტანუჯი”) მოიზიდა, რაც მათი მხრიდანაც წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია სამოქალაქო აქტივიზმში საზღვრისპირა სოფლების (და არა მარტო) დასახმარებლად.

მოძრაობის საქმიანობის წყალობით დღეს 17 საზღვრისპირა სოფელში ყველა ასაკის და ნებისმიერი ჟანრის ინფორმაციით დაინტერესებული ადამიანისთვის სრულიად უსასყიდლოდ არის ხელმისაწვდომი უახლესი გამოცემის წიგნები და კომპიუტერული ტექნიკა.

სამოქალაქო აქტივიზმისა და არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდეს მნიშვნელობას კონფლიქტისპირა სოფლებში კარგად ასახავს კიდევ ერთი ორგანიზაცია “educare georgia”, კონკრეტულად კი, მისი პლატფორმა “ჩართე”.

‘‘ჩართე’’- საქველმოქმედო პლატფორმაა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს საშუალებას აძლევს, დაუფინანსოს ინტერნეტი ან კომპიუტერი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს. პლატფორმა საგანმანათლებლო ფონდმა შექმნა მას შემდეგ, რაც მათთვის ცნობილი გახდა, რომ განსაკუთრებით რეგიონებში მოსწავლეებს არ ჰქონდათ წვდომა ინტერნეტრესურსებთან და კომპიუტერთან. ამ მიმართულებით “ჩართე” აქტიურად ეხმარება საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ უფროსკლასელ მოსწავლეებს. მათი საქმიანობა უკვე განხორციელდა წეროვანში, ფრეზეთში, გორის კონფლიქტისპირა სოფლებში, ქარელში (დვანი, ტახტისძირი), ხაშურის სოფლებში, ასევე ზუგდიდში და მიმდებარე სოფლებში.

კონფლიქტისპირა სოფლებში და დევნილთა დასახლებებში მცხოვრებმა ოჯახებმა დაკარგეს სახლები და ქონება. ბევრ მათგანს მოუწია ცხოვრების დაწყება ახალ რეალობაში. მათ შორის არიან სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებიც კიდევ უფრო მეტად საჭიროებენ მხარდაჭერას.” სწორედ ამ მიზეზებმა განაპირობა ის, რომ პირველ ეტაპზე, პრიორიტეტი მიენიჭა დევნილი უფროსკლასელების ინტერნეტით და კომპიუტერით უზრუნველყოფას. მათ შემთხვევაში ინტერნეტი და კომპიუტერი განსაკურებით მნიშვნელოვანია, რადგან, სხვა სიკეთეებთან ერთად, ამარტივებს გეოგრაფიულად შორეულ ოჯახსა და მეგობრებთან კომუნიკაციას, სოციალური კაპიტალის დაგროვებას, ავითარებს უნარებს, რომლებიც მომგებიანია სამუშაო ბაზარზე, აძლევს საშუალებას გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები და იდეები.”

“ჩართეს “ დახმარებით ინტერნეტით უსასყიდლოდ სარგებლობს წილკნის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ელენეც, რომელმაც “ჩართეს” ჯგუფთან სკოლამ დააკავშირა და სულ მალე მიიღო კომპიუტერი და დონორებისა და პარტნიორების მხარდაჭერით ინტერნეტიც ჩაურთეს: “ ჩართე” სწორედ მაშინ გამოჩნდა, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა დახმარება. იმ დროს აბიტურიენტი ვიყავი და საკმაოდ რთული არჩევანი მქონდა გასაკეთებელი. სკოლის გარდა, ინტერნეტით ვიღებდი საჭირო ცოდნას, რისი მეშვეობითაც ავიღე ძალიან კარგი ქულები როგორც სასკოლო, ისე ეროვნულ გამოცდებში. “ჩართვამ” უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა სტუდენტობის პერიოდშიც, გავიარე უამრავი ტრენინგ-კურსი, დავეუფლე ინგლისურ ენას კარგად.” ინტერნეტზე წვდომა ელენეს სამსახურის მოძებნაშიც დაეხმარა და დღეს წარმატებულ სტუდენტობას სამსახურსაც უთავსებს.

ელენეს მსგავსად, დევნილთა და საზღვრისპირა დასახლებებში მცხოვრები ათობით მოსწავლეა “ჩართული” და ისინიც ინტერნეტის და კომპიუტერის საშუალებით ყოველდღე უახლოვდებიან თავიანთ სამომავლო გეგმებსა და მიზნებს.

“ჩართე” ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პლატფორმაა, რომელიც უამრავ სიკეთესთან ერთად მოქალაქეების სამოქალაქო აქტივიზმში ჩართულობისკენ არის მიმართული და თითოეულ ადამიანს საშუალებას აძლევს თუნდაც ერთ ლარად გახდეს იმ მოსწავლეების დონორი, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ონლაინ ჩართულობა თვითგანვითარებისა და სოციალიზაციისთვის.

ამგვარად, მოცემული მაგალითები ცხადჰყოფს, რომ, ერთი მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოძრაობების დახმარებით დღეს საქართველოში საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ ბევრ ახალგაზრდას აქვს შესაძლებლობა სრულყოფილ განათლებასთან ერთად სასურველი ინფორმაცია (შემეცნებითი თუ გასართობი) მიიღოს და ნაყოფიერად გამოიყენოს ინტერნეტის, კომპიუტერისა და წიგნების რესურსი, მეორე მხრივ კი, თავად ეს ორგანიზაციები უზრუნველყოფენ მოქალაქეების ჩართულობას მსგავსს აქტივიზმში, რაც სწორად განვითარებული, ემპათიური და ჰუმანური საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია.










0
23
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა კაპანაძე
ლანა კაპანაძე
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0