x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია ანუ როგორ შემაძულა თავი გოგონამ, რომელიც საკუთარ სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა

image უკრაინიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ ბუნებრივია სწავლა უნდა გამეგრძელებინა და გარკვეული პერიოდის შემდეგ (იყო ჩვენი ოჯახის ცხოვრებაში პერიოდი, როცა ქალაქში არ დაგვედგომებოდა და სოფელში ვცხოვრობდით, მიზეზებზე არ ვისაუბრებ ისედაც იცის მთელმა ზუგდიდმა თუ როგორ დასაჯა მამამ გარეწარი ადამიანი) სწავლა ქალაქის ერთერთ ყველაზე ცნობილ სკოლაში გავაგრძელე და-ძმასთან ერთად.
პირველივე დღეს დავინახე პარალელური კლასიდან გოგონა, რომელმაც მიიპყრო ჩემი ყურადღება. გოგონა ულამაზესი იყო და შორიდანვე მიიპყრობდა ყურადღებას.
თუ თავიდან დისტანციას ვიცავდი, მალევე "გადავედი შეტევაზე" (უკრაინაში მსგავსი რამ არავის უკვირდა), თუმცა ისეთი ცივი დახვედრა მომიწყო ნირწამხდარმა უკანვე დავიხიე.
მთელმა კლასმა უკვე იცოდა თუ როგორ მიყვარდა ეს გოგონა და რაზე ვიყავი წამსვლელი მისი სიყვარულის მოსაპოვებლად.
სულ მის სიახლოვეს ვტრიალებდი, მაგრამ არ ვაწუხებდი და ერთ დღეს ჰოი საოცრებავ, დაბადების დღეზე დამპატიჟა. ისე გამოვეწყვე თითქოს ჩემი ქორწილი ყოფილიყოს, საკმაოდ მოზრდილი თაიგული ბაბუამ დაამზადებინა და საჩუქრის შერჩევაშიც ის დამეხმარა (ვის, ვის და შორეული ნაოსნობის კაპიტანს გემოვნებას ვერავინ დაუწუნებდა).
მივედი ამ ჩემი თაიგულით და საჩუქრით ჩემი საოცნებო გოგონას სახლში და თაიგულთან ერთად საჩუქარიც გადავეცი, გოგონამ თაიგული და საჩუქარი კი გამომართვა და მადლობაც მითხრა, მაგრამ ეს ის მაინც არ იყო რასაც ველოდი.
გოგონას ბებია წარმოშობით უკრაინელი და სასიამოვნო ქალბატონი აღმოჩნდა, როცა გაიგო, რომ უკრაინაში ვიყავი დაბადებული და გაზრდილი გაუხარდა და მკითხა უკრაინული ენა თუ ვიცოდი, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო და მალე მე და ჩემი შეყვარებულის ბებია ტკბილად ვბაასობდით უკრაინულ ენაზე, რამაც რატომღაც ყველას გაოცება გამოიწვია.
დალევა არასდორს მიყვარდა და სუფრიდან ისე ავდექი სულ 3 ჭიქა ღვინო დავლიე. როგორც მერე გაირკვა ერთ ჩემს კლასელს "წამოუყრანტალებია" ხმამაღლა გუჯას ეკა (სახელი შეცვლილია) უყვარსო, ეს კი ეკას მამამაც გაიგო და მეორე დღეს სკოლაში მოვიდა და მნახა, თბილად მომესალმა და ისე მოიქცა, როგორც ვფიქრობ ბევრი მამა არ მოიქცეოდა.
ასე და ასე გავიგე, თქვენ ჯერ პატარები ხართ და სანამ სერიოზულ გადაწყვეტილებას მიიღებთ ბევრი დრო გაივლისო.
მე ვუსმენდი და ეტყობა ესეც მოსწონდა ეკას მამას, მოკლედ ძალიან თბილად დავშორდით ერთმანეთს.
დრო გადიოდა და ერთ დღეს ეკას სიყვარულში გამოვუტყდი, დეკემბრის თვე იყო და თოვლიც საკმაოდ იდო სკოლის ეზოში, თან სკოლის სახურავი წინა დღის გადმოთოვლილი იყო და თოვლის სიღრმე სკოლის ირგვლივ ზოგან 3 მეტრიც კი იყო.
ჩვენი კლასები მესამე სართულზე იყო, როცა ცარიელ კაბინეტში ეკას სიყვარულში გამოვუტყდი, ჯერ შეცბა მერე კი სიცილი დაიწყო და დერეფანში გავარდა.
მე არც კი ვიცოდი რა მექნა, ცოტა ხანში მობრუნდა კლასელებთან ერთად და პირდაპირ მომახალა: დამიმტკიცე თუ გიყვარვარ, ფანჯრიდან გადახტიო!
მსგავსი უაზრობა ბევრჯერ მქონდა გაგონილი და წაკითხულიც, მაგრამ გოგო, რომელიც თავდავიწყებით მიყვარდა ამას თუ მეტყოდა, თან 30 თანატოლის წინ ვერც წარმოვიდგენდი და შევცბი.
როცა მეორეჯერ გამიმეორა წინადადება უკვე ჩემი კლასელებიც იყვნენ მოსულები და ყველა გაშეშებული იდგა, მეორედ გამეორების მერე წამით არ დამიყოვნებია ეგრევე ფანჯრისაკენ წავედი, მეგობრებმა ჩემი დაჭერა სცადეს, მაგრამ ისეთი სახით მოვბრუნდი სიტყვა არავის დაუძრავს (მერე მითხრეს კლასელებმა თეთრი, ქათქათა თოვლის ფერი გედო სახეზეო). გამოვაღე ფანჯარა და ეგრევე გადავხტი ფანჯრიდან, ამას ეტყობა არავინ ელოდა და სანამ
თოვლში ჩავვარდებოდი გოგოების კივილის ხმა მომწვდა.
ჩემს ბედად ისეთ ღრმა თოვლში ჩავვარდი, თან ისე მოხერხებულად, წინასწარ, რომ დამეგეგმა გადახტომა ასე მაინც არ გამომივიდოდა.
ამოვძვერი როგორც იქნა თოვლიდან და ჩანთისთვისაც კი არ ავსულვარ კლასში ისე წავედი სახლში.
სახლში ტანსაცმელი ისე გამოვიცვალე არავის არაფერი გაუგია, მშობლები სამსახურში იყვნენ, ბაბუა სოფელში იყო წასული, ბებია კი სამზარეულოში ტრიალებდა.
მეორე დღეს სკოლაში ჩვეულებრივად მივედი, თითქოს არაფერი მომხდარიყოს, თუმცა პირველი გაკვეთილის მერე სკოლის დირექტორმა დამიბარა თავის კაბინეტში და ჯერ დამტუქსა, მერე კი გამოკითხვა დამიწყო თუ რა მიზეზით გადავხტი მესამე სართულიდან.
იმხელა თოვლი იდო უბრალოდ გადახტომა მომინდა მეთქი, ვინ დამიჯერა!
მან თავისი გააგრძელა, სკოლიდან გარიცხვითაც დამემუქრა, მაგრამ "ჩვენება" არ შემიცვლია.
დირექტორის კაბინეტიდან გასულს კი პირველი ვინც შემხვდა ეკა იყო, თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე, მე კი ისე ჩავუარე თითქოს არაფერი მომხდარიყო, არა და ვგრძნობდი რაღაცის თქმას, რომ აპირებდა.
ის დღე იყო და ის დღე, ეკასკენ ცალი თვალითაც კი არ გამიხედია.
გოგო, რომლის გამოც ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი ერთ დღეში შემძულდა, არა ეს არ იქნება სწორი განმარტება-არ შემძულებია, მაგრამ ის უზარმაზარი სიყვარულის გრძნობა, რომელიც მის მიმართ გამაჩნდა თითქოს გაფრინდა და გაქრა.
ბევრჯერ მითხრეს ეკას კლასელებმა ეკასაც უყვარხარ უბრალოდ გეხუმრა და შენ სერიოზულად მიიღეო.
ეკამაც ბევრჯერ სცადა გამომსაუბრებოდა, მაგრამ თავს ვარიდებდი. სკოლის დამთავრებისას რესტორანში გადავიხადეთ ბანკეტი, მაშინაც სცადა ჩემს გვერდით დამჯდარიყო, ავდექი და ადგილი გამოვიცვალე.
წლები გავიდა, მე ჯერ სამხედრო სასწავლებელი დავამთავრე მერე სამხედრო-საინჟინრო ინსტიტუტი. დაოჯახების მერე სულ ერთხელ ვნახე ეკა, ერთერთი სკოლის სასწავლო ნაწილის გამგეა.
პირისპირ შევეჩეხეთ ერთმანეთს, მომესალმა, მივესალმე და არც კი მომიკითხავს ისე გავაგრძელე გზა.
მანქანაში ვიდეო რეგისტრატორი მიყენია, რომელსაც მოძრაობის დეტექტორი უყენია, ჩანაწერს ვამოწმებდი ერთხელ და შენახული ფაილები ვნახე, იმ დღეს ეკა მანქანისკენ მიმავალს მზერით მიმაცილებდა.
სამწუხაროდ ასე დამთავრდა დიდი სიყვარულის ერთი ისტორია.

0
489
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
489