x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134541
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ტრამპი - შეფასებები და ფაქტები

ტრამპი
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტია. ცხადია, ჩვენ გვაინტერესებს აშშ-ში მიმდინარე პროცესები, მაგრამ ქართული საზოგადოება პირველ რიგში ქართულ პოლიტიკას ადევნებს თვალყურს და ამიტომ, აშშ-ს პრეზიდენტის შეფასებები მინდობილი გვაქვს შესაბამისი კომპეტენციის მქონე ადამიანებისათვის. მათგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გამოგვაქვს დასკვნები ტრამპის შესახებ.

ვგულისხმობ ქართველ ექსპერტებს.

სანამ ტრამპის შეფასებაზე გადავალ, „ქართველი ექსპერტის“ ნატურა და საარსებო ჰაბიტატი მინდა აღვწერო ორიოდე სიტყვით.

თევზი ლოცმანი (ლათ. Naucrates ductor). ეს არის სტავრიდასებრთა ოჯახის წარმომადგენელი ზღვის თევზი. იგი ყოველთვის თან სდევს ზვიგენებს, დელფინებს, გემებს და მასზე დიდი ზომის ობიექტებს. ამით ის თავს იცავს სხვა მტაცებელი თევზებისაგან, პატრონ-ზვიგენის/ობიექტის მიმართ არც სიმბიოზშია და არც პარაზიტობს. ურთიერთობის ასეთ ფორმას კომენსალიზმი ეწოდება.

ამ თევზს რომ ლაპარაკი შეეძლოს, ალბათ შესთავაზებდა ზვიგენს: მოდი, სხვა თევზების გასაგონად ვისაუბრებ, რომ შენ კარგი ტიპი ხარ, გავატარებ შენს ინტერესებს თევზებში და სამაგიეროდ, შენი ნადავლიდან ნამცეცები შემახვედრეო.

თევზი ამდენს ვერ ხვდება.

ქართველი ექსპერტი ცხადია თევზზე უფრო ჭკვიანია და დაკავებული აქვს ეს ნიშა: არჩეული ჰყავს თავის პატრონ-ზვიგენი, დასდევს მას და ატარებს საზოგადოებაში მის ინტერესებს. მისი პროფესიული კრედო გამოიხატება სამ მოქმედებაში:

1. ზვიგენის (პატრონის-ინსტიტუციის) შერჩევა;

2. მასთან სიმბიოზში შესვლა – ანუ შეთანხმება შერჩეულ პატრონთან;

3. პატრონის ინტერესების გატარება ლაპარაკის საშუალებით.

ჩამოთვლილიდან მესამე მოქმედების განხორციელებისას მისგან არავინ არ ითხოვს ობიექტურობას. პირიქით, ობიექტურობა ყველაზე საშიში ჩვევაა ექსპერტისთვის – ამ ჩვევამ შეიძლება ერთ წუთში დაუნგრიოს კარიერა და დატოვოს ნამცეცის გარეშე. ამიტომ ბაზარზე ქართველი ექსპერტის, როგორც პროდუქტის ხარისხის მთავარი მაჩვენებელი არის შემდეგი უნარის ფლობა: გარდაქმნას ობიექტური ინფორმაცია არაობიექტურად და მოგვაყიდოს როგორც ობიექტური. უფრო მარტივად რომ ვთქვა: ნატურალური თაფლი რომ ვიყიდოთ, გადმოვასხათ, შემდეგ იმავე ქილაში მურაბის სიროფი ჩავასხათ, მოვხუფოთ და როგორც თაფლი ისე გავყიდოთ – ასეთი მოქმედებები აქვს ჩასატარებელი ექსპერტს.

ამიტომ ქართველი პოლიტიკური ექსპერტების უმრავლესობა ტროლის მოდიფიცირებული სახეობებია – smart-ტროლები: იღებენ ინფორმაციას, ამუშავებენ მათი პატრონის ინტერესების შესაბამისად და ავრცელებენ. ან თავად ქმნიან არარსებულ ინფორმაციას, ამუშავებენ და ავრცელებენ.

