x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134580
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508656
პლატონის ადრეული დიალოგებიდან ,,მენექსენე"

პლატონი (ბერძნ. Πλάτων Plátōn) (ძვ. წ. 429/8 -347/6 წწ.) არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კლასიკური ხანის ბერძენი ფილოსოფოსი, სოკრატეს მოსწავლე, არისტოტელეს მასწავლებელი, ფილოსოფიური დიალოგების ავტორი, ათენის აკადემიის დამფუძნებელი. პლატონი განუხორციელებელი იდეალების მქონე მოაზროვნე იყო. მისი შრომები დიალოგების ფორმით არის დაწერილი. ეს დიალოგები ძლიერია ფორმითაც და შინაარსითაც. პლატონის დიალოგებს ერთგვარი დაუმთავრებლობა ახასიათებს. დიალოგის ბოლოს იგი საკითხს თითქოს გადაუჭრელად ტოვებს, რადგან მას ფილოსოფია მიაჩნდა ძიებად და არა დასრულებული, რეზულტატების მომცემ მეცნიერებად. პლატონი ერთდროულად მოაზროვნეც არის და შემოქმედიც. მისი ქმნილებები საინტერესოა, როგორც ფილოსოფიური, ასევე მხატვრული თვალსაზრისით. ჩვენამდე პლატონის ოცდაათამდე დიალოგი და 13 წერილია შემორჩენილი, მათ შორისაა: “ფედონი“, “ნადიმი“, “სახელმწიფო“, “პარმენიდე“, “ადრეული დიალოგები“ და სხვა.

გამოვყოფდი პლატონის “ადრეულ დიალოგებს“, რომელიც დღესდღეობით საკმაოდ გავრცელებულია. ეს დიალოგები ფილოსოფიურ შეხედულებათა სპეციფიკურ ფორმას წარმოადგენს და ავტორისეული აზრი ბრძენი მოძღვრისა და მოწაფის პაექრობით გამოითქმება. ადრეულ დიალოგებში რამდენიმე პერსონაჟის დისკუსიაა აღწერილი, სადაც თემის განხილვა ხდება პერსონაჟების მიერ ერთმანეთისთვის დასმული კითხვების სახით. ამ დიალოგების მთავარი მოქმედი პირია სოკრატე. ამით პლატონმა სათქმელი მიიტანა მკითხველამდე სადა, ლაღი და მეცნიერული ტერმინოლოგიის დახვავების გარეშე. მათ სოკრატესეულ დიალოგებს უწოდებენ.






პლატონის “ადრეულ დიალოგებში“ შედის “მენექსენე“. სანამ უშუალოდ ტექსტზე გადავალ, უნდა აღვნიშნო, რომ ძველი ათენი ყოველ წელიწადს, 5-7 პიანეპსიონს (შეესატყვისება აწინდელ ოქტომბერს) საგანგებოდ აღნიშნავდა სამშობლოს თავისუფლებისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას. ეს იყო ერთი ყველაზე დიდებული და გულისშემძვრელი სანახაობა, საზეიმო-სამგლოვიარო დღესასწაული, სადაც ერთმანეთს ენაცვლებოდა მწუხარება და სიხარული. დღესასწაულს, რომლის დაწესებასაც ერთი ტრადიცია სოლონს მიაწერს, ხოლო მეორე ბერძენ სპარსელთა ომების ეპოქას უკავშირებს, უფრო საერო ხასიათი ჰქონდა, ვიდრე რელიგიური, უფრო ეროვნული სიამაყისა და პატრიოტული გრძნობის გაღვივებას ემსახურებოდა, ვიდრე სულის უკვდავებისა და საუკუნო სიცოცხლის რწმენისას.

მთელი ცერემონიალის ყველაზე არსებითი და მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ე.წ. “სამგლოვიარო სიტყვა“ (“ლოგოს ეპიტაფოს“), რომელსაც დაღუპულ მეომართა პატივსაცემად წარმოთქვამდა ქალაქის, კერძოდ, სახალხო სათათბიროს მიერ საგანგებოდ არჩეული ორატორი. ჩვენ შემოგვრჩა ბევრი ასეთი სიტყვა. მათ რიცხვშია “მენექსენეში“ სოკრატეს სამგლოვიარო სიტყვა, თუმცა სოკრატე პერიკლეს ხარჭას - ასპასიას[1] მიაწერს მას, ხოლო თვით სიტყვა, პლატონის შემოქმედების მკვლევართა და კომენტატორთა ერთსულოვანი აღიარებით, დიდი ბერძენი ფილოსოფოსის თანამედროვე ორატორთა მიერ წარმოთქმული სამგლოვიარო სიტყვების ერთგვარ პაროდიად უფრო აღიქმება.


“მენექსენს“ მხოლოდ პირობითად თუ შეიძლება ეწოდოს დიალოგი, ვინადან მისი უდიდესი ნაწილი მონოლოგს უჭირავს: ეს გახლავთ ზემოთხსენებული სამგლოვიარო სიტყვა. სოკრატესა და მენექსენეს საუბარი, რომლითაც იწყება და მთავრდება კიდეც პლატონის შემოქმედების პირველი პერიოდის ეს ერთ-ერთი უკანასკნელი ნაწარმოები, - აი, მთელი დიალოგი ისე “ზის“ ასპასია-სოკრატეს სიტყვა, როგორც სურათი ჩარჩოში. ამ მხრივ “მენექსენე“ ძირეულად განსხვავდება პლატონის ადრინდელი ქმნილებებისგან, რომელთა შორისაც მას მხოლოდ ერთი პარალელი თუ შეიძლება დაეძბნოს - “სოკრატეს აპოლოგია“, სადაც მოქმედების ძირითადი ნაწილი ასევე მონოლოგზე მოდის. პლატონის სხვა დიალოგებისგან განსხვავებით, ჩვენ შეგვიძლია მიახლოებითი სიზუსტით მაინც დავადგინოთ “მენექსენეს“ დაწერის თარიღი: რაკიღა დიალოგში მოხსენებულია სპარსეთის იმპერიასა და საბერძნეთის პოლისებს შორის ძვ.წ. 387წ. დადებული “ანტალკიდეს ზავი“, ხოლო საბერძნეთის ისტორიის შემდგომდროინდელ მოვლენებზე სიტყვაც აღარაა ნათქვამი, ამიტომ პლატონის შემოქმედების მკვლევართა აზრით, “მენექსენე“ დაწერილი უნდა იყოს ძვ.წ. 387-86 წწ.

ისევე როგორც პლატონის სხვა დიალოგებში, “მენექსენეშიც“ ორადორი მოქმედი პირი მონაწილეობს: პლატონის დიალოგების მთავარი გმირი სოკრატე და ხალგაზრდა ათენელი ჭაბუკი მენექსენე, დემოფინის ძე, რომელსაც უკვე დაუმთავრებია “ეფებობა“ და თავისი ოჯახის ძველისძველი ტრადიციისამებრ გადაუწყვეტია პოლიტიკურ მოღვაწეობას მოჰკიდოს ხელი. მენექსენე ისტორიული პირია. პლატონი მას სხვა დიალოგებშიც ახსენებს (“ლისისი“ და “ფედონი). “მენექსენეს“ მთავარი თემა სამშობლოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა უკვდავი ხსოვნა, რომელიც თაობიდან თაობებს გადაეცემა და არასოდეს ჩაქრება მადლიერი შთამომავლობის გულში. “თავისი მცირე მოცულობის მიუხედავად, “მენექსენე“ იმ დიალოგთაგანია, რომლებმაც ყველაზე მეტი მელანი აღვრევინეს სწავლულთ. მან არსებობისთვის გამოიწვია მთელი ექსეგეტური ლიტერატურა...“.

აგორიდან[2] მომავალ მენექსენეს შემთხვევით ხდება სოკრატე და ეკითხება - სად ყოფილხარო? მენექსენე სახალხო თავყრილობიდან ბრუნდება, სადაც იხილავდნენ საკითხს იმის შესახებ, თუ რომელი რიტორისთვის მიენდოთ სამგლოვიარო სიტყვის წარმოთქმა დაღუპული მეომრების დაკრძალვაზე.

რიტორთა სახოტბო სიტყვა, როგორც სხვებზე, ასევე მომნუსხველად მოქმედებს სოკრატეზეც: “ ...მათი ქება-დიდება ისე მშვენიერია, რომ განურჩევლად მიაწერენ თითოეულს იმას, რაც შეჰფერის და რაც არ შეჰფერის; თანაც ისეთი ხატოვანი სიტყვებით ამკობენ სათქმელს, რომ მომნუსხველად მოქმედებენ მსმენელთა სულზე; .... ყოველთვის, როცა მათ ხოტბას ვისმენ. მოჯადოებულივით ვდგავარ, გარინდებული და ასე მგონია, რომ ამ წამს უფრო უკეთესი ვხვდები, უფრო კეთილშობილი, უფრო მშვენიერი.“

სოკრატეს ამ სიტყვაში აშკარად გამოსჭვივის არა მარტო ირონია, არამედ მძაფრი სარკაზმიც რიტორიკული ხელოვნების მიმართ, რაც შეუმჩნეველი არ რჩება მის თანამოსაუბრეს. უნდა ითქვას, რომ ამ მხრივ “მენექსენე“ განკერძოებით როდი დგას პლატონის დანარჩენი დიალოგების რიცხვში, რიტორიკული ხელოვნების კრიტიკა თავიდან ბოლომდე გასდევს ფილოსოფოსის თითქმის მთელ შემოქმედებას. სიტყვიერი ხელოვნების ბოროტად გამოყენება, რაც საქმის ნამდვილი ვითარების წარმოჩენას კი არა, ხშირ შემთხვევაში თვით ჭეშმარიტების მიჩქმალვას და სინამდვილის გაყალბებას ემსახურება, - აი, რას ჰყვედრის, რას უკიჟინებს პლატონი თავის თანადროულ მჭერმეტყველბას...

დიალოგის ვითარება შემდეგნაირად ვითარდება: კი მაგრამ, - ეუბნება მენექსენე - სოკრატეს, სხვებს რომ დასცინი და აბიაბრუებ, საინტერესოა, შენ თვითონ თუ შესძლებდი სამგლოვიარო სიტყვის წარმოთქმას? რატომაც არა, - მიუგებს სოკრატე, - მე ხომ ისეთი დიდებული მასწავლებლის ხელმძღვანელობით ვეზიარე მჭერმეტყველების ხელოვნებას, როგორიცაა ასპასია, ვისგანაც სწორედ გუშინ მოვისმინე ერთი ამნაირი სიტყვის უებრო ნიმუშიო. ცნობისმოყვარე მენექსენე დაჟინებით სთხოვს სოკრატეს, მასაც გააცნოს ასპასიას სიტყვა, რომელიც ყველა სხვა სამგლოვიარო სიტყვის მსგავსად კომპოზიციის ტრადიციული წესების მიხედვითაა შეთხზული და ორი მთავარი ნაწილისაგან შედგება: 1. ბრძოლის ველზე დაცემული გმირების ქება; 2. შეგონება ცოცხლების მიმართ და ნუგეშინისცემა დაღუპულთა მშობლებისა თუ შვილებისთვის. ეს ტრაფარატული სქემა უდევს საფუძვლად ჩვენთვის ცნობილ თითქმის ყველა სამგლოვიარო სიტყვას.

ათენის თავისუფლებისთვის თავდადებულ გმირთა ქება-დიდება მათი კეთილშობილური წარმომავლობის, მათი ღირსეული წინაპრებისა და მათი უკვდავი დედასამშობლოს - ათენის ხოტბით იწყება. პატრიოტული სულისკვეთებით ანთებული ორატორი ჯეროვან პატივს მიაგებს მშობლიური ქვეყნის სილამაზეს, სიმდიდრეს და სიუხვეს, რაც თვით ნეტარი ღმერთებითვისაც კი ცილობისა და დავის საგნად ქცეულა, მის ძველისძველ მცხოვრებლებს, რომლებიც ოდითგანვე ამ მადლიანი მიწა-წყლის მკვიდრნი იყვნენ, მის სახელმწიფოებრივ წესწყობილებას და აღტაცებით იხსენიებს შორეულ წინაპართა მიერ სამშობლოს თავისუფლებისთვის თუ ძლევამოსილი მტრების მსხვერპლთა დასაცავად და სამართლიანობის დასამკვიდრებლად გადახდილ ომებს.

შემდგომ ამისა, ორატორი გადადის ათენის ისტორიის მძაფრი დრამატიზმით აღსავსე მოვლენებზე და საკმაოდ ვრცლად მიმოიხილავს ბერძენ-სპარსელთა ომის ცალკეულ ეპიზოდებსა თუ პერიპეტიებს ომისა, რომელიც თავისი ხანგრძლივობით, სისასტიკითა და მასშტაბურობით უმაგალითოა ძველი სამყაროს მთელ ისტორიაში. ამ ომში აურაცხელი მსხვერპლის ფასად მოპოვებულმა გამარჯვებამ კიდევ უფრო განამტკიცა ათენის დომინანტური როლი ბერძნულ სამყაროში.

ხშირი იყო ბერძნულ პოლისებს შორის ქიშპობა, რითიც ისარგებლა სპარსეთმა. 392 წელს სპარტა იძულებული გახდა თავისი ნავარქი (ადმირალი) ანტალკიდე წარეგზავნა სპარსეთის სამეფო კარზე, რათა შემწეობა და მფარველობა ეთხოვა არტაქსერქსე II-ისათვის. 387 წელს მათ შორის დაიდო ე.წ. “ანტალკიდეს ზავი“. ამ ზავმა არსებითად სპარსეთის გავლენას დაუქვემდებარა მთელი საბერძნეთი.

“მენექსენეს“ სამგლოვიარო სიტყვის პირველი ნაწილი სწორედ ანტალკიდეს ზავით მთავრდება, რის შემდეგადაც ორატორი უშუალოდ გადადის მეორე ნაწილზე. სამგლოვიარო სიტყვის ამნაირი დაყოფა ტრადიციულია. პირველი ნაწილი ათენის ქებას, წინაპართა სასახელო საქმეებსა თუ სამშობლოს თავისუფლებისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას ეძღვნება, მაშინ როცა მეორე ნაწილში ორატორი ცდილობს გაამხნევოს და ნუგეში სცეს ბრძოლოს ველზე დაცემულ მეომართა მშობლებს და შვილებს; თან ისე წარმოგვიდგენს საქმეს, თითქოს თვით დაღუპული გმირები ანუგეშებდნენ თავიანთ უსასოო მშობლებს, დაქვრივებულ ცოლებსა და დაობლებულ შვილებს: შვილებო, - თითქოს სამარიდან მიმართავენ გმირები თავიანთ მემკვიდრეებს, - თქვენ რომ ღირსეული მამები გყავდათ, ამას აწინდელი დღესასწაულიც მოწმობს. ჩვენ შეგვეძლო უსახელოდ გვეცხოვრა, მაგრამ ვარჩიეთ სახელოვნად მომკვდარიყავით, ... რადგანაც გვწამდა, რომ ვინც თავისიანებს არცხვენს, მის სიცოცხლეს სიცოცხლე არ ეთქმის...“.

ჩვენ არ შეგვირცხვენია თქვენი ჭაღარა, - ახლა თითქოს სვეგამწარებულ მშობლებს აწვდიან ხმას ჰადესის მკვიდრნი; - მაშ, ნურც თქვენ შეარცხვენთ ჩვენს ხოვნას ცრემლით, ვაებით და მოთქმა-გოდებით, რადგან გმირობა მარტო ის კი არ არის, რომ ბრძოლის ველზე წარბშეუხრელად შეეგუო სიკვდილს, არამედ ისიც, რომ უდრტვინველად აიტანო თავს დატეხილი უბდურება...“ ამიტომაც მოუწოდებენ ცოცხლად დარჩენილ მოყვასთ: ხოლო ჩვენს მშობლებს, ვისაც ისინი ჯერ კიდევ ცოცხლები ჰყვანან, გამუდმებით შეაგონეთ, რაც შეიძლება უდრტვინველად აიტანონ თავს დამტყდარი უბედურება, ნაცვლად იმისა, რომ თქვენი ცრემლები შეუერთოთ მათ ცრემლებს.“

ცოცხალთა სახელით მიმართავს ორატორი ბრძოლის ველზე დაცემულ გმირებს: მშიდად იძინეთ, ჩვენი ქალაქი მზრუნველობასა და მფარველობას არ მოაკლებს თქვენს დედ-მამას და ცოლ-შვილს.

როგორც ვხედავთ, “მენექსენეს“ სტრუქტურა პირწმინდად ტრადიციულია. ისევე, როგორც სამგლოვიარო სიტყვა, ჩვენი “ეპიტაფოსიც“ ორი მთავარი ნაწილისგან შედგება: ხოტბა და ნუგეში. ათენელ ორატორთა უპირველესი საზრუნავი ის იყო, რომ თავი მოეწონებინათ მსმენელებისთვის, რომლებიც, უწინარეს ყოვლისა, ქება-დიდებას მოითხოვდნენ მეხოტბეთაგან და ეს უკანასკნელნიც თავდაუზოგავად ცდილობდნენ დაეკმაყოფილებინათ მათი მოთხოვნა. “მენექსენეს“ სახოტბო ნაწილიც არაფრით განსხვავდება ტრადიციული სამგლოვიარო სიტყვებისგან. ისტორიული ფაქტები ისეა შერჩეული, ან იმნაირადაა დანახული და განმარტებული, რომ ყველაფერი მხოლოდ ათენისა და ათენელების განდიდებას ემსახურება. მთელი ხოტბა ჩვენ თვალწინ იშლება, როგორც სიკეთისა და სამართლიანობისთვის გმირული ბრძოლის დიდებული, თვალისმომჭრელი პანორამა, სადაც არც ერთი ჩრდილი არ ამღვრევს, არც ერთი ლაქა არ ბღალავს მთელი სურათის სიხასხასეს და ბრწყინვალებას. მაგრამ ამნაირი ტენდენცია აშკარად ღალატობს სინამდვილეს. ფაქტები სხვას მეტყველებენ.

“მენექსენეს“ სახოტბო ნაწილიც არაფრით განსხვავდება ტრადიციული სამგლოვიარო სიტყვებისგან. ისტორიული ფაქტები ისეა შერჩეული, ან იმნაირადაა დანახული და განმარტებული, რომ ყველაფერი მხოლოდ ათენისა და ათენელების განდიდებას ემსახურება. მთელი ხოტბა ჩვენ თვალწინ იშლება, როგორც სიკეთისა და სამართლიანობისთვის გმირული ბრძოლის დიდებული, თვალისმომჭრელი პანორამა, სადაც არც ერთი ლაქა არ ბღალავს მთელი სურათის სიხასხასეს და ბრწყინვალებას. მაგრამ ამნაირი ტენდენცია აშკარად ღალატობს სინამდვილეს. ფაქტები სხვას მეტყველებენ. ორატორი ტრადიციით დაკანონებული ტრაფარეტის თანახმად იქცევა ასე. მან მშვენივრად იცის, რომ ბრძოლის ველზე დაცემულ ათენელ მეომართა ხოტბა გმობად უფრო აღიქმება მსმენელის მიერ, თუკი წამით მაინც მოაგონებს მას ათენის ნებისმიერ მარცხს, ძნელბედობას თუ უბდერებას; ამიტომაც ისე უსხლტება და გვერდს უვლის ყველა ავადსახსენებელ თარიღს, ყველა უსიამო ფაქტს თუ მოვლენას, როგორც მარჯვე ნაოსანი წყალქვეშა კლდეებს. მხოლოდ ასე თუ შეიძლება, რომ არც მწვადი დაწვა და არც შამფური, რადგან მსმენელს ორატორის პირფერობა სწყურია, ორატორს კი მსმენელის ტაში.

პლატონმა იცის სინამდვილის ყოველგვარი შეფერადება და შელამაზება უთუოდ მის გაყალბებას ნიშნავს, და რომ მიუტევებელი შეცდომაა, მეტიც, აშკარა დანაშაულია, მეომარი სახელმწიფოს ურთიერთშეუთავსებელ ინტერესებზე ისე მსჯელობა, თითქოს საქმე ეხებოდეს ადამიანის ეთიკურ იდეალებს. ამიტომაა, რომ ურაპატრიოტულ ბაქიბუქს და კუდაბზიკობას თავიდან ბოლომდე გამჭოლად გასდევს სოკრატეს ირონიული მზერა, რომელიც წყდება მხოლოდ იქ, სადაც ორატორი ათენისა და ათენელების საგმირო საქმეთა ხოტბიდან ბრძოლის ველზე დაცემულთა მშობლებისა და შვილების ნუგეშზე გადადის, ესე იგი, იქ, სადაც პოლიტიკა ადგილს უთმობს ეთიკას, იქ, სადაც ხელოვნურ სიყალბეს ბუნებრივი უშუალობა, სიმართლე და სიწრფელე ცვლის და 24 საუკუნის წინათ დაწერილ სტრიქონებში დღემდე კამკამა ნამივით ციმციმებს დაღუპულთა შვილებისა და მშობლების ცრემლი



[1] ასპაია - (ძვ.წ. V ს), მილეტელი ჰეტერა, ცნობილი თავისი სილამაზით, ჭკუით, პოლიტიკური ალღოთი და მჭერმეტყველებით. კარგა ხანს ცხოვრობდა ათენში, სადაც ისეთი გავლენა მოიპოვა, რომ თვით ათენელი თავკაცი პერიკლე მოხიბლა. ამ მხრივ, “მენექსენე“ შეიცავს ისტორიული სიმართლის ნაწილს.

[2] აგორა - სახალხო კრება, თავყრილობა, აგრეთვე მოედანი, სადაც იმართებოდა ეს თავყრილობა.

0
101
შეფასება არ არის
ავტორი:თათი მჟავანაძე
თათი მჟავანაძე
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0