x
ტრავმული გამოცდილება მოზრდილებსა და ბავშვებში
image
ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ, სამწუხაროდ, ხშირად განვიცდით სტრესს, ვხვდებით და ვცდილობთ, გავუმკლავდეთ ისეთ სიძნელეებს, რომლებიც ჩვენს ტრავმულ გამოცდილებად გარდაიქმნება ხოლმე. ძალადობის, ახლობლის სიკვდილის, საკუთარი მიწა-წყლის დატოვების ფაქტები არის ტრავმული გამოცდილება, რომელიც ზემოქმედებს ადამიანის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფაქტორზე. ის თანდათან ჩნდება, ხანგრძლივია და ზოგჯერ ადამიანში პიროვნულ ცვლილებებს იწვევს. განცდა იმისა - “მე აღარასოდეს ვიქნები ძველებურად“ -თან სდევს ძლიერ ტრავმას. ეს მოვლენები შეიცავენ საფრთხეს, საშიშროებას, დანაკარგს, ტკივილს. ტრავმა არ შემოიფარგლება მხოლოდ მსხვერპლით. მან, შეიძლება, ასევე, იმოქმედოს ტრავმირებული ადამიანის ახლობლებზე, ირგვლივ მყოფებზე. უნდა აღვნიშნოთ, რომ ფსიქოლოგიური ტრავმა არ არის დაავადება. ეს არის ნორმალური რეაქცია კონკრეტული ადამიანისთვის წოდებულ არანორმალურ მოვლენაზე.

ადამიანს უყალიბდება განცდა იმისა, რომ “აღარასოდეს ვიქნები ის, ვინც აქამდე ვიყავი’’. ფსიქოლოგიური ტრავმა მის ცხოვრებას ძირეულად ცვლის და თუ რა იქნება მომავალში დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდება პიროვნება ამ გამოცდილებას. ტრავმა ცვლის მის წარმოდგენებს და ფასეულობებს, ასევე, ინტერესებს.

ჩვენ გარშემო არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ხშირად არ აღიარებენ ფსიქოლოგიურ ტრავმებს და მათ უდიერად ეკიდებიან, ფიქრობენ, რომ მალე გადაუვლით და ა.შ. ეს მიდგომა არასწორი და საშიშია, რადგან ასეთი სახის ტრავმა ხანდახან ძალიან სერიოზულია. მისმა იგნორირებამ, შესაძლოა, ზოგიერთი დაავადების პროვოცირება გამოიწვიოს.

ფსიქიატრიაში სპეციალური მიმართულებაც კი არსებობს, რომელსაც ფსიქოსომატიკა ჰქვია. ეს არის სომატიკური სამედიცინო დაავადებები, რომლებშიც ფსიქოლოგიურ ან სტრესულ ფაქტორს მნიშვნელოვანი, ან გადამწყვეტი როლი ენიჭება. ფსიქოსომატურ დაავადებებს განეკუთვნება მაგალითად ჰიპერტონია, ბრონქიალური ასთმა, კუჭ–ნაწლავის ბევრი დაავადება. ბევრი მათგანი მხოლოდ ფსიქოტროპული პრეპარატებით იკურნება. მედიკოსები ხანდახან ზემოთჩამოთვლილი დაავადებების დროს ანტიდეპრესანტებს და შფოთვის საწინააღმდეგო პრეპარატებსაც ნიშნავენ, რასაც დადებითი შედეგები მოჰყვება.