ტერმინ „ქართველ ექსპერტში“ ვგულისხმობ პოლიტიკურ ექსპერტებს, ვინც ხშირად ჩანს მედიაში. ხოლო “პატრონ-ზვიგენში”, როგორც უკვე მიხვდით, ვგულისხმობ პოლიტიკურ პარტიებს.

ყველა ექსპერტს თუ ჩამოვთვლი, ეს დიდი პოსტი უარესად გაიზრდება და თან ისედაც ვხვდები, რომ უკვე საკმარისად შევბღალე ქართველ ექსპერტთა პროფესიული ღირსება.

თუმცა ტრამპის და ქართველი ექსპერტების თემები იმდენად დაკავშირებულია ერთმანეთთან, რამდენიმე ქართველი ექსპერტის დასახელება მაინც მჭირდება მაგალითისათვის. ამ მხრივ, ვთვლი რომ პაატა-ზაქარეიშვილი უკონკურენტოა. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპზე არაფერს საუბრობს, ყველაზე ნათლად მაინც ეს შებერტყილი ადამიანი წარმოაჩენს ქართველი ექსპერტის ბუნებას. ყველა საჭირო უნარ-ჩვევას აერთიანებს, მულტიფუნქციური ტროლია. ერთდროულად მუშაობს ოსებზე, აფხაზებზე, რუსებზე და ხანდახან ქართველებზეც (როცა სხვა გზა არ აქვს, ცხადია).

პაატა ზაქარეიშვილი მწვერვალია, ხოლო ქვედა ლიგაში მეტ-ნაკლები წარმატებით ასპარეზობს თეიმურაზ ზაქრაძე, რომელიც ვფიქრობ ჯერჯერობით თავისუფალი აგენტის სტატუსით თამაშობს, ენთუზიაზმის ხარჯზე და ევსაქებთან უშვებს სიგნალებს – ჩამსვით სასტავშიო.

კარგი მოთამაშეა, ბოლომდე იხარჯება. საბოლოოდ ალბათ აიყვანენ გუნდში. მაგრამ ჯერ ძირითადში ვერ მოხვდება, „ზამენაზე“ ითამაშებს. მაგალითად, გჰია ნოდია რომ დაიღლება, მერე ამას გამოიყვანენ ხოლმე. ან დასხდებიან ერთად, მოაწყობენ “ბრეინსტორმინგს” და შეიმუშავებენ ანტი-ტრამპული მესიჯბოქსს ამერიკელი ხალხის გადასარჩენად (“რაო, დღეს რა თქვა იმ მათხუარმა რეიგანმა?”).

ცხადია, არ არის გამორიცხული რომ ზოგიერთი აქ ჩამოთვლილი ან სხვა ექსპერტი არა ფინანსური ან კარიერული კეთილდღეობისთვის, არამედ საკუთარი პრინციპების მიხედვით ტროლაობს. მაგრამ ჯერ ერთი, პირადად მე ეს საერთოდ არ მჯერა (100%-ით გამოვრიცავ) და მეორეც: ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა მოტივაციებს.

მთავარია ერთი საინტერესო და უცნაური ფაქტი: აქ ჩამოთვლილი და კიდევ სხვა ექსპერტები აშშ-ს სხვა პრეზიდენტებთან მიმართებაში ამის მეასედსაც ვერ ბედავდნენ. რატომღაც ტრამპი ნახეს დაბალი ღობე და თანხმდებიან, რომ ის ან რუსეთის აგენტია, ან არაკომპეტენტური მასხარა, ან ორივე ერთად.

– რატომ?

