x
უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია
image

„სიძულვილს, რისხვას, ძალადობას შეუძლია ჩვენი განადგურება: პოლიტიკური პოლარიზაცია საშიშია.“[1] - ერთი შეხედვით ძალიან მარტივი და ლაკონიურად ჩამოყალიბებული აზრი ნათლად და ყველასათვის გასაგებად გადმოსცემს პოლიტიკური პოლარიზაციის ნეგატიურ ასპექტებს. პოლიტიკური პოლარიზაციის არსის გასაგებად და შემდეგ საქართველოში მისი გამოვლინების ანალიზისათვის ცოტა შორიდან დავიწყოთ განხილვა. ფილოსოფიურად რომ მივუდგეთ საკითხს მაშინ ზოგადად ადამიანის ფენომენის იმ ასპექტს უნდა შევეხოთ, რასაც ძალაუფლების სურვილი ჰქვია. როგორც თომას ჰობსი ამბობდა “ადამიანებს ამოძრავებთ მუდმივი და დაუღალავი სურვილი ძალაუფლებისა“. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ძალაუფლების სურვილი არ არის განყენებული ცნება, ის თავისთავად ქმნის ერთგვარ ჯაჭვს ადამიანის სხვა სურვილებთან, ანუ ძალაუფლება არის გასაღები სხვა სურვილების დასაკმაყოფილებლად. ( თუმცა შეიძლება ადამიანისთვის თავისთავად ძალაუფლების ქონა იყოს თვითმიზანი). რადგანაც ადამიანური მოთხოვნილებები და სურვილები უსასრულოა, ხოლო რესურსები მათ დასაკმაყოფილებლად ყოველთვის შეზღუდულია პოლიტიკა რჩება მოღვაწეობის იმ სფეროდ, რომლის საშუალებითაც, ყველა სხვა სფეროსთან შედარებით, შეიძლება ამ ძალაუფლების მოხვეჭა. ამიტომაცაა, რომ ცივილიზაციის პოლიტიკურ ისტორიაში მუდამ არსებობდნენ დაპირისპირებული მხარეები, რომლებიც ამ ძალაუფლების მოსაპოვებლად იბრძოდნენ. თუმცა კვლავ ისტორიაზე დაყრდნობით იკვეთება ტენდენცია, რომ სახელმწიფოებში პოლიტიკურ სათავეში მოსვლისთვის მთავარ პოლიტიკურ სცენაზე ორი მთავარი მოთამაშე იდგა: საფრანგეთში იაკობინელები და ჟირონდისტები, თანამედროვე აშშ-ში რესპუბლიკელები და დემოკრატები, ინგლისში კონსერვატორები და ლეიბორისტები...

გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც პოლიტიკურად მუდამ აქტიური საქართველოა. თუმცა საქართველოში თანამედროვე გაგების პოლიტიკური პოლარიზაციის ნიშნები 80-იან წლებში გამოიკვეთა, როცა ეროვნულ მოძრაობაში მოწინააღმდეგე აზრის მქონე პოლიტიკოსი ცხადდებოდა „კრემლის აგენტად“ ან „სუკის აგენტად“.იგივე ტიპის პოლარიზაცია გაგრძელდა შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდშიც.[2] თუმცა პოლიტიკურმა პოლარიზაციამ რადიკალური სახე მიიღო ბოლო წლების განმავლობაში ე.წ წითლებისა (ნაციონალური მოძრაობის) და ლურჯების (ქართული ოცნების) დაპირისპირების ფონზე. თუმცა საქართველოში, როგორც მსოფლიოს პოლიტიკურ ცივილიზაციაში ერთ-ერთ საინტერესო და გამორჩეულ ობიექტში, პოლიტიკური პოლარიზაცია სახეცვლილია. ვგულისხმობ იმას, რომ თუ ზოგადი გაგებით პოლიტიკური პოლარიზაცია არის ერთგვარი მაჩვენებელი, რომლითაც ფასდება პოლიტიკურ მოთამაშებს შორის არსებული იდეოლოგიური თუ ღირებულებითი განსხვავებულობის და პრინციპული შეუსაბამობის დონე, საქართველოში დღეს პოლარიზაციის მთავარ აქტორებს შორის არ შეიმჩნევა იდეოლოგიური, უფრო მეტად კი მიზნებს შორის სხვაობა. თუ გადავხედავთ ორი მთავარი მოთამაშის “ქართული ოცნების“ და “ნაციონალური მოძრაობის“ ამოცანებსა და მიზნებს, მათ შორის არსობრივ განსხვავებას ვერ შევამჩნევთ, ორივე მათგანისთვის მთავარ საკითხებს წარმოადგენს დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს შენება, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ა.შ. თუმცა, ვინაიდან პოლიტიკური პოლარიზაცია კომპლექსური საკითხია, დამოკიდებულია კონკრეტული ქვეყნის ისტორიულ, პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თავისებურებებზე. აქედან გამომდინარე, პოლარიზაციის გამომწვევი მიზეზებიც და შედეგებიც განსხვავებულია სახელმწიფოების მიხედვით. საქართველოში სახეცვლილი პოლიტიკური პოლარიზაციის რამდენიმე ძირითადი ფაქტორის გამოყოფა შეგვიძლია:

