x
ქცევითი პრობლემები საკლასო ოთახში

image
კლასი ერთი დიდი ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც ერთმანეთისგან განსხვავებული, ინდივიდუალური და სპეციფიკური მიდგომის საჭიროების მქონე ცოცხალი ორგანიზმებისაგან შედგება. ბუნებრივია, რომ სწავლების პროცესს თან ახლავს კონფლიქტური სიტუაციებიც, რომელსაც, რაც უნდა გასაკვირად მოგვეჩვენოს, ნეგატიურის გარდა, პოზიტიური ეფექტიც შეიძლება ჰქონდეს. კონფლიქტი ბუნებრივი გარდაუვალი მოვლენაა განსხვავებული ინფორმაციული მოცემულობების, შეხედულებების, ინტერესების, მოთხოვნილებების, ნორმებისა და კანონების გამო. ეს არის გარკვეული საკითხის ირგვლივ წარმოშობილი უთანხმოება, რომელიც ყოველი ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. გარკვეულ დონეზე, კონფლიქტი დადებით შედეგსაც შესაძლოა გვაძლევდეს - მისი მსვლელობის პროცესში ჩამოყალიბდეს მსჯელობისა და კრიტიკული აზროვნების უნარი და დასაბამი დაედოს რაიმე ახალ იდეას. თუმცა, ერთი შეხედვით მარტივმა კონფლიქტურმა სიტუაციამ, გართულების შემთხვევაში შესაძლოა მოსწავლეებს შორის სერიოზულ აგრესიას და დაძაბულობას ჩაუყაროს საფუძველი, ამიტომ მასწავლებელი შემჩნევის შემთხვევაშივე უნდა შეეცადოს სიტუაციის განეიტრალებას და კონფლიქტის აღმოფხვრას.
პირველ რიგში, ნებისმიერი სახის კონფლიქტი თავიდანვე სერიოზულად უნდა იქნეს აღქმული მასწავლებლის მიერ. მიდგომა, რომ „ყველა პრობლემა დროსთან ერთად მოგვარდება, ისინი ბავშვები არიან და თავად მორიგდებიან“ არის შეცდომა. კონფლიქტში არ იგულისხმება აუცილებლად ერთი მხარის გამარჯვება და მეორის დამარცხება, ამიტომ მასწავლებელმა ეს ამოცანა ისე უნდა გადაწყვიტოს, რომ ორივე მხარემ თავი გამარჯვებულად იგრძნოს. მასწავლებელმა უნდა აარჩიოს შესაფერისი დრო და სთხოვოს მოსწავლეებს გაიაზრონ კონფლიქტის არსი, მნიშვნელობა და დაეხმაროს მათ მოახდინონ საკუთარი გრძნობა-ემოციების რეფლექსია. გაუზიაროს არსებული ალტერნატივები, შესთავაზოს საკუთარი ხედვები გამოსავალთან დაკავშირებით და მოსწავლეებთან შეთანხმების საფუძველზე მივიდნენ საერთო კონსენსუსამდე. გასათვალისწინებელია, რომ საქმე გვაქვს ბავშვებთან, აქ არ არის სწორის და არასწორის გარჩევის დრო და ადგილი. აქ მნიშვნელოვანია ორივე მხარემ თავი საბოლოო ჯამში კომფორტულად იგრძნოს, პრობლემა კონსტრუქციულად - ორივეს გამარჯვებით დასრულდეს, რათა რომელიმე მოსწავლეს არ ჰქონდეს მასწავლების მიკერძოებულობისგან გამოწვეული უსამართლობის განცდა. ეს უკანასკნელი აქვეითებს მოსწავლის თავდაჯერებულობას, თვითრწმენას და თვითშეფასებას.
რაც ყველაზე მთავარია, მასწავლებელი არ იყენებს სადამსჯელო ღონისძიებებს, არც შურისმაძიებლურს და მუქარის შემცველს. იმ უკიდურეს შემთხვევაში, თუ კონფლიქტის მოგვარება მასწავლებლის ძალებს აღემატება, ის უნდა დაუკავშირდეს მშობლებს და საქმეში ჩართოს სკოლის ფსიქოლოგიც, რომელთა დახმარების შედეგადაც შესაძლებელი იქნება კონფლიქტის პრევენცია.

0
11
შეფასება არ არის
ავტორი:სესილი გოგიბერიძე
სესილი გოგიბერიძე
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0