ზოგიერთი ჩემი ნაცნობი ამ საკითხს ლობისტების თემას უკავშირებს – “ქართველებს ლობისტები უფრო მეტად დემოკრატებში ჰყავთ, ვიდრე რესპებში, ხოლო ტრამპი ჩვენთვის კი არა, ამერიკის რესპუბლიკური პარტიისთვისაც კი ახალი ადამიანია, რომელიც ძალიან მძიმე დაპირისპირებაშია დემოკრატებთან. ამ სიტუაციაში სარისკოა უკვე დაძმაკაცებული დემოკრატების დასანახად ტრამპის გავლენის სფეროში აქტივობები და კავშირების დამყარებაო“- ასეთია მათი ვერსია და თუ ეს ასეა, მაშინ მარტივად შეიძლება აიხსნას ტრამპის ლანძღვა – ჰილარისტი პოლიტიკოსები გვყავს. თუმცა თავად ეს პოლიტიკოსები ტრამპის გინებას ვერ ბედავენ. ამიტომ ეს საქმე მინდობილი აქვთ ექსპერტებზე და მოაწყვეს ტრამპის მაგინებელი ხილული ტროლების აღვირახსნილი ღრეობა.

ამ ფაქტის სინამდვილეს მე ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ – არ ვიცი. თუმცა სრულიად ლოგიკურად მეჩვენება.

სამაგიეროდ ზუსტად ვიცი ის, რომ ქართული პოლიტიკური კლასის მენტალობა თავისი ბუნებით ყველაზე ახლოს დგას ჰილარიზმთან. შორეულ სოფლელ ნათესავად ერგება, განსაკუთრებით ელიტიზმის და სოციალიზმის ნაწილში.

ჩვენ ხომ ვიცით, რომ ქართულ პოლიტიკურ კლასში (ოპოზიციაში, ხელისუფლებაში და მათზე აწებებულ ექსპერტებში) ყვავის პოსტ-კომუნისტური ელიტიზმი.

ამ კლასის წევრი ადამიანების დიდ უმრავლესობას სწამს, რომ ქვეყნის ელიტაა და მარტო ამის გამო ეკუთვნის პრეზიდენტობა, პარლამენტარის მანდატი, პრემიერ-მინისტრობა ან მინიმუმ მინისტრობა. „ეკუთვნის“ ანუ ერგება, როგორც საგვარეულო-მემკვიდრეობით გადასაცემი ნივთი. ჩვენ, ქართველები ამ ეტაპზე ვითმენთ ამ ზე-ტოქსიკურ პერსონაჟებს.

ამერიკელებმა ალბათ ამის მეათედიც კი არ მოითმინეს.

ერთი ამერიკელი მეგობარი მყავს, თავგადაკლული ობამისტია. გახსოვთ ალბათ აშშ-ს წინასაარჩევნო პერიოდში მთელი პლანეტის მოსახლეობას გვეგონა, რომ ჰილარი ადვილად მოიგებდა არჩევნებს. ეს რომ ვუთხარი, რატომ ნერვიულობ, ჰილარი მოიგებსთქო – არაო მიპასუხა – დიდი ალბათობით ტრამპი გაიმარჯვებს, რადგან კლინტონების ოჯახმა თავისი ელიტიზმით და გავლენებით ძალიან მოაბეზრა თავი ამერიკელ ხალხსო.

ასეთი დიდი შესავალი იმიტომ დავწერე, რომ ტრამპის შესახებ სიმართლის მთქმელი ადამიანი ჩვენს ექსპერტთა ლეგიონში თითქმის არ არსებობს, არ ენდოთ მათ.

ჩემი ნდობა კი შეიძლება. იმიტომ არა, რომ ვინმეზე პატიოსანი ადამიანი ვარ. არამედ იმიტომ, რომ:

1. სხვა ლიგაში ვთამაშობ, პარტიებზე მიწებებას და ექსპერტობას არ ვაპირებ. მე და პატა-ზაქარეიშვილი ერთმანეთის კონკურენტები ვერ ვიქნებით. ამიტომ, მოტყუების საფუძველი არ მაქვს;

2. აშშ-ს პრეზიდენტზეა საუბარი, მე საქართველოს მოქალაქე ვარ. შესაბამისად, ჩემთვის სულერთია შევაგინებ თუ შევაქებ, ამით მე არანაირი სარგებელი არ მექნება;

3. მხოლოდ არსებული ფაქტები მომყავს ტრამპის შესახებ, ნებისმიერი მათგანი დევს ინტერნეტში.

