x
მეტი
  • 14.07.2020
  • სტატია:101485
  • ვიდეო:346695
  • სურათი:465394
ნახატი, რომლის ხილვა სუსტი ნერვების პატრონებისთვის აკრძალულია: ბოტიჩელის "ჯოჯოხეთის რუკა"
თქვენი აზრით, რა კავშირია დიდ ფლორენციელ მწერალ დანტე ალეგიერს, ასევე დიდ ფლორენციელ მხატვარ სანდრო ბოტიჩელსა და ცნობილ ფლორენციელ არისტოკრატ ლორენცო მედიჩს შორის? საქმე ისაა, რომ პირველის "ღვთაებრივმა კომედიამ" შთააგონა მეორე მათგანი შეექმნა ათობით საინტერესო ილუსტრაცია მესამე, მდიდარი ფლორენციელის ბრძანებითა და დაფინანსებით. მანუსკრიპტები XIV საუკუნის ლიტერატურული შედევრის დასასურათებლად იქნა გამოყენებული. ილუსტაციებს შორის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ჯოჯოხეთის ინფოგრაფიკა ანუ რუკა, რომლის მიხედვით "ღვთაებრივი კომედიის" გმირების კვალდაკვალ შესაძლებელია დეტალურად იხილოთ ის ტანჯვა, რომელიც ცოდვილებს ელოდება ჯოჯოხეთში.




image



"ღვთაებრივი კომედიის" სიუჟეტი


ცნობილმა პოეტმა და, ალბათ, პირველმა სამეცნიერო - ფანტასტიკოსმა მწერალმა დანტემ ჯოჯოხეთის 9 წრე "ღვთაებრივ კომედიაში" წარმოაჩინა, როგორც უზარმაზარი ძაბრი. რაც უფრო სერიოზულია ცოდვა, მით უფრო მეტად იტანჯება ცოდვილი ადამიანი და მეფე მინოსი მას დედამიწისქვეშა კრატერში მით უფრო ღრმად ჩააგდებს. დიახ, პოეტმა დანტე ალეგიერიმ აღწერა ჯოჯოხეთის 9 წრე, როგორც ადგილი, სადაც ყველა "სართულზე" მიცვალებულთა სულები ასრულებენ თავიანთ მძიმე სასჯელს. ლექსი დაიწერა იმ ბნელ საუკუნეებში, როდესაც ადამიანის გონება მოწამლული იყო განსაწმენდელში მოხვედრის შიშით.


ადრეული შუასაუკუნეების დასავლური ქვეყნების მითოლოგიათა თანახმად, იმქვეყნიური ცხოვრება შედგებოდა ჯოჯოხეთისაგან, რომელშიც ხვდებოდნენ საუკუნოდ დასჯილი ცოდვილები, განსაწმენდელისაგან – საკუთარი ცოდვების მომნანიებელი ცოდვილების ადგილსამყოფელისა და სამოთხისაგან, რომელიც წარმოადგენდა კურთხეულთა სავანეს.



image




დანტე დიდი სიზუსტითა და იმქვეყნიური ცხოვრების ყველა დეტალისა თუ არქიტექტონიკის დაფიქსირებით აღწერს მის წყობას. შესავალ ლექსში ის მოგვითხრობს, თუ როგორ დაიკარგა ცხოვრების შუა გზას მიღწეული პოეტი ხშირ ტყეში და როგორ დაიხსნა იგი პოეტმა ვერგილიუსმა თავსდასხმული მხეცებისაგან. ვერგილიუსმა მას იმქვეყნიურ სამყაროში გასეირნება შესთავაზა. შეიტყო რა დანტემ, რომ ვერგილიუსი მისი სატრფოს, ბეატრიჩეს გამოგზავნილი იყო, დათანხმდა შემოთავაზებას და სწორედ მისი ჯოჯოხეთში მოგზაურობაა აღწერილი "ღვთაებრივ კომედიაში".

პიესის ფაბულაზე დაყრდნობით ბოტიჩელიმ ჯოჯოხეთი გამოსახა ერთგვარი უზარმაზარი ძაბრის ფორმით. "ღვთაებრივ კომედიაში" ჯოჯოხეთი დანტეს მიერ მოთავსებულია დედამიწის ნაწლავებში და აყალიბებს რაღაც ძაბრს ან გადაშენებულ კონუსს, რომლის ბოლო წერტილი ამავე დროს ქმნის დედამიწის და სამყაროს ცენტრს. ჯოჯოხეთის ძაბრი იშლება ცხრა კონცენტრირებულ, ჰორიზონტალურად მოთავსებულ წრეში, რომელშიც შედის სხვადასხვა სახის მსჯავრდებული. ჯოჯოხეთის თითოეული წრე ერთიმეორედან გამოყოფილია კლდოვანი ფერდობებით.. ვინაიდან წრეები უფრო და უფრო ვიწროვდება, ეს იმის მტკიცებულებაა, რომ ყველაზე არაადამიანური, მძიმე ცოდვები უფრო იშვიათად ხდება, ვიდრე შედარებით მსუბუქი ცოდვები.



image



რუკაზე დაწვრილებითაა აღწერილი თითოეულ საფეხურზე თუ რა სახის ტანჯვას განიცდიან ცოდვილნი... თითოეული პერსონაჟის გრძნობები და განცდები დაწვრილებითაა გადმოცემული.

