x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
„ემოციების მოთოკვა ვერ შევძელი, ისტერიული ტირილი ამიტყდა...“ - ანნა კუჭავა „მასტერშეფის“ ყველაზე რთულ გამოცდას იხსენებს
image


ანნა კუჭავა „მასტერშეფის“ მესამე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური მონაწილეა. გოგონა, რომელიც სულ იღიმის, სტაბილურად მიიწევდა წინ და უკვე ნახევარფინალშია.


გასულ გადაცემაში ანნამ მწვადი საუკეთესოდ მოამზადა და თავისი პირველი იმუნიტეტი მოიპოვა. ტრიუმფალური გამარჯვების გარდა, ანნას ნახევარფინალის შესახებაც ვკითხეთ, რომელიც მისთვის ყველაზე რთული გამოცდა აღმოჩნდა.


- წარმოგედგინათ თავი ნახევარფინალში?



- ნამდვილად არ წარმომედგინა თავი ნახევარფინალში, იმდენად ბედის გამოცდა იყო ჩემი თორმეტეულში მოხვედრაც კი. წელს ყველაზე დიდი კონკურსი იყო, 4000-მდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას. ბედნიერი ვარ, რომ ძალიან რთული ეტაპები გავიარე და ახლა ნახევარფინალში ვარ.


image


- როგორც თქვით, ორ ბუმბერაზ კაცს მოუგეთ მწვადის შეწვაში. აქამდე შეგიწვავთ მწვადი?


- ძალიან სახალისო ტური იყო, გარემოც დადებითად მოქმედებდა ჩვენზე და არ ვნერვიულობდი, რომ ცხოვრებაში პირველად მიწევდა მწვადის შეწვა. ნებისმიერი გამოწვევისა და თავგადასავლისთვის მზად ვიყავი. გადაცემას რომ ვუყურე, იმდენად თავისუფლად ვგრძნობდი თავს, რომ მე თვითონ გამიკვირდა.


„მწავდი არის კაცის საქმე“ - ასეა დამკვიდრებული ჩვენში. ძირითადად, მამაკაცები წვავენ ხოლმე და ქალებს იმ ტერიტორიას „არ აკარებენ“. შესაბამისად, აქამდე დამოუკიდებლად ცეცხლიც კი არ დამინთია. რაც შეეხება გამარჯვებას, გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ ეს ალბათ ჩემი ნიჭისა და გემოს შეგრძნების დამსახურებაა. მინახავს, როგორ წვავენ მწვადს კახეთში - თუ ხორცი ახალია, მარილის გარდა არაფერი არ სჭირდება. ამიტომ ვეცადე, კლასიკური მწვადი მომემზადებინა. ამ ტურში გამარჯვება და იმუნიტეტის მოპოვება ძალიან დიდი სტიმული იყო; დავამტკიცე, რომ ქალებსაც შეგვიძლია ვაკეთოთ ის საქმე, რომელიც კაცებს ძალიან კარგად გამოსდით.


- მოიპოვეთ თქვენთვის პირველი და სეზონის ბოლო იმუნიტეტი. როგორი შეგრძნება იყო?


- სიმართლე გითხრათ, იმუნიტეტის მოპოვება შოუს დასაწყისში უფრო მინდოდა, რადგან როგორც ახალბედა, გამოუცდელი, ძალიან ვნერვიულობდი. მაგრამ შემდეგ, რაც უფრო წინ მივდიოდი, მით უფრო ნაკლებად მსურდა იმუნიტეტის მოპოვება, პირიქით - თითოეული დავალება დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის და იმის დამტკიცება, რომ მე რთული გამოცდების ჩაბარება შემიძლია.


image


ამის მიუხედავად, იმინუტიტეტი, რომელიც მოვიპოვე, ალბათ, ყველაზე პრესტიჟული და საჭირო იყო, რადგან ის ნახევარფინალის პირდაპირ საგზურს ნიშნავდა. მთელი სეზონის განმავლობაში ძალიან ბევრი ვიშრომე ამისთვის და ვფიქრობ, დამსახურებულად მოვიპოვე. თუმცა მთელი მეორე ეტაპის განმავლობაში მოუსვენრად ვიყავი და მინდოდა მეც სხვა კონკურსანტების მსგავსად მომემზადებინა კერძი.