გადავედით ტრამპზე. ამ ბლოგში მის შესახებ სამ ძირითად თემას შევეხები:

• პოლიტიკაში მოსვლა;

• მიღწეული შედეგები;

• საქართველოსთვის გაწეული დახმარება.

პოლიტიკაში მოსვლა. წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ტრამპს ჰქონდა რამდენიმე ძირითადი მესიჯი ამერიკელი ხალხისთვის.

ეს მესიჯებია:

1. ამერიკა უპირველეს ყოვლისა – ანუ პირველ რიგში ვიზრუნებ ამერიკელი ხალხის ინტერესებზე. მე ამერიკის პრეზიდენტი ვიქნები და არა მთელი პლანეტის.

2. არალეგალურ ემიგრაციას უნდა ვებრძოლოთ – არ ვარ აშშ-ში უცხოელების შემოსვლის წინააღმდეგი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ლეგალურად. არალეგალი ემიგრანტების დიდი ნაწილი საშიში ხალხია, მათ შემოაქვთ კრიმინალი და ძალადობა ჩვენს ქვეყანაში;

3. ამერიკელო ხალხო, ამ ქვეყნის ელიტა ხართ თქვენ და არა ჰილარი კლინტონი და მისი ჰოლივუდელი მეგობრები. (ნაცნობი სიტუაციაა, უბრალოდ ამის მთქმელი პოლიტიკური ლიდერი არ გვყავს).

4. მიმართვა შავკანიან მოქალაქეებს: თქვენ არავინ არაფერში არ გეხმარებათ, მხოლოდ ლაყბობენ და გატყუებენ. ამიტომ მე ამირჩიეთ, მომეცით შანსი, რა ჯანდაბა გაქვთ დასაკარგი? (ეს ცხადია ფაშიზმის გამოვლინებაში ჩაუთვალეს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ მიმართვის შემდეგ შავკანიანი მოსახლების მხარდაჭერის მაჩვენებლები გაიზარდა);

5. შევამცირებ კორპორატიულ გადასახადებს და ასევე ძალიან მნიშვნელოვნად შევამცირებ დასაქმებული ადამიანების გადასახადებს. მაღალი გადასახადების გამო ამერიკული კომპანიები გადიან ქვეყნიდან და სხვა ქვეყნებში იწყებენ ბიზნესის კეთებას. ამის გამო იკარგება სამუშაო ადგილები და ღარიბდება ქვეყანა. მე ამ კომპანიებს შევუქმნი ხელსაყრელ გარემოს, რათა დაბრუნდნენ, აქ აკეთონ ბიზნესი და დაასაქმონ ჩვენი მოქალაქეები.

6. ევროპელები არ იხდიან ნატოს არსებობისთვის საჭირო თანხას და ნატო არსებობს ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ხარჯზე. ეს უსამართლობაა, მე მოვთხოვ გერმანიას, საფრანგეთს და სხვა ქვეყნებს, რომ გადაიხადონ ნატოს არსებობისათვის საჭირო კონტრიბუცია.

7. ჩვენ უფრო მეტს ვზრუნავთ არალეგალ მიგრანტებზე, ვიდრე საკუთარ ვეტერან ჯარისკაცებზე – ეს ასე არ უნდა გაგრძელდეს.

8. ჩინეთი ეკონომიკურად გვკლავს – ჩვენ თითქმის აღარაფერს ვაწარმოებთ უმრავლესი პროდუქტი შემოდის ჩინეთიდან. ნაცვლად იმისა, რომ ეს პროდუქტები აქ დავამზადოთ და ჩვენი ხალხი დავასაქმოთ, ჩვენ ვაფორმებთ ისეთ ეკონომიკურ შეთანხმებებს ჩინეთთან, რომელიც საშუალებას აძლევს მას შემოიტანოს თავისი პროდუქტი და გაიტანოს ჩვენი ფული. ეს იმ სიტუაციაში, როდესაც ჩვენთვის წარმოუდგენლად რთულია ჩინეთში ბიზნესის დაწყება. ამიტომ მე გავატარებ სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ჩინეთთან.