ჯოჯოხეთის რუკა წარმოადგენდა დანტეს ''ღვთაებრივი კომედიის'' ილუსტრაციების ნაწილს. უცნობია მანუსკრიპტის შექმნის ზუსტი დრო. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ბოტიჩელიმ მასზე მუშაობა დაიწყო 1480-იან წლებში და ეს სამუშაო მას შეუკვეთა დიდმა ლორენცო მედიჩიმ.

ჯოჯოხეთის კარიბჭის უკან მოტოვებისას, გაიარეს რა გზააბნეული, გაურკვეველი ადამიანების სულებით ''დასახლებული'' ადგილი, დანტე და ვირგილიუსი მიადგნენ ჯოჯოხეთის პირველ წრეს, ე.წ. ლიმბს, რომელშიც მოუნათლავი ახალშობილები და მჭერმეტყველი ურწმუნოები იმყოფებოდნენ. მათ არ ჰქონდათ შეცნობილი ღვთის არსი, თუმცა ახლოს იყვნენ მასთან, ამიტომაც დაეღწიათ მათ თავი ჯოჯოხეთის ტანჯვებისაგან. ამ წრეში დანტე ხედავს ანტიკური კულტურის უდიდეს წარმომადგენლებს - არისტოტელეს, ევრიპიდეს, ჰომეროსს, მათ შორის მაჰმადიან სალაჰ-ად-დინსაც.

შემდეგ, მეორე წრეში იმყოფებიან სულები ადამიანებისა, რომელთაც არასდროს უთქვამთ უარი აღვირახსნილ ვნებებზე, კერძოდ, მეძავებისა და მრუშების სულები. აქ, ველურ და დამანგრეველ ქარიშხალში დანტე ხედავს ფრანჩესკა დ’რიმინის და მის საყვარელ პაოლოს, რომელნიც ''აკრძალული სიყვარულის'' ვნებას იყვნენ აყოლილნი დედამიწაზე.


რაც უფრო ქვემოთ მიიწევდნენ დანტე და მისი მეგზური ვირგილიუსი, მით უფრო მეტ ტანჯვასა და წამებას ხედავდა პოეტი. მესამე წრეში ღორმუცელების, ხარბებისა და მსუნაგების ადგილია, ისინი განწირულები არიან საშინელი წვიმისა და ჭექა-ქუხილის სასჯელისათვის;
მეოთხე წრეში ძუნწები და მფლანგველები იტანჯებიან დაწყველილ და ცეცხლოვან ჭაობში;

მეხუთეში მრისხანენი და ზარმაცნი იხრჩობიან სტინგის ჭაობში და ვერ ახერხებენ იქედან ამოსვლას;


image



მეექვსე წრეში ერეტიკოსები და ცრუმორწმუნეები წვანან ცეცხლოვან საფლავებში და ცურავენ მდუღარე სისხლის ნაკადებში

მეშვიდე წრე – შედგება 3 სარტყელისგან:
1. – ახლობლებზე მოძალადენი და მათ ღირსებაზე დამცინავნი (ტირანები და ყაჩაღები);
2. – საკუთარ თავზე მოძალადენი (თვითმკვლელები) და საკუთარ ღირსებაზე მოძალადენი (მოთამაშენი, ისინი ვინც უაზროდ ფლანგავდნენ საკუთარ ქონებას);
3. – ღვთაებრივზე მოძალადენი (ღვთის აუგად მომხსენიებელნი), ბუნებაზე (სოდომისტები), შემოქმედებაზე და ცოდნაზე;


მერვე წრე – არმინდობილთა მომტყუებელნი (არმინდობილი – ადამიანი, რომელიც არ უკავშირდება სუბიექტს განსაკუთრებული ნდობის ხარისხით). შედგება 10 თხრილისაგან-არხისაგან:
1.– მაჭანკალნი და მაცდუნებელნი;
2.– მლიქვნელნი, ფარისეველნი;
3. – სიწმინდით მოვაჭრენი (სამღვდელოება);
4. – მისანნი, მკითხავნი, ვარსკვლავთმრიცხველნი და ჯადოქრები;
5. – მექრთამენი, ქრთამის ამღებ-მიმცემი;
6. – თვალთმაქცნი, ორპირნი;
7. – ქურდნი;
8. – მზაკვარისმრჩეველნი;
9. – მტრობის, შუღლისა და უთანხმოების მთესველნი (მუჰამედი, ალი-მუჰამედის სიძე, დოლჩინო – ერეტიკოსთა სექტის – “განდგომილთა საძმოს” დამაარსებელი);
10. – ალქიმიკოსნი, ცრუმოწმენი, ფულის გამყალბებელნი;