#1 პირველი და უმთავრესი - მყიფე დემოკრატია.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო 70 წლის განმავლობაში იმ დინებას მიყვებოდა, რასაც საბჭოთა მთავრობა ქმნიდა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომი პროცესები ფაქტობრივად გარდაუვალი იყო. დამოუკიდებლობის პირველი ათწლეული არანაკლებ მძიმე აღმოჩნდა საქართველოსთვის. ბნელმა 90-იანებმა ღრმა კვალი დატოვა ქართველი ერის მეხსიერებაში. მასობრივი გაჭირვება, შიმშილი, უმუშევრობა, “ტვინების გადინება“... ეს ყველაფერი დამოუკიდებლობის თანმდევი პრობლემები იყო. ქართველი ერი არ აღმოჩნდა მზად დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნისთვის. დღეს კი, როცა წყობით დემოკრატიული, მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე კი ჰიბრიდული რეჟიმის სახელმწიფოს სტატუსი გვაქვს, ფაქტი, რომ ქვეყანაში მყიფე დემოკრატიაა ნათელია. დამოუკიდებლობის აღდგენიდან გასული ორ ათეულ წელზე მეტი არ ყოფილა საკმარისი სახელმწიფოში დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერისთვის. საქართველო ჯერ კიდევ იმ „ახალგაზრდა“ სახელმწიფოთა შორისაა, რომელმაც დამოუკიდებლობის გემო არც თუ ისე დიდი ხანია გაიგო და შესაბამისად ჯერ არც საკმარისი გამოცდილება არ აქვს დემოკრატიული პროცესების განვითარებაში.


#2 პოლიტიკური აქტორების ნება

სამწუხაროდ, დღეს თავად პოლიტიკური აქტორები უწყობენ ხელს ქვეყანაში უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის არსებობას. ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაციის მთავარი აქტორები მოქმედებენ პრინციპით “ან ჩემიანი ხარ, ან მისიანი“. ასეთმა მიდგომამ რადიკალური შედეგები მოგვცა განსაკუთრებით 2013-2014 წლებში მას შემდეგ, რაც ხელისუფლება გამოიცვალა და დაიწყო წინა ხელისუფლების დროს მომუშავე საჯარო პირების “რეპრესიები“. ფაქტი, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ხდება დიდი რეორგანიზაცია მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებზე ჩვეულებრივი ამბავია, ეს ეხება საჯარო სამსახურებსაც, თუმცა ის, რაც აღნიშნულ წლებში მოხდა იყო პოლიტიკური პოლარიზაციის უკიდურესობის გამოვლინება. ბევრ საჯარო უწყებაში საკმაოდ ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამსახური ეს პროცესი მიმდინარეობდა როგორც დედაქალაქში, ასევე – რეგიონებში. აღნიშნული პროცესის დროს რამდენიმე საინტერესო ტენდენცია და ფაქტი გამოვლინდა, რაზეც “საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“ თავის ანგარიშში მიუთითებს:[3]