რადგან საქმე ეხება აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატის წინაასარჩევნო მესიჯებს, ყველას ვერ დავწერ. ვეცადე ძირითადი და აქტუალური მესიჯები ჩამომეთვალა. ამ მესიჯებს დემოკრატებმა დაუპირისპირეს ძირითადად ძალიან მასშტაბური პროპაგანდა, შავი პიარი. დაადანაშაულეს ფაშიზმში, რუსეთის აგენტობაში, გადასახადების დამალვაში, ქალების შევიწროებაში და არაპოლიტკორექტულობაში. მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ დაიწყეს და აგრძელებენ ბულინგს ყველა დონეზე. ამ ბულინგში იყენებენ იმ ყველაფერს, რაშიც თავად ტრამპს ადანაშაულებდნენ. ტრამპის მხარდამჭერ შავკანიან მოსახლეობას უწოდებენ „ბიძია თომებს“ და საკუთარი რასის გამყიდველებს.

როგორც მოსალოდნელი იყო, ამერიკელ ჰილარისტებს ტრამპის ფაშისტური ფორმით ლანძღვაში ქართველმა სელებრითებმაც “დაუპადეშკეს”. მაგალითად, ერთ-ერთი ქართველი ქალბატონი, რომელიც ელიტური მღვდელია, ასეთ რაღაცას წერს ტრამპზე:

“ვისაც ტრამპი ეძახის მონსტრს (ISIS-ის ლიდერს გულისხმობს), არ ნიშნავს, რომ ტრამპზე უარესი მონსტრია”.

– გესმით რა ხდება?! – ქართველი ეპისკოპოსი ქალბატონი ამერიკის მოსახლეობის მიერ დემოკრატიულად არჩეულ პრეზიდენტზე ამბობს, რომ ის შეიძლება ტერორისტზე უარესი მონსტრიაო. ხოლო მონსტრი რომაა, ამაში დარწმუნებულია, უბრალოდ იმასღა ეჭვობს ტრამპი უფრო დიდი მონსტრია თუ მოჰამედ ალ ბაღდადი.

ცოტა უადგილოდ ჩავაკვეხე ეს აბზაცი, მესმის მაგრამ მაინც საინტერესო ფენომენია..

მიღწეული შედეგები. 2017 წელს ტრამპმა მოიგო არჩევნები და გახდა პრეზიდენტი. შევხედოთ რა ძირითადი შედეგები დადო:

ეკონომიკა

• შეიქმნა 7 მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი. პირველად ისტორიაში შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობა ერთი მილიონით მეტია სამუშაოს მაძიებელი ადამიანების რაოდენობაზე

• 2019 წლისათვის უმუშევრობის მაჩვენებელმა მიაღწია ყველაზე დაბალ ნიშნულს ბოლო 50 წლის განმავლობაში;

• ქალების უმუშევრობის მაჩვენებელმა მიაღწია ყველაზე დაბალ ნიშნულს ბოლო 65 წლის განმავლობაში;

• აფროამერეკელების, ლათინოამერიკელების, აზიელი ამერიკელების, ვეტერანების, შშმ პირების და უმაღლესი განათლების არმქონე ადამიანების უმუშევრობის მაჩვენებელმა მიაღწია ყველაზე დაბალ ნიშნულს;

• აფროამერიკელების და ლათინოამერიკელების სიღარიბის ნიშნული შემცირდა რეკორდულ დონეზე;

• ტოპ 20%-ის (ყველაზე მდიდარი მოსახლეობა) შემოსავლების წილობრივი შედარებისას შემოსავლების უთანასწორობის მაჩვენებელი დაეცა რეკორდულ მინიმუმამდე ბოლო დეკადის განმავლობაში;

• საშუალოდ 2, 4 მილიონმა ამერიკელმა დააღწია თავი სიღარიბეს;

• ტრამპმა ხელი მოაწერა საგადასახადო რეფორმის პაკეტს (Tax Cuts & Jobs Act in 2017), რომელიც ითვალისწინებს გადასახადების შემცირებას იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის;

• 6 მილიონამდე ამერიკელ მუშას მოემატა შემოსავალი გადასახადების შემცირების შედეგად.