ურწმუნოები მერვე წრეში იტანჯებიან სხვადასხვა ფორმით: ზოგი მდუღარე წყალში იხარშება, ზოგს მდუღარე ფისს პირში ასხამენ, სხვები გავარვარებული ჯაჭვებით არიან მიბმული კლდეზე, ზოგსაც მდუღარე კუპრში ხარშავენ.


მეცხრე წრე შედგება 4 სარტყელისა და ცენტრისაგან:
კაენის სარტყელი – მშობელთა და ნათესავთა მოღალატენი;
ანტენორის სარტყელი – სამშობლოსა და თანამოაზრეთა მოღალატენი;
ტოლომეის სარტყელი – მეგობართა და თანამოტრაპეზეთა მოღალატენი;
ჯუდეკის სარტყელი – იგივე იუდას სარტყელი, მოღალატენი კეთილისმყოფელთა, ღვთიური უზენაესობისა და ადამიანური მოდგმისა;
მეცხრე წრის ცენტრში გაყინული ლუციფერი - ღვთისგან განდგომილი ანგელოზი, ბოროტების ხელმწიფე, სამუდამოდ დედამიწის ცენტრში დამწყვდევით დასჯილი, თავისი სამი ხახით ხრავს ქვეყნიერისა და ზეციერის მბრძანებლის გამცემთ-მოღალატეებს (იუდას, ბრუტუსსა და გალიუს კასიუსს-კეისრის მკვლელებს).



image



როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თითოეული საფეხური, სხვადასხვა დონე და წამების სახეობა რეალისტურადაა აღწერილი. ილუსტრაციის მეორე მხარეს დანტეს მიერ დაწერილი ახსნაა, დაწვრილებითი და ამომწურავი.

"ღთაებრივი კომედია'' პოეტის ერთგვარ პროტესტს წარმოადგენდა საკუთარი პიროვნების მიმართ. მან ფიასკო განიცადა ფლორენციის პოლიტიკურ ბრძოლაში და განდევნილი იქნა მშობლიური ქალაქიდან. მთელი დარჩენილი ცხოვრება მან მიუძღვნა თვითგანათლებას და ანტიკური ავტორების ნაშრომების შესწავლას. შემთხვევითი სულაც არაა, რომ პოეტის გამცილებლად და მთავარ მოქმედ გმირად "ღვთაებრივ კომედიაში'' გვევლინება ვერგილიუსი, ძველი რომაელი პოეტი.

პოემის პოპულარობა ბოტიჩელის საოცარმა ილუსტრაციებმაც განაპირობა. თანამედროვეებში ის დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა. დიახ, ბოტიჩელი კარგი მხატვარი იყო, თუმცა მის თანამედროვეებთან შედარებით არ ჰქონდა დიდი გავლენა და სახელი. XV საუკუნის ფლორენციაში ის ფრესკების და ილუსტრაციების უბადლო შემსრულებლად ითვლებოდა და მეტი არაფერი.

ბოტიჩელის გაუმართლა იმ კუთხით, რომ მას მფარველობდა ლორენცო მედიჩი, რომელიც ხელოვნების ფანატი, მეცენატი და თაყვანისმცემელი გახლდათ. ისტორიკოსების აზრით, მან სიცოცხლის უკანასკნელი დღეები სიღარიბეში გაატარა, მაგრამ სავარუდოდ, ბოტიჩელი არც ისე ღარიბი ჩანდა, რამდენადაც თავს აჩვენებდა. მას უბრალოდ არასოდეს ჰყოლია ოჯახი და არ ჰქონდა სახლი. ქორწინების შესახებ ფიქრებიც კი მას აშინებდა, ამიტომ დაქორწინება არასოდეს უცდია.

სიცოცხლის ბოლო წლებში ბოტიჩელიმ გაიცნო ერთი ბერი, რომლის ქადაგების გავლენით ცოდვები მოინანია, უარი თქვა მიწიერ სიამოვნებებზე და ასკეტიზმში გადაეშვა. ფერმწერი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის დაკრძალულია ფლორენციაში, ყველა წმინდანის სახელობის ეკლესიის ეზოში.

4
1707
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
1707
  
11 აპრილი, 17:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

11 აპრილი, 17:01
როგორც ყოველთვის, განსაკუთრებული ხარ
11 აპრილი, 10:47
შესანიშნავი სტატია არის მანჩო. მადლობა.
0 1 4