x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ვლადიმერ პუტინი რუსეთის დე ფაქტო მეფე გახდა - რას გვიქადის ქართველებს ეს პერსპექტივა?
4 ივლისს საბოლოოდ შევიდა ძალაში რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაში შესწორება, რომლის ძალითაც ვლადიმერ პუტინს 2036 წლამდე შეუძლია საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ეს კი ფაქტობრივად პუტინის დიქტატორული მმართველობის საბოლოო დაკანონებას და რუსეთის ჩრდილოეთ კორეის ტიპის ფეოდალურ სახანოდ გადაქცევას უდრის. საინტერესოა, რას უნდა მოველოდეთ ქართველები მსგავს პირობებში და რა უნდა მოვიმოქმედოთ, რათა რუსეთიდან მუდმივად მომავალ საფრთხეს სათანადოდ დავუპირისპირდეთ?


უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა განვაგრძოთ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ სწრაფვა. უნდა გვესმოდეს, რომ არც ნატო და არც ევროკავშირი არ არის სრულყოფილი სტრუქტურები და არც ის ქვეყნებია სრულყოფილები, რომლებიც მათში არიან გაწევრიანებული, მაგრამ ორივე ზემოხსენებულ ორგანიზაციას ჩვენთვის ალტერნატივა არ აქვს. სულერთია ასევე ისიც, თუ დონალდ ტრამპი პერსონალურად არ მოგვწონს. ის არც მე მომწონს, მაგრამ ამას ქვეყნის საგარეო კურსთან არავითარი საერთო არ აქვს. კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ნატოს და ევროკავშირის გარეშე უბრალოდ გავქრებით და არ გვექნება არანაირი მომავალი. ეს ფაქტი და უტყუარი მოცემულობაა, ხოლო ვინც ნატოს და ევროკავშირის წინააღმდეგ იბრძვის, მოღალატეა.


მაგრამ გამომდინარე ისევ და ისევ იქიდან, რომ სრულყოფილი არაფერია, იმასაც უნდა ვიყოთ შეგუებული, რომ რუსეთს - ამ 120-მილიონიან, ბირთვული შეიარაღების მქონე ქვეყანას კვლავაც დიდი ხნის მანძილზე ექნება ზეგავლენა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოზე. ჩვენ ეს ზეგავლენა ამერიკის დახმარებით თანდათან უნდა დავძლიოთ. რუსეთის ზეგავლენა ევროპის ქვეყნებზე სერიოზულია, თუმცა დაძლევადი და ამაზე უნდა ვიმუშაოთ. პარალელურად კი მაქსიმალურად უნდა გავაძლიეროთ დემოკრატიული ინსტიტუტები, რადგან მათი გაძლიერება ქვეყნის გაძლიერებას ნიშნავს.


პუტინი ყოველთვის ეცდება, არიოს სიტუაცია საქართველოში და გამოიყენოს რბილი ძალა ჩვენს წინააღდეგ. რუსეთი ეცდება საქართველოს ველურ და არათავისუფალ ქვეყნად წარმოჩენას, რომლის ადგილი ცივილიზებულ სახელმწიფოთა შორის არ არის. ეცდება, დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ საქართველოს საშველი არ დაადგება. ამ მიზნით როგორც ყოველთვის, აქტიურად დააფინანსებს ჰომოფობიურად განწყობილ ჯგუფებს, ათასი ჯურის რასისტებს, ქსენოფობებს და ფაშისტებს (მაგ. "ქართულ მარშს"); ეცდება, გააღვივოს შუღლი და უმაღლეს დონემდე აიყვანოს პოლიტიკური პოლარიზაციის დონე, მაგრამ ყველაზე სახიფათო რაც არის, რუსეთს შეუძლია, საკუთარი შიდა პრობლემების გადაფარვის მიზნით შეიარაღებული აგრესია განახორციელოს საქართველოს წინააღმდეგ.



ამ ყველაფერს ჩვენ მომზადებულები უნდა შევხვდეთ. უნდა გავაცნობიეროთ, თუ რამდენად დამღუპველია ჰომოფობია, ქსენოფობია და რასიზმი. უნდა ვიბრძოლოთ ამ მანკიერებების წინააღმდეგ. უნდა გვესმოდეს, რომ როგორც ჰომოფობიის, ასევე რასიზმის წინააღმედ ბრძოლა ჩვენი ქვეყნის სამსახურში ყოფნას, ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცად ყოფნას ნიშნავს, მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც ჩვენ გვჭირდება, ძლიერი არმიაა. თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება მაქსიმალურად უნდა გაიზარდოს. უნდა აღვადგინოთ რეზერვი და ქვეყნის თავდაცვა მოვაწყოთ შვეიცარიის ყაიდაზე. რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ საქართველოში შემოჭრის შემთხვევაში გადაიხდის ძალიან ძვირ საფასურს და აქ დახვდება უმაღლეს დონეზე გაწვრთნილი და საუკეთესოდ აღჭურვილი არმია, რომელიც კუდით ქვას ასროლინებს. ეს ნამდვილად შესაძლებელია და ქართველებს შეგვწევს თავდაცვის უნარი, რაც არაერთხელ დაგვიმტკიცებია ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე. არ უნდა დავივიწყოთ რომაული გამოთქმა “თუ გსურს მშვიდობა, ემზადე ომისთვის”. სანამ ნატოში შევალთ, ჩვენი არმია საუკეთესოდ გაწვრთნილ-შეიარაღებულ ძალას უნდა წარმოადგენდეს მსოფლიოში.


რუსეთი

0
170
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
170
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0