საგარეო სავაჭრო ურთიერთობები

• დაიწყო მოლაპარაკებები მოძველებული ჩრდილოამერიკული თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების NAFTA – ს ჩანაცვლებაზე ახალი ამერიკა-მექსიკა-კანადის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით (USMCA). ახალი შეთანხმება უზრუნველყოფს 68 მილიარდი დოლარის გენერირებას და 176 000 ახალ სამუშაო ადგილს.

• მიაღწია შეთანხმებებს იაპონიასთან, რის შედეგადაც იაპონიის ბაზარზე გაყიდება 7 მილიარდის ღირებულების ამერიკული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია;

• განაახლა აშშ-სამხრეთ კორეის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რის შედეგადაც აშშ-ში წარმოებული მანქანების ექსპორტი გაორმაგდა სამხრეთ კორეაში. ასევე, სამხრეთ კორეამ მოხსნა აკრძალვა ამერიკაში წარმოებულ ფრინველის ხორცზე და კვერცხზე. გარდა ამისა, სამხრეთ კორეა გაზრდის ამერიკაში წარმოებული ბრინჯის მოცულობას საკუთარ ბაზარზე.

• ჩინეთთან წარმოებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, ჩინეთი დაითანხმა სტრუქტურული რეფორმების გატარებაზე ინტელექტუალური საკუთრების, ტექნოლოგიების ტრანსფერის და სოფლის მეურნეობის სფეროებში. ჩინეთი დიდი რაოდენობით იყიდის აშშ-ში წარმოებულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას: მან მოხსნა აკრძალვა ამერიკაში წარმოებულ ფრინველის და ღორის ხორცზე.

• ევროკავშირმა გახსნა თავისი ბაზარი ამერიკაში წარმოებული ღორის ხორცისათვის და ასევე, გაზარდა ამერიკაში წარმოებული სოიას მოცულობა საკუთარ ბაზარზე.

საზღვრის უსაფრთხოება

• ასრულებს თავის დაპირებას და აშენებს კედელს მექსიკა-აშშ-ს საზღვარზე – 2020 წლისათვის დაახლოებით 700 კილომეტრიანი კედელი იქნება აშენებული საზღვარზე;

• გააფორმა არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ თანამშრომლობის შეთანხმებები მექსიკასთან, სალვადორთან, გვატემალასთან და ჰონდურასთან. მექსიკასთან მიმართებაში ასევე მიაღწია იმას, რომ მიგრანტების გარკვეული ნაწილი მათი საქმეების განხილვამდე მოიცდის მექსიკის ტერიტორიაზე და არა აშშ-ში სადაც, როგორც წესი, საქმეების განხილვამდე ამ ხალხის უმეტესი ნაწილი ასწრებდა მიმალვას და იწყებდა არალეგალურ ცხოვრებას;

• გატარებული პოლიტიკის შედეგად საზღვრის დარღვევების მაჩვენებელი შემცირდა 70%-ით წლის პიკურ პერიოდებში.

საერთაშორისო ურთიერთობები და საფრთხეების პრევენცია

• გამოვიდა ირანთან გაფორმებული ცალმხრივი ატომური შეთანხმებიდან და განაახლა ამ შეთანხმებამდე არსებული ყველა სანქცია ირანის წინააღმდეგ. ასევე სანქციები დაუწესა ირანს აგრესიისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების საპასუხოდ. აგრძელებს მუშაობას სანქციებზე. მისი საბოლოო მიზანია დაიყვანოს ირანის ნავთობის ექსპორტი ნულამდე და ირანის მმართველი რეჟიმი დატოვოს საარსებო რესურსების გარეშე;

• დაიწყო მოლაპარაკებები ჩრდილოეთ კორეასთან და გახდა პირველი პრეზიდენტი, რომელმაც გადაკვეთა დემილიტარიზებული ზონა. მოლაპარაკებების პროცესში შეინარჩუნა ყველა ის მკაცრი სანქცია, რომელიც აშშ-ს დაწესებული აქვს ამ ქვეყნისთვის.