  • „საჯარო მოსამსახურეების დიდი ნაწილი თვითონ წერს განცხადებას სამსახურიდან წასვლის შესახებ. სგს-ს თქმით “იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში უმუშევრობის მაღალი დონეა, აღნიშნული გარემოება გარკვეულ ეჭვებს ბადებს, რასაც ემატება გავრცელებული ინფორმაცია, რომ უმრავლეს შემთხვევაში ამ ადამიანებს ზემდგომი თანამდებობის პირები აიძულებენ განცხადების დაწერას.“
  • „რეგიონებში საჯარო სამსახურში ახალი თანამშრომლების მიღების დროს ხშირად იკვეთება ნეპოტიზმი, ანუ კადრების შერჩევა არა კვალიფიკაციის, არამედ – ნათესაური კავშირების ნიშნით.“
  • „ყველაზე მეტი ადამიანი (493) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაითხოვეს. თუმცა სამინისტრომ დათხოვნის მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ მოგვაწოდა;“
ეს და სხვა კონკრეტული მონაცემები (ციფრები, თუ რამდენი საჯარო მოხელე გათავისუფლდა 2013-2014 წლებში) ააშკარავებს თავად პოლიტიკური აქტორების არაკეთილ ნებას, რომ ქვეყანაში როგორც პოლიტიკა, ასევე საზოგადოება იყოს პოლარიზებული.

საქართველოში უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია განსაკუთრებით თავს იჩენს წინასაარჩევნო პერიოდში, როცა აშკარად გამოხატული ორი მთავარი ოპონენტი ყველაირად ცდილობს ისედაც ორად გახლეჩილი საზოგადოება კიდე უფრო დაანაწევროს. ეს ტენდენცია კარგად გამოჩნდა 2016 წლის საპარლამენტო და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიების დროს. ამ პერიოდებში “ნაციონალური მოძრაობაც“ და “ქართული ოცნებაც“ ფაქტობრივად მთლიანად ნეგატიური ტიპის რეკლამებით ცდილობდა ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენას. ოპონენტები არც “შემტევი ტიპის რეკლამას“ ერიდებოდნენ, რაც გულისხმობს უაღრესად ნეგატიურ შეფერილობას, აგრესიულს ტონს, მასში აქცენტი გაკეთებულია ოპონენტის სუსტ მხარეებზე. შემტევი ხასიათის რეკლამები კონკურენტის პოზიციის ნეგატიურ მხარეზე ამახვილებს ყურადღებას და კონკურენტის პოზიციის დაკნინებისაკენაა მიმართული. ნეგატიურ რეკლამას უკეთ იმახსოვრებენ და იგი აუდიტორიაზე უფრო ძლიერ გავლენას ახდენს. ამგვარი რეკლამის ყველაზე თვალშისაცემი მაგალითი ალბათ მაინც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში ქალაქებში გაკრული უზარმაზარი ბანერები იყო ზედ დატანებული ნაც.მოძრაობის წევრების ყველაზე ნეგატიური ფოტოებით და წარწერით “არა ბოროტებას!“. ზოგადად საქართველოს პოლიტიკური აქტორებისთვის დამახასიათებელია ამომრჩევლის თავისკენ გადახრის მცდელობა არა საკუთარი თავის დადებითად წარმოჩენით, არამედ ოპონენტის ნეგატიურ მხარეებზე ყურადღების გამახვილებით.

სამწუხაროდ, უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია ყველაზე მეტად ისევ მოსახლეობას ვნებს, რომელიც ერთი მხრივ ამ პოლარიზაციის მსხვეპლია, მაგრამ მეორე მხრივ თავად მოსახლეობაც სახეა ქვეყანაში არსებული უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციისა. როგორც ზემოთ ვახსენე, პრობლემა უფრო მწავავედ არჩევნების წინ იჩენს თავს, განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების დროს, როდესაც პარტიებს შორის არსებული დაპირისპირება სისხლიან შეტაკებაში გადაიზრდება ხოლმე და ამ შეტაკებებში ამომრჩეველიც არის ჩართული. გავიხსენოთ 2016 წელს სოფელ კორცხელის ინციდენტი. 2016 წლის 22 მაისს ექვსი მუნიციპალიტეტის შესაბამის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში და თბილისში, (გლდანის მაჟორიტარულ ოლქში, ) საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა. ერთ-ერთ ასეთ ოლქში- სოფელ კორცხელში დილიდანვე მობილიზებულმა სპორტსმენთა ჯგუფმა სასტიკი ფიზიკური ძალადობა განახორციელა საარჩევნო უბანთან მყოფ ენმ-ის ლიდერებზე (ნიკა მელია, გიგა ბოკერია, თენგიზ გუნავა, აკაკი მინაშვილი...). მოძალადეები მედიის წარმომადგენლების მიმართაც იჩენდნენ აგრესიას და ხელს უშლიდნენ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების გარდა მოძალადეები ადგილობრივ მოსახლეობასაც გაუსწორდნენ. გავრცელებული ინფორმაციით მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს კორცხელში ენმ-ის