- შოუ ძალიან დაძაბულ ეტაპზეა. თქვენ სულ პოზიტიური ხართ, სულ იღიმით. არ ნერვიულობთ, თუ ემოციების მართვას ახერხებთ?


- რა თქმა უნდა, ყველა ტურში ძალიან ვნერვიულობ, მაგრამ ვცდილობ ემოციები ვაკონტროლო, რომ არც საკუთარ თავს შევუქმნა ამით პრობლემა და არც სხვებზე ვიმოქმედო უარყოფითად. ღიმილით, პირველ რიგში, საკუთარ თავს ვამხნევებ. გარდა ამისა, ბევრი ამბობს, რომ ძალიან მიხდება ღიმილი და სულ უნდა ვიღიმოდე. მიხარია, რომ ისინი პოზიტიურ ადამიანად აღმიქვამენ, ამიტომ ჩემ თავს სულ ვეუბნები, რომ ღიმილი არ დამავიწყდეს.


image


- როგორი ნახევარფინალი ელოდება მაყურებელს?


- ისეთი, როგორიც ჯერ არ ყოფილა! ნახევარფინალში მაყურებლის ბევრ შეკითხვას გაეცემა პასუხი. მაგალითად, თევზის დესერტის შემდეგ რამდენიმემ იფიქრა, თითქოს, ყველაფერი დადგმული იყო და მოვიგონე, რომ თევზს არ ვჭამ.


ნახევარფინალის ნახვის შემდეგ მაყურებელი თავად დარწმუნდება, რამხელა შოკი იყო ჩემთვის პირველი დავალება. ემოციების მოთოკვა ვერ შევძელი, ისტერიული ტირილი ამიტყდა და საკმაოდ დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ ნორმალურ მდგომარეობას დავბრუნებოდი.


- რატომ გაქვთ თევზისადმი ასეთი დამოკიდებულება?


- ღრმა ბავშვობას უკავშირდება. ბავშვობაში თვალების გამო ექიმმა ხიზილალა და თევზი დამინიშნა, ჭამას მაძალებდნენ. ბავშვობიდან ჩამომიყალიბდა თევზის ქონის ორგანული აუტანლობა. შემიძლია ვჭამო, მაგრამ მერე ცუდად ვხდები. ექიმმა მითხრა, რომ დროთა განმავლობაში ამან შეიძლება გაიაროს. სხვათა შორის, მუცლადყოფნიდანვე დამეწყო თევზისადმი ასეთი დამოკიდებულება. დედაჩემმა მითხრა, თევზს რომ ვჭამდი, ფეხებს მირტყამდი და წრიალებდიო. ამ ყველაფრის გამო თევზს არასოდეს ვამზადებ, შეხებაც კი ზიზღს მგვრის, ასე რომ, ალბათ, ადვილი წარმოსადგენია, რა დამემართა, როცა გავიგე, რომ ნახევარფინალის პირველი დავალება თევზს უკავშირდებოდა. ძალიან ცუდი შეგრძნებაა, როდესაც მაინც და მაინც თევზი შეიძლება გახდეს ის საბედისწერო რამ, რაც პროექტის დატოვების ფასად შეიძლება დაგიჯდეს.


image


- ვიდეოები გავრცელდა, რომლებშიც ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ანნა კუჭავას გულშემატკივრობენ.


- რაც უნდა დაუჯერებელი იყოს, ამ ადამიანებს პირადად არ ვიცნობ. ჩემი ოჯახის დიდი ნაწილი ემიგრაციაში ცხოვრობს უკვე 30 წელია, ნახევარი - გერმანიაში, ნახევარი - საფრანგეთში. მათი დამსაუხრებაა, რომ მიყურებენ და ასე მგულშემატკივრობენ სხვა ქვეყნებში. ასევე, თეონა კონტრიძემ და რამდენიმე ცნობილმა ადამიანმა ჩაწერა მსგავსი ვიდეო, რომელშიც მგულშემატკივრობენ. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რამხელა მუხტია, რომ ასეთი ადამიანების რჩეული ხარ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც თუნდაც ერთი კომენტარით გამოხატა ჩემდამი სიყვარული. გულწრფელად ვამბობ, ერთი უარყოფითი კომენტარიც კი არ შემხვედრია. არ ვიცი, რით დავიმსახურე ასეთი სიყვარული, მაგრამ ძალიან მადლიერი და ბედნიერი ვარ.



0
102
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0