• აღიარა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად. ასევე აღიარა ისრაელის უფლებები გოლანის სიმაღლეებზე (ეს ტერიტორია 1967 წლამდე სირიის შემადგენლობაში შედიოდა. ექვსდღიანი ომის შემდეგ ისრაელის არმიამ დაიკავა).

• დაარწმუნა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნები NATO-ს გაძლიერებისათვის საჭირო თანხის გადახდაზე: 2020 წელს ნატოს წევრი ქვეყნები გაზრდიან ნატოს დაფინანსებას 130 მილიარდი დოლარით;

• შეცვალა ობამას ადმინისტრაციის მიერ კუბასთან მიმართებაში გატარებული პოლიტიკა – კუბას, ვენესუელას და ნიკარაგუას მმართველ რეჟიმებს დაუწესა მძიმე სანქციები. ატარებს პოლიტიკას, რომელიც ორიენტირებულია კუბის სამხედრო და დაზვერვის სამსახურების ფინანსურ განადგურებაზე. ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს კუბაში აშშ-ს დოლარის შედინება: 2019 წლის დასაწყისში შეზღუდა ფინანსური გადარიცხვები კუბაში.

• ვენესუელას დროებით პრეზიდენტად აღიარა არჩევნებში გამარჯვებული ლიდერი გუაიდო და დაუწესა ფინანსური სანქციები დე-ფაქტო პრეზიდენტის, მადუროს რეჟიმს.

• სირიასა და ერაყში არსებული ISIS-ის ძალები გაანადგურა და ISIS-ის დამფუძვნებელი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მოკლა;

• მინიმუმ ორჯერ ნაგლად დაადუღა რუსები სირიაში. ნაგლად იმიტომ, რომ მგონი პირველად ისტორიაში, ღიად თქვეს ამერიკელებმა, 200-მდე რუსი სამხედრო მოვკალითო.

რუსებთან დაკავშირებული ეს სასიამოვნო ინფორმაცია ბოლოსთვის შემოვინახე.

მოკლედ, თუ ამ ფაქტებს შევხედავთ, არ გამოდის ტრამპი აშშ-ს ყველა დროის ყველაზე ცუდი პრეზიდენტი. ყოველ შემთხვევაში ჩვენი ექსპერტების საღლიცინო არაფერი სჭირს.

2019 წელს ტრამპს დემოკრატებმა მოუწყეს იმპიჩმენტი. ამ მხრივ პირადად ჩემთვის ყველაზე მრავლისმთქმელი ფაქტია ის, რომ დემოკრატების წარმომადგენელი და იმპიჩმენტის ერთ-ერთი მომხრე ღიად ამბობს: თუ იმპიჩმენტს არ მოვუწყობთ, მეორედ გახდება პრეზიდენტიო.

შეხედეთ რა ხდება: მე კი არ ვასკვნი, რომ ტრამპი ძლიერი პოლიტიკოსი და კარგი პრეზიდენტია, არამედ ზაქრაძე-ნოდია-ლადარიებზე მილიონჯერ უფრო მეტად კომპეტენტური ამერიკელი პოლიტიკოსი და ტრამპის მოწინააღმდეგე აღიარებს ამას.

საქართველოსთვის გაწეული დახმარება. აშშ საქართველოს ყველაზე ძლიერი და საიმედო მოკავშირეა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მისი პრეზიდენტი, ეს ქვეყანა გვეხმარება. თუმცა, ცხადია გააჩნია დახმარების მასშტაბებს. ამ მხრივ ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოსათვის უკვე უზრუნველყო ან გეგმავს შემდეგი სახის პირდაპირ და არაპირდაპირ მხარდაჭერას:

• ტრამპმა ხელი მოაწერა კანონპროექტს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ. კანონპროექტში საქართველო რამდენჯერმე არის ნახსენები: „რუსეთი ისჯება სხვადასხვა დესტრუქციული ზომების, მათ შორის უკრაინის და საქართველოს ტერიტორიების ანექსიისა და ოკუპაციის გამო“. ხელი მოაწერა, მაგრამ თან წუწუნებდა: ეს კანონპროექტი რაღაც ნაკლოვანებებს შეიცავს, მაგრამ ეროვნული ინტერესების გამო მაინც ვაწერ ხელსო. თუმცა ეს არ უნდა გვაღელვებდეს, რადგან ამ სანქციების გაუქმება-შემსუბუქებას კონგრესის თანხმობის გარეშე ვერ შეძლებს. ამიტომ იწუწუნოს და იყოს (უფრო ნიანგის ცრემლების თემა მგონია – ერთი ხელით დარტყმას აყენებს და მეორეთი ეფერება პუტინს). სხვათაშორის, ეს რეალურად მძიმე სანქციებია რუსეთისათვის, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ საპასუხოდ პუტინმა ამერიკელი დიპლომატების რიცხვი შეამცირა რუსეთში. ცნობისათვის: ობამას მიერ დაწესებულ ანალოგიურ სანქციებში საქართველო საერთოდ არ იხსენიება;

• ტრამპმა ხელი მოაწერა კონგრესის მიერ დამტკიცებულ ასიგნებათა კონსოლიდირებულ აქტს 2020 ფისკალური წლისთვის. აქტი შეიცავს შემდეგი სახის ჩანაწერს: „აშშ-ს მიერ გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერცერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, რომელიც აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას“;

• იგივე აქტი ითვალისწინებს საქართველოსთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებების ზრდას. ჯამური რაოდენობა 132 025 000 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. რაც საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების მანძილზე უპრეცენდენტო და ყველაზე მაღალ ნიშნულს წარმოადგენს.

• ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი, „ჯაველინები“ მოგვყიდეს;

• იგეგმება აშშ-ს კონტრიბუციის შემცირება ნატოს კოლექტიურ ბიუჯეტში. დაზოგილი თანხით კი აშშ საქართველოსა და უკრაინას დაეხმარება.

ეს არის ტრაპმის პრეზიდენტობის პერიოდში აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარების ძირითადი სახეობები*.

მე მაინც მგონია, რომ ცოტაა.

ჩვენ მეტი დახმარება გვჭირდება. მაგალითად, უფრო მეტი მხარდაჭერა გვინდა ნატოში გაწევრიანების მიმართულებით, არც ამერიკული ბაზა გვაწყენდა ჩვენს ტერიტორიაზე. ის ჯაველინები კი ჯობდა ეჩუქებინა.

მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც რუსეთი არ არის ტრამპის ნომერ პირველი ან თუნდაც ნომერ მესამე პრიორიტეტი. საქართველო კი ჯერჯერობით საერთოდ არ ფიქსირდება მის რადარებზე. გაცილებით უფრო დიდი საშინაო და საგარეო გამოწვევები აქვს და ამ ეტაპზე მათი გადაწყვეტით არის დაკავებული.

რას გააკეთებს როცა მოიცლის, ამის წინასწარმეტყველება რთულია. მაგრამ უკვე არსებული ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტები უფრო მეტად ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, ვიდრე პესიმიზმის.

ამ ეტაპზე სულ ეს იყო მეგობრებო. განვაგრძობ ამერიკულ პოლიტიკაზე დაკვირვებას და დროდადრო დავწერ ხოლმე ასეთივე ხარისხიან და ობიექტურ ინფორმაციებს.

P.S. *არსებული მხარდაჭერის პროგრამები (USAID-ის დარგობრივი პროგრამები, სამხედრო სფეროში თანამშრომლობა) არ ჩამითვლია, რადგან ეს პროგრამები ტრამპამდეც იყო, ტრამპის პერიოდშიც არის და იმედია მის შემდეგაც გაგრძელდება.

0
218
შეფასება არ არის
ავტორი:ანდრო ხეთერელი
ანდრო ხეთერელი
218
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0