კანდიდატის ვარადებული ლაშხიას შვილს და ძმისშვილს, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ისინი კანდიდატის ნათესავები იყვნენ. დაზიანებების გამო, ლაშხიას ძმისშვილის საავადმყოფოში მოთავსება გახდა საჭირო.[4]

აღნიშნული ფაქტი მიუთითებს არა მხოლოდ პოლიტიკური პოლარიზაციის გავლენაზე მოსახლეობაზე, არამედ თავისთავად უარყოფითად აისახება საქართველოს საგარეო იმიჯზეც. კორცხელის ინციდენტი დაგმეს და პოლიტიკურ ძალადობად შეაფასეს ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა, ამერიკის და ევროკავშირის ელჩებმა საქართველოში. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ მმართველის პარტიის წარმომადგენლებს ფორმალურად შეშფოთება მაინც გამოეთქვათ და დაეგოთ მსგვასი ვანდალური ქმედებები, მათ პირიქით ენმ-ის წევრები დაადანაშაულეს მოძალადეების გამოწვევაში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს პოლიტიკოსების არაკეთილნებას უკიდურესად პოლარიზებული იყოს როგორც პოლიტიკა, ასევე საზოგადოება.

კორცხელის ინციდენტი არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია იწვევს მოსახლეობის ორად გახლეჩვას და ხელოვნურად იქმნება “ხიდჩატეხილობის“ პრობლემა ორ დაპირისპირებულ ბანაკს -“ნაცებისა“ და “ქოცების“ მომხრეებს შორის. ამ ორ ბანაკს შორის არის გაუთავებელი მტრობა, უნდობლობა. ეს დაპირისპირება იმდენად არის მოსახლეობაში გამჯდარი, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში იჩენს თავს. მე პირადად არაერთხელ მოვსწრებივარ ფაქტს, როდესაც ბაზარში ან ბაზრობაზე გამყიდველებს ერთმანეთში მოსვლიათ კამათი პოლიტიკაზე საუბრის დროს და ერთმანეთის შეურაცხყოფის მიზნით სიტყვები “შე ნაცო; შე მიშისტო“ და “შე ქოცო; შე ბიძინისტო“ გამოუყენებიათ. სამწუხაროდ, ეს დაპირისპირება პოლიტიკიდან ძალიან შორს მყოფ ადამინებშიც იმდენად აშკარაა, რომ უკვე იუმორისტული სახეც აქვს შეძენილი, რაც ყველაზე ნათლად იუმორისტული გადაცემის “კომედი შოუს“ “ნაც-ქოცის ოჯახის“ სერიათა ციკლში ჩანს, რომლის მთავარი ფაბულა არის ის თუ როგორ ქიშპობენ ერთმანეთში „ნაცების“ მომხრე ცოლი და „ქოცების“ მომხრე ქმარი.

ყოველივე ზემოთჩამოთვლილიდან გამომდინარე უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიას და შესაბამისად ასეთი პოლარიზაცია სახელმწიფოს განვითარების ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორია. გამოსავალის ძიების პროცესს კი კვლავ გამომწვევ მიზეზებთან მივყავართ. ალბათ, პირველ რიგში მაინც გამოცდილების დაგროვება სჭირდება დემოკრატიულობის თვალსაზრისით ახალგაზრდა სახელმწიფოს. საქართველოს სჭირდება ევროპული გამოცდილების გაზიარება, თუმცა ეს ვერ მოხდება პოლიტიკური აქტორების ნების გარეშე, ამასთანავე მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და იმის გააზრება, რომ ისინი პოლიტიკური თამაშის მთავარი ობიექტები არიან, რომლებზეც ხდება გავლენის მოხდენა. გამოდის, რომ პრობლემის გადაჭრის პროცესი ერთგვარ ჯაჭვს ქმნის, რომლეშიც ერთმანეთთანაა დაკავშირებული დემოკრატიული პროცესების განვითარება, პოლიტიკური ფიგურების კეთილი ნება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. რა თქმა უნდა, სახელმწიფოში ყოველთვის იარსებებენ პოლიტიკური პარტიები განსხვავებული ხედვებით, თუმცა დემოკრატიული სახელმწიფოში დემოკრატიული ოპონირება უმნიშვნელოვანესია, რომლის ფარგლებშიც პარტიები მხოლოდ ერთმანეთის წინააღმდეგ “შავი პიარის“ აგორებით არ არიან დაკავებული და მტრის ხატს არ ქმნიან მოწინააღმდეგის სახით.

“დემოკრატია უნდა იყოს იმაზე მეტი ვიდრე ორი მგლის და ცხვრის კენჭის ყრა თუ რა უნდა ჭამონ სადილად“ [5] მართალია ჯეიმს ბოვარდის მიხედვით ამ შემთხვევაში ორი ძლიერი ძალა ერთ მხარესაა, თუმცა პოლიტიკის რეალობაში თუნდაც ამ ორი მთავარი ძალის დაპირისპირების შემთხვევაში მათი მიზანი სუსტის კბილებში მოქცევაა. ნამდვილი დემოკრატიის გზაზე კი სახელმწიფოში უნდა არსებობდეს პლურალიზმი, სადაც პარტიებს ექნებათ თანასწორი გარემო თავიანთი შესაძლებლობების გამოსამჟღავნებლად, ხოლო საზოგადოებას - მეტი რეალური არჩევანი, ეს კი საწინდარი იქნება უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოსაფხვრელად, რაც ნამდვილი დემოკარტიის გზაზე დაგვაყენებს.


[1] https://www.brainyquote.com/quotes/rahul_gandhi_885210?src=t_polarization

[2] http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=18858&lang=geo

[3] https://www.transparency.ge/ge/content/stub-671

[4] https://www.gdi.ge/uploads/other/0/780.pdf

[5] https://www.goodreads.com/quotes/tag/democracy

2
32
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა კაპანაძე
ლანა კაპანაძე
32
  
2019, 19 აპრილი, 11:58
მადლობა სტატიის წაკითხვისთვის და საინტერესო მოსაზრებებისთვის, მომავლისთვის გავითვალისწინებ :)
საინტერესოა, ბევრ საჭირო ასპექტზეა დასმული მახვილები, მაგრამ "რაღაც-რაღაცეებში" სასტიკად "მოიკოჭლებს" ავტორი;
1) მთავარი ისაა, რომ ამხელა მონოლოგის ბოლოს არ გვაძლევს მისეულ გამოსავალ ვერსიას! უფრო მეტიც, თითქოსდა არსებულ დაპირისპირების "გაუმჯობესებას-პედალირებას" ცდილობს კონტექსტით.
2) საფრანგეთში იაკობინელებისა და ჟირონდისტების დაპირისპირებამდე, მრავალი სისხლი დაიღვარა და დაპირისპირებული ბანაკების სახელებიც კალეიდოსკოპივით იცვლებოდა... ასევე ინგლისსა და ამერიკაშიც - სასაცილოა(თუ სატირალი) და არამარტო იქ, ჩვენთანაც, ანუ საბჭოთა წყობილების დამყარებამდე და 1990 წლის 28 ოქტომბრის მერე თითქმის დღევანდლამდე, აქაც ასე იყო - უმნიშვნელოა, მაგრამ მაინც დავაზუსტე.
3) "ეროვნულ მოძრაობაში მოწინააღმდეგე აზრის მქონე პოლიტიკოსი ცხადდებოდა „კრემლის აგენტად“ ან „სუკის აგენტად“ - ამ 30 წლის მერე, როგორც აღმოჩნდა, არცთუ უსაფუძვლოდ, ზოგი არც იყო აგენტი, "პროსტო" დამოუკიდებლობა რა თავის ფეხებად უნდოდა, არც იცოდა და არც სჭირდებოდა, ესეთი კატეგორიის "სასტავი" კიდევ ბევრია ჯერ ამქვეყნად.
და ბოლოს, დღევანდელი პოლარიზაციაც, ისევე როგორც დამოუკიდებლობის დღიდან არსებული, ხელოვნურადაა შექმნილი. მაშინ მართლაც არ ჰქონდა ხალხს გამოცდილება და ზვავივით აგორდა სიძულვილის ტალღა, მაგრამ ახლა, ეს პოლიტიკანები და მათი "ყმები" თუ ფაფხურობენ, რომ პოლარიზაციისკენ წაიყვანონ საქმე, თორემ ხალხს არაფერი ემჩნევა, ცოტა თუ წამოეგება მაგ ანკესს, თუმცაღა ჩვენივე მთავრობის "არჩევა-მართვა" ჯერ არ(ვერ) ვისწავლეთ, მაგასაც ეშველება ნელ-ნელა.
0 1 2