არსებობს ასეთი მოვლენა, როგორიცაა “ავადმყოფობაში გაქცევა“, როცა ადამიანი ცდილობს გარშემომყოფთა ყურადღება მიიქციოს და ქვეცნობიერად ავადმყოფობას იხანგრძლივებს. ასეთ შემთხვევაში პაციენტი სწორედაც რომ ფსიქოლოგიური ფაქტორის გამო ვერ ახერხებს გამოჯანმრთელებას.

image

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვიღაცისთვის ფსიქოლოგიური ტრავმა, შესაძლოა, გადატანილი კატასტროფა, ტრაგედია, ახლობელი ადამიანის სიკვდილი იყოს. ვიღაცისთვის კი - შეყვარებულთან დაშორება ან მცირე წარუმატებლობა. ყველაფერი ადამიანის აღქმაზე და იმაზეა დამოკიდებული, რამდენად არის ის მიდრეკილი შფოთვისკენ, რადგან სწორედ შფოთის და განგაშის შეგრძნება უბიძგებს გარკვეულ მექანიზმებს ამოქმედებისკენ: სტრესი პროვოცირებას უკეთებს განგაშის შეგრძნებას, განგაშის შეგრძნება კი თავის მხრივ - ბევრ სხვადასხვა სიმპტომს.

თუ ადამიანმა იცის, რა სიტუაციებში ჩნდება ყველაზე ხშირად ტრავმის მიღების საშიშროება, რაღა თქმა უნდა, მეტი შესაძლებლობა ექნება, გაუმკლავდეს მას.


ტრავმა შეიძლება სამ ძირითად კატეგორიად დავყოთ:

  • შოკური ტრავმა
ტრავმა ჩნდება მოულოდნელი მოვლენების შედეგად, რაც ემუქრება ადამიანის სიცოცხლეს. ამ კატეგორიას განეკუთვნება ასევე ახლობელი ადამიანის მოულოდნელი სიკვდილი.


2. მწვავე ტრავმა

ხანმოკლე ზემოქმედებები — გამომდინარეობს ადრე მომხდარი ნეგატიური მოვლენებიდან. მაგალითად, მძიმე კონფლიქტები, ხანგრძლივი ურთიერთობების დასრულება, სოციალური დამცირება და სხვა.


3. ქრონიკული ტრავმა

როდესაც ადამიანი ემოციურად არასასურველ სიტუაციაში დიდხანს იმყოფება. მაგალითად, ბავშვი ცხოვრობს ოჯახში, სადაც რთული ვითარებაა, ან ქორწინება, რომელსაც მორალური და ფიზიკური ძალადობა, დამცირება ახლავს თან.

ადამიანზე ფსიქიკური ტრავმის დამანგრეველი ძალა პიროვნებაზე მოვლენის ინდივიდუალურ მნიშვნელობაზეა დამოკიდებული, ადამიანის სტრესისა და არასასიამოვნო მოვლენებისადმი ფსიქოლოგიურ მდგრადობაზე, უნარზე, გაუმკლავდეს ცხოვრებისეულ პრობლემებს, გარშემო მყოფებზე და დროულ დახმარებაზე.



ამ ტრავმების წყარო შეიძლება იყოს:

  • ოჯახური კონფლიქტები (ოჯახის წევრის გარდაცვალება; ოჯახში ემოციური გაუცხოება; მატერიალურ-ყოფითი პრობლემები და სხვა).
  • უიღბლო ოჯახური ცხოვრება (მარტოობა; ეჭვიანობა; სექსუალური პრობლემები; პირადი მოთხოვნილების დაუკმაყოფილებლობა; „უიღბლოობის“ განცდა)
  • კონფლიქტი მეუღლეებს შორის (ალკოჰოლიზმი; ერთმანეთის მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობა; ხასიათების, ინტელექტუალური თუ სულიერი შეუთავსებლობა; ბრძოლა ლიდერობისთვის).
  • კონფლიქტური დამოკიდებულება ბავშვებთან ( ხშირი კონფლიქტები; გაუცხოება; ასოციალური ქცევა; პათოლოგიური მიდრეკილებები).
  • ფსიქოლოგიური ტრავის მომტანი სამსახურეობრივი გარემოებები (დაძაბულობა; ხელფასით უკმაყოფილება; ხშირი კონფლიქტები; მოულოდნელი შემცირებები; უმუშევრობის შიში).
  • ემოციურ-შოკური დარტყმა ( შიში; ძალადობა, ძარცვა; სტიქიური უბედურებები).
სხვა მდგომარეობები, რომლებიც იწვევს ფსიქოლოგიურ ტრავმას ( სექსუალური წარუმატებლობა; გამოცდები; გასაუბრებები; შედეგების ლოდინი განგაშის შეგრძნებით; ორგანოებისა და სისტემების ფუნქციონირების შემთხვევით შეჩერებაზე ფიქსაცია).

ვინაიდან ბავშვის ფსიქიკა ბევრად „ნაზია“, მოზრდილებთან შედარებით, ორიოდე სიტყვა უნდა ვთქვა ტრავმირებული ბავშვის შესახებაც.განსაკუთრებით უჭირთ ბავშვებს. ისინი ჩუმად ებრძვიან საკუთარ ემოციებსა და ფიქრებს, ვერ გამოთქვამენ, ვერ აღწერენ საკუთარი რეაქციების სიღრმესა და დონეს. შესაძლოა ბავშვს მატრავმირებელ მოვლენამდე არასოდეს განუცდია ასეთი მძაფრი ემოციები. ეს უცნობი და ძლიერი გრძნობები მას ძალზე აშინებს და ხშირად ცდილობს ჩაახშოს ისინი.

image

ყველა ადამიანს, მით უმეტეს ბავშვს, სჭირდება გაუგებარი და შემზარავი მოვლენის მიზეზის ახსნა. უამრავი შეკითხვა არ ასვენებს მას. უმნიშვნელოვანსია რამდენიმე მათგანი:

  • რატომ დამემართა ეს მაიცდამაინც მე?
  • რატომ ვგძნობ და განვიცდი იმას, რასაც ვგრძნობ?
  • ვინ ვარ მე?
ამ შეკითხვაზე პასუხის მოძებნა ადამიანებს და მით უმეტეს ბავშვებს, უადვილებს მატრავმირებელ გამოცდილებასთან გამკლავებას, რადგან ბევრ ბავშვს სჯერა, რომ თავად არის პასუხისმგებელი მომხდარზე: “მე რომ არ დამეშავებინა, უკეთესად მოვქცეულიყავი, ეს არ მოხდებოდა... .“

ბავშვებს, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი არიან, ყოველდღიური ცხოვრება კოშმარად აქვთ ქცეული და ეს კოშმარი მათ სიზმარში და ძილშიც თან სდევთ. კითხვები – “რატომ მე?” ან “რა მემართება?” ხშირად პასუხგაუცემელია, ემოციების და აზრების მორევი მთელი ცხოვრების დეზორგანიზირებას იწვევს. ტრავმის დროს ხშირია : ძილის დარღვევები, დაუცველობისა და უსუსურობის განცდა, შფოთვა მომავლის გამო, სირცხვილი, დაბალი თვითშეფასება, ბრალეულობის განცდა, რისხვა, აგრესია, გაუცხოვება სოციალურ გარემოსთან, ხანმოკლე მეხსიერების პრობლემები, სწავლის უნარის დაქვეითება, ფსიქოსომატური დარღვევები და შეცვლილი ქცევები. ქცევის შეცვლის ნიშნებიდან კი ხშირია : მოუსვენრობა, გაღიზიანება, სიბრაზის შეტევები, ტირილი და სუნთქვის გაძნელება.

ასაკთან ერთად იცვლება ფსიქოლოგიური ტრავმის აღქმა და გაგება. ბავშვებს მუდმივად სჭირდებათ აზრის გამოტანა და გაგება იმისა, რაც მოხდა, მათ უნდა გადახედონ და გადააფასონ, რა მოხდა და რა იქნება.







0
59
შეფასება არ არის
ავტორი:ნოზაძე ანი
ნოზაძე ანი
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0