x
"არჩევანი თქვენზეა, ბატონო თენგიზ!" 1991 წლის ღია წერილი თენგიზ კიტოვანისადმი
image

ღია წერილი ბატონ თენგიზ კიტოვანს

*

...ამბობენ ღმერთთან და კაცთან შუამავალი არაა საჭირო, პირისპირ უნდა ელაპარაკო. რაკი პირისპირ თქვენთან ლაპარაკი შეუძლებელია, მინდა გაზეთის საშუალებით მოგმართოთ ბატონო - თენგიზ!

არა, არც თენგიზ სიგუა, არც გიორგი ხოშტარია, არც სხვები არაა ახლა მთავარი და ძირითადი საქართველოსათვის. არამედ ხართ თქვენ - რადგანაც თქვენ ფლობთ ყველაზე საშინელს ამჟამად - სიკვდილის საშუალებებს! თქვენ ფლობთ სიკვდილის საშუალებებს და იყენებთ მას ისევ ქართველის წინააღმდეგ!


ბატონო თენგიზ კიტოვანო! თქვენ ამ კვირის უკან ხუთი კაცით დაამოკლეთ ქართველების ისედაც მოკლე სია! მინდა უკან მიგახედოთ, ახლად არჩევნებჩანატარებ საქართველოში.

იტყვით? ვერ იტყვით თენგიზ ბატონო, რომ არ გენდვნენ! რომ არ დაგაფასეს! რომ არ მოგეფერა შენი საქართველო! მეტიც, ქართველმა დედებმა თავიანთი პირტიტველა, უმწიფარი შვილები ჩაგაბარათ საწვრთნელად. დღეს!..

საერთოდ ნიჭიერსა და გონიერ კაცს აღმოგაჩნდათ იშვიათი ნიჭი სიტუაციის გამოყენებისა! მაგრამ ნიჭსაც და გონებასაც მაშინ აქვს ფასი თუ იგი პატიოსანია და თუ იგი კეთილმოსურნეა.

ბატონო თენგიზ კიტოვანო! თქვენი ბოროტების ორთვალა უკვე დაძრულია! არა, თქვენ არ მიაქანებთ მას! თქვენ წინ ჰყავხართ აფარებული! და, ესაა მთელი უბედურება! რომ ტიტული „ძმათა მკვლელი“ - აი ეს ამზრზენი ტიტული იჭრება და იკერება მხოლოდ და მხოლოდ თქვენს თარგზე! იმიტომ, რომ სიკვდილის საშუალებებს ფლობთ თქვენ! და სისხლი იღვრება მხოლოდ თქვენი განკარგულების შემდგომ! ბატონო თენგიზ, ხომ არ არსებობს მოვლენა, რომლის ანალიზი არ გააკეთოს დრომ და მემატიანემ! დამარცხდება თუ გაიმარჯვებს საქართველო ამ მძიმე, სამარცხვინო და უსასრულო ომში, ანალიზი ხომ გაუკეთდება 90-იანი წლების მოვლენებს...

*

ბატონო თენგიზ, როგორც საერთოდ, მოვა განსჯის დროც და იცოდეთ განზე გადგება ყველა ის პიროვნება, რომლებმაც ინერცია მისცეს თქვენი სიავის ორთვალას, განზე გადგებიან და ჯვარცმული მამულის წინაშე პირისპირ შეგატოვებენ თქვენ, რამეთუ ორთვალაზე დაწყობილი სიკვდილის საშუალებები მხოლოდ თქვენ განკარგულებაშია!

თქვენმა „ძალებმა“ ტელევიზიის შენობა იავარყო! თქვენ დაგითრგუნიათ და სამხედრო წოდების ჩამორიგებით ინარჩუნებთ უმწიფარ ბიჭების დიდ რაოდენობას მრავალ ოფიცერთან ერთად.

თქვენი თაოსნობით; თქვენ რომ არ დაუშალეთ, მეტიც თქვენ მიუთითეთ - სწორედ ამის გამო ხუთი ქართველის საფლავი გაიჭრა ჩვენს ტანჯულ მიწაზე. თენგიზ ბატონო და თუ ასე გაგრძელდა მომავალში, საკითხავია კიდევ რამდენი კაცის სიცოცხლეს შეიწირავს თქვენი თავმოყვარეობა?

და აი მოგმართავთ ამ პატარა საგაზეთო წერილით, ერთ-ერთი წარმომადგენელი საზოგადოებისა, და ჩემი დაღლილი, გაწვალებული, ჯვარცმული ხალხის სახელით გეკითხებით ბატონო თენგიზ: თქვენ კიდევ გასცემთ განკარგულებას და მისცმეთ ნებართვას, რომ თქვენმა დღევანდელმა გვარდიელმა მოკლას ისევ თქვენი გვარდიელი, რომელსაც გუშინ თქვენ ზრდიდით?

დიახ გეკითხებით თქვენ, ბატონო თენგიზ კიტოვანო, აწი მაინც არ მოუწოდებთ თქვენს ბიჭებს, თქვენს ოფიცრებს დადგენ არა საქართველოს პირისპირ, არამედ საქართველოსთან ერთად? ერთან ერთად?

*

მინდა გაგახსენოთ თურქეთში მცხოვრები ქართველის კობა მიქელაძის სიტყვები, ბატონო თენგიზ!

- „პოლიტიკა ბინძურია, მით უფრო თუ უპატიოსნო ადამიანები მისდევენ ამ საქმეს. ზვიად გამსახურდია თქვენ, ხალხმა აირჩიეთ თქვენს წინამძღოლად. იგი აქ ხუთმილიონიანი საქართველოს პრეზიდენტი არაა მხოლოდ. იგი ჩვენი, თურქეთში მცხოვრები ოთხი მილიონი ქართველის პრეზიდენტიცაა და იმედიც!!!“

მე მეტის თქმა არ მსურს! მე კობა მიქელაძის ნათქვამს მეტს ვერაფერს დავუმატებ.

კობა მიქელაძეს და მთელ გაღმა-გამოღმა საქართველოს უდგახართ პირისპირ ახლა და წინამდებარე სიცოცხლის ორ ლოდზე ორნაირი წარწერაა ამოტვიფრული: ერთს აწერია: „ერისკაცი“ და მეორეს - „ერის მოღალატე“.

პირველი გზით წასვლა, თქვენგან ღმერთისკენ მობრუნებას, ისევ საქართველოს სამსახურში ჩადგომას საქართველოსთვის ერთგულებას და გახარჯვას ნიშნავს.

მეორე გზა!.. წყვდიადში იკარგება იგი და ამ გზით მოსიარულეთათვის სიცოცხლის გამართლება არ არსებობს!

არჩევანი თქვენზეა, ბატონო თენგიზ!

ზ.ბილიხოძე

გაზეთი "საქართველოს ცის ქვეშ", 1991 წლის 11 ოქტომბერი.

image

image

0
324
შეფასება არ არის
ავტორი:ქიმიკოსი
ქიმიკოსი